„საქართველოს ტერიტორიული აქციების ფასი დღითიდღე იზრდება“

„საქართველოს ტერიტორიული აქციების ფასი დღითიდღე იზრდება“

რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ მხოლოდ ბოლო პერიოდში არ შეცვლილა, თუმცა საინტერესოა, რამ მოამწიფა ის მოვლენები რისი მოწმენიც გასულ კვირაში გავხდით - ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი, უმწვავესი განცხადებებით; ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომელშიც საქართველოც ფიგურირებს და ა.შ. საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველად, ჩნდება იმედი - მოვლენათა განვითარება ისეთ კომბინაციას შემოგვთავაზებს, რომ რეალურად იქნება შესაძლებელი დასავლეთთან კიდევ უფრო ახლოს მისვლა, მის ნაწილად გახდომა.

მიმდინარე პროცესებზე ექსპერტი, სოსო ცინცაძე გვესაუბრება.

სოსო ცინცაძე: ყველაფერი უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში. ვიზიტი დიდი ხნით ადრე იყო დაგეგმილი, მაგრამ ასეთი, სენსაციურად მკვეთრი განცხადებები 2008 წლის ომის დროსაც კი არ გაკეთებულა.

ყოველივე ამას წინ უძღვოდა ტრამპის შხვედრა პუტინთან, ერთი - ოფიციალური, მეორე - არაოფიოციალური; ამას უსწრებდა თითქმის მიღწეული შეთანხმება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ამერიკაში რუსეთის საელჩოს უძრავი ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით; ასევე თითქმის უკვე მიღწეული შეთანხმება სირიასთან დაკავშირებით.

დემოკრატიის მთავარი მიღწევა ის არის, რომ ერთ ადამიანს არ შეუძლია, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილებები. ცალკე -კონგრესი, ცალკე - დამოუკიდებელი პროკურორი მილერი მთელი სიმძიმით„აჭერს ფეხს“ ტრამპს - სწავლობენ მოსკოვთან საუბრებს, შეთახმებებს, დაიკითხა ტრამპის ოჯახის წევრი, პრეზიდენტი იძულებული გახდა ახალი ადვოკატი აეყვანა, რაც უპრეცენდენტო შემთხვევაა აშშ-ს ისტორიაში - პრეზიდენტს ამდენი პირადი ადვოკატი არასდროს არ ჰყოლია ოპოზიციისაგან დასაცავად.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სანქციები, რომელიც რუსეთისთვისაც და ევროპისთვისაც მოწმენდილ ცაზე მეხივით გავარდა. დღეს რუსი და მოსკოვისადმი სიმპათიურად განწყობილი ექსპერტები გულს იმშვიდებენ, რომ სანქციებში ახალი არაფერია; თუმცა ამ სანქციებში უფრო მეტი სიახლეა ვიდრე მის ყველა წინამორბედში.

მთავარი სიახლე კი ის არის, რომ ამ სანქციებს უკვე ვეღარ გააუქმებს პრეზიდენტი. გარდა ამისა, სანქციები შეეხო რუსეთისთვის და ნაწილობრივ ევროპისთვისაც ისეთ მტკივნეულ თემას, როგორიც არის ნავთობ და გაზსადენები.

ამერიკელი კონგრესმენები, რა თქმა უნდა, მშვენივრად იყვნენ ინფორმირებული, რომ ევროპაში ეს არ მოეწონებოდათ - მაგრამ ამ შემთხვევაში მათ ანგარიში არ გაუწიეს თავიანთ სტრატეგიულ მოკავშირეებსაც კი.

ობამას დროსაც ძალიან ბევრს ითმენდა პუტინი, 30-ზე მეტი დიპლომატი გააძევეს ამერიკიდან, ჩამოართვეს აგარაკები, ამაზე პუტინმა არ უპასუხა და როგორც ჩანს ახალმა სანქციებმა უკვე მოთმინების ფიალა აუვსო; ამის დასტურია მედვედევის სენსაციური განცხადება, რომელიც, რა თქმა უნდა, წინასწარ, კრემლთან შეთანხმებული იყო. მედვედევმა განაცხადა, რომ მორჩა, ვაშინგტონთან საერთო თემას ვერ გამოვძებნით, ახალმა ადმინისტრაციამ სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი გამოგვიცხადა.

დაიწყო საპასუხო ნაბიჯებიც - 1200-მდე დიპლომატი ჰყავდა აშშ-ს რუსეთში, რა თქმა უნდა, ყველა კვოტას გადაცილებული რაოდენობაა. პუტინს რაც ბოღმა დაუგროვდა, როგორც ჩანს, მათზე ამოანთხია და 445-მდე დაუყვანა ამერიკას დიპლომატთა გუნდი. მასში შედიან საელჩოში დასაქმებული რუსეთის მოქალაქეებიც. გარდა ამისა, აშშ-ს თავისი უბრწყინვალესი საზაფხულო რეზიდენცია და საწყობები ჩამოართვა.

რაც მთავარია, ჯაჭვიდან აშვებული ძაღლებივით მოიმართნენ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები - ერთ-ერთ თოქ-შოუში ჟირინოვსკიმ პირდაპირ მოითხოვა ამერიკისთვის ჩამორთმეული აგარაკები პირადად მისთვის გადაეცათ. დსთ-ს კომიტეტის თავმჯდომარე და სხვა პოლიტიკოსებიც ერთსულოვნად ლანძღავენ ამერიკას და სოლიდარობას უცხადებდნენ ევროპას.

ამ კონტექსტიდან გამომდინარე კიდევ ერთი მომენტია გასათვალისწინებელი -პარალელურ რეჟიმში მიდის კიდევ ერთი პროცესი, თურქეთსა და ამერიკას შორის ურთიერობის გაფუჭება. ერთ მომენტში აშშ-მშეძლო და ერდოღანს გადააფიქრებინა არ შეეძინა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტები. მაშინ უარი კი თქვა ერდოღანმა, მაგრამ ამ თემაზე კვლავ განახლდა საუბრები.

თურქეთი ტრადიციულად იყო ნატო-ს სამხრეთ ფლანგის გუშაგი, რამდენიმე დღის წინ კი თურქეთის ერთ-ერთ წამყვან გაზეთში დაიბეჭდა სტატია სათაურით - „ნახვამდის ამერიკა“ - თეორიულად, ეს შეიძლება ავტომატურად მოხდეს, რადგან ნატო არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ მისი წევრი შეიარაღებული იყოს რუსეთის რაკეტებით.

გაზეთი პირდაპირ წერდა, რომ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს თურქეთის გასვლა ნატო-დან - ეს ძნელად სავარაუდოა, მაგრამ გამორიცხული არაფერია; რაკი „წმინდა ადგილი თავისუფალი არასოდეს არ არის“, საკითხავია, ვინ მოიაზრება სამხრეთ ფლანგის ახალ გუშაგად? - აზერბაიჯანი გამორიცხულია; ორიოდე დღის წინ ერთ-ერთმა აზერბაიჯანულმა გაზეთმა სტატია გამოაქვეყნა, ასეთივე სენსაციური სათასურით - „ამერიკა საქართველოს უფსკრულისაკენ უბიძგებს“. სომხეთი - თავისთავად გამორიცხულია და რჩება - საქართველო.

პენსის განცხადებაც, რომ „თქვენს გვერდით ვართ და არასოდეს არ დარჩებით რუსეთის პირისპირ“ - ამის მანიშნებელია. თუმცა უახლოეს მომავალში ამერიკა-რუსეთის კონფრონტაცია და თურქეთის დრეიფი რუსეთისაკენ ისეთი სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ამ პერიოდში გამორიცხულია.

რჩება ერთი ვარიანტი - ისეთივე ხელშეკრულებები, როგორიც აშშ-ს აქვს ისრაელთან, სამხრეთ კორეასთან და იაპონიასთვან - ანუ ორმხრივი სამხედრო ხელშეკრულებები, რომ საქართველო იქცეს ამერიკის სამხედრო მოკავშირედ.

საქართველოს, რომელსაც ყველა მხრიდან ჯიჯგნიან, დღესდღეობით არც ერთი სამხედრო მოკავშირე არ ჰყავს; ანუ ქვეყანა, რომელიც იბრძოლებს შენი გულისთვის და ვალდებული იქნება -დღეს არც ერთი ქვეყანა არ არის ვალდებული, საქართველო დაიცვას.

ეს განცხადებები და ლირიკა, რასაც ვისმენთ ხოლმე, დიპლომატიაში არ მოქმედებს - დოკუმენტია საჭირო - ასეთი პერსპექტივის წინაშე დგება საქართველო.

რაც შეეხება პენსის განცხადებებს, უკვე გაიჟღერა რომ მართალია ვიცე-პრეზიდენტმა ეს განცხადებები გააკეთა, მაგრამ ტრამპის გული მაინც მოსკოვშია.

ტრამპმა საკმაოდ ღიად დაადანაშულა კონგრესი მოსკოვთან ურთიერთობის გაუარესებაში. მისი ეს პოზიცია ნიშნავს იმას, რომ შესაძლოა, კორექტირება შევიდეს სცენარში, რომელიც კონგრესის გადაწყვეტილებით მოიხაზა? და საერთოდ, რა იყო კონგრესის ამ გადაწყვეტილების რეალური მიზეზი? მოსკოვს ბოლო დროს იმაზე მეტი ნამდვილად არ დაუშავებია, ვიდრე გასულ წლებში...

- რეალური მიზეზი იყო ის, რომ კონგრესს ეჭვები გაუჩნდა. ამერიკელ კონგრესმენებზე საუბრისას ქვეცნობიერად გვახსენდება ჩვენი კანონმდებლები, გამსახურდიას დროიდან მოყოლებული; მათ შორის უზარმაზარი განსხვავებაა - ისინი მართლაც ხალხის რჩეულები არიან და ცდილობენ, თავიანთი ამომრჩევლის აზრი გამოხატონ. ეს არ გახლავთ მხოლოდ საარჩევნო პროცესის ფორმალობა, როგორც საქართველოშია. კონგრესმენები შეიძლება განვიხილოთ როგორც პატრიოტთა გუნდი, რომელთა მოსყიდვა შეუძლებელია - დავიწყოთ იმით რომ პრინციპების ერთგულები არიან და დავასრულოთ სოციალური მდგომარეობით -ისინი ღარიბები არ არიან და გასამდიდრებლად არ მოდიან პოლიტიკაში.

როგორც კი ცნობილი გახდა, რომ რუსეთი ჩაერია არჩევნებში; როგორც კი ამერიკის ყველა სადაზვერვო სამსახურმა დადო დასკვნა, რომ რუსეთი ერეოდა, არა მხოლოდ დემოკრატი, არამედ რესპუბლიკელი კონგრესმენების შეშფოთებაც მოჰყვა ამას. სენატში 52 რესპუბლიკელია და მათგან 50-მა ხმა მისცა სანქციებს.

თითქოს ტრამპმა რაღაც რევერანსიც გაუკეთა მოსკოვს, რომ მართალია ხელს ვაწერ კანონპროექტს, მაგრამ ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგებაო - თითქოს პუტინს შანსს აძლევდა ეთქვა - ტრამპი იძულებული გახდაო, მაგრამ პუტინმა ეს არ „ჭამა“.

ამით საბოლოოდ აიჭრა სიტუაცია და ფაქტობრივად, ომის ბილიკზე დადგნენ, ჯერჯერობით მხოლოდ საინფორმაციო ომის, კონფრონტაციის ბილიკზე დგას მოსკოვი და დათმობას არ აპირებს არც ვაშინგტონი.

ეს ყველაფერი რას ნიშნავს საქართველოსთვის?

- მოსკოვი კიდევ უფრო აგრესიულად განეწყობა საქართველოსადმი - ეს გასაგებია. საქართველოს მხრიდანაც იყო მწვავე განცხადებები, წვრთნები, მაგრამ ჯერ მოსკოვი შეხედავს პენსის განცხადებები იყო მხოლოდ განცხადებები თუ ამას მოჰყვება რეალური ნაბიჯები.

რა არის ეს რეალური ნაბიჯები?

- ამერიკის სამხედრო ყოფნის გაძლიერება საქართველოში; თუ დარწმუნდა მოსკოვი, რომ 2008 წელი აღარ არის და ვაშინგტონი მხოლოდ პამპერსებითა და სასმელი წყლით დათვირთულ გემს არ გამოგზავის, მაშინ შეჩერდება. მაგრამ თუ დარწმუნდება, რომ ეს მხოლოდ განცხადებებია, ყველაფერი მოსალოდნელია.

რუსულმა პრესამ ისიც დაწერა, რომ ეს პენსის განცახადებები იყო და ტრამპი სხვანაირად ფიქრობსო, მაგრამ საკმარისია ვიცოდეთ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის უფლება-მოვალეობები. გარდა იმისა, რომ ის არის სენატის თავმჯდომარე - როდესაც ხმები იყოფა 50/50-ზე ვიცე-პრეზიდენტი ერთვება გადამწყვეტი ხმით. ვიცე-პრეზიდენტის მთავარი ფუნქცია არის პრეზიდენტის სპეცდავალებების შესრულება.

ვიდრე თავის დროზე კენედი ნახევარ მილიონამდე აიყვანდა ამერიკელ ჯარისკაცთა რაოდენობას ვიეტნამში, სპეციალური მისიით გაგზავნა მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი. პენსის განცხადებებიც არ ყოფილა მისი ფანტაზია და ეს მისი პოზიცია არ არის - ეს არის პრეზიდენტის პოზიცია.

ტრამპი დღეს გაორებულია, მისი ერთი საზრუნავია, რომ შეინარჩუნოს ოვალური კაბინეტი, თუნდაც ერთი ვადით. გარდა ამისა, ვერ ელევა რუსეთთან ურთიერთობასაც - სანქციებთან დაკავშირებით საქმე იქამდე მივიდა, რომ კენჭისყრის წინ ტილერსონი კონგრესმენებს მოუწოდებდა, პრეზიდენტისთვის ხელ-ფეხი არ შეეკრათ.

დღეს ქართული დიპლომატიაც ურთულესი ამოცანის წინაშე დგას. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ერთი-ერთზე აღმოვჩნდეთ მოსკოვთან და მალე აღმოჩნდეს, რომ პენსის განცხადებების შემდეგ თეთრ სახლში რაღაც შეიცვალა - ისტორიას მსგავსი მომენტებიც ახსოვს.

თუკი ამერიკა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს,შეიძლება,ყოველგვარი ნატო-ში გაწევრიანების გარეშე საქართველო გახდეს დაცული და გაიჩინოს რეალური სამხედრო მოკავშირე.

ანუ სამხედრო თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმება აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ამერიკის თანადგომაში რეალურად დავრწმუნდეთ?

- ყოველ შემთხვევაში, სამხედრო ინფრასტრუქტურაუნდა შეიქმნას და თუნდაც სიმბოლური რაოდენობით ამერიკელი ჯარისკაცები დარჩნენ. საკმაოდ ფართო სპექტრი არსებობს იმ ღონისძიებებისა, რაც შეიძლება გაკეთდეს. არ უნდა თქვას ვინმემ, რომ პენსმა ილაპარაკა და წავიდა, ჩვენ კი ხელთ მხოლოიდ ნატო-ს საწვრთნელი ცენტრი შეგვრჩა, რომელსაც სამხედრო ფუნქცია ნაკლებად გააჩნია.

რუსეთი ტანკებით არ წამოვა, ეს გამორიცხულია. თუ საზღვრის გადმოწევა, ადამიანის გატაცებები გაგრძელდა, ბაზარი დაიკეტა, ახალი წესები შემოიღო სავაჭრო ურთიერთობებში და ა.შ. ეს ნიშნავს ურთიერთობის გაუარესებას.

როდესაც სავაჭრო ურთიერთობებს ეხება საქმე, საკითხავია, ამდენ ხანს რატომ ვერ შეძლო საქართველომ თავისი იურიდიული ბერკეტები გამოეყენებინა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო)?! რატომ შევუშვით რუსეთი ამ ორგანიზაციაში, თუ ჩვენს პროდუქციას ვერ დავიცავდით ამ ქვეყანაში?!

წევრობა უნიკალური იარაღია მისი ყველა წევრის ხელში - პატარა ნორვეგიამ შავი დღე აყარა თავის დროზე ამერიკელებს; გავიხსენოთ, რის გამო იყო ქაშაყის ომი, ფოლადის ომი და ა.შ.

ამ მიმართულებით საქართველოს განცხადებაც კი არ გაუკეთებია...

- არ გაუკეთებია, იმიტომ რომ პოლიტიკური ნება არ გააჩნია და როგორც ჩანს, არც ისეთი იურისტები გვყავს, რომ რაღაც სერიოზული გააკეთონ. მხოლოდ იმაში გამოდგებიან, რომ რუსთავი 2-ს კამერები და შენობა წაართვან.

თავის დროზე საფრანგეთის სასამართლომ რატომ გამოყარა ჩვენი იურისტები, კეზერაშვილის პროცესიდან? სამარცხვინო იყო, მოსამართლის ყოველ შეკითხვას პროკურორი პასუხობდა - თბილისში დავრეკავ და გავარკვევო. ასე ვერც ერთ პროცესს ვერ მოვიგებთ, მაგრამ უცხოელი იურისტების დაქირავება მაინც ხომ შეიძლება?! - ესეც არ უნდათ - მაშინ პრემიებსა და კონცერტებში 2 მილიონებსა და 60 ათასებს როგორ გადაყრიან? - ეს არის უბედურება, თორემ ვაიმე, რუსეთი საზღვარს ჩაგვიკეტავსო, წუწუნი კი არ უნდა დავიწყოთ, მსო-ში უძლიერესი ბერკეტი რომ გვაქვს, ის უნდა ავამოქმედოთ.

როდესაც აშკარად ვხედავთ, რომ ტრამპი უკმაყოფილოა კონგრესის მიერ შემუშავებული სანქციებით, ის შეიძლება შეეცადოს მოსკოვთან ურთიერთობის გამოსწორებას?

- ვეღარ გამოასწორებს. ტრამპის მოლოდინში პუტინმა ისედაც ბევრი ითმინა, რაც მის ხასიათში არ ზის. საბოლოოდ მოხდა ისე, რომ კიდევ უფრო უარესი სიტუაცია მივირეთ და ძნელი დასაჯერებელია, რომ ტრამპი თავისას გაიტანს.

ის ან უნდა შეეგუოს ამ ვითარებას და გაჰყვეს დინებას, ან დინების საწინააღმდეგოდ უნდა გაცუროს. დღეს ამერიკაში ისეთი სიტუაციაა, ის იძულებული იქნება,დინებას მიჰყვეს.

რამდენად საშიშია გაბრაზებული რუსეთი? მით უმეტეს, ცდილობს, სანქციების თემაში ევროკავშირი მოკავშირედ წარმოაჩინოს...

- ევროკავშირს რასაკვირველია, არ მოეწონება - ევროჩინოვნიკები მიეჩვივნენ, რომ მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში ამერიკული ქოლგის ქვეშ გამდიდრდნენ, მინიმუმამდე დაიყვანეს თავიანთი სამხედრო ხარჯები.

თან უნდათ, ამერკამ შეინახოს და თან - რუსეთიდან იაფი გაზი მიიღონ. ამერიკას ძალიან სერიოზული ბერკეტები აქვს ევროპის წინააღმდეგ; ის თუ ერთ მშვენიერ დღეს იტყვის, რომ ნატო მოძველდა, როგორც ტრამპი ამბობდა, ევროპა პირისპირ დარჩება რუსეთის წინააღმდეგ.

არმია არ ჰყავს და შეიარაღება არ გააჩია - სულ ორი კვირა სჭირდება პუტინს, რომ ჰიბრალტარამდე გავიდეს. კი, იწუწუნებენ ევროპელები, მაგრამ მაინც მივლენ ვაშინგტონთან, რადგან სხვა გამოსავალი არ აქვთ.

ჩვენთან ევროპული ღირებულებები უფრო ახლოსაა, ვიდრე ამერიკული მენტალობა, მაგრამ არა 21-ე საუკუნის ევროპა, რომელმაც ჩვენი ნატო-ში მიღება შეაფერხა, თორემ ბუში მზად იყო საქართველოსთვის თავის დროზე მაპ-ი მიენიჭებინა.

ანუ მოვლენათა ერთობლიობა გვიჩვენებს, რომ ნებით თუ უნებურად, მაინც მივიღებთ კომბინაციას - დასავლეთი - რუსეთის წინააღმდეგ. შემდეგ რა იქნება?

- ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, სანქციები რამდენ ხანს გაძლებს. მართალია, რუსეთის ტერიტორიაზე მენდელეევის მტელი ტაბულა მოიძებნება, იმდენი ბუნებრივი რესურსი გააჩნია, მაგრამ მისი პრობლემაა მოპოვება და ბაზარზე გატანა.

ასე, გაზი შავი ზღვის ფსკერზეც კი აღმოაჩინეს ჯერ კიდევ როდის, მაგრამ მისი მომპოვებელი ვინ არის?! გარდა ამისა, გადამწყვეტ როლს ასრულებს რუსეთის კლიმატი - იქ, სადაც ბუნებრივი რესურსებია მარადიულად გამყინვარებული მიწა ქვაზე ძნელად დასამუშავებელია. ამას სხვა ტექნოლოგიები სჭირდება და ამ საკითხში ისევ ევროპაზეა დამოკიდებული რუსეთი.

სანქციები, რომელიც ამერიკამ დააწესა, სწორედ ამ მიმართულებით ურტყამს რუსეთს, და რიკოშეტით - ევროპულ ფირმებსაც, რომლებიც მდიდრდებიან რუსეთთან თანამშრომლობით. ეს არის მთელი საიდუმლოება.

თუ ევროპისთვის მხოლოდ ფულია მთავარი, ამერიკის კონგრესისთვის ფულის გარდა პრინციპებიც მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება რუსეთის შემდგომ ნაბიჯებს, ჯერჯერობით პუტინი მთლიანად აკმაყოფილებს რუსი ხალხის ინტერესებს. პუტინი არ არის თავსმოხვეული ლიდერი,ის რუსეთის ნაწილია. თუმცა რუსეთისთვის დამღუპველია კლანური კორუფცია. ბოლო დროს ინტენსიური სახე მოოღო ქვეყნიდან ვალუტის გადინებამ ევროპაში. ფული გარბის რუსეთიდან და ამ პრობლემას როგორ მოაგვარებს, ამაზეც არის ბევრი რამ დამოკიდებული.

იმის იმედი, რომ რუსეთი დაქუცმაცდება, დაიშლება, დემოკრატია გაიმარჯვებს - ზღაპარია - ვნახეთ რუსული დემოკრატიაც ელცინის დროს, რომელიც ლოთების დემოკრატია უფრო იყო.თავის დროზე გორბაჩოვიც შეეცადა გადემოკრატებას, მაგრამ ნახეთ, ახლა რას ლაპარაკობს ყირიმზე, უკრაინაზე...

მეცხრამეტე საუკუნის რუსეთი მთლიანად გაევროპელებული იყო, რუსულმა ინტელიგენციამ რუსული ენაც არ იცოდა კარგად - ფრანგულად ლაპარაკობდნენ და ნაპლეონი რომ შემოესიათ, ბავშვებს გლეხები ძიძებად აუყვანეს, რუსული ენა რომ ესწავლებინათ.ომი ჰქონდა რუსეთს ევროპასთან და მთელი რუსული ატისტოკრატია ევროპაში ცხოვრობდა. მხოლოდ რევოლუციის მერე იფეთქა ლერმონტოვის დაუბანელმა რუსეთმა, რომელიც სულ სხვა ფენომენია.

ამერიკის სამხედრო მოკავშირეც რომ გავხდეთ, რუსეთთან რაღაც საერთო ენა მაინც უნდა გამოვძებნოთ. დიპლომატიის რაღაც „მოდუს ვივენდი“ მაინც უნდა ვიპოვოთ, თორემ მოხდება ის, რაც უკვე მოხდა ისტორიაში - დღეს ახსოვს ვინმეს თურქეთისგან მიტაცებული ქართული მიწები?! შეიძლება, როდესაც სპარსეთი და ოსმალეთი მიწებს გვართმევდა,მაშინდელ ქართველ თავადებსაც ჰქონდათ იმედი, რომ საქართველო ოდესმე მაინც დაიბრუნებდა ამ ტერიტორიებს.

საერთო ენა უნდა ვეძებოთ, მაგრამ არა იმ პიონერული თვითშემოქმედებით, ჩვენი პატრიოტთა იდიოტური დელეგაცია რომ ჩავიდა და დსთ-ს კომიტეტში დაჯდა სალაპარაკოდ. ამით ირიბად აღიარეს, რომ საქართველო ისევ რუსეთის გავლენის სფეროა. რა უნდა დსთ-ს კომიტეტში დამოუკიდებელ ქვეყანას?! რა დიპლომატი მყავს მარშანია? ჩამოვიდა და მათი პრეტენზიები ჩამოიტანა და ერთი სიტვა არ დასცდენია, თვითონ რითი წავიდა დელეგაცია. იმის გასაგებად წავიდნენ, რომ გაეგოთ თურმე რუსეთს საქართველოს ნატოში შესვლა არ უნდა? - სხვის ფულს რაზე ხარჯავდნენ, აქ ვეტყოდით ამას.

საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის თემაზე საუბრისას ხშირად მოგვისმენია, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს ფანჯარა და საქართველო ამისათვის მზად უნდა იყოს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ეს ფანჯარა ისხნება?

- ქართულ დიპლომატიას ჰქონდა რამდენიმე ბრწყინვალე შანსი, რომელიც თავის დროზე ხელიდან გაუშვა - როდესაც რუსეთში იწყებოდა კრიზისი, პირველი მსოფლიო ომის და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ვერც ერთ შემთხვევაში საქართველომ ეს შანსი ვერ გამოიყენა. ვნახოთ, მესამე შანსი თუ მოგვეცემა.

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, შიგნით რა პროცესები განვითარდება, როგორ წავა დემოკრატიული პროცესები, როგორ ჩატარდება ეს არჩევნები - ნუ გაგიკვირდებათ, ამასაც უდიდესი მნიშვნელობა ექნება - თუ ისე, როგორც აქამდე ირჩევდნენ მერებს, შანსი თვალსა და ხელს შუა გაგვიქრება.

საქართველოს არც ნავთობი აქვს და არც წიაღისეული, ერთადერთი შანსი გვაქვს და ეს ჩვენი უნიკალური მდებარეობაა - მოვლენები ისე ვითარდება, რომ საქართველოს ტერიტორიული აქციების ფასი დღითიდღე იზრდება, ამას სწორი დიპლომატიური გამოყენება სჭირდება. ეს ყველაფერი უნდა გადაიქცეს მყარ დიპლომატიურ ვალუტად, მაგრამ არსებობსდ მთავარი კითხვა - შეძლებს კი ამას ეს მთავრობა და ჩვენი დიპლომატია?!!