„ჩვენი ქვეყნისთვის დღეს არის უნიკალური მომენტი“

„ჩვენი ქვეყნისთვის დღეს არის უნიკალური მომენტი“

აშშ-ის მიერ, რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესების პარალელურად, რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ საპასუხო ზომები აამოქმედა. ორჭოსანი-ყარაფილას შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალები, სოფელ არცევთან ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილების გავლებას იწყებს.

შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ გააქტიურებულია ცხელი ხაზი, კომუნიკაციაში იმყოფება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, ისევე, როგორც შესაბამისი უწყებები ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან.

„ეს არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და ერთ-ერთი ფორმა ბარიკადების, რომელიც წლების განმავლობაში ივლება. გუშინ ამ და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა პირიქით ითხოვდა, რომ მიეცეთ შესაძლებობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან გადაადგილების.

უმჯობესი იქნება, გადაიდგას მოსახლეობის ინტერესების შემხვედრი ნაბიჯები და არა ამის საპირისპირო. ასეთი ქმედებები, რომელსაც ახორციელებს არსებული რეჟიმი ოკუპაციის პირობებში, არ ემსახურება ადამიანის ინტერესებს“, - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

დოკუმენტში, რომელიც რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს საქართველო 6-ჯერ არის ნახსენები. კერძოდ, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გამო, აშშ-ი რუსეთს დამატებით შეზღუდვებს აკისრებს.

სანქციების შესახებ კანონში დეტალურად არის გაწერილი მოსკოვის ყველა ის ქმედება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეფასდა, მათ შორის შეერთებული შტატების წინააღმდეგ კიბერთავდასხმები და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ხელყოფა.შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტად მყოფმა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა რუსეთი ძალის გამოყენებით ახალი საერთაშორისო საზღვრების დადგენის მცდელობაში დაადანაშულა.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ მაიკ პენსმა ხაზგასმით თქვა, რუსეთს ახალი სანქციები ედება საქართველოში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციისთვის.

„ბევრი წლის შემდეგ რუსეთს პირველად უწესდება ძალიან სანქციები საქართველოში განხორციელებული ოკუპაციისთვის. იმ ფონზე, როდესაც ამერიკა თავის ინტერესებს მკვეთრად ავლენს, თვალსაჩინოა საქართველოს როლი ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის. ფაქტობრივად, საქართველო სულ უფრო იძენს ამერიკისთვის ერთგვარი ისრაელის კონტურებს. თუმცა საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოავნია, ამერიკის ამ ინტერესის ზრდა გამოიყენოს საკუთარი ეკონომიკის აღორძინებისთვის და რაც მთავარია სტაბილურობის და უსაფრთხოებისთვის“, - აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე.

მისი თქმით, რეალურად საქართველოს ეკონომიკის აღორძინება იმდენად ამერიკაზე არ და ვერ იქნება მიბმული, რამედენადაც აღმოსავლეთის ქვეყნებზე, როგორებიც არის ჩინეთი, ინდოეთი, იგივე ირანი.

„გააჩნია ამ სანქციების შემდეგ ირანთან ინტენსური ეკონომიკური ურთიერთობები რამდენად შესაძლებელი იქნება საქართველოსთვისაც. ზოგადად აღმოსავლეთის ქვეყნები არის საქართველოს სამომავლო ეკონომიკური აღორძინების მთავარი წყარო, ამ ქვეყნების ინტერესი საქართველოს მიმართ, როგორც ევროპის კარიბჭისა.

რუსული აგრესიის ფონზე საქართველომ თუ შეძლო სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ასეთ შემთხვევაში, საქართველო შეიძლება აღმოსავლეთის შვეიცარიად იქცეს, სადაც თავს მოიყრის როგორც ფინანსური, ასევე კულტურული და საგანმანათლებო ნაკადები. ჩვენი ქვეყნისთვის დღეს არის უნიკალური მომენტი, როცა მან შეიძლება შეიძინოს მისია და ფუნქცია, რომელმაც შეიძლება საუკუნეებს გაუძლოს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.

თავის მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე განმარტავს, რომ ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ხელმოწერა კიდევ ერთი პოლიტიკური გზავნილია, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია რუსეთის 2008 წლის მოქმედებებს სრულად აცნობიერებს და რუსეთს მოუწოდებს, რომ საერთაშორისო სამართალს პატივი სცეს, ნაკისრი ვალდებულებები შეასრულოს.

„არააღიარების პოლიტიკაში საქართველოს მიმართ მხარდაჭერას ამერიკა ძალიან მტკიცედ გამოხატავს ისევე, როგორც მისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით. ამ თვალსაზრისით, მიმდინარე წელს ჩვენ უკვე საკმაო წარმატებები გვქონდა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბიუჯეტის კანონს, რომლითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად განსაზღვრულია ქმედითი ღონისძიებები. რუსეთის აგრესიის კონტექსტში საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოს თაობაზე ჩანაწერები სხვადასხვა რეზოლუციასა თუ საკანონმდებლო აქტში ვიხილეთ“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

რუსული პროვოკაციის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ოკუპირებული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები საქართველოს მოსახლეობა შეარიგოს.

„მინდა აღვნიშნო ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით. ეს განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, ემსახურება იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მოწმენიც ჩვენ ვართ. ეს არის საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობა.

რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში არც ერთ ჩვენგანს, პირადად მე, ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია ქართული ხმარე არ აყვეს პროვოკაციებს, იმოქმედოს მაქსიმალურად გონივრულად და გეგმაზომიერად.

„ჩვენთვის ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი, სტაბილურობა რეგიონში არის ნომერ პირველი პრიორიტეტი და ამისათვის ნამდვილად ყველაფერს გავაკეთებთ, ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობის ფარგლებში, ეკონომიკური, ადამიანური, ჰუმანიტარული რეინტეგრაციის ფარგლებში.

ჩვენ მარტო მიწები არ გვაქვს დასაბრუნებელი, ჩვენ ჩვენი თანამოქალაქეები გვყავს დასაბრუნებელი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით, იგივე ჟენევის ფორმატის გაძლიერებით, დარწმუნებული ვარ, მივაღწევთ მხარდამჭერების კონსოლიდირებას, რომელიც საბოლოო ჯამში ამ პრობლემის მოგვარებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.