მოიტაცებენ და ჩატენიან თუ არა „სადღაც“ მიხეილ სააკაშვილს

მოიტაცებენ და ჩატენიან თუ არა „სადღაც“ მიხეილ სააკაშვილს

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სააკაშვილი ევროპიდან უკრაინაში შესვლას აანონსებდა, უკრაინამ ქართულ მხარეს შესაბამისი წერილით მიმართა და დაინტერესდა, რჩებოდა თუ არა ძალაში მოთხოვნა ექსპრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ.

„უკრაინულმა მხარემ მოგვამრთა წერილით, სადაც დასვა შეკითხვა, 2014-15 წლების ექსტრადირების მოთხოვნები, რომლებიც მათ თავის დროზე მიიღეს, იყო თუ არა დღესაც ძალაში. რაზეც პასუხი მიიღო პროკურატურისგან, რომ დიახ, ის მოთხოვნები დღესაც ძალაშია. კიდევ ერთხელ, თავის დაზღვევის მიზნით გადაეგზავნა იგივე დოკუმენტები, რაც ადრე იყო გაგზავნილი...  იქ მიმდინარეობს განახლებული სამართლებრივი პროცედურები, რაკი ჩვენგან შეიტყვეს, რომ ინტერესი და სამართლებრივი მოთხოვნა საქართველოს მხრიდან კვლავ ძალაშია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იურისტი, ზვიად ნიშნიანიძე განმარტავს, რომ თუ უკრაინული მხარე დააკავებს სააკაშვილს, ჯერ სასამართლო უნდა ჩატარდეს და შემდეგ უკვე მოხდება ექსტრადირება. როგორც იურისტი აღნიშნავს, მას აღმკვეთ ღონისძიებად უკვე აქვს შეფარდებული დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა და გვინდა თუ არა, პირდაპირ ციხეში მოუწევთ მისი გადაყვანა. შემდეგ უკვე მისი თანდასწრებით მოხდება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდება.

რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ზვიად ნიშნიანიძე თვლის, რომ საქართველო უკვე არაფერ შუაშია და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ამ მომენტში უკრაინა იღებს.

„უკრაინამ თუ დააკავა, მაშინვე კი ვერ გადმოგვცემენ, სასამართლო უნდა ჩატარდეს და მან უნდა მიიღოს ექსტრადიერების გადაწყვეტილება. უნდა თუ არა საქართველოს, ეს უკვე მეორეხარისხოვანი ხდება. ჩვენ ერთადერთი, ექსტრადირების მოთხოვნა შეგვიძლია და უკვე მოვითხოვეთ. თუ პოლიტიკურად არ გვაწყობდა, მაშინ ექსტრადირებაც არ უნდა მოგვეთხოვა. ახლა ვართ მოლოდინის რეჟიმში, მაგრამ ამ ეტაპზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ უკრაინა“,-აცხადებს ზვიად ნიშნიანიძე.

ჩანს, პოლიტიკური გადაწყვეტილება ქართულ მხარეს უკვე დიდი ხანია, მიღებული აქვს. როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის შესაბამის უწყებას სააკაშვილის ძებნის, დაკავებისა და ექსტრადირების მოთხოვნით მორიგ ჯერზე მიმდინარე წლის პირველ სექტემბერს მიმართა.

პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მთავრობის მხრიდან გაკეთებული განცხადებებიც ცხადყოფს. „თუ მიხეილ სააკაშვილი თავისი ნებით გამოცხადდება, გაცილებით უკეთესი იქნება“, - მიიჩნევს დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი.

საქართველოს ექსპრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მისი დაკავების თეორიული შანსი არსებობს, თუმცა ამ შემთხვევაში უკრაინის ხელისუფლებას მისი მოტაცების სცენარის გათამაშება მოუწევს.

„ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ - მომიტაცონ, ჩამტენონ სადღაც და გადამაგზავნონ, მაგალითად, საქართველოში. თეორიულად ეს შესაძლებელია, მაგრამ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ვინც ამას უბრძანებს (პოროშენკოს), დაიჭერენ“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ექსპერტები თვლიან, რომ სააკაშვილთან დაკავშირებით პოროშენკო ცდილობს, საქართველოს ხელისუფლებას შეახოცოს ხელი, თუმცა რეალურად, ელოდებიან, რომ უკრაინის ხელისუფლება ისე იმოქმედებს, როგორც მოვლენების განვითარება უკარნახებს.

ექსპერტები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ პოროშენკოს სცენარის განხორციელების შემთხვევაში, საქართველო უკრაინასთან ერთად საერთაშორისო სკანდალშიც აღმოჩნდეს გახვეული.

როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ამჟამად მიმდინარეობს პირველადი საგამოძიებო ქმედებები და უკრაინის შს სამინისტროს განმარტებით, ყველაზე მკაცრი სასჯელი, რომელიც ფიგურანტებს ემუქრებათ, არის თავისუფლების აღკვეთა 3-დან 7 წლამდე.

წინასწარ მოკვლევას როგორი გაგრძელება მოჰყვება, ჯერ უცნობია, თუმცა, ქართველ პოლიტიკოსებს არ სჯერათ, რომ ქართული მხარე რეალურად არის დაინტერესებული სააკაშვილის დაკავებით.

„წინასაარჩევნოდ სააკაშვილისა და ადეიშვილის ჩამოყვანაზე საუბარი არის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია და ქულების ჩაწერის მცდელობა ხელისუფლების მხრიდან, რათა შექმნას ემოცია მოსახლეობაში და შექმნას მოლოდინი თითქოს რაღაც ხდება“, - აცხადებს „პარტიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ირმა ინაშვილი.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ საქართველო და უკრაინა მასთან მიმართებაში ერთმანეთში შეთანხმდნენ. „ყველანი ვხედავთ, რომ პოროშენკოსა და ივანიშვილს შორის შეთანხმება არსებობს. ისინი ჯერ მაშანტაჟებენ და მაშინებენ. ამბობენ, რომ თუ უკრაინაში ჩავალ, ციხეში აღმოვჩნდები იმ ბრალდებებით, რომლებსაც არავინ სცნობს“, - განაცხადა სააკაშვილმა ვარშავაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ექსპერტი, სოსო ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ ალბათ, ეს გადაწყვეტილება მიღებულია იმ ადამიანების მიერ, რომელთაც თავად არ უგრძვნიათ, რა რაოდენობის შფოთია ჩვენს ქვეყანაში სააკაშვილის გარეშეც.

„ის, რასაც ვაკვირდებით ყოვედღიურად, როგორც ჩანს, სულაც არ აწუხებს იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც შესაძლებელია საფუძვლიანი ბოღმა აქვს მესამე პორეზიდენტის მიმართ, მაგრამ საქართველოს მომავალზე სულაც არ ფიქრობენ.

სააკაშვილის ადვოკატად მე ვერ გამოვდგები, მაგრამ მავნე გადაწყევტილებების რეალიზცია ავნებს ჩვენს სახელმწიფოებრიობას. მოვისმინეთ პოლონეთის, ლიტვის და სხვა ევროპული ქვეყნების მზაობა, მიიღონ და ითანამშრომლონ საკაშვილთან და რაც არ უნდა მწარე იყოს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის  სააკაშვილის თავისუფლება, თუ ჩვენ ვერ დავძლევთ საკუთარ ტკივილებს, მუდმივად წარსულში ვიქნებით“, - მიიჩნევს სოსო ცისკარიშვილი.

როგორც ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანას ჰყავდა სულ ოთხი პრეზიდენტი და სირცხვილია, თუ გავიხსენებთ, რა ბედი ეწია სამ მათგანს.

„საბედნიეროდ მეოთხეს ერთი წელი კიდევ აქვს საპრეზიდენტოდ;  პირველი პრეზიდენტი მოვკალით, მეორე - გავაძევეთ თანამდებობიდან, მესამე პრეზიდენტი ციხეში გავამწესეთ და რამდენად მიმზიდვბელი იქნება ასეთი საზოგადოება ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის, ამაზე ფიქრი დროზე თუარ დავიწყეთ, წყალში იქნება გადაყრილი ყველა ის სიკეთე, რითაც ვცდილობთ, აღმოვჩნდეთ ცივილიზებული ქვეყნების ოჯახის სრულფასოვან წევრად“,- აცხადებს ცისკარიშვილი.

მისივე განმარტებით, ნუ დავივიწყებთ იმასაც, რომ თავად უკრაინაში, კერძოდ, ლვოვის ოლქში მიიწვიეს და ელოდებოდნენ სააკაშვილს.

„ამჟამად მისი მოშორება უკრაინიდან უფრო აქტუალურია ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლებისთვის და დიდი ალბათობით, შემდგომი ნაბიჯები იქნება ძალაუნებურად გადადგმული, რაც შემდგომში ავნებს უკრაინის და საქართველოს საერთო პერსპექტივას“,- თვლის სოსო ცისკარიშვილი.

თავის დროზე, როდესაც ექსტრადირების მოთხოვნა გაიგზავნა და როდესაც დაიწყო საქმის წარმოება სააკაშვილზე, მაშინ შესაძლოა ეს პოლიტიკურად გამართლებული გადაწყვეტილებაც ყოფილიყო, რადგან მოსახლეობის მოთხოვნა იყო სამართლიანობის აღდგენა და სამართლიანობის აღდგენაში იგულისხმებოდა, რომ პრეზიდენტსაც უნდა ეგო პასუხი თუ ის დამნაშავე იყო - ეს იყო საზოგადოების დაკვეთაც და მოლოდინიც, თუმცა მას შემდეგ, რაც ხელისუფლების მიმართ იმედგაცრუება საზოგადოებისთვის ყოველდღიური მოვლენების კალაპოტში მოექცა, შესაძლოა, უმჯობესი იყოს არა ემოციებზე თამაში, არამედ ცივი გონებით მიღებული პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება, რომელშიც გატვალისწინებული იქნება, რა უკეთესი იქნება საქართველოსთვის, მისი ევროპული პერსპექტივისთვის, სააკაშვილის პატიმრობა თუ მისი თავისუფლება?!

დღეს პოლიტიკური ვითარება შცვლილია და ალბათ, პოლიტიკურად უკვე წამგებიანია, მესამე პრეზიდენტის ციხეში გამომწყვდევა. მითუმეტეს, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება საერთაშორისო საზოგადოების მიერ არაერთხელ შეფასდა პოლიტიკურ დევნად, მაგრამ საქართველო კვლავ რჩება დილემის წინაშე- მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ექსტრადირების მოთხოვნა, რითაც პოლიტიკურად არასახარბიელო პოზიციაში ჩაიყენა თავი.

სოსო ცისკარიშვილი თვლის, რომ „ადამიანს, რომელსაც ჩამორთმეული აქვს საქართველოს მოქალაქეობა და არის უკრაინის მოქალაქე, არაფერი ესაქმება ქართულ ციხეში“ - უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ სააკაშვილს საქართველოს პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს საქართველოს მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით და როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ის დაელოდება სააკაშვილის გადაწყვეტილებას.

„ჩვენ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ციხეებში ვამწესებთ, როდესაც ადგილზე იქნება დაკავებული რაიმე განსაკუთრებული დანაშაულის გამო? მართალია ექსტრადაციის საკითხი არ არის პრეზიდენტის უფლებამოსილებაში, მაგრამ მოქალაქეობის საკითხი ამჟამად გადაწყვეტილია.

არ გამოვრიცხავ, რომ თუ ექსტრადიციის საკითხი დაისვა უკრაინაში, რამდენიმე ქვეყანა ოფიციალურად დააფიქსირებს საკუთარ მზაობას ჩვენს მესამე პრეზიდენტთან თანამშრომლობის, ისევე როგორც ეს თავის დროზე ისურვა უკრაინამ და კარგა ხნის განმავლობაში ელოლიავებოდა“,-თვლის ცისკარიშვილი.

ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ უკრაინის ხელისუფების მაღალი წრეები სააკასვილის  უპასუხისმგებლო განცხადებებმა გაამწარა, რომელსაც არ ეყო თავშეკავება და გადაწყვიტა, რომ ახლა თავად უნდა ყოფილიყო უკრაინის პრეზიდენტი. როგორც ცისკარიშვილი თვლის, თუკი ის ასეთ ამბიციას დაიოკებს და მისი ოჯახისწევრები და უახლოესი თანამებრძოლეები მიხვდებიან, რომ არ არისსასურველი, ის დარჩეს უკრაინული პოლიტიკისაქტურ სივრცეში, შეიძლება ყველაფერი სხვაგვარად განვითარდეს.

რაც შეეხება ქართული მხარის განცხადებებს, ცისკარიშვილი თვლის, რომ ეს უფრო წინასაარჩევნო თემაა, რადგან ერთხელ უკვე ვიხილეთ, როგორ „დაბრუნდა“  საქართველოში, სააკაშვილი, 2016 წლის ოქტომბერში. მისი ვარაუდით, იგივე იქნება ამ ოქტომბერშიც.

საინტერესოა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი - ყველაფრის მიუხედავად, თუკი უკრაინამ დააპატიმრა სააკაშვილი, როგორ შეფასდება უკრაინის ეს ქმედება დასავლეთის მხრიდან? თუ ეს შეფასდა პოლიტიკურ დევნად - ვის შეელახება იმიჯი საქართველოს თუ უკრაინას? როგორც სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, - უკრაინას უკვე აქვს ალიბი, რომ ეს არ იყო მისი სურვილი, მაგრამ მეგობარ საქართველოს უარი ვერ უთხრეს და ვისაც საიდან უნდა იქიდან მიაბამს ქოთანს სახელურს.

„იქაც იქნება განსხვავებულია ზრი. უკვე დაპირისპირებულია მოსახლეობის დიდი ნაწილი  ერთმანეთთან ამ საკითხიდან გამომდინარე. იურიდიულად უკრაინის ხელისუფლებას პრობლემა არ ექნება, მაგრამ რა მოხდება შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში, თუ აქამდე მივიდა საქმე, მაშინ ჩვენ ვიქნებით საკუთარი სირცხვილის მოწმე“,- თვლის სოსო ცისკარიშვილი.

მისივე შეფასებით, მთლიანობაში მაინც საქართველო დაზარალდება და არა უკრაინა.

„უკრაინამ ორჯერ უკვე უარი თქვა გადმოცემაზე. მესამედ, მას შემდეგ, რაც ღია წინააღმდეგობა დაიწყო სააკაშვილმა მისი მეგობარი უკრაინის პრეზიდენტის მიმართ - დათანხმდა. ეს არის მიზეზიც და საბაბიც იმისა, რომ ახლა უკრაინა უფრო იყოს დაინტერესებული მისი დეპორტაციით ვიდრე საქართველო. სამწუხაროდ, ალბათ დაავიწყდა ბატონ მიხეილს ქართული სიბრძნე- „რასაც დასთეს, იმას მოიმკიო“, აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.