„რესპუბლიკურ პარტიას“ მერობის კანდიდატი არ ეყოლება, რადგან არ აქვთ ილუზია იმისა, რომ მათმა კანდიდატმა შეიძლება არჩევნები მოიგოს, მაგრამ აქვთ სურვილი იმისა, რომ წარმოდგენილნი იყვნენ საკრებულოში, რაც შესაძლებელი ამოცანაა. პარტიის მხარდამჭერებს კი შეუძლიათ მხარი დაუჭირონ დასავლური ორიენტაციის ნებისმიერ წარმომადგენელს.
მერობის კანდიდატის გარეშე დარჩენილმა რესპუბლიკელებმა წინაასრჩევნო კამპანია დაიწყეს. „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო სლოგანია - „განსხვავებული არჩევანი, ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ეკლესია და დამოუკიდებელი თვითმმართველობა!“ for.ge-სთან საუბრისას თამარ კორძაია აცხადებს, რომ ეკლესიისა და თვითმმართველობის ურთიერთობა პარტიის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამასვე ადასტურებს „რესპუბლიკური პარტიის“ წინასაარჩევნო ვიდეო-რგოლი, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ხათუნა სამნიძე - ჩვენ საპატრიარქომ არ უნდა გვმართოს;
თამარ კორძაია - არც ეკლესია უნდა მართოს ხელისუფლებამ;
ხათუნა სამნიძე - მართული ეკლესია საშიშია;
თამარ კორძაია - გარე საფრთხეების პირობებში მით უმეტეს;
ხათუნა სამნიძე - საპატრიარქოში დღეს რუსული გავლენებია;
თამარ კორძაია - ხელისუფლება ამით სარგებლობს;
ხათუნა სამნიძე - საპატრიაქო ებრძვის თვითმმართველობას, თანასწორობას, თავისუფალ არჩევანს;
თამარ კორძაია - ასე ევროპულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ;
ხათუნა სამნიძე - ეპისკოპოსები მდიდრდებიან ბიზნესით და ბიუჯეტის ფულით;
თამარ კორძაია - ხელისუფლება მათთან გარიგებულია;
ხათუნა სამნიძე - ჩვენ გვინდა დამოუკიდებელი ეკლესია;
თამარ კორძაია - დამოუკიდებელი თვითმმართველობა;
ხათუნა სამნიძე - ამიტომ უნდა შეწყდეს ბიუჯეტიდან საპატრიარქოს დაფინანსება.
„რესპუბლიკური პარტია“ საპატრიარქოს დაფინანსებისა და მისთვის მიწების გადაცემის შეწყვეტას ითხოვს. პარტია პრინციპულად ეწინააღმდეგება კონკორდატის დარღვევით თვითმმართველობების მიერ მიწების საპატრიარქოსთვის გადაცემას. რესპუბლიკელები ამბობენ, რომ 2016-2017 წლებში მხოლოდ ქალაქ თბილისის საკრებულომ, საპატრიარქოს უსასყიდლოდ 183 415 კვ.მ მიწა გადასცა.
„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ საქართველოში ძლიერი თვითმმართველობის შექმნასა და დამკვიდრებას ერთნაირი ინტენსივობით ებრძვის დღევანდელი საპატრიარქო და მოქმედი ხელისუფლება. სამნიძის განცხადებით, საქართველოს პატრიარქი ჩაერია თვითმმართველობის რეფორმის პროცესში და შეაფერხა ის.
„2013 წელს საქართველოს პარლამენტმა დაიწყო თვითმმართველობის რეფორმა და ის ორიენტირებული იყო რეალურად ძლიერი, ორდონიანი თვითმმართველობის შექმნაზე. ამავე წლის დეკემბერში, აქტიური საპარლამენტო განხილვებისას პატრიარქმა, ილია მეორემ, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრიდან საკანონმდებლო ორგანოში თვითმმართველობის კოდექსის განხილვა დაგმო.
მან განაცხადა: „ჩვენი პარლამენტი და ხელისუფლება დღეს განიხილავს და მსჯელობს თვითმმართველობის საკითხზე. ეს მეტად რთული საკითხია. თუ განხორციელდა, ჩვენ მივალთ საქართველოს დაშლისკენ. ჩვენ ამას არასდროს შევეგუებით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ შესრულდეს. საქართველო იყო და იქნება ერთიანი ერი, ერთიანი ქვეყანა“.
ამ განცხადებით მან შეცდომაში შეიყვანა მოქალაქეები და პრაქტიკულად ჩაერია საპარლამენტო საქმიანობაში - მეორე დღეს სასესიო განხილვა გადაიდო და შედეგად თითოეული ჩვენგანი გახდა შემსწრე, თუ როგორ ერევა საპატრიაქრო საერო ხელისუფლების საქმიანობაში და რა მასშტაბის გავლენა შუძლია მოახდინოს მიმდინარე პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ეკლესია პირდაპირ დაკავშირებულია თვითმმართველობასთან. მისი თქმით, მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა თვითმმართველობა საქართველოს მოსახლეობის კუთვნილ ქონებას საპატრიარქოს 1, ან 0 ლარად ჩუქნის.
„თბილისის საკრებულომ 2016-2017 წლებში დიდძალი ქონება აჩუქა საპატრიარქოს. ეს არის თქვენი და ჩემი ქონება. ეს არ არის მერიის, ან საკრებულოს ქონება. ქართველი ხალხის ქონებაა, რომელიც ასე ნიავდება და საჩუქრად მიაქვს საპატრიარქოს. ლაპარაკი არ არის მარტო იმ 25 მილიონზე, ლაპარაკია გაცილებით დიდ თანხებზე.
ასე რომ, დიახ, საკრებულოები ფულით და თავისი გავლენებით ყიდულობენ საპატრიარქოს. ეს არის სახელმწიფოს ჩარევა ეკლესიის საქმეებში, რაც დაუშვებელია. ამიტომ არის ეს თემა ადგილობრივ არჩევნებზე წამოწეული, რადგან სწორედ ადგილობრივი ხელისუფლება ჩუქნის ასე უპრაგონოდ, ყოველგვარი მიზეზის გარეშე ჩვენს ქონებას. ეს ფული შეიძლებოდა სხვა მიმართულებით წასულიყო, სხვა რამეს მოხმარებოდა. მაგრამ ხმარდება იმას, რომ მილიონრები გახდნენ ეპისკოპოსები“, - აცმბობს for.ge-სთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.
მაშ ასე, „რესპუბლიკური პარტია“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ და მით უმეტეს ადგილობრივმა თვითმმართველობებმა საპატრიარქოს, ისევე როგორც სხვა კონფესიას საჩუქრად არ უნდა გადასცეს მიწის ნაკვეთები. რაც შეეხება ქონების გადაცემის საკითხს, for.ge-სთან საუბრისას თეოლოგი ლევან აბაშიძე ამბობს, რომ ცალკე პრობლემაა მიწის ნაკევეთების გადაცემა, რომელსაც თვითმართველობის ინიციატივით გადასცემს სახელმწიფო. როგორც აბაშიძე ამბობს, უმეტეს შემთხვევაში თვითონ თვითმართველობა გამოდის ინიციატივით და შემდეგ ცენტრალური ხელისუფლებიდან იღებენ დასტურს.
„ამიტომ აქ მთავარი ის არ არის, რომ კარგი თვითმართველობა და ბოროტი ცენტრალური ხელისუფლება და საპატრიარქო. მთავარია, დაისვას საკითხი, რომ კმარა ამდენი მიწების, ქონების და ფულის გადაცემა იმიტომ, რომ ეს ორივე მხარეს აზარალებს - სახელმწიფოსაც და ეკლესიასაც. ეკლესია გადაიქცა კომერციულად მიმზიდველ ორგანიზაციად და ეს ცუდია როგორც ეკლესიითვის, ასევე სახლმწიფოსთვის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ლევან აბაშიძემ.
ანალიტიკოსი, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში დავით ზარდიაშვილი გაზვიადებულს და გაუგებარს უწოდებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საპატრიარქო ხელს უშლის ძლიერი თვითმართველობის შექმნას.
„როდესაც რესპუბლიკელები სამართლებრივ საფუძვლებში იქექებიან და განსაკუთრებით - ეკლესიის საკითხში, ყურადღება უნდა მიაქციონ ყველაზე მთავარს - საკონსტიტუციო შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფოსა და საპარტიარქოს შორის. იქ არის ჩანაწერი, რომ საბჭოთა წლებში ეკლესიამ ძალიან მძიმე მატერიალური ზიანი განიცადა. აქედან გამომდინარე სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აანაზღაუროს ის ზიანი.
საქართველოს ისტორიაში ეკლესიას განსაკუთრებული როლი აქვს. რა თქმა უნდა, ყველა ის მატერიალური სარგებელი, რასაც სახელმწიფოსგან ეკლესია იღებს, იმის კომპენსირებაა, რაც მოხდა კომუნისტების პერიოდში. არსებობს კონკორდატის ხელშეკრულება, რომელიც არის კონსტიტუციური შეთანხმება და იურიდიული თვალსაზრისით ყველაზე მაღლა მდგომი სამართლებრივი აქტი.
შესაბამისად, ბუნებრივია, რომ სახელმწიფო იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს. რაც შეეხება თვითმართველობებს, ალბათ რესპუბლიკელებს სამართლებრივი საფუძვლებისკენ უნდა მივუთითოთ, რომ თვითმართველობებს გააჩნია ნებაყოფლობითი უფლებამოსილებები და მათ შეუძლიათ ასეთი საკითხები დამოუკიდებლად გადაწყვიტონ, კარნახის გარეშე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
ანალიტიკოსი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ საკითხი საფუძვლიან შესწავლას მოითხოვს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი ეს მიწის ნაკვეთები უცხოელების ხელში აღმოჩნდება, კიდევ უფრო გააღიზიანებს როგორც რესპუბლიკელებს, ასევე საქართველოს მოსახლეობას. შესაბამისად, როგორც საყვარელიძე აცხადებს, გაუგებარია რა მიზანს ისახავს რესპუბლიკელების განცხადება.
„კარგი იყო არ მენახე თავიდან“ - უნდა ვუმღეროთ რესპუბლიკურ პარტიას. რაც შეეხება საკითხის ასე დაყენებას, არ მესმის, პარტიის ინიციატივა რატომ უნდა იყოს იმ საკითხზე საუბარი, რაც კანონის გზით რეგულირდება. თუკი ეკლესიას არ მივცემთ მიწას, მერე დადგება საკითხი, სად უნდა წავიდეს ეს მიწები.
შემდეგ უკვე ზოგიერთს გაახსენდებათ, რომ იგივე მიწა, რომელიც საპატრიარქოს არ მისცეს, გაყიდეს ვიღაც უცხოელზე და სულ სხვა ჭრილში გადავა საკითხი. კიდევ უფრო გააღიზიანებს რესპუბლიკელებს და საქართველოს მოსახლეობას. შესაბამისად, გაუგებარია რა მიზანი და ამოცანა აქვთ რესპუბლიკელებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.