ოპოზიციის ულტიმატუმს უმრავლესობა დუმილით პასუხობს

ოპოზიციის ულტიმატუმს უმრავლესობა დუმილით პასუხობს

ოპოზიციური პარტიები კონსენსუსის წინაპირობად 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ასახელებენ. ასეთ შემთხვევაში, ოპოზიცია მზად არის საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ხელისუფლებასთან დიალოგისთვის. ოპოზიცია ამბობს, რომ თუ ხელისუფლებას მართლაც სურს საკონსტიტუციო ცვლილებებზე თანხმობის განხორციელება, მის მიერ ჩიხში შეყვანილი კონსტიტუციური რეფორმის გადარჩენა, ის უპირობოდ უნდა დაუბრუნდეს მის მიერვე შემოთავაზებულ თავდაპირველ პოლიტიკურ მოცემულობას, კერძოდ - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს მთლიანად პროპორციული სისტემით.

რაც შეეხება პროპორციული საარჩევნო სისტემის სხვადასხვა კომპონენტებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევას, პოლიტიკური პარტიები მზადყოფნას გამოვთქვამენ ამ მიზნით „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგის დასაწყებად. აქვე აღნიშნავენ, რომ მოცემულ საკითხთაგან უმთავრესად მიაჩნიათ ე.წ. „გაუნაწილებელი მანდატების“ სამართლიანად - პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს შორის პროპორციულად განაწილების უზრუნველყოფა.

ასევე უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება პრეზიდენტის საყოველთაო პირდაპირი არჩევის წესის შენარჩუნება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ამ თემაზე მმართველ გუნდს ოპოზიციური პარტიებისგან დიამეტრულად განსხვავებული პოზიცია გააჩნია, მიზანშეწონილად მიაჩნიათ მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით მოქმედება. შესაბამისად, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად პლებისციტის ჩატარება.

ხელისუფლებასთან დიალოგზე არ მდიან რესპუბლიკელები. ისინი ოპოზიციური პარტიების მიდგომას საარჩევნო ბარიერისა და ბლოკების საკითხის სუფთა ფურცლიდან განხილვის შესახებ, არ ეთანხმებიან და მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ასეთ ნდობას არ იმსახურებს.

„ჩვენი ღრმა რწმენით, ერთჯერადად შემოთავაზებული 3%-იანი ბარიერი უნდა იქცეს ძირითად ნორმად. ჩვენ შესაძლებლად მიგვაჩნია სრულიად უბარიერო სისტემაც. ამიტომ, ერთგული ვრჩებით საკუთარი პოზიციის და ვთვლით, რომ საარჩევნო ბარიერი უნდა იყოს არუმეტეს 3%-ისა“, - ნათქვამია „რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში.

იმ შემთხვევაში თუკი მმართველი გუნდი არ დაუბრუნდება მოცემულობას, რომელიც პროპორციულ სისტემაზე გადასვლას 2020 წლიდან ითვალისწინებს, „თავისუფალი დემოკრატები“ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან. პარტიის თავმჯდომარე შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ამ მოცემულობაზე დაბრუნების გარეშე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაში მონაწილეობა, ხელისუფლებისთვის კონსენსუსის იმიტაციის შექმნაში დახმარებაა.

„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავყვეთ უკანონობის გამართლებაში ხელისუფლებას და უნდა დავეხმაროთ კონსენსუსის იმიტაციის შექმნაში, რაც არ შეუწყობს ხელს ქვეყნის ინტერესებს. თუ არ მოხდა 2020 წელს გადასვლა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, წყალში იყრება საკონსტიტუციო კომისიის შრომა, ვენეციის კომისიის მოსაზრებები და საყოველთაო-სახალხო განხილვები.

არ გვინდა საზოგადოებამ აღიქვას ეს ულტიმატუმად, მაგრამ ეს არის წითელი ხაზი, რომლის არდაკმაყოფილებაც უბრალოდ ნიშნავს საზოგადოების მოტყუებაში ხელისუფლებისთვის ხელის შეწყობას. პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და აღადგინოს ეს მოცემულობაგანაცხადა შავგულიძემ“, - აცხადებს შალვა შავგულიძე.

იმისათვის, რომ 2020 წლისთვის უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლა, დიალოგისთვის მზად არის „ევროპული საქართველო“. როგორც პარტიის წევრი ირაკლი აბესაძე ამბობს, პარტიები არ აპირებენ „ქართულ ოცნებას“ მისცენ შესაძლებლობა, ეს დიალოგი გამოიყენონ ამომრჩევლის მოსატყუებლად, თვალში ნაცრის შესაყრელად.

„პირველ რიგში, 2020 წლისთვის უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა, უნდა დავიწყოთ საუბარი პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე, განვიხილოთ, როგორ უნდა მოხდეს ეს, თუმცა პრინციპულია, რომ გაუნაწილებელი მანდატებიც უნდა განაწილდეს პროპორციულად პარტიებს შორის.

ასევე უნდა ვისაუბროთ პრეზიდენტის არჩევის წესზე და თუ ვერ ვთანხმდებით პრეზიდენტის არჩევნების პირდაპირ წესზე, მაშინ მნიშვნელოვანია ჩატარდეს პლებისციტი და ასახული იქნეს ქართული საზოგადოების მოსაზრება კონსტიტუციაში.

ამ შემთხვევაშიც „ქართული ოცნება“ არის მარტო, ქართული პოლიტიკური სპექტრი, ოპოზიციური პარტიები არიან ერთიან პოზიციაზე და „ქართულ ოცნებას“ არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ 2020 წლისთვის უსამართლო საარჩევნო სისტემით, ხელოვნურად ეცადონ ხელისუფლების შენარჩუნებას“, - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის ორგანიზებით, პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრს საკონსტიტუციო რეფორმის საკითხზე 18 აგვისტოს, პარლამენტში გაიმართება. მმართველი გუნდი ამ დრომდე  კომენტარს არ აკეთებს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ოპოზიციის შეთავაზებაზე.

თუმცა მმართველ გუნდში აღნიშნეს, რომ შეხვედრამდე მათი მხრიდან განცხადებები აღარ გაკეთდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის და ოპონენტების შენიშვნების მოსასმენად, თუმცა რას დათმობენ, ამაზე წინასწარ არ საუბრობენ. ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი იმედოვნებს, რომ ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრამდე გაირკვევა, ვინ რის დათმობას აპირებს.

„კონკრეტიკაზე საუბრისთვის დღეს არ ვარ ჩამოყალიბებული, ვინაიდან შეხვედრა, რომელიც იმედია შედგება, გადაწყვეტს ძალიან ბევრ საკითხს. რაზე ვართ დათმობაზე წამსვლელი ჩვენ, რაზე არის ოპოზიცია დათმობაზე წამსვლელი, ეს გაირკვევა. სანამ გადავწყვეტთ სტრასბურგში თუ ევროპის სხვა ქალაქში გამგზავრებას, შიდა კონსულტაციები საჭიროა“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ყველა პოლიტიკურ ძალას კონსულტაციებში ჩართვისკენ მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტი. როგორც გიორგი მარგველაშვილი ამბობს, საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობის მთავარი ნაკლი, კონსულტაციების არარსებობაა.

„ამ პროცესის მთავარი ნაკლი იყო კონსულტაციების და ერთმანეთთან თათბირის არ არსებობა. შესაბამისად ნებისმიერი ნაბიჯი, რომ იყოს მოლაპარაკება, თათბირი და ამ საკითხებზე ლაპარაკი, არის სწორი ნაბიჯი და მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ იყოს ჩართული ამაში.

როდესაც ლაპარაკი არის მართლა გულწრფელად სურვილზე, არა იმაზე, რომ ხელი ვინმეს გადაუგრიხო იმიტომ, რომ ბევრი პულტი გაქვს, არამედ გინდა სხვებთან შეთანხმება, პირველი უნდა გადადგა უკან ნაბიჯი იქიდან, რაც უკვე გააკეთე, როდესაც ორი მოსმენით სრულიად უპრეცედენტო სისწრაფით, ერთპარტიული პროექტი მიიღე კონსტიტუციის“, -  განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.