ეკონომიკა წელს შედარებით სწრაფად იზრდება, ვიდრე წინა წლებში, მაგრამ მიღწეული შედეგი მაინც არასაკმარისია. მთავარი პრობლემა ისაა, რომ პატარ-პატარა წინსვლა ხელშესახებ ასახვას ვერ ჰპოვებს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე. საინტერესოა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების ასეთი ტემპით რამდენ წელიწადში მიაღწევს საქართველო საშუალო ევროპული ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონეს?
ამერიკაში მცხოვრები ქართველი ფინანსისტი თემურ ბასილიას განცხადებით, ამგვარი ზრდით მაჩვენებლით საქართველო ევროკავშირის ღარიბი ქვეყნების დონეს შეიძლება დაუახლოვდეს 20-25 წლის შემდეგ, შედარებით მდიდარ ქვეყნებს კი 2058 წლისთვის. გამოდის, რომ ევროპის ეკონომიკას კიდევ 40 წელი ვერ დავეწევით.
„კითხვას - როდის იქნება შესაძლებელი ცხოვრების დონის მიხედვით საქართველო მიუახლოვდეს ევროპულ ქვეყნებს - პირველად გაეცა პასუხი 2003 წელს, სიღარიბის დაძლევის პროგრამაში. ეს პროგრამა შეიმუშავა საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით და არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიური მონაწილეობით. ამ პროგრამის განვითარების ოპტიმისტური სცენარით 2020 წლისთვის საქართველო დაახლოვდებოდა ევროგაერთიანების ახალ წევრებს - ბულგარეთსა და რუმინეთს. სამწუხაროდ, 2003 წლის ბოლოს მოვლენები სხვა მიმართულებით წავიდა და ეს პროგრამაც სააკაშვილის ხელისუფლებამ თაროზე შემოდო“, - აცხადებს თემურ ბასილია.
რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, მისი განცხადებით, 2016 წლის მონაცემების თანახმად, მშპ–ს მოცულობით მოსახლეობის ერთ სულზე საქართველო იმყოფება 41-ე ადგილზე ევროპაში და უსწრებს მხოლოდ მოლდოვას, უკრაინასა და სომხეთს, ხოლო მსოფლიოში საქართველო იმყოფება 111-ე ადგილზე.
„თუ, საქართველო შეძლებს ყოველწლიურად საშუალოდ ჰქონდეს 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, ამ შემთხვევაში შესაძლებელია 2031 წლისთვის ბულგარეთის, 2033 წლისთვის რუმინეთის და 2036 წლისთვის ლატვიის ცხოვრების დონის მიღწევა”, - აღნიშნა „კომერსანტთან“ ბასილიამ.
საქართველოს ეკონომიკის ყოველწლიური 10%-იანი ზრდის შემთხვევაში, ამ მიზნის მიღწევა უფრო ადრე იქნება შესაძლებელი. კერძოდ, 2026 წლისთვის საქართველო შეძლებს მიაღწიოს ბულგარეთის ცხოვრების დონეს, ხოლო, 2027 წლისთვის რუმინეთის, 2029 წლისთვის ლატვიის ცხოვრების დონეს.
საქართველოს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლები რომ არასაკმარისია და რაც არის, ისიც ქვეყანაში არსებულ რეალურ ეკონომიკურ სურათს ვერ იძლევა, ამაზე ეკონომისტები ერთხმად თანხმდებიან. დემურ გიორხელიძე ამბობს, რომ ამჟამინდელი ტემპი და პატარ-პატარა მიღწევები სრულიად ვერ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.
“ის მინიმალურად გაზრდილი მაჩვენებლები, პრაქტიკულად არაფრის მომცემია იმიტომ, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემაა, ეკონომიკა არის ძალიან მწირი. 14-15 მლრდ წლიური ეკონომიკა არის ძალიან მცირე. სწორედ ამიტომ, ასეთ ეკონომიკაში პატარ-პატარა გაუმჯობესება ვერ აისახება მოსახლეობაზე.
ყველაზე მთავარია ის ორი ფუნდამენტური შეცდომა, რომელსაც ხელისუფლებები უშვებს. ეს არის ორთოდოქსია და ის მითები, რომელზეც ქართული ეკონომიკური პოლიტიკა იგება. დღეს ეს ორთოდოქსალური და ლიბერალური შეხედულებები არის დაგმობილი მთელ მსოფლიოში. მაგალითად ეროვნული ბანკისთვის ინფლაციის კონტროლი მთავარი კი არ არის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ეკონომიკურ ზრდასა და დასაქმებას”, - აცხადებს გიორხელიძე.
უკვე გამოქვეყნდა 2017 წლის პირველი 6 თვის ეკონომიკური ზრდის შედეგები. “საქსტატის” შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის ივნისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 4,6 პროცენტი, 2017 წლის II კვარტალის მშპ-ს საშუალო რეალურმა ზრდამ 4 პროცენტი, ხოლო 2017 წლის პირველი ექვსი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 4,5 პროცენტი შეადგინა.