წულუკიანი გამოცდას მესამედ აბარებს

წულუკიანი გამოცდას მესამედ აბარებს

იოსებ ბაჩიაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ოთარ სიჭინავა, ირაკლი ადეიშვილი, თამარ ალანია, კონსტანტინე კორკელია და ნინო ბაქაქური -  ასე გამოიყურება სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების სია, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა გაასაჯაროვა.

საქართველოს სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევა უკვე მესამედ უწევს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას წარდგენილი კანდიდატები ორჯერ დაუწუნა. იუსტიციის სამინისტროში მოსამართლეთა კანდიდატების სიას ჯერ-ჯერობით არ ავრცელებენ. რადგან, კანდიდატების განაცხადების მიღება გვიან ღამით დასრულდა. სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველი კანდიდატებიდან დღეს, სპეციალურ სხდომაზე ხუთ კანდიდატს შეარჩევენ.

უკვე ცნობილია, რომ სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევას პროტესტის ნიშნად არ დაესწრება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი, რომელის განცხადებით, წარმოდგენილ კანდიდატებს - კონსტანტინე კორკელიას და ნინო ბაქაქურს კომისიის წევრებმა 2 თვის წინ დაბალი ქულები დაუწერეს. მისი თქმით, მჯერადაციგივე განმეორდება.

„მე ვარ ამ კომისიის შემადგენლობაში და ვინაიდან სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე არის იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პროტესტის ნიშნად არ ვიღებ მონაწილეობას შეხვედრაში. საქართველოს მთავრობა უკვე მერამდენედ ცდილობს ისეთი კანდიდატის გაყვანას, რომელიც თავს მოჭრის საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში. მივმართავ კანდიდატებს - კონსტანტინე კორკელიას და ნინო ბაქაქურს, რომ არ მიიღონ კონკურსში მონაწილეობა იქიდან გამომდინარე, რომ თუ კომისიის იგივე შემადგენლობამ ორი თვის წინ დაბალი ქულა დაუწერა, ახლაც იგივე განმეორდება“, - აღნიშნა ზაზა ხატიაშვილმა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 28 კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 21 იურისტია - ბაკალავრიატის დონე და ზევით. თეა წულუკიანის უწყებაში ასევე აცხადებენ, კომისიამ შეაფასა კონკურსის ფარგლებში შესული განაცხადების პირველადი გადარჩევის შედეგები და გადაწყვიტა, რომ გასაუბრებაზე მიიწვიოს შემდეგი კანდიდატები: ირაკლი ადეიშვილი, თამარ ალანია, ნინო ბაქაქური, იოსებ ბაჩიაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, კონსტანტინე კორკელია, ოთარ სიჭინავა და ლალი ფაფიაშვილი.

სპეციალურ სამთავრობო კომისიას სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრება, არასამთავრობო სექტორის გარეშე მოუწევს, რადგან, მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს ისინი ბოიკოტს უცხადებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალეობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი,  ეკა გიგაური განმარტავს, რომ კოალიციამ 28 ივლისს სპეციალური განცხადებით მოუწოდა საქართველოს მთავრობას, შეეცვალა ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის დაკომპლექტების წესი და პროცედურები.  გამომდინარე იქიდან, რომ მსგავსი შემადგენლობით და პროცედურით კომისიამ ორჯერ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას.

„სამწუხაროდ, აღნიშნული პოზიცია სახელმწიფოს მიერ გაზიარებული არ იქნა.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კოალიციას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის არ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამედ იმავე შემადგენლობისა და პროცედურების პირობებში კონკურსი ობიექტურად ჩაივლის და მიგვაჩნია, რომ მოცემულ ეტაპზე სრულად აზრი ეკარგება კომისიის მუშაობაში ჩვენს ჩართულობას“, - აღნიშნა ეკა გიგაურმა.

არასამთავრობო სექტორის ბოიკოტს და ბრალდებებს უსაფუძვლოდ მიიჩნევენ უმრავლესობაში. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძეამბობს, რომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის შემადგენლობაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ძალიან ცოტანი“ არიან და ევროსაბჭოს მხრიდან სპეციალური სამთავრობო კომისიის ეს შემადგენლობა მოწონებულია.

„ნებისმიერი მტკიცება იმისა, რომ ეს შემადგენლობა არის რაღაც არაგამჭვირვალე, მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა არის და არის ძალიან დიდი ტყუილი. ასე ბრალდებები მხოლოდ არის ძალიან ადვილი. შერჩევაში მონაწილეობა და პასუხისმგებლობის აღება კი რთული არის და ისინი ამ პასუხისმგებლობას გაურბიან, რაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენს დემოკრატიას არ წაადგება. მე ზუსტად ისეთივე ხმა მაქვს და ჩემი ხმაც ზუსტად ისეთივე არის, როგორიც მაგალითად საიას წარმომადგენლის, ან ვთქვათ, ბატონი ხატიაშვილის“, - აცხადებს სოფო კილაძე.

უმრავლესობასთნ ერთად, არასამთავრობო სექტორის კრიტიკა მიუღებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარისთვის. როგორცმერაბ გაბინაშვილიაცხადებს, მისთვის გაუგებარია რატომ არ იღებენ კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არასამთაბრო ორგანიზაციები.

„ჩემთვის უფრო მისაღები იქნებოდა, თუ კომისია უფრო მრავალფეროვანი იქნებოდა და არასამთავრობო სექტორი პირადად მიღებდა მონაწილეობას“, - განაცხადა მერაბ გაბინაშვილმა.

სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის სხდომას დაესწრება სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ კომისიის შემადგენლობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს და შესაძლოა, გადაწყვეტილებები იქნას მიღებული სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე.

„ჩემი მიზანია, პროცესში მონაწილეობის მიღება და თუკი რაიმე ხარვეზი იქნება, ამაზე საჯაროდ ვისაუბრო. ისევე როგორც წინა კონკურსების დროს, ჩვენ ვსაუბრობდით გარკვეულ ხარვეზებზე. საუბარია პროცედურულ ხარვეზებზე, რომელიც არსებობდა და კვლავაც არსებობს. წინა კომისიის დროსაც იყო პრობლემები, თუმცა ჩვენ ყველამ მონაწილეობა მივიღეთ ამ პროცესში.

ხარვეზები არაერთია, მათ შორის რეალურად, კომისიის შემადგენლობასთან არის კითხვის ნიშები, რომ დამოუკიდებელი აქტორი ნაკლებია კომისიაში. ასევე, კრიტერიუმებთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, შეფასების სისტემა არის გაუგებარი და რჩება სივრცე იმისთვის, რომ გადაწყვეტილებები იქნას მიღებული სუბიექტური მოსაზრებებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ამ პროცესში“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

კონკურსის ხარვეზებზე საუბრობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნი ანა დოლიძე, რომლის განცხადებით, საერთაშორისო არენაზე ქვეყანა არაერთხელ შერცხვა, რადგან სტრასბურგში მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევი პროცესი სწორად არ იყო წარმართული. ანა დოლიძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ აუცილებელია შესაბამის პასუხისმგებლობაზე დაიწყოს მსჯელობა.

„სამწუხაროდ, სტრასბურგის მოსამართლის შესარჩევმა პროცესმა უამრავი ხარვეზი გამოავლინა, უკვე არაერთხელ ჩვენ საერთაშორისო არენაზე შევრცხვით, რადგან ეს პროცესი სწორად არ იყო წარმართული. ეს უკვე მესამე კონკურსია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ატარებს. მე მგონი, აუცილებელია შესაბამის პასუხისმგებლობაზე დაიწყოს მსჯელობა. წელიწადნახევარია ვერ ვახერხებთ სამი ღირსეული და კვალიფიციური იურისტი გავაგზავნოთ სტრასბურგში“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

იურისტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ პრობლემები, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, გამოსწორებული არ არის. შესაბამისად, მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ეს ქმედება მოსალოდნელი იყო და ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ ბოიკოტის ფაქტი არ მომხდარიყო.

„არასამთავრობო ორგანიზაციები მიუთითებდნენ, რომ პროცესი არის სუბიექტური და ეს უნდა გამოსწორდეს. როდესაც ეს არ არის გამოსწორებული და ამის გამო პროცესის მონაწილე ბოიკოტს მიმართავს, ამას აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას თვითონ სტრასბურგში.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესარჩევმა კომისიამ საქართველოს კონკრეტული საკითხები მისცა, რომლის გათვალისწინება უნდა მომხდარიყო როგორც პირველ ჯერზე, ასევე მეორე ჯერზე. რაც არ მოხდა.

როდესაც მკაფიო არ არის კრიტერიუმები, როდესაც შეფასების პროცესი არ არის გონივრულ კრიტერიუმებზე დაფუძნებული და არის ძალიან დიდი ადგილი სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღებისთვის, იწვევს ძალიან ლეგიტიმურ კითხვებს ნიშნევს არა მარტო საქართველოში, არამედ სტრასბურგშიც“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.