საკონსტიტუციო ცვლილებების იმ ნაწილზე, რომლიც საარჩევნო სისტემას ეხება, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრა დღეს, 18 აგვისტოს, 17:00 საათზე, პარლამენტში გაიმართება. უკვე ცნობილია, რომ დღევანდელ შეხვედრას არ დაესწრება პარლამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი, ირაკლი კობახიძე.
საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე უხელმძღვანელებს. თალაკვაძესთან ერთად, მოლაპარაკებაში მონაწილეობას მმართველი გუნდის მხრიდან ყველა იმ პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი მიიღებს, რომელიც უმრავლესობის შემადგენლობაში შედის.
მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო ცვლილების თემაზე, საპარლამენტო უმრავლესობის და ოპოზიციის შეხვედრამდე რამენიმე საათი რჩება, ამ დრომდე უცნობია, რა დათმობებზე წავლა ხელისუფლება. ერთ-ერთი საკითხი, რასაც უმრავლესობა ოპოზიციას შესთავაზებს, ეს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისერთჯერადად უბარიერო არჩევნების დაშვებაა.
აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში შესატან იმ ცვლილებებზე, რომელიც ძირითადად საარჩევნო სისტემას ეხება, უმრავლესობის წევრებმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად იმსჯელეს. თუმცა, როგორც ირკვევა, უბარიერო არჩევნებს მმართველ გუნდში მომხრეებთან ერთად მოწინააღმდეგეებიც ჰყავს.
მიუხედავად ამისა, მმართველ გუნდს იმედი აქვს, რომ შეხვედრაზე ოპოზიციასთან გარკვეულ შეთანხმებამდე მისვლას შეძლებენ, რათა 6 სექტემბერს სტრასბურგში ვენეციის კომისიის თავმჯდომარესთან ჩანიშნულ შეხვედრაზე ერთიანი პოზიციით წარსდგნენ. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ელოდება, რომ უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეხვედრა საქმიან და სამუშაო პირობებში ჩაივლის.
„კომპრომისი ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე ეძებს ყველაზე მისაღებ და გონივრულ გამოსავალს, შესაბამის ფორმულირებას, რომელიც პრინციპებს არ დაარღვევს და იქნება ამ კომპრომისების ძებნის მზაობა. ჩვენი სურვილია, რომ ასეთი ატმოსფერო იყოს შექმნილი და იყოს რეალურად სამუშაო შეხვედრა, სადაც შესაძლებელია მოიძებნოს რაიმე კომპრომისი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
თავის მხრივ, პოზიციას არ იცვლის საპარლამენტო ოპოზიცია. საკონსტიტუციო ცვლილებების თემასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე მმართველ გუნდთან მოლაპარაკება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ „ქართული ოცნება“ ისეთ საკითხებს დათმობს, როგორიც 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემის მიხედვით ჩატარება და პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესის დატოვებაა.
„ნაციონალური მოძრაობის“ მდივანი, თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია, გაიაზროს „ქართულმა ოცნებამ“ რას ნიშნავს კონსენსუსი, რომ ეს არ არის შეთანხმება „ქართული ოცნების“ შიგნით, არამედ ეს არის შეთანხმება სხვადასხვა პოლიტიკურ გუნდებს შორის.
„მხოლოდ ამის შედეგად შევძლებთ, რომ მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ასახავს მოსახლეობის ნებას და არ არის მორგებული ერთი ადამიანის ინტერესებზე. თუკი ეს იქნება მათი ამოსავალი წერტილი, რაიმე კონსენსუსის მიღწევა შესაძლებელი იქნება. ჩვენ, ჩვენის მხრივ, წარვადგენთ საკითხებს, რომელზეც საუბარია მრავალი თვეა და რაც ჩვენი მოსახლეობის ინტერესია - ეს არის 2020 წლისათვის მთლიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა და მოქალაქეებისთვის უფლების დატოვება, პირდაპირი გზით აირჩიონ საქართველოს პრეზიდენტი“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თინა ბოკუჩავამ.
საპარლამენტო უმცირესობის - „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ მოლაპარაკება საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მმართველი გუნდი მოსახლეობის მთავარ მოთხოვნებს გაითვალისწინებს.
„მთავარია ეს კონსულტაციები შეესაბამებოდეს მთავარ მოთხოვნებს, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რომ 2020 წლისთვის ჩვენ მივიღოთ რეალურად სამართლიანი საარჩევნო სისტემა, რაც მიღწევადია ერთადერთ შემთხვევაში, თუ არსებული მაჟორიტარული სისტემა გაუქმდება და 2020 წლისთვის ვისაუბრებთ სრულად პროპორციულ სისტემაზე“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.
საკონსტიტუციო ცვლილებების თემაზე, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებზე მიწვეული არ არის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, თუმცა, ამის მიუხედავად, პრეზიდენტს მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების მიმართ კონკრეტული შეთავაზება აქვს. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების გამართვის შემდეგ დამატებით უნდა გაიმართოს შეხვედრები როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, ასევე არასამთავრობო სექტორთან.
პრეზიდენტის პოზიცია ჟურალისტებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ გააცნო, რომლის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ყველა სერიოზულ საზოგადოებრივ ჯგუფთან, ისევე როგორც კონსტიტუციურ ორგანოსთან კონსულტაცია და მცდელობა, რომ იქნას მიღწეული კონსესუსი. დოლიძის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პროცესები ჩიხში სწორედ იმიტომ შევიდა, რომ ის დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
„როგორც ეს აღნიშნა ვენეციის კომისიამ, ფართო საზოგადოებრივ თანხმობას არ ეყრდნობოდა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ პრინციპს, რომ ნებისმიერი კონსტიტუცია იქნება ძლიერი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ის დაეყრდნობა საზოგადოებრივ თანხმობას, გაითვალისწინებს მმართველი გუნდი და შესაბამისად, მოეპყრობა ყველა მნიშვნელოვან პოლიტიკურ ერთეულს.
კარგია, მმართველმა გუნდმა გაიაზრა, რომ მან პროცესი შეიყვანა ჩიხში და რომ დაიწყო ნაბიჯების გადადგმა ამ ჩიხიდან გამოსვლისთვის, თუმცა ბუნებრივია, რომ ამ მცდელობის სინამდვილეში ხალხს ეჭვი შეეპაროს გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენ მანამდე ვნახეთ - სხვა ვერსიები გაგზავნილი და დარიგებული ხალხში და შემდეგ ბოლო წამს შეცვლილი პოზიცია. ამიტომ, მისასალმებელი და გასაგებია, რომ თავიდან შეხვდნენ პარტიებს, მაგრამ ბუნებრივია, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ პროცესის დასაწყისი. მერე არის მნიშვნელოვანი შეხვედრა სხვა სერიოზულ კონსტიტუციურ ორგანოებთან და საზოგადოებრივ ჯგუფებთან“, - განაცხადა ანა დოლიძემ.