ძველი თამაში ხელისუფლებასა და ოპოზიას შორის და ახალი სალაპარაკო თემა - პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ ოპოზიციურ პარტიებს შეხვედრას უახლოეს პერიოდში შესთავაზებს. როგორც ვოლსკი აცხადებს, 2020 წლის არჩევნების ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში შესაძლო ჩატარების საკითხი სალაპარაკო თემების მხოლოდ ერთი ეპიზოდია.
ოპოზიციასთან შეთანხმების შემთხვევაში, მმართველმა ძალამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შესაძლოა ერთჯერადად უბარიერო არჩევნები დაუშვას. მმართველ გუნდში განიხილება მომავალი არჩევნების კვლავ შერეული საარჩევნო სისტემით, თუმცა ე.წ. ბუნებრივი ბარიერით ჩატარების საკითხი. ამ აზრს გუნდში მომხრეებთან ერთად, ჰყავს მოწინააღმდეგეებიც და ყველაფერი ძირითადად ოპოზიციასთან შეთანხმებაზეა დამოკიდებული.
რატომ უბარიერო სისტემა და ამ შემთხვევაში მაინც თუ იქნება მიღწეული ის კონსენსუსი, რაც, ლამის ნახევარი მსოფლიოსგანსახილველი გახდა; ამ და სხვა თემებზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.
რას გულისხმობს უბარიერო არჩევნები, ვინც მონაწილეობას მიიღებს, ყველა პარტია პარლამენტში მოხვდება?
- ერთი დეპუტატის გასაყვანად რა პროცენტული რაოდენობაც იქნება საჭირო, იმდენ ხმას თუ დააგროვებს, ყველა პარტიას შეუძლია წარმომადგენელი ჰყავდეს პარლამენტში - ანუ 5 და 3-პროცენტიანი ბარიერის გარეშე ვინც კი გაიყვანს დეპუტატს; ამასთან, დარჩენილი ხმების გადანაწილება აღარ იქნება საჭირო.
დიდი ხანია, მიმდინარეობს შეთანხმებამდე მისასვლელი გზების ძიება და როგორც ჩანს, ახლა ეს თემა მოიფიქრა ხელისუფლებამ სალაპარაკოდ; თუმცა, არ არის გამორიცხული, ოპოზიციასთან ამაზეც ვერ შეთანხმდეს - როგორ ფიქრობთ, რატომ არ აწყობთ კონსენსუსი?
- ოპოზიციის ამოცანაა ხელისუფლებასში მოსვლა, არსებული სიტუაცია კი ხელისუფლებაში მოსასვლელად მათთვის ხელსაყრელი არ არის. ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებას აქვს მეტი შანსი. თავის მხრივ, ოპოზიცია ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დესტრუქციის ელემენტები შეიტანოს საარჩევნო პროცესში. ხელისუფლების ამოცანა კი, სუსტი ოპოზიციის ყოფნაა, რათა აკონტროლოს სიტუაცია.
სამწუხაროდ, მოსახლეობის ინტერესებს არც ერთი მხარე არ ითვალისწინებს - ეს ყველაფერი მითებია ბუკიკიოზე, კომპრომისზე, პროპორციულ არჩევნებზე და ა.შ. - ყველას აწყობს, რაც შეიძლება მეტად აიმღვრეს სიტუაცია რომ ადვილად დაიჭიროს თავისი თევზი - ეს არის და ეს.
ვითომდა საქართველოს და უკრაინის შს მინისტრების თემაც სიტუაციის ასარევად შეიძლება იყოს შემოგდებული?
- არ მგონია, რომ ეს რუსეთის სპეცსამსახურებთან არ იყოს კავშირში - სამწუხაროდ, საქართველოში დესტაბილიზაცია ბევრს აძლევს ხელს. თუ საქართველოს მხრიდან ავთენტურობის დადგენაში არ მოხდა ჩართვა და რომელიმე რუსულმა ორგანიზაციამ თქვა, რომ ავთენტურიაო, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მიუღებელია. რომელიმე საერთაშორისო კომპანიამ რომ შეისწავლოს, ეს ხელისუფლებას არ აძლევს ხელს, რადგან თვითონ პროცესი იქნება წამგებიანი და მისი დისკრედიტაციისთვის მსუყე ლუკმაა.
როგორც ვნახეთ, აიტაცა კიდეც ოპოზიციამ და პრონაციონალურმა მედიამ. ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვამბობდი, რომ ხელისუფლებას არ აძლევს სააკაშვილის გადმოცემა, რადგან სიტუაციას არევდა ასეთი ფაქტი.
შეიძლება ითქვას, რომ ამ ყალბ ჩანაწერშიც ამ თემაზეა ლაპარაკი - ვამბობ ყალბ ჩანაწერს, რადგან არანაირი საფუძველი არ გვაქვს,ხელისუფლებას არ ვენდოთ, როდესაც ამბობს, რომ მსგავსი საუბარი არ შემდგარა.
ამ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი იატაკქვეშეთშია, რათა დაადასტუროს, რომ რეალურად დისტანცირებულია მთავრობისგან, ხელისუფლების ძალა, თანაც საარჩევნო გარემოში, შესუსტებულია; ამას თუ დაერთვება დესტაბილიზაციის თუნდაც მცირე ფაქტორი, როგორიცაა სააკაშვილის ექსტრადირება და მისი ციხეში მოთავსება, ხელისუფლებას არ უნდა აწყობდეს.
ის ფაქტიც, რომ დავუშვათ, თითქოს ორი ქვეყნის მინისტრები მართლაც დაუცველი ხაზით ლაპარაკობდნენ ამ თემაზე, რა თქმა უნდა სკანდალია, მაგრამ არა იმ დონის, რომ პოლიტიკური ძალების განლაგება შეცვალოს.
50-60%-იანი, მყარი ქართული ელექტორატი, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვინ ინიშნება ხელისუფლებაში, დესტაბილიზაციის გამომწვევ ასეთ მინისკანდალებს პოზიციას ვერ შეაცვლევინებს. სხვა, უფრო სერიოზული მიზეზი კი არ არსებობს იმისათვის, რომ პოლიტიკურ სივრცეში ძალთა განლაგება შეიცვალოს ოპოზიციის სასარგებლოდ.
ოპოზიცია ძალიან სუსტია - ეს არის „ნაციონალური მოძრაობისგან“ დარჩენილი პარტია და ივანიშვილისგან მართული პრონაციონალისტური პარტიები, რომლებიც არც თუ ოსტატურად თამაშობენ ორმაგ თამაშს. არის კიდევ პრორუსულად შერაცხული ორიოდე პარტია, ავტორიტეტული ლიდერებით, თუმცა არა, ელექტორატისგან სათანადოდ მხარდაჭერილი - ვგულისხმობ „პატრიოტთა ალიანსს“ და ბურჯანაძის პარტიას.
თუ რომელიმე გარე ძალას სერიოზულად სურს საქართველოში დესტაბილიზაცია და ხელისუფლების შეცვლა, ასეთი წვრილმანი სკანდალები ელექტორატის განწყობას ოპოზიციის სასარგელოდ ვერ შეცვლის.
ყველაფერის მიუხედავად, დღეს ხელისუფლება მაინც უფრო ძლერია და თვითმმართველობის არჩევნებსაც მოიგებს; თუმცა, სიურპრიზებსაც უნდა ველოდოთ.
ასე რომ, ვერც ნაციონალები მიიღებენ რამეს ასეთი სკანდალების გამოკიდებით და ვერც იმდენ ხალხს გამოიყვანენ, რომ გარდამტეხ ცვლილებამდე მივიდეს საქმე. ვერც „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვური ვიზიტები შეცვლის რამეს. თუ ისეთი წონიანი პოლიტიკოსი, როგორიც ბურჯანაძეა, მოახერხებდა აფხაზეთსა და ოსეთში ჩასვლას, ეს კი შესძენდა მას წარმატებას, მაგრამ მეეჭვება, რომ მხოლოდ აფხაზებისა და სამხრეთ ოსეთელების თანხმობით ეს შეძლოს.
რუსეთის ჩარევის გარეშე ეს ალბათ ვერ მოხერხდება - ბურჯანაძის ჩასვლა; მაგრამ საინტერესოა, თუკი შიგნიდან თუ გარედან ვიღაც ცდილობს საქართველოში არასტაბილური გარემოს შექმნას, ვის შეიძლება აწყობდეს ეს - გარე ძალას? ქვეყნის შიგნით არ ჩანს ისეთი ლიდერი, რომელიც ასეთ თამაშს ითამაშებდა...
- ქაოსური სიტუაცია რომ არ არის დღეს საქართველოში ეს მხოლოდ ქართული საზოგადოების დამსახურებაა, რომელიც წლების მანძილზე გაიზარდა. ვგულისხმობ იმ მყარ ელექტორატს, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდი. ეს ის ძალაა, რომელიც არსად წასვლას არ აპირებს და სურს, საკუთარი ქვეყანა წარმატებული იხილოს.
ყველგან მოიძებნება ისეთი ძალა, რომელსაც საქართველოში დესტაბილიზაცია ხელს მისცემდა, თუნდაც გავლენის არეალების გადასანაწილებლად - მაგალითად, რუსეთი არ იქნებოდა წინააღმდეგი, მას შერჩენოდა აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი თავისი სამხედრო ბაზებით; დანარჩენი საქართველო კი დასავლეთის გავლენის ქვეშ დარჩებოდა, მაგრამ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს ცოტა მეტი უნდა.
ქართველ ხალხს კი ერთიანი საქართველო სურს და მას ამ საკითხში დასავლეთი უჭერს მხარს. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე საქართველოს პროდასავლური ხელისუფლება ეყოლება. პრორუსულს და პროდასავლურს დღეს დამკვიდრებული დატვირთვით ვამბობ, თორემ ზოგჯერ საქციელით, პროდასავლელი პრორუსი გეგონება ან - პირიქით.
მთლიანობაში, საქართველოში ისე, როგორც სირიაში, ძალიან ბევრი ინტერესი იყრის თავს, ამიტომ ქართული საზოგადოება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს - ამ შემთხვევაში ვგულისხმობ მთავრობას და ხელისუფლებასაც, რადგან მხოლოდ გრანტებზე მომუშავე არასამთავრობოები ამ სტაბილურობის შექმნას ნამდვილად არ ეყოფა.
შეიძლება, იგივე რუსეთი შეეცადოს ევროპაში მოხეტიალე სააკაშვილი საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს? თუმცა სააკაშვილი, აცხადებს, რომ მის გეგმებში ამ ეტაპზე უკრაინა შედის და არა - საქართველო...
- სააკაშვილი თავისთავად ფენომენია და მისი შესაძლებლობების გაუბრალოება არ იქნებოდა სწორი - მანევრირების ვირტუოზია; როგორც ჩანს, უფრო მეტი გარანტიები აქვს, გარდა იმისა რასაც ჩვენ ვხედავთ, როგორც დასავლეთში, ისე - ჩრდილოეთში; ამიტომაც არის ასეთი ლაღი და მიზანსწრაფული. ასე რომ არ იყოს, სულაც არ არის დასავლეთი ისეთი სუსტი, რომ მისთვის ახალი დირექტივები არ მიეცა და არც რუსები მგონია ისე დაჩაჩანაკებულები, რომ სააკაშვილს წინააღმდეგობა ვერ გაუწიონ.
სააკაშვილი იმასაც კი იმსახურებს, მასზე წიგნი დაიწეროს, იმდენად სერიოზული როლი შეასრულა პროცესებში, რომლის შედეგიც საქართველოში აღმოჩნდა ძალზე ხელსაყრელი ჩვენი რუსი მეზობლებისთვის - ჩვენი ტერიტორიის 22% ოკუპირებული აქვთ, კავკასიაშიც ფეთქებადსაშიში სიტუაციაა, რაც რუსებს აძლევს შანსს, რომ საკუთარი თამაში ითამაშოს.
სააკაშვილი ყველასთვის არის, ერთი მხრივ, როგორც რუსები იტყვიან, - „темная лошадка“, მეორე მხრივ - კოზირი, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის გამგებლებს რეზერვში არ გადაჰყავთ. როგორც ჩანს ის დღეს უკრაინაში სჭირდებათ და სააკაშვილი, რომელიც არის პოლიტიკური და ინტელექტუალური გაფურჩქვნის ხანაში, იმის მიუხედავად, რომ ამდენი რამ დააშავა, მაინც არენაზეა - უკრაინის ათმა ოლიგარქმაც კი ვერაფერი დაკლო, თუმცა, ბოლოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. მაგრამ უკრაინის მოქალაქეობაჩამორთმეული სააკშვილი თავისუფლად დასეირნობს ევროპაში. ეს იმას ნიშნავს, რომ მას აქვს კარტ-ბლანში.
სააკაშვილი არ არის გაჭრილი კარტი - ის აკონტრილებს საქართველოში ერთ პარტიას და იმის მიუხედავად, რომ ბევრს არ უყვარს, შესაძლოა, სხვებიც შემოიკრიბოს, თუკი დაბრუნდება საქართველოში.
ეს მაშინ, თუ დღევანდელი ხელისუფლება თავს შეირცხვენს და ქართული საზოგადოება დაფიქრდება, ვის ჩააბაროს ხელისუფლება. ასეთ შემთხვევაში, დაფიქრდებიან ჩვენი დასავლეთელი პარტნიორებიც და არჩევანიც დიდი არ არის. ან ივანიშვილი და მისი ფული, მის მიერ მართული პოლიტიკური სპექტრი; ან სააკაშვილი, მისი მოკავშირე ბიზნესმენებით, რომლებსაც თავისი მმართველობისას დიდი ფული აშოვნინა და თუ საჭირო გახდა, მის გვერდით აღმოჩნდებიან.
დღეს სააკაშვილი საქართველოში ფულს არ ხარჯავს, რადგან ეს მის ინტერესში არ შედის, საჭიროების შემთხვევაში, მას ამ მექანიზმის ამოქმედებაც შეუძლია; ასე რომ, ის დღესაც სერიოზული ძალაა.