„სააკაშვილი გრძნობდა, რომ მას დანაშაული ჩაადენინეს და ეს უკვე უკრაინული დანაშაულია“

„სააკაშვილი გრძნობდა, რომ მას დანაშაული ჩაადენინეს და ეს უკვე უკრაინული დანაშაულია“

„არ არის გამორიცხული, რომ პოროშენკოს უშიშროების სამსახურს სურდა, რომ სააკაშვილის თამადობით ოპოზიცია ერთ სივრცეში მოექცია“, - აცხადებს ანალიტიკოსი, რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით, დღეის მდგომარეობით მივიღეთ სურათი, როდესაც ოპოზიციამ და სააკაშვილმა ერთობლივად დაარღვიეს კანონი. მისი თქმით, უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და თუ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანეს, მაშინ გამოდის, რომ სწორედ მოქმედებდა პოროშენკო, რომელმაც ერთი ხელის მოსმით მოიშორა დიდი ოპოზიციური ჯგუფი.

for.ge რამაზ საყვარელიძე ესაუბრა.

სააკაშვილის მოქმედებაში რა პოლიტიკური მიზანი იკვეთება? სურათი ნათელია - სააკაშვილი საზღვარზე ისე გადაიყვანეს თავისმა მომხრეებმა, რომ უკრაინულ მხარეს ძალა არ გამოუყენებია, თუმცა შეეძლოთ მისი დაკავება...

რამაზ საყვარელიძე: მე, ისევ იმ აზრზე ვრჩები, რომ სააკაშვილი არ გეგმავდა საზღვრის გადალახვას. ამ აზრს მინარჩუნებს მისი ვიზუალური შთაბეჭდილება. მომეჩვენა, რომ როცა გადადიოდნენ უკრაინის საზღვარს, სააკაშვილი დიდად კმაყოფილი არ იყო. თქვენც აღნიშნეთ, რომ გადაიყვანესო, მართლაც ასეთი შთაბეჭდილება იყო, რომ სააკაშვილს მოკიდეს ხელი და ერთი მხარიდან, მეორე მხარეს გადაიტანეს. იმ მომენტში სააკაშვილს არ ქონდა გამარჯვებული კაცის იერი.

რატომ?

- ალბათ, ხვდებოდა, რომ ეხვეოდა იმ სიტუაციაში, რომელიც შეიძლება მისთვის პრობლემების მომტანი იყოს. რამდენიმე მომენტია, რომელმაც ძირითადი როლი ითამაშა. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მომხრეებს ვუწოდებთ, თუმცა, მათი სააკაშვილის მომხრეებად მონათვლა შეიძლება არ იყოს სწორი, რადგან იქ დიდი ნაწილი უბრალოდ პოროშენკოს მოწინააღმდეგეა.

დღეს ისინი სააკაშვილს მხარს უჭერენ იმდენად, რამდენადაც პოროშენკო არის მათთვის მიუღებელი. სწორედ ეს ჯგუფი აქტიურობს, თავიანთი მიზნები აქვთ -  რომ პოროშენკო გამოიყვანონ უსუსურ ფიგურად. რაც, მე მგონია, რომ არც ისე შორსაა ჭეშმარიტებისგან.

პოროშენკო გამოიყვანონ უსუსურ ფიგურად და ამის ფონზე სააკაშვილისგან შექმნან გმირი - ეს სურათი შეიძლება შეიქმნას ახლა უკრაინაში?

- რაღაც ეტაპამდე სააკაშვილი როგორც გმირი შეიძლება აწყობთ, მაგრამ მერე სააკაშვილს, როგორც „გმირის“ ფიგურას, უამრავი კონკურენტი გაუჩნდება. ფაქტია, რომ სააკაშვილმა ამ ნაბიჯით ძალიან დიდი ქულები აიღო. ის, რასაც პოროშენკო დაუშვებლად მიიჩნევდა, სწორედ ის გააკეთასააკაშვილმა. თანაც ისეთი სისულეები ჩაიდინეს უკრაინელებმა, მაგალითად, როგორიც არის დანაღმვითი სამუშაოები. ისეთი პროცესები იყო, რაც საბჭოთა კავშირში დააბრუნებს ადამიანს.

ასეთი გულუბრყვილო წინააღმდეგობებით და იმით, რომ უკრაინული მხარე ამ პროცესისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა, პოროშენკოს ხელისუფლება დიდად შთამბეჭდავად არ გამოიყურება.

დაველოდოთ, დამთავრდეს ეს ისტორია. შეიძლება სხვა მიმართულება მიიღოს. არ არის გამორიცხული, რომ პოროშენკოს უშიშროების სამსახურს სურდა, რომ სააკაშვილის თამადობით ოპოზიცია ერთ სივრცეში მოექცია. დღეის მდგომარეობით მივიღეთ სურათი, როდესაც ოპოზიციამ და სააკაშვილმა ერთობლივად დაარღვიეს კანონი. უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. თუ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანეს, მაშინ გამოდის, რომ სწორად მოქმედებდა პოროშენკო, რომელმაც ერთი ხელის მოსმით მოიშორა დიდი ოპოზიციური ჯგუფი.

ფაქტია, რომ სააკაშვილმა შეძლო საზღვრის უკანონო გადალახვა. ამის მიუხედავად, პოროშენკომ ვერ გარისკა სამართლებრივი ნაბიჯის გადადგმა - მისი  დაპატიმრება. როგორ ფიქრობთ, რატომ არ დააკავეს სააკაშვილი, რა მნიშვნელობა აქვს ხალხმა გადაიყვანა თუ არა, როცა სახეზეა დანაშაული?

- ორი ვერსიაა - ერთი, რომ უკრაინის ხელისუფლება მზად ვერ აღმოჩნდა და ამის უნარი არა აქვს, ხოლო მეორე ის, რომ შესაძლოა შეიტყუეს. შესაძლოა, მიზანმიმართულად დაარღვევინეს საზღვარი და არა მარტო სააკაშვილს, არამედ ტიმოშენკოს და დეპუტატების გარკვეულ ჯგუფს. ასე რომ, შეიძლება ყველა ერთად აღმოჩნდეს სამართლებრივი დევნის ქვეშ. თუ  ეს იყო ჩაფიქრებული და ხაფანგი იყო დაგებული, მაშინ სტრატეგია იყო სწორი. როგორც გითხარით, სააკაშვილი დიდად ბედნიერად არ გამოიყურებოდა. სააკაშვილი გრძნობდა, რომ მას დანაშაული ჩაადენინეს და ეს უკვე უკრაინული დანაშაულია. თუ სააკაშვილი დაიჭირეს, ის უკვე უკრაინის წინაშე აგებს პასუხს და საქართველოსთვის გადმოცემის თემა ამის მერე დადგება.

ევროპული და ამერიკული პოლიტიკისთვის სააკაშვილი არ არის აქტუალური პოლიტიკური ფიგურა. როგორ ფიქრობთ, იძულებული იყო გადაედგა ეს ნაბიჯი?

- ალბათ. ასეთ ჭრილში დანახვა შეიძლება. შეგახსენებთ, ასეთი იძულებითი ნაბიჯი გადადგა 2003 წელს, როდესაც პარლამენტში შეიჭრა. იმ მომენტში რომ უკან დაეხია და არ შესულიყო პარლამენტში, მერე უკვე აქტიური ფიგურა აღარ იქნებოდა. მის ადგილს სხვები დაიკავებდნენ და საქართველოს ისტორია სხვანაირად წავიდოდა. 

მიუხედავად იმისა, რომ რისკის დროს არც ისე კომფორტულად გრძნობს თავს, მაშინ იმ მომენტმა აიძულა სააკაშვილი, რომ ჩაეცვა ჯავშანჟილეტი და გაერისკა. ანალოგიური სიტუაცია იყო ახლაც. ეს ნაბიჯი რომ არ გადაედგა, საერთოდ ამოვარდებოდა აქტუალური პიროვნებების სიიდან. ახლა ისევ დაუბრუნდა ამ სიას. მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილი აღარ არის ის ფიგურა, რაც იყო გუშინ.

როგორ ფიქრობთ, პოროშენკოს უმოქმედობის ფონზე სააკაშვილს, რომელიც საკუთარ ქვეყანაში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული, უკრაინის მოსახლეობა მიიღებს, როგორც ლიდერს?

- ალბათ არ იქნება იოლი უკრაინულ სინამდვილეში ფეხის მოკიდება. არა მგონია, რომ ეს იყოს სააკაშვილის საბოლოო მიზანი. თუ ფეხებში შეუცურეს პრეზიდენტის სავარძელი და უთხრეს, რომ დაბრძანდიო, უარს არ იტყვის. სააკაშვილის უკრაინაში გაჩერება არის სახიფათო. სააკაშვილმა უკვე გადადგა იძულებით ნაბიჯი. იმისათვის, რომ პოლიტიკური ფუნქცია არ დაკარგოს, იძულებული იქნება ასეთი იძულებითი ნაბიჯების მთელი სერია გადადგას, რადგან თუკი ამდენ თამაშებში ჩართულ ადამიანს პასურ მდგომარეობაში ნახავენ, შეიძლება ეს მისთვის სახიფათო აღმოჩნდეს.