სააკაშვილი აღარც უკრაინას სჭირდება და აღარც საქართველოს?!

სააკაშვილი აღარც უკრაინას სჭირდება და აღარც საქართველოს?!

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მორიგი სკანდალის ეპიცენტრშია. Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი „პრანკერების“ (სატელეფონო ხულიგნები) „ვოვანის“ და „ლექსუსის“ მტკიცებით, „ლექსუსი“ საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, „პრანკერი“ თითქოსდა საქართველოს შს მინისტრს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ის იქ არ სჭირდებათ და საქართველოს უნდა გადასცენ.

აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოს გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ვიდეოს თანახმად, თითქოს გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

„ის ავანტიურისტია და ზედმეტი თავის ტკივილია, ჩვენ არ გვჭირდება. პროკურორებთანაც გავიარე კონსულტაცია და თქვენთან თხოვნა გვაქვს, თუ ეს ნაძირალა გამოჩნდება თქვენთან, დაე „ბომჟი“ იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს. არ გვინდა, მისგან გმირი შევქმნათ. აქ ყველაფერი დასტაბილურდა, მის გარეშე კარგად ვცხოვრობთ და თუ აქ გამოჩდნება, დაიწყება მღელვარება“, - აცხადებს თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში აცხადებენ, რომ მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან.

„საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია“, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობა“ შანსს ხელიდან არ უშვებს და ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს, მათი განცხადებით, დამოუკიდებელ ექსპერტიზას ჩაატარებენ, რომელსაც, თურმე, საჭირო დროს გამოიყენებენ, როგორც საბრალდებო მტკიცებულებას.

„საჭირო დრომდე“ რატომ აპირებენ ექსპერტიზის შედეგების გასაიდუმლოებას, უცნობია, თუმცა ნაციონალთა ერთ-ერთი წარმომადგერნელი, რომან გოცირიძე გამოძიების ჩატარებას ითხოვს პროკუტარურისგან.

„ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს არის ავთენტური ჩანაწერი. მით უმეტეს, რომ მსგავსი ზარები საქართველოში ყოფილა დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც კულტურის მინისტრის ჩანაწერი გამოქვეყნდა. ჩვენ ვითხოვთ, სასწრაფოდ დაიწყოს ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება, ვინაიდან საუბრის შინაარსი შეიცავს დანაშაულებრივ ნიშნებს. უნდა ჩატარდეს ხმის ექსპერტიზა. ათას სისულელეზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდებოდა და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეხებოდა, ხელისუფლება გამოძიებას იწყებდა. ადგენდა, იყო თუ არა ხმები ავთენტური და იბარებდნენ დეპუტატებსაც კი, ხმის ნიმუშების ასაღებად. ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია გამოძიების ჩატარება ამ შემთხვევაშიც“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

გოცირიძე მიიჩნევს, რომ ეს არის სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და სახელმწიფო დონეზე აყვანილი არაკანონიერი ქმედებების წახალისება. ერთი მხრივ, უკრაინაში აგზავნიან ექსტრადირების მოთხოვნას და მეორე მხრივ, შსს მინისტრი და მთავრობა ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებს. დარღვევაა ისიც, რომ ჰპირდებიან, სააკაშვილს მოქალაქეობა არ აღუდგება. ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და შეიძლება ჩაითვალოს პრეზიდენტზე ზეწოლად.

ნაციონალები თვლიან, რომ სავსებით სამართლიანად არიან შეშინებულები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებით. ის სასამართლო პროცესები, რაც მიხეილ სააკაშვილის საქმეების წინააღმდეგ არის წამოწყებული, სავსებით სწორად აფიქრებინებს ხელისუფლებას, რომ ხალხი არის აღელვებული.

ნაციონალები როგორ „აღელვებენ“ ხალხს ეს არაერთ მიტინგზე გვინახავს, როდესაც მათი დანახვა მომიტინგეებში კვერცხების სროლის სურვილს აღძრავს ხოლმე, მაგრამ თუ არგუმენტირებული პასუხი არ გაეცა ხელისუფლებისგან, როგორც ჩანს, ნაციონალები მთელ საარჩევნო კამპანიას ამ ფაქტზე ააგებენ და ქართულს თუ არა, უცხოურ საზოგადოებას მაინც, დამატებით კითხვებს გაუჩენენ.

„გავრცელდა ივანიშვილის მინისტრის სატელეფონო საუბარი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყანაში არ არსებობს მართლმსაჯულება და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა. ამ საუბარმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იდევნება მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოტივით. ასევე, დაადასტურა, რომ ბატონი პოროშენკოს ივანიშვილ-კვირიკაშვილთან შეხვედრის მთავარი მეზეზი და მიზანი გახლდათ სააკაშვილის ექსტრადიციის თუ არაექსტრადიციის საკითხი. დადასტურდა ისიც, რომ მთელი ქვეყნის ბიუროკრატიული სამსახური და განსაკუთრებით შსს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს უთვალთვალდებენ, რითაც სისხლის სამართლის დანაშაულს სჩადიან.

ათწუთიან სატელეფონო საუბარში ჩანს, რა დამნაშავე შს მინისტრი ჰყავს ივანიშვილის რეჟიმს. იმის გათვალისწინებით, რომ შსს-მ უარყო ჩანაწერის ავთენტურობა, მოვითხოვთ, უახლოეს დღეებში ხელისუფლებამ საერთაშორისო საექსპერტო ბიუროს წარუდგინოს ეს ჩანაწერი. თუ ხელისუფლება ამ ნაბიჯს არ გადადგამს, ეჭვი არავის შეეპარება, რომ ეს, დიახაც, ავთენტური ჩანაწერია. იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ გააკეთებენ ამას, „ნაციონალური მოძრაობა“ თავად წარადგენს ჩანაწერს საერთაშორისო საექსპერტო ბიუროში“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია.

მისივე თქმით, პარტია ინფორმაციას თარგმნის და მიაწვდის მთელ საერთაშორისო საზოგადოებას.

თავად სააკაშვილი აცხადებს, რომ ივანიშვილს საქართველოში მისი ჩამოსვლის ეშინია.

„ქართველი ხალხი, რომელსაც უკვე საკმაო მასალა აქვს ჩემი მმართველობის შესადარებლად ოლიგარქიულ ჩაგვრასთან, გამოვა ქუჩაში და გახვეტს მათ, როგორც კი თბილისში გამოვჩნდები. მაგრამ მე მაქვს უახლოესი გეგმები, რომლებიც უკავშირდება უკრაინას და მის გათავისუფლებას მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე.

ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და საგამოძიებო სტუქტურებს არ შეუცვლიათ საკუთარი პოზიცია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანასა და ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებისთვის პასუხების გაცემაზე.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, საქართველოში უამრავი ადამიანი ითხოვს, რომ სააკაშვილმა პასუხი აგოს ჩადენილი დანაშაულებისა და თუ გადაცდომებისთვის.

„რაც შეეხება Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, ზუსტად შემიძლია გითხრათ, რომ მასში მონაწილე პირები ცნობილი არიან, როგორც ხმის იმიტაციის ექსპერტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სხვა ძალოვან სტუქტურებს წესად აქვთ, რომ მათი საუბარი დახურული ხაზით ხორციელდება. მე არ ვიცი, გავრცელებულ ჩანაწერს როგორ შეიძლება გაეცეს სამართლებრივად პასუხი და ზოგადად, ეს საჭიროა თუ არა, მაგრამ რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ არ ტოვებს საკითხს, რომ არ მოითხოვოს გამოძიება თუ საპარლამენტო კომისიის შექმნა - ეს მათი პოლიტიკური ბრძოლისთვის დამახასიათებელია“, - აცხადებს ვოლსკი.

ნაციონალების ასეთი შინაარსის განცხადებები, როგორიცაა: მიშას საქართველოში ჩამოსვლა მღელვარებას გამოიწვევს; ხალხი გააძევებს ამ ხელისუფლებას და მიშას გვერდით დადგება და ა.შ. და ვითომდა გავრცელებული ჩანაწერის შინაარსი, რომ მიშას საქართველოში ჩამოყვანა და ციხეში ჩასმა არ სურთ, რადგან მისგან გმირი არ გააკეთონ, ძალიან ჰგავს ერთი და იგივე რეჟისორის ხელწერას. ასე რომ, გამორიცხული არ არის სულაც ნაციონალების მომხრეების შემოქმედებასთან გვქონდეს საქმე, მით უმეტეს, რომ ასეთი ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა ყოველთვის პრობლემას წარმოადგენს ხოლმე.

რაც შეეხება ქართულ საზოგადოებას, მისი უკმაყოფილება ახალი ხელისუფლების მიმართ სწორედ მაშინ გამოიკვეთა, როდესაც სამართლიანობის აღდგენის მასშტაბებმა არ დააკმაყოფილა. ექს-პრეზიდენტის ექსტრადირება, პირიქით, საზოგადოების დიდ ნაწილს მოფხანდა გულს და საარჩევნო კამპანიაზეც კარგად აისახებოდა, თუმცა ხელისუფლება კვალიფიციური გამოძიების ჩატარებას ძალიანაც რომ არ ჩქარობდა, ესეც ნათელია.

ყველაფერთან ერთად, ისიც გასაკვირია, გუშინ თუ გარიგება შედგა ივანიშვილსა და პოროშენკოს შორის, როგორც ცოტა ხნის წინ სააკაშვილი ამტკიცებდა, საინტერესოა, დღეს რატომ გადაიფიქრეს და რა შეიცვალა?!