პრეზიდენტი და ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე შეთანხმდნენ. ხუთპუნქტიან საკითხთა წრეს კი, უახლოეს პერიოდში საზოგადოებას, მმართველ ძალას და ვენეციის კომისიას ერთობლივ დოკუმენტს წარუდგენენ. მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება დოკუმენტი, რომელიც ასახავს ოპოზიციისა და პრეზიდენტის ხედვას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, საკონსტიტუციო რეფორმის ჩიხიდან გამოყვანის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით წამოწყებული პროცესი ერთობლივი დოკუმენტის შემუშავებით დასრულდება, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადარჩენის შანსია.
„კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო ყველას, და მათ შორის, ხელისუფლებას, რომ შესაძლებელია კონსენსუსი. დღევანდელი სამუშაო შეხვედრა იყო ამის კიდევ ერთი დადასტურება და მნიშვნელოვანია, რომ ახლა საბოლოო შანსი, საბოლოო შესაძლებლობა გამოვიყენოთ ქვეყნის დემოკრატიული იმიჯის გადასარჩენად. მნიშვნელოვანია არ დაზარალდეს ქვეყნის იმიჯი საერთაშორისო ასპარეზზე და არ გაჩნდეს სერიოზული კითხვები ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
რაც შეეხება პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის მიღწეულ შეთანხმებას, „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერის, მამუკა კაციტაძის განცხადებით, შეთანხმება მიღწეულია პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის პრეზიდენტის არჩევნები; პარლამენტის არჩევნები; მთავრობის საპარლამენტო ზედამხედველობა; სასამართლოს თემა და უშიშროების საბჭო.
„რა თქმა უნდა, მუხლობრივად გაცილებით მეტია, მაგრამ ეს არის პრინციპული საკითხები, რაზეც შევთანხმდით. მომავალი კვირის დასაწყისში, გამოქვეყნდება დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნება ერთი მხრივ, ხელისუფლებას და მეორე მხრივ, ვენეციის კომისიას. მომავალი კვირის დასაწყისში იხილავთ საინტერესო კონსენსუსის შემცველ დოკუმენტს, სადაც ქვეყნის პირველი პირი დააფიქსირებს პოზიციას. რა თქმა უნდა, ყველას სურვილი გათვალისწინებული ვერ იქნება, მაგრამ გარკვეული პუნქტები გვერდზე გადავდეთ, რათა აბსოლუტურად კონსენსუსური დოკუმენტი მიგვეღო“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი და მერობის კანდიდატი, კახა კუკავა ფიქრობს, რომ ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შემუშავებული პოზიცია პარლამენტს მოტივირებული შენიშვნების სახით გადაეგზავნება. როგორც კუკავა აცხადებს, სავარაუდოდ, პოზიციების შეჯერება სწორედ ამას ემსახურება.
„შეჯერებული წინადადებები, სავარაუდოდ, მოტივირებულ შენიშვნებში იქნება. რადგან იმართება შეხვედრა რომლის მიზანიც არის პოზიციების შეჯერება, არალოგიკური იქნება, რომ ჩვენ რაღაც საკითხებზე შევთანხმდეთ და პრეზიდენტმა მოტივირებულ შენიშვნებში სხვა პოზიცია ჩამოაყალიბოს“, - აღნიშნა კახა კუკავამ.
თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს, რაც გოცირიძის შეფასებით, მმართველი გუნდისთვის იქნება ბოლო შანსი არ მიიღოს ერთპარტიული კონსტიტუცია.
„პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტიები ბოლო შანსს აძლევს ხელისუფლებას და არა ის, როგორც გუშინ თავად გვეუბნებოდნენ - „ბოლო შანსს გაძლევთ, მოგვეცით შენიშვნები“. ნურას უკაცრავად, ხალხი პრეზიდენტის ვეტოს სახით ხელისუფლებას აძლევს ბოლო შანსს, ამ ვეტოში იქნება ასახული ის რაც უნდა ხალხს, არ გაითვალისწინებული, მაშინ ეს ხელისუფლება ამ კონსტიტუციას ძალიან მძიმედ მიირტყამს ცხვირში“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი პროექტის მომზადების ინიციატივით ვეტოსთვის ემზადება. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი აცხადებს, რომკონსენსუსზე შეჯერების მიზნით არაერთ მცდელობას ჰქონდა ადგილი, მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო.
„პრეზიდენტის პოლიტიკური დღის წესრიგი გულისხმობს იმას, რომ კანონპროექტი, რომელსაც ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიმუშავებენ, პარლამენტს ვეტოს ფარგლებში, მოტივირებული შენიშვნების სახით წარუდგინონ. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტის ინიციატივა სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისასგიორგი კახიანმა.
ანალიტიკოსების შეფასებით, პრეზიდენტიახალი ინიციატივით ხაზსს უსვამს იმას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას ვეტოს დაადებს. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის ინიციატივა პოლიტიკური თამაში, ან პოლიტიკური განაცხადიც იყოს, რადგანაც, მისი თქმით, პრეზიდენტის პოზიცია და დამოკიდებულება საკონსტიტუციო პროცესისადმი ცნობილია.
„თუ ეს პოლიტიკური განაცხადია, კი ბატონო, მაშინ ჩვეულებრივი პიარია. ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებას ვეტოს დაადებს, ჩემი აზრით, სულაც არ არის მოულოდნელი. როგორც ცნობილია, პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვან საკითხებში არ ეთანხმებოდა უმრავლესობას. ესეც ცხადი იყო. შესაბამისად, ამ პრეზიდენტის მხრიდან პროცესის ლოგიკური გაგრძელება იქნება ვეტოს დადება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის შეფასებით, პრეზიდენტმა, რომელმაც პოლიტიკა საკმაოდ კარგად იცის, შეუძლებელია ამ ნაბიჯს შორეული პრესპექტივით დგამდეს. რადგან, შორეული პრესპექტივისთვის ეს ნაბიჯი მომგებიანი არ არის.
„ვერ ვიტყოდი, რომ ამ ნაბიჯით ადასტურებს ახალი პოლიტიკური გუნდის შექმნას. უფრო შემზადებაა იმისა, რომ ამჯერადაც გამოიყენებს ვეტოს. მაგრამ ვეტოს დადება ამ ნაბიჯის გარეშეც შეეძლო. ძნელი სათქმელია, ვის წინაშეა მომგებიანი ეს ნაბიჯი. ანალიტიკოსებშიც და სავარაუდოა, რომ მოსახლეობაშიც, გავრცელდა ერთი აზრი - აქამდე სად იყო პრეზიდენტი? თუ ალტერანტიული პროექტის წერას აპირებდა, შესაძლებლობა ჰქონდა ეს ალტერნატიული პროექტი უფრო ადრე გაეკეთებინა.
ახლა, ამ ნაბიჯის გადადგმა მთლად გასაგები არ არის. ჩემი აზრით, პოლიტიკურად უფრო წამგებიანია, ვიდრე მომგებიანი, რადგან, პოლიტიკური მომგებიანობა მხარდამჭერთა რაოდენობით იზომება. მთელმა ოპოზიცამ რომ განაცხადოს, პრეზიდენტს მხარს ვუჭერთო, ამ ოპოზიციის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერა ისეთი მცირეა, რომ ფაქტიურად ეს მხარდაჭერა ბევრს არაფერს ნიშნავს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.