სააკაშვილი მზად არის პოლონეთსა და უკრაინას შორის გააფუჭოს ურთიერთობები.

სააკაშვილი მზად არის პოლონეთსა და უკრაინას შორის გააფუჭოს ურთიერთობები.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში არ შეუშვებენ. უკრაინის სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, რომ თუ საზღვარს კვეთს ადამიანი, რომელსაც ძალადაკარგული დოკუმენტი აქვს, ასეთი დოკუმენტის ამოღება ხდება, ხოლო პირს უარს ეუბნებიან საზღვრის გადაკვეთაზე. როგორც უკრაინისსასაზღვრო სამსახურის პრესმდივანი ოლეგ სლობოდიანმა განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი რომელიმე გამშვებ პუნტქზე გამოცხადდება, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური უკრაინაში შესვლაზე უარს ეტყვის, რადგან, უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შემდეგ, უკრაინის მოქალაქის შესაბამისი პასპორტი ძალას კარგავს.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში 10 სექტემბერს პოლონეთის ტერიტორიდან შევა. იგი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლებას არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს, რომ ის უკრაინის ტერიტორიაზე არ შეუშვას. ამბობს, რომ 10 სექტემბერს პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მას თან მიჰყვებიან პოლონეთში მცხოვრები უკრაინელები და რიგი პოლიტიკოსები. შესაბამისად, სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, მისი უკრაინაში დაბრუნება ცირკად არ აქციონ.

„საზღვარზე რის გამო უნდა დამაკავონ?! მიუხედავად პოროშენკოს უკანონო გადაწყვეტილებისა, მე ვარ მოქალაქეობის გარეშე პირი, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში. მე ყველა ნივთი უკრაინაში მაქვს. ასევე პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბების ინიციატორი ვარ. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ გააკეთონ, რაც მოუნდებათ, თუმცა კანონი მათ მხარეს არ არის“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინული მედიასაშუალებით გავრცელებულ აუდიო ჩანაწერს, რომელშიც თითქოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ სურს, სააკაშვილი ამბობს, რომ მისი ქართული მხარისთვის გადაცემა რუსეთისთვის გადაცემის ტოლფასი იქნება.

„ყველა ოლიგარქი ჩემს გარეშე კარგად ცხოვრობს. ვფიქრობ, რომ თუ პოროშენკო შეეცდება საქართველოსათვის ჩემს გადაცემას, ეს შეუძლია, მაგრამ ეს იგივე იქნება, რომ რუსეთს გადამცეს, რადგან ივანიშვილი ეს არის რუსეთი. თავის დროზე პუტინმა 2 მილიარდი დოლარი მისცა და ღიად თქვა ტელევიზიით, რომ საქართველოში მოვიდოდა ახალი ხელისუფლება და სააკაშვილს გაასამართლებდნენ.

ის არის „გაზპრომის“ უმსხვილესი აქციონერი. თუ ივანიშვილს გადამცემენ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს გადამცემენ, მაგრამ თუ მე აღმოვჩნდები საქართველოში, ქართველი ხალხი ამ ხელისუფლებას მოაშორებს. მალე ვიქნები თავისუფალი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარს ვიტყვი ჩემს უფლებაზე ჩემს უკრაინელებთან ერთად წესრიგი დავამყარო უკრაინაში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი სააკაშვილი აცხადებს, რომ ამერიკაში სამუშაო ვიზა ჰქონდა და შეეძლო იქ დარჩენა, მაგრამ უკრაინელ ხალხს დაჰპირდა, რომ მათ ოლიგარქებისგან გაათავისუფლებდა და სწორდ ამ მოტივით არ დარჩა ამერიკაში. სააკაშვილის მიერ ამერიკის დატოვების განსხვავებული ვერსია აქვს ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ვახტანგ მაისაიას, რომლის განცხადებით, სააკაშვილი აშშ-იდან პრაქტიკულად გამოაძევს. მას არ მისცეს, როგორც პოლიტიკური თავშესაფარი, ასევე სამუშაო ვიზა.

„მისთვის ყველაზე იდეალური ვარიანტი იყო ამერიკაში დარჩენა, მაგრამ პრაქტიკულად გამოაძევეს ამერიკიდან. ავიღოთ იგივე ფეთჰულა გიულენის საქმე, ის მოჰყვა რეპრესიაში, ჩავიდა ამერიკაში და მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი. ერთადერთი ადამიანია, ვინც ამერიკის ხელისუფლებისგან მიიღო პოლიტიკური თავშესაფარი და ცხოვრობს ამერიკაში. სხვა არც ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის ამერიკას პოლიტიკურ თავშესაფარი არ მიუცია. სააკაშვილი არის აპატრიდი - მოქალაქეობის არმქონე პირი, როგორც წესი აპატრიდს ამერიკაში არანაირი სამართლებრივი უფლება არ გააჩნია“, - აცხადებს ვახტანგ მაისაია.

მისი თქმით, რადგან აშშ-მა არ მისცა პოლიტიკური თავშესაფარი, იძულებული გახდა, იმ ქვეყნებში ჩასულიყო, სადაც მხარდამჭერები ჰყავს. ამ ნიშნით შეაჩერა არჩევანი პოლონეთზე, მაგრამ მისი თქმით, პოლონეთში სააკაშვილის წინააღმდეგ დაიწყო კამპანია. სააკაშვილის მხარდამჭერებმაც კი ვერ შეძლეს მისი დაცვა და ამიტომ, მაისაიას განცხადებით, იძულებული იყო გადასულიყო ლიტვაში, შემდეგ უკვე უნგრეთში.

„პოლონეთში მას არ შეესვლება. რადგან იქ იცნობენ, როგორც დიქტატორს, ავტოკრატს. გახსოვთ, რომ ვარშავის უნივერსიტეტში ჩაუშალეს ლექცია, გამოაძევეს უნივერსიტეტიდან. არც ერთი ქვეყანა მას არ ღებულობს. ამიტომ დაიწყო ძალიან ბინძური თამაში. უკვე იმ დონემდე მივიდა, რომ მზად არის პოლონეთსა და უკრაინას შორის გააფუჭოს ურთიერთობები.

სააკაშვილი პოლონეთში თავის ლობისტებს შეპირდა, რომ ის არ დაუშვებდა სტეფანე ბანდერასა და უკრაინის აჯანყებულთა არმიის რეაბილიტაციას, ყველანაიარად შეეცდებოდა მათ შეჩერებას. ეს არის ყველაზე მძიმე თემა, რომელსაც პოლონეთი და უკრაინა ცდილობენ, რომ არ შეეხონ. მაგრამ სააკაშვილმა მიზანმიმართულად წამოწია ეს საკითხი. ამ საკითხის წამოწევით დაინტერესებულია რუსეთი.

ეს არის თემა, რამაც შეიძლება პოლონეთსა და უკრაინას შორის ურთიერობა იმ დონეზე გააფუჭოს, რომ პოლონეთმა შეიძლება ხელი აიღოს უკრაინის მხარდაჭერაზე. ამიტომ, როგორც წესი, ასეთი პოლიტიკური გვამი სჭირდება რუსეთს და მის სპეცსამსახურებს. სხვათა შორის, რუსული საინფორმაციოები შეფარულად დადებით კონტქსტში წერენ სააკაშვილზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილი, რასაკვირველია, საერთაშორისო თავის ტკივილია. იგი გარდა საკუთარისა, სინამდვილეში არც ერთ „თამაშის წესებს“ არ ცნობს და არ ემორჩილება; ყოველთვის, თუ რასაკვირველია, თავადვე არ არის მისეული „სამართლისა და წესრიგის“ წყარო.

„აუცილებლად ნებისმიერი მოწესრიგებული სივრცის მიღმაა და უარესიც - სადაც იმყოფება, ყველგან სწორედაც უწესრიგობის საფრთხეს ქმნის. ამიტომაც, არის ლოგიკა იმაში, რომ ასეთ ადამიანს აპატრიდობა და „ბომჟობა“ მიესაჯოს. იგი იმდენადაა ყოველგვარი სამართლის მიღმა, რომ არ შეიძლება რომელიმე ქვეყანასთან სამართლებრივი კავშირი ჰქონდეს, რადგან ეს კავშირი იმ ქვეყანასა და სამართალსაც არსებითად აზარალებს“, - ამბობს დავით ზარდიაშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, ტრადიციულ სამართალში იყო ასეთი სასჯელი - საზოგადოებიდან მოკვეთა, განდევნა. ქართულ სამართალში თემიდან მოკვეთა პრაქტიკულად სამოქალაქო სიკვდილს უტოლდებოდა და არანაკლებ მძიმე სასჯელი იყო, ვიდრე სასიკვდილო განაჩენი.

„თავად დემოკრატიის სამშობლოშიც - ძველ საბერძნეთშიც იყო მსგავსი სასჯელი და ამას „ოსტრაკიზმი“ ეწოდებოდა.ასე რომ ისეთ ადამიანს, როგორიც სააკაშვილია, მხოლოდ ოსტრაკიზმით თუ დასჯი.თუმცა, საფრთხე მაინც იქნება - ეგ ისეთია, რომ გაბომჟების შემთხვევაში შეიძლება რაიმე ისლამური ხალიფატის მსგავსის, „დემოკრატიული საჩოყლაყოს“ შექმნა სცადოს“, - აცხადებსდავით ზარდიაშვილი.

გადაკვეთს თუ არა უკრაინის საზღვარს სააკაშვილი, პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვრელიძე ამბობს, რომ ეს ცალკე თემაა, რადგან ერთია განაცხადის გაკეთება და მეორეა მოქმედება. მისი თქმით, ანალოგიური სახის განცხადება საქართველოდან გაქცევის შემდეგ რამოდენიმეჯერ გააკეთა, მაგრამ არც ერთხელ არ უცდია საქართველოში შემოსვლა. როგორც საყვარელიძე ამბობს, სააკაშვილის განცხადებებს სხვა ფუნქცია აქვს.

„ამ განცხადებებით ისევ მიიქცია ყურადღება, არა მარტო ჩვენი, არამედ უკრაინის და პოლონეთის. რადგან, ყურადღების ცენტრში მოექცევის შემთხვევაში, პოლიტიკაში რჩება. ამერიკა უზარმაზარი ქვეყნაა, რომელსაც მიგრანტების გადამუშავების და მონელების დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომ, საეჭვოა, რომ ამერიკაში დარჩენის შემთხვევაში პოლიტიკაში მნიშვნელობა შეინარჩუნოს, გაქრება. პოლიტიკური რადარებიდან ასეთი გაქრობა მისთვის აუტანელი იქნება. აუტანელის გარდა - სახიფათოც.

პოლიტიკიდან გამქრალ ადამიანს, ადვილად გადასცემენ სამართალდამცავ ორგანოებს. პოლიტიკაში ჩართული ადამიანის გადაცემაზე კი - იფიქრებენ. სააკაშვილი, რომელიც ცდილობს ქართული სამართალდამცავი სტრუქტურებისგან თავის დაღწევას, ყოველთვის ეცდება ამა თუ იმ ფორმით ჩართული იყოს პოლიტიკურ პროცესში, რომ მისი დაპატიმრება გასაღდეს როგორც პოლიტიკური აქტი. აი ამისთვის გაამზადა მან ეს ფორმულა - რომ საქართველოსთვის გადაცემა, რუსეთისთვის გადაცემაა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, რუსეთის სამსახურში მყოფი სააკაშვილის იმიჯი, არ უნდა როგორც პოლონეთს, ასევე უკრაინას. შესაბამისად, რამაზ საყვარელიძის განცხადებით, სააკაშვილმა შექმნა ფორმულა -„ვინც მომეკარებით  მუშაობთ რუსეთზე“. მისი თქმით, ეს ფორმულა მომგებიანია სააკაშვილისთვის, მაგრამ რამდენად სწორია, ეს უკვე სააკაშვილს არ აინტერესებს.

„ეს მისთვის დამცავი ფორმულაა. ამით ისევ და ისევ ერთმანეთთან აკავშირებს რუსეთს და ივანიშვილის საქართველოს. იმ ფორმულას და იდეოლოგიას ატრიალებს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არის რუსეთთან დაკავშირებული. სამაგიეროდ, ამ ფრაზების იქით უკვე დავიწყებას ეძლევა, რამდენი რამ გაუკეთა რუსეთს სააკაშვილმა. ეს უკვე ჩვენი ხელისუფლების ბრალია. არც უცხოელები არ იწუხებენ თავს დაფიქრდნენ, მისი სიტყვების უკან რა საქმეები დგას.

მსმენელებს რჩებათ მარტო სიტყვები, საქმეები არავის ახსოვს. ამ დროს სააკაშვილმა ტერიტორიები და სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს, იმ ტერიტორიების მოცულობა ისე გააფართოვა, რომ ანექსიის შემთხვევაში რაც შეიძლება მეტი ტერიტორია წაეღო რუსეთს და ა.შ.“, - ამბობს რამაზ საყვრელიძე.

„რუსეთი უკან არ იხევს, როდესაც მისთვის მიუღებელი ფიგურა არის ხელისუფლების სათავეში, მაგრამ რუსეთის მხრიდან არაფერი დამუქრებია სააკაშვილს და არც მომავალში დაემუქრება. სწორედ იმიტომ, რომ რუსეთი დაინტერესებულია სააკაშვილის მოღვაწეობით. სააკაშვილი ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს უკეთებს რუსეთს საქართველოში, ისევე როგორც  უკრაინაში. საერთოდ, ცალკე თემაა, ვის ინტერესებში შედის პოროშენკოსთან დაპირისპირება. ასე რომ, რუსეთისთვის სააკაშვილის გადაცემა, სააკაშვილისთვის არც ისე დიდი უბედურება იქნება, როგორც თვითონ უნდა, რომ წარმოაჩიონს.

ხელისუფლებას თავი უნდა მოება და ეჩვენებინა საზოგადოებისთვის სააკაშვილის რუსული ფუნქციის არსი. არა მარტო ის, რამდენად დაუნდობელი იყო მოქალაქეების მიმართ, არამედ როგორ ცვლილებებს განიცდიდა რუსული ვექტორი სააკაშვილის პოლიტიკაში. ამაზე მსჯელობა ხელისუფლების ინტერესებშიც შედის.

რამდენადაც მორიდებული იქნება ხელისუფლება ამ თემაში, მით უფრო თამამად შეუტევს ამ თემით სააკაშვილი, რასაც აკეთებს კიდევაც. რადგან ხელისუფლებამ ბრალი არ დასდო პრორუსულობაში, ის თვითონ დებს ბრალს ამ ხელისუფლებას პრორუსულობაში. რაც მთავარია, ამას გაიძახის ძალიან მაღალი ტრიბუნიდან“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.