ბორჯომის ხეობაში, სტიქიის ზონაში ხანძრის ლიკვიდაციას6 ვერტმფრენი ცდილობს. 2 საქართველოს ეკუთვნის, 2 თუქრეთს, 1 აზერბაიჯას და 1 ბელერუსს. საქართველოს დასახმარებლად 13 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა, აქედან 4 მაღალი გამავლობის მანქანა და 65 მეხანძრე-მაშველი გამოყო სომხეთმა. ვერტმფრენებმა სტიქიის ზონაში მუშაობა დაღამებამდე შეძლეს. ვერტმფრენები მუშაობას დილიდან განაახლებენ.
რაც შეეხება თურქეთის მთავრობის მიერ გამოგზავნილ ვერტმფრენებს, რომლებიც ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობენ, საქართველოში თურქეთის ელჩის ზექი ლევენთ გუმრუქჩუსგანცხადებით, ოპერაციებში თვითმფრინავის ჩართულობის შესახებ გადაწყვეტილება თურქეთის პრემიერ-მინისტრმა დილით მიიღო.
„ჩვენ ვებრძვით ტყის ხანძრებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში - ანტალიაში, იზმირსა და ბოდრუმში. თუმცა საქართველოში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრმა ერთი თვითმფრინავი საქართველოში ხანძრის ჩასაქრობად გამოუშვა, რათა ხანძართან გამკლავება უფრო ეფექტური ყოფილიყო.
ასე რომ, დღეს საღამოს სახანძრო თვითმფრინავი როგორც კი აივსება, ჩაერთვება ოპერაციაში. სამწუხაროდ ამ თვითმფრინავს არ აქვს ღამის ხილვადობის რეჟიმი, რის გამოც სიბნელეში მუშაობა უჭირს. ჩვენი სურვილია, საქართველოს გვერდში დავუდგეთ“, - აცხადებს ზექი ლევენთ გუმრუქჩუ.
რაც შეეხება ბელარუსს, ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს დავალებით, საქართველოში ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი სახანძრო ვერტმფრენი МИ-26, ბორტზე მყოფ 10 მაშველთან ერთად გამოფრინდა. ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი МИ-26 ტვირთამწეობით მსოფლიოში ყველაზე დიდი ვერტმფრენია.
ბელარუსის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელი ვიტალი ნოვიცკიამბობს, რომ მაშველებს მასშტაბური ხანძრების ლიკვიდაციის გამოცდილება აქვთ და უმუშავიათ საბერძნეთი, სერბეთი და რუსეთი. მისი თქმით, მი-26-ის ტიპის ვერტმფრენს 15 ტონამდე წყლის ზიდვა შეუძლია. ნოვიცკის განმარტებით, ამ ვერტმფრენს არაერთხელ დაუდასტურებია თავისი ეფექტიანობა, განსაკუთრებით რთული რელიეფის პირობებში.
სახანძრო თვითმფრინავისა და ვერტმფრენის გამოყოფის შესახებ ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ თხოვნით მიმართა ევროკავშირს. თხოვნა უკვე გადაეცა ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზში მონაწილე ქვეყნებს. ბორჯომში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს დასახმარებლად მზად არის აშშ-ი. საქართველოში ამერიკის ელჩის, იან კელის განცხდებით, ამერიკის მხარს მჭიდრო კავშირი აქვს საქართველოს მთავრობასთან.
„ჩვენ გავაგზავნეთ დამატებითი მოთხოვნა და დავუკავშირდით ამერიკელი სამხედროების ევროპულ სარდლობას, რომელიც გერმანიაშია. ასევე USAID-ს და ვიკვლევთ იმ შესაძლებლობებს, კიდევ რითი შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში. ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნები დაეხმარნენ საქართველოს და გამოგზავნეს გარკვეული ტიპის ტექნიკა. ჩვენ ვართ მჭიდრო კონტაქტზე და კავშირზე საქართველოს მთავრობასთან გუშინდელი დღიდან მოყოლებული და ეს კავშირი დღესაც გაგრძელდა“, - განაცხადა იან კელიმ.
ბორჯომში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ცეცხლის ლოკალიზებას ძლიერი ქარი უშლის ხელს. ძლიერდება დაკვამლიანება და კვამლის სუნი. ბორჯომის რაიონის სოფლებს, რომლებიც სტიქიის ზონასთან ახლოსაა, დამსვენებლების ნაწილი ტოვებს. რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, ჯერჯერობით ისინი საცხოვრებელ სახლებს არ ტოვებენ.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ზურაბ ალავიძის განცხადებით, ხანძრის ახალი კერის მიუხედავად, სავარაუდოდ მოსახლეობის ევაკუაცია საჭიროარ გახდება. როგორც ალავიძე აცხადებს, პრობლემას ქარი ქმნის, რომელიც ხანძარს მიმართულებას უცვლის.
„რთული ვითარება გვაქვს ქარიდან გამომდინარე. ორივე მხარეს რთული ვითარებაა. ქარი ხანძარს მიმართულებას უცვლის ყოველ ნახევარ საათში და აქედან გამომდინარე რთული ვითარებაა. მიმართულებას იცვლის ხანძარი და დაკვამლიანებაც ამის გამოა“, - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის ტყეში ცეცხლი კვირას გაჩნდა. რამდენიმე საათში ხანძრის ძირითადი კერების ლოკალიზება მოხდა, თუმცა ამინდის შეცვალამ, რასაც ქარის გაძლიერება მოჰყვა, ცეცხლის თავიდან გაღვივებას შეუწყო ხელი. ხანძარის ჩაქრობას მეხანძრე-მაშველები და ვერტმფრენიც ცდილობდა, ადგილზე მობილიზებული იყო შსს-ს, მაგრამ უშედეგოდ. ამის მიუხედავად, ოპოზიცია ხელისუფლების და კერძოდ, კრიზისების მართვის საბჭოს არაეფექტურ და დაგვიანებულ მოქმედებაზე საუბრობს. „ნაციონალური მოძარობის“ წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, გაურკვეველია რას აკეთებს მინდია ჯანელიძის უწყება, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან საკმაოდ სოლიდური დაფინანსება აქვს.
„რატომ დაშალეს ეროვნული უშიშროების საბჭო და შექმნეს მუქთამჭამელთა ორგანიზაცია „კრიზისების საბჭო“, რომელმაც დაუშვა ის, რომ ეს ხანძარი, რომელიც ჯერ ერთ ჰექტარზე იყო გავრცელებული, შემდეგ გავრცელდა. რატომ არ მიიღო სწრაფი ზომები პირადად პრემიერ-მინისტრმა, როგორც მთავრობის და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელმა, რატომ დაინიშნა ახლა ამ ვითარების სამართავად არა კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელობა, არამედ შს მინისტრი, მაშინ რას აკეთებს საერთოდ კრიზისების საბჭოს ხელმძღვანელობა, ხელფასებს რისთვის იღებენ“, - აცხადებს გიორგი ბარამიძე.
მთავრობის დაგვიანებულ მოქმედებაზე და კრიზისების მართვის საბჭოს სრულ უუნარობაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ირმა ნადირაშვილი, რომლის განცხადებით, ნაჩქარევი იყო განცხადებები ხანძრის ჩაქრობის შესახებ. მისი თქმით, ხელისუფლებამ ტრადიციულად იზრუნა არა ხალხზე, არამედ საკუთარ პიარზე.
„ვითარება ახლაც ძალიან კრიტიკულია და ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ახლა მაინც ყველაფერი გააკეთოს, რომ მოსახლეობა მაინც არ დაზარალდეს. რაც ნათელი იყო ეს არის, რომ მთავრობამ დააგვიანა მოქმედება, კრიზისების მართვის საბჭომ გამოავლინა სრული უუნარობა. ნაჩქარევი იყო განცხადებები ხანძრის ჩაქრობასთან დაკავშირებით და ხელისუფლებამ ტრადიციულად იზრუნა არა ხალხზე, არამედ თავის პიარზე, რაც ახლა მაინც აღარ უნდა განმეორდეს“, - ამბობს ირმა ნადირაშვილი.
ოპოზიციის კრიტიკას არ ღებულობს კრიზისების მართვის საბჭოს მდივნი, მინდია ჯანელიძე, რომლის განცხადებით, ხანძარზე ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებული არ ყოფილა. მისი თქმით, კრიზისების მართვის საბჭომ ეფექტურად და კანონმდებლობის ფარგლებში იმუშავა.
„ხელისუფლების რეაგირება დაგვიანებული არ ყოფილა. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ხანძარი დროზე ჩაექრო, მაგრამ ამინდმა და რელიეფის პირობებმა არ მოგვცა იმის საშუალება, რომ ხანძარი ჩაგვექრო. ჩვენი სამსახური სტიქიასთან ბრძოლაში ჩაერთო მაშინ, როცა უნდა გამოჩენილიყო. ჩვენი სამსახური მოქმედებს კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში. როცა ვითარება დამძიმდა და საჭირო გახდა უფრო მეტი რესურსების მობილიზება, ვიდრე შსს-ს გააჩნია, მაშინ ჩავერთეთ. ჩავერთეთ მაშინ, როცა ამას კანონმდებლობა ითვალისწინებს.
ინტენსიურად მიმდინარეობს ლოკალიზაციის კუთხით სამუშაოები. ყოველ 2 საათში საგანგებო შტაბში იმართება თათბირი. უფრო დეტალურად ინფორმაცია აღნიშნული თათბირის შემდეგ გახდება ცნობილი. აალება ხდება იმ პერიმეტრის შიგნით, სადაც გავრცელებულია ხანძარი. აღნიშნული პერიმეტრის გარეთ აალება არ მომხდარა“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ამასობაში, ხანძარი გაჩნდა ატენის ხეობაში, თუმცა ამ დროისთვის იგი უკვე ლოკალიზებულია. ადგილზე კვლავ რჩებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ. შემთხვევის ადგილზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ჩავიდა. იზორიას განცხადებით, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ სალიკვიდაციო სამუშაოებში თავდაცვის უწყების შენაერთებმაც მიიღონ მონაწილეობა. შესაბამისად, ბოშურის მიმდებარედ შემთხვევის ადგილზე სტიქიის ზონაში თავდაცვის სამინისტროს გორის პირველი ქვეითი ბრიგადის 250 ჯარისკაცს ელიან. სტიქიის ზონა საკმაოდ რთულ რელიეფზე მდებარეობს, რის გამოც სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება ამ ტერიტორიაზე პრაქტიკულად შეუძლებელია. შესაბამისად, ხანძარს ძირითადად ქვეითები ებრძვიან.