ზუსტად 9 წლის წინ, ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად.
მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა მასობრივად შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო.
რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ.
ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან.
9 წლის შემდეგ 8 აგვისტოს, ენგურის ხიდთან და ყარაფილასთან ოკუპაციის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აქციებია დაგეგმილი, როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, დავით ქაცარავამ განაცხადა, ოკუპაციას ცოცხალი ჯაჭვით გააპროტესტებენ.
2008 წლის აგვისტოს ომის მე-9 წლისთავთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელშიც საქართველოს პოზიციაა დაფიქსირებული.
„ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების სრული უგულებელყოფით აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, რაც გამოიხატება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში უკანონო ინტეგრაციით, ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციითა და საოკუპაციო ხაზის გამაგრებით მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით“,- ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებს თავის სამშვიდობო პოლიტიკას და დიპლომატიის, მოლაპარაკებებისა და დიალოგის გზით ესწრაფვის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებას.
„საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის ცხრა წლის თავზე ქართული მხარე კვლავ მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კონსოლიდირებული ძალისხმევა მიმართოს 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგების აღმოფხვრისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიზნით“- აღნიშნულია განცხადებაში.
„ჩვენ ამ ადამიანების გვერდით ვართ, რომლებიც მავთულხლართების პირისპირ ყოველდღიურ გამოწვევებს გმირულად უმკლავდებიან“, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში იმყოფებოდა.
მისივე განმარტებით, რჩება ბევრი გამოწვევა, მაგრამ აქტიურად გაგრძელდება კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე ზრუნვა.
„ვაპირებთ, დავუდგეთ გვერდით ამ ადამიანებს, რომლებიც მავთულხლართების პირისპირ ძალიან მძიმე გამოწვევებს გმირულად უმკლავდებიან და არ აძლევენ საშუალებას ამ პროვოკაციებს, გადაიზარდოს დაპირისპირებაში და დესტაბილიზაციაში. ჩვენ ვიქნებით ამ ადამიანების გვერდით, რომ გავაძლიეროთ ისინი და ერთად ვიმოძრაოთ განვითარებისაკენ“, - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.
როგორც ექსპერტი, თორნიკე შარაშენიძე აღნიშნავს, ეს ცხრა წელი უკვე სიმბოლური რიცხვია - რუსეთ-საქართველოს ომიდან ცხრა წელში დღევანდელმა მთავრობამ რუსეთთან ილუზიის ეპოქა დაასრულა, ექსპერტის შეფასებით, ურთიერთობების დალაგების მაქსიმუმი ქართულ-რუსულმა ურთიერთობებმა გაირა და ამის იქეთ ვეღარ წავა.
„ახლა ალბათ დაიწყება ურთიერთობების რაღაც დონეზე გაციება, რადგან რუსეთი ჩვენგან ელოდება, რომ ჩვენ შევეგუებით და ჩვენ შეგუებას არ ვაპირებთ. ეს პრობლება არ მოიხსნება, ვიდრე პუტინია რუსეთის ხელისუფლებაში“, - მიიჩნევს შარაშენიძე.
შარაშენიძის თქმით, დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მინიმუმი საოკუპაციო ხაზის შეჩერება უნდა იყოს, რა მიმართულებითაც ბევრს ვერაფერს აკეთებს“.
ამ თარიღს თავისებურად, სიმბოლურად და ცინიკურად აღნიშნავს ოკუპანტიც - რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს 8 აგვისტოს გეგმავს, როგორც ჩანს, 2008 წლის აგვისტოს ომის 9 წლისთავის აღსანიშნავად, თუმცა რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინს სოხუმში სხვა ინტერესებიც აქვს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში ტრაგიკული ფაქტია, რომელიც სასაცილოდ გამოიყურება რადგან ოკუპანტი ჩადის ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ყველასთვის ცნობილია, რომ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, აფხაზეთში ვიზიტის თაობაზე, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს უკავშირდება. თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ რუსეთს აფხაზეთში, სხვა კონკრეტული ინტერესებიც აქვს.
ექსპერტები ამ ჟესტს ვაშინგტონის პასუხად თვლიან, რომელიც მიანიშნებს რომ მოსკოვი არ აპირებს უკან დახევას საქართველოთან დაკავშირებით;
რუსეთის დუმის წევრი, კონსტანტინ ზატულინი, რუსულ მედიასთან საუბარში აცხადებს, რომ მაიკ პენსის მიერ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ასეთი მტკიცე მხარდაჭერის დემონსტრირება, ერთგვარი მინიშნებაა იმისა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში საქართველოს იურისდიქციის ძალისმიერი მეთოდებით აღდგენის საფრთხე ჯერ კიდევ რეალურია და ამის კვალდაკვალ, ვლადიმირ პუტინი, თავს ვალდებულად მიიჩნევს, რუსეთის პარტნიორების მიმართ მხარდაჭერა აშკარად გამოხატოს.
ზატულინი განმარტავს, რომ აფხაზეთში პუტინის ვიზიტის კიდევ ერთი მიზეზი, აფხაზეთში არსებული რთული პოლიტიკური ვითარებაც არის.
რუსი დეპუტატის თქმით, აფხაზეთში რუსებსა და აფხაზებს შორის გამწვავებული ურთიერთობა აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას და რუსეთის ინვესტიციებს აფერხებს, რაც მკვეთრად უარყოფითად აისახება აფხაზეთის განვითარებაზე...
რუსი ანალიტიკოსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მოსალოდნელია, რომ პუტინი ეკონომიკური ხასიათის მხარდაჭერას გამოუცხადებს აფხაზეთს.
რუსული მედია იმასაც ვარაუდობს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში პუტინის ჩასვლის შემდეგ, რუსეთისა და აფხაზეთის ე.წ. ხელმძღვანელობას შორის, შესაძლოა, გარდამტეხი ეტაპი დაიწყოს, - ერთი მხრივ, რუსული ინვესტიციები რეგიონში მეტი რუსული ინტერესების გატარების სანაცვლოდ...
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, აცხადებს, რომ რუსეთი საქართველოს დაშინებას ცდილობს და ამიტომ მთავრობა კრემლთან დათმობის პოლიტიკას არ უნდა ახორციელებდეს.
„რუსეთი ცდილობს, რომ დაშინების გზავნილი გამოაგზავნოს საქართველოში და ამას ნიშნავს პუტინის ვიზიტი და იმისათვის, რომ ამან არ შეაფერხოს ქვეყნის განვითარება, ამისათვის საქართველოს უნდა ჰყავდეს მთავრობა, რომელიც არ ატარებს დათმობების პოლიტიკას,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ვანო მაჭავარიანი პუტინის აფხაზეთში ჩასვლას ეხმაურება. როგორც მან მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, პუტინის მხრიდან ეს ქმედება სწორედ ის ანექსიური პოლიტიკა და მილიტარიზაციაა, რომელიც აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ მიმდინარეობს.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო იყოს მზად ნებისმიერი კრიზისისთვის“, – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა
ექსაპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, დღეს საქართველოს ხელისუფლება ჩიხურ მდგომარეობაშია და ქვეყანა გეოპოლიტიკური რეალობის მსხვერპლია.
როგორც არეშიძემ აღნიშნა, დღეს საქართველო იმყოფება პროცესში, როცა ახალი მსოფლიო წესრიგი იქმნება და რთულია სასარგებლო მანევრის გაკეთება.
„დღეს საქართველო გეოპოლიტიკური ვითარების სამიზნეშია მოქცეული. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ორი სუპერსახელმწიფო ატარებს წვრთნებს და ისინი ამ პატარა სივრცეში ერთმანეთის წინააღმდეგ კუნთების თამაშით არიან დაკავებული. ასე რომ, ჩვენზე სამწუხაროდ, ძალიან ცოტა რამ არის დამოკიდებული - იმდენი ვქენით, რომ ძალიან ცოტაა ჩვენზე დამოკიდებული. მოსკოვს ერთი ძალიან მყარი მოთხოვნა აქვს - ეს მოთხოვნა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ ნატო-სთან თანამშრომლობა შეწყვიტოს. ეს გამორიცხულია, რადგან რუსეთი სამაგიეროდ არაფერ გადამწყვეტს არ გვთავაზობს, რაც საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას, საქართველოში არსებულ რეალობას ძირ-ფესვიანად შეცვლის. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი არ არის“, - აღნიშნა არეშიძემ.