საქართველო პოლონეთისგან სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს

საქართველო პოლონეთისგან სააკაშვილის ექსტრადირებას ითხოვს

სამართლებრივი მოქმედება დაიწყებულია. მთავარმა პროკურატურამ პოლონეთის პროკურატურას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ოფიციალურად მიმართა. უკვე დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა ყოფილი პრეზიდენტის საკითხთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში შეერთებული შტატებიდან ჩავიდა.

პოლონური გამოცემა Telewizja Republika-ს ინფორმაციით, სააკაშვილი პოლონეთში, ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე დასასწრებად ჩავიდა და სიტყვითაც მიმართა შეკრებილებს. სააკაშვილმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ ის უკრაინელი პოლიტიკოსია,  ვარშავის ამბოხის 73-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე საქართველოსა და პოლონეთს შორის თანამშრომლობაზე, ასევე უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

ამ დრომდე უცნობია, რა დოკუმენტის საფუძველზე იმყოფება პოლონეთში მიხეილ სააკაშვილი. პოლონეთის სასაზღვრო სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ იმის შესახებ, თუ რომელი საბუთის საფუძველზე შევიდა მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე.

სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა, აგნეშკა გოლიასმა აღნიშნა, რომ სასაზღვრო სამსახურის შესახებ კანონის თანახმად, მონაცემები სასაზღვრო კონტროლის შესახებ მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შეიძლება გადაეცეს.

როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ს და სხვა ქვეყნების შესაბამის უწყებებს შეატყობინა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ყველა პასპორტი გაუქმებულია.

იმ შემთხვევაში, თუკი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოჩნდება, უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების შესაძლებლობა დაუშვა.

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არც ერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის. პოლონეთში გამგზავრებამდე სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. იგი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზა აქვს, რომელსაც ვადა მომდევნო წლის განმავლობაში გასდის. სააკაშვილი ამბობს, რომ ამერიკის მთავრობამ მას ე.წ. მწვანე ბარათის აღება შესთავაზეს, თუმცა ამაზე უარი თქვა.

„შემეძლო მისი აღება, შემომთავაზეს, მაგრამ მე არ მინდოდა. ასევე მაქვს ტურისტული ვიზაც. ამერიკაში დარჩენის განზრახვა არასოდეს მქონია და არც ახლა ვაპირებ. მე მიყვარს ეს ქვეყანა და აქ თავს თითქმის სახლში ვგრძნობ, მაგრამ ჩემი სახლი საქართველო და უკრაინაა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

თუმცა, საპირისპიროს ამტკიცებს ფაქტები. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით for.ge წერდა, რომ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საცხოვრებლად დარჩენა სურდა, მაგრამ მცდელობის მიუხედავად სააკაშვილმა ვერ შეძლო ამერიკაში ბინადრობის უფლების მიღება, რადგან, მისი თქმით, სააკაშვილის მცდელობა, ურთიერთობა ჩამოეყალიბებინა დონალდ ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან, უშედეგო აღმოჩნდა. მოქალაქეობის გარეშე დარჩენილი და რამოდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი აშშ-ისთვისაც მიუღებელი პოლიტიკური ფიგურა აღმოჩნდა.