საკრებულოს მანდატებისთვის ბრძოლა გახსნილად ცხადდება, „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია უკვე ცნობილია და ძველი სახეების კორექტირებული ვარიანტი პარტიის ლიდერმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უკვე ოფიციალურად წარადგინა.
მთაწმინდის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჯაბა ჯიშკარიანი იქნება; ვაკეში - გიორგი მუსხელიშვილი და გიორგი ბირბიჩაძე; საბურთალო - ავთანდილ ცინცაძე, დავით უთმელიძე და ვახტანგ შაქარიშვილი; კრწანისში კენჭს თემურ გორგაძე იყრის; ისანში - ილია ჯიშკარიანი, ნინო ლაცაბიძე და ლევან დავითაშვილი; სამგორში იბრძოლებენ გიორგი დოხტურიშვილი, გიორგი ტყემალაძე, ქეთევან მამულაშვილი და რევაზ სოხაძე; ნაძალადევის მაჟორიტარობაზე პრეტენზიას აცხადებენ თამარ ტალიაშვილი, დავით ჭელიძე, მიხეილ ამაშუკელი და ალექსანდრე ხუჯაძე; ჩუღურეთში - რიმა ბერაძე; დიდუბეში წარდგენილნი არიან ვლადიმერ ძნელაძე და თარაშ შურღაია; ხოლო გლდანში - შალვა ოგბაიძე, ოთარ გრიგოლია, გულია გოცირიძე და ქეთევან ჯოხაძე.
სია საბოლოოდ დამტკიცდა პირველ სექტემბერს, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სიაც დაამტკიცეს.
„ჩვენი კანდიდატები არიან ადამიანები, რომლებსაც ზურგს უმაგრებს რეპუტაცია, პროფესიონალიზმი და წესიერება“, - ასე წარუდგინა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, სიაში არიან ძველი სახეები, თუმცა ძალიან ახალგაზრდებიც. პრემიერი დარწმუნებულია, რომ ახალი სახეები თავს დაიმკვიდრებენ, როგორც ხალხზე მზუნველი პოლიტიკოსები.
„მაღალი პასუხისმგებლობა ხალხის წინაშე, უნარი გაუმკლავდე ხალხის პრობლემებს, მიზანი გახადო ჩვენი თბილისი და მისი თითოეული უბანი უკეთესი, ის მთავარი მოთხოვნებია, რითაც შეირჩა ჩვენი გუნდის თითოეული კანდიდატი. სწორედ ამ ნიშნით არის შერჩეული თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე და „ქართული ოცნების“ მთლიანი გუნდი საკრებულოში. მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, ვისაც ზურგს უმაგრებს რეპუტაცია, პროფესიონალიზმი და წესიერება. თითოეული მათგანი მზად არის, საკუთარი ცოდნა და ენერგია თბილისა და თბილისელების სამსახურს მოახმაროს, რათა თბილისი სიცოცხლით სავსე ქალაქად იქცეს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
„ქართული ოცნების“ სიას ზომიერად განახლებულს უწოდებს, „ქართული ოცნების“ წევრი, გია ვოლსკი, მისივე თქმით, სხდომაზე მხოლოდ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები განიხილეს.
„არიან ძველი სახეებიც, ახლებიც, ყველა ისინი, ვინც საზოგადოებაში იმსახურებენ ნდობას და პატივისცემას“, - განაცხადა ვოლსკიმ.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამჯერადაც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას „ქართული ოცნების“ ანუ მათი კიდევ უფრო უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღებს“,- განაცხადა პრემიერმა კანდიდატების წარდგენისას.
კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი ახალ გამოწვევებს პასუხობს.
„წვიმა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამ ხანძრების ფონზე განსაკუთრებით შემიყვარდა. ამიტომ არ გვაშინებს არაფერი. ჩვენ წინ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები. 21 ოქტომბერს ჩვენმა ხალხმა უნდა აირჩიოს საკუთარი წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. ხალხი გადაწყვეტს ვის ჩააბაროს მართვა ადგილობრივ დონეზე, ვინ იფიქრებს და იზრუნებს მეტად მათ საჭიროებზებზე ცხოვრების უკეთესი პირობის შექმნაზე.
„ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ გუნდს, აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ ჰყავდეს ძლიერი თვითმმართველობები და თითოეული მმართველი რგოლი ხალხის სამსახურში იდგეს. ამისათვის ახალი ენერგია გვჭირდება. დღევანდელობა განახლებულ დღის წესრიგს და მოთხოვნებს გვიყენებს და ჩვენი პარტია სრულიად მზად არის უპასუხოს ამ გამოწვევას“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.