რუსული პროპაგანდა, აგრესია და ამ გამოწვევებზე პასუხი - თბილისში ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს.აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე, თომას მელია ამბობს, რომ რუსული პროპაგანდა მოქმედებს ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი.
„ახლახან ვაშინგტონში შესაძლებლობა მქონდა მანქანაში რადიო „სპუტნიკისთვის“ მომესმინა. საკმაოდ აგრესიულები იყვნენ ბოლო დღეებში. მას შემდეგ, რაც არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ გახდა ცნობილი, ახდენდნენ მედიისა და ინფორმაციის მანიპულირებას Facebook-სა და Twitter-ზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებით, ეს რეალურ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი სისტემისთვის და დემოკრატიისთვის. ჩვენი მხრიდან რეაგირების მეთოდები უმჯობესდება. ტარდება სხვადასხვა ზომა მოქალაქეების ინფორმირებით, ფაქტების მიწოდებით და რუსული დეზინფორმაციის გამოაშკარავებით“, - აღნიშნა თომას მელიამ.
საერთაშორისო კონფერენციაზე რუსულ ოკუპაციაზე და პროპაგანდაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო აღარ არის პოსტსაბჭოთა ქვეყანა, საქართველო არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რომელიც მიდის ნატო-სა და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისკენ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირის დახმარების გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა თვით ქვეყნის, საქართველოს შენარჩუნებაც კი. გიორგი კვირიკაშვილმა თხოვნით მიმართა ქვეყნის ყველა პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას, დახმარება გაუწიონ საქართველოს არამხოლოდ თანმიმდევრულობის, არამედ ტემპის შენარჩუნებაშიც.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ევროკავშირი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მსგავსი ქვეყნების ევროკავშირისკენ დემოკრატიულ სვლას. მან უნდა უზრუნველყოს სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში. მნიშვნელოვანია, ძლიერი ნატოს არსებობა. ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომელსაც შეუძლია სტაბილურობის შენარჩუნება. აშშ-ს დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა ჩვენ ასეთი წინსვლა.
მიუხედავად ოკუპაციისა, გამოწვევებისა, ქვეყანა გაერთიანებული ამ იდეის ირგვლივ, რომ არ შეიცვალოს საგარეო კურსი. ჩვენ აღარ ვართ პოსტსაბჭოთა ქვეყანა, ჩვენ ვართ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა, რომელიც მიდის იქით, რომ გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა გაერთიანებულია ერთი მიზნის გარშემო, რომელიც გულისხმობს ქვეყნის განვითარებას და საგარეო პოლიტიკის მისწრაფებებსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით რაიმე კომპრომისების დაუშვებლობას.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ამერიკის შეერთებული შტატების არსებობა, რომელიც აქტიურად არის ჩართული ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის პროცესში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი ნატოს არსებობა. ნატო წარმოადგენს დღესდღეობით ცივილიზებულ სამყაროში არსებულ ერთადერთ ინსტიტუციურ მექანიზმს, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობასა და სტაბილურობას ამ რეგიონში.
სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ვთხოვოთ ჩვენს მეგობრებსა და მოკავშირეებს, დაეხმარონ საქართველოს რეფორმების გზაზე არა მხოლოდ თანმიმდევრულ წინსვლაში, არამედ ჩვენი რეფორმების ტემპის შენარჩუნებაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
რაც შეეხება რუსულ პროპაგანდას, „საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ ამ თვალსაზრისით საკმაოდ რთული სიტუაცია არის საქართველოში. კითხვაზე, რის საფუძველზე აკეთებს ასეთ დასკვნას, ამბობს, რომ ამის საფუძველს აძლევს ის მითები და ნეგატიური შეფასებები, რომელიც ნატოში გაწევრიანების და ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაციის მიმართულებით არსებობს.
„ძალიან პოზიტიური ნაბიჯი მოხდა. მოგვცეს ვიზალიბერალიზაცია. რუსულმა პროპაგანდამ მოახერხა და ამაზეც კი მიაბ-მოაბა კუდი, თითქოს ეს ყველაფერი მოხდა იმის წინაპირობით, რომ ჩვენ ახლოაღმოსავლეთიდან ევროკავშირში მიმავალი ლტოლვილების ნკადის შემაჩერებელი ფაქტორი გავხდებოდით და ლტოლვილების ბანაკებს გავაკეთებდით საქართველოში. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მითებია ნატოსთან და საერთოდ დასავლეთთან დაკავშირებით, რომ ისინი ჩვენ ფაქტიურად ქართველობას გვამრთმევენ, რომ ჰომოსექსუალთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ა.შ. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასეულობით მილიონი დოლარი გამოყო ახლა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის, ჩვენი ჩათვლით, რუსეთის პროპაგანდასთან საბრძოლველად, ანუ არსებობს რესურსებიც“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.
პოლიტოლოგი, საერთაშორისო ურთიერთობათა მკვლევარი, თამარ კიკნაძე თვლის, რომ საქართველოში დასავლეთის პროპაგანდა უფრო ძლიერია, ვიდრე რუსული.
„მაგრამ მოსახლეობის ნაწილი ისევ რუსული პროპაგანდის ქვეშ იმყოფება. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საქართველოში მცხოვრები ადამიანების სოციალური და ეკონომიკური ყოფა სულ უკანმიდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს რაღაცა წარმატებები დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ, ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს რთული, რაც მიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანების განწყობას.
მე პოლიტოლოგი ვარ და მიმაჩნია, რომ რუსეთი საერთოდ არ იყენებს რბილ ძალას, პირდაპირ გადადის ზომების გატარებაზე, რომელიც რუსულ ხასიათთან არის დაკავშირებული. რუსულ პროპაგანდას უნდა დაუპირისირო ძლიერი ევროპული პროპაგანდა, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს პრაქტიკული ქმედებები. ისეთი ხერხიუნდა მოიძებნოს, რაც პრაქტიკულად დაანახვებს და მიმზიდველს გახდის არა რუსეთს, არამედ იგივე დასავლეთს“, - აცხადებს თამარ კიკნაძე.