პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ამ ეტაპზე არ იცის, დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს საკონსტიტუციო ცვლილებებს. ანა დოლიძე ამბობს, რომ ქვეყნის პირველი პირი აღნიშნულზე გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც უმრავლესობის მიერ მიღებული კანონპროექტის საბოლოო ვერსიას ნახავს.
საქართველოს პრეზიდენტი კი ოპოზიციურ პარტიებს სთავაზობს, რომ ორი მოსმენით მიღებულ ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა გააგრძელონ და კონსტიტუციური ცვლილებების პროექტის საკუთარი ვერსია შექმნან, ძირითადი წინააღმდეგობების გათვალისწინებით.
გიორგი მარგველაშვილმა ოპოზიციურ პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ახალი ვერსია, რაზეც მოხდება შეთანხმება, შესთავაზონ მმართველ პოლიტიკურ ძალას, როგორც გამოსავალი. როგორც პრეზიდენტი აცხადებს, ამით შეძლებენ დაანახონ პარტნიორებს, რომ შესაძლებელია განსხვავებული დაპირისპირებული პოლიტიკური ძალები ერთად აკეთებდნენ საქმეს.
„ეს იმედგაცრუება ყველა ჩვენგანზე გადმოდის. ეს არის იმედგაცრუება საქართველოთი, სადაც ვერ ხერხდება შეთანხმება. მე ვფიქრობ, ჩვენი შეთავაზება იქნება კიდევ ერთი შანსი მმართველი პოლიტიკური ძალისთვის, დაფიქრდეს, რომ შესაძლებელია კონსენსუსი.
ძალიან უცნაური იყო ბოლოდროინდელი პოლემიკა, რომელიც მიმდინარეობდა - ზეპირად გვითხარით, წერილობით მოგვწერეთ, სიმღერა დაწერეთ და კომიქსებად გამოგვიგზავნეთ. მერე, რაღაცა არ მოგვწონს და ა.შ. ეს აბსოლუტურად გაუგებარი პროცესი იყო. გთავაზობთ შეიქმნას ერთობლივი წერილობითი დოკუმენტი, მივართვათ მმართველ პოლიტიკურ ძალას“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის ამ ინიციატივას უკვე მოჰყვა შეფასება მმართველი გუნდის მხრიდან. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ერთი მხრივ, საუბარია კონსენსუსის საჭიროებაზე და მეორე მხრივ, რაღაც დოკუმენტის მომზადებაზე იმ პარტიის გარეშე, რომელსაც ქართველმა ხალხმა საკონსტიტუციო ნდობა გამოუცხადა. როგორც კობახიძე აცხადებს, ეს ერთი მეორესთან, ბუნებრივია, რომ შეუთავსებელია.
„რაც შეეხება ვეტოს, ეს საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა. ჩვენი მთავარი ამოცანა გახლავთ დახვეწილი დოკუმენტის შემუშავება, ისეთი დოკუმენტის მიღება, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან, დემოკრატიულ განვითარებას“, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ამბობს, რომ პრეზიდენტს პროცესში რაიმე პოზიტივის შეტანა არ შეუძლია.
„სამწუხაროა, რომ მისი მხრიდან ამ პროცესს თან ახლდა, ზოგიერთ შემთხვევაში, დესტრუქციული, ასევე, უსაფუძვლო და უსამართლო კომენტარებიც. ასე რომ, მე არ მგონია, რომ მომავალში რაიმე პოზიტივი შეიტანოს ამ პროცესში“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
უკვე ცნობილია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საერთო ტექსტის შემუშავებაში, პრეზიდენტთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხელისუფლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსესუსით არ არის დაინტერესებული.
„ხელისუფლება არ არის დაინტერესებული იმაში, რომ საერთაშორისო ზიანი არ მიგვადგეს და არ ვატყუებდეთ ვენეციის კომისიას. ხელისუფლება უტიფრად, შემდეგ კვირაში მიიღებს ამ პარტიაზე მორგებულ კონსტიტუციას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
პრეზიდენტთან ერთად საერთო ტექსტის შემუშავებაში მონაწილეობას მიიღებს „ნაციონალურ მოძრაობა“, თუმცა დარწმუნებული არიან, რომ „ქართული ოცნება“ ერთპარტიულად მიიღებს კონსტიტუციას, რომელიც მხოლოდ მას აწყობს.
„ეს დაუჯდება მას ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსესუსის შედეგად მიღებული დოკუმენტი, რომელიც ალტერნატივის სახით შეთავაზებული იქნება პრეზიდენტის მიერ“, - ფიქრობს ნიკანორ მელია.
პოლიტიკური ერთობა „ახალი საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით „ქართულ ოცნებას“ კიდევ ერთ შანსს მისცემს ოპოზიცია, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე არ მოირგოს.
„კარგი იქნება, თუ ამ დოკუმენტს სამოქალაქო სექტორიც მოაწერს ხელს, კარგი იქნება, თუ ამას გავაცნობთ საერთაშორისო საზოგადოებას და თუ „ქართული ოცნება“ ამის შემდეგ მაინც გადაწყვეტს, რომ როგორც მას უნდა მხოლოდ ისე უნდა იყოს, მაშინ ჩვენ უნდა გადავიდეთ უფრო აქტიურ ქმედებებზე“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.