აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. დოკუმენტში დეტალურად არის ჩამოთვლილი რუსეთის ფედერაციის ყველა ქმედება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევად ფასდება, მათ შორის კიბერთავდასხმები შეერთებულ შტატებზე, უკრაინის კრიზისი და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.
დოკუმენტში, სადაც საქართველოს საკითხი რამდენჯერმეა ნახსენები, აღნიშნულია, რომ მოსკოვი არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაციას და უკრაინის აღმოსავლეთით ვითარების დესტაბლიზაციას.
კანონი ავალდებულებს პრეზიდენტს, მოუწოდოს რუსეთს გაიყვანოს ჯარი საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვადან, დაუბრუნოს საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნებს და შეწყვიტოს არჩეული ხელისუფლებებისთვის ძირის გამოთხრის მცდელობები. კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებული კანონი პრეზიდენტ ტრამპს სანქციების ერთპიროვნულად გაუქმების უფლებასაც უზღუდავს.
კანონის მესამე პუნქტში - „ევრაზიასა და ევროპაში რუსეთის ზეგავლენისათვის წინააღმდეგობის გაწევა“ - აღნიშნულია, რომ „რუსეთის ფედერაციის მთავრობა კვლავ არღვევს 1994 წელს ბუდაპეშტში ხელმოწერილ მემორანდუმს და ჰელსინკის აქტს, რომელიც საფუძვლად დაედო ეუთოს ჩამოყალიბებას და რომლის წევრიც თავად რუსეთიც არის. 2014 წელს რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია, ხოლო 2008 წლიდან საქართველოში ოკუპირებული აქვს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ასევე აგრძელებს დესტაბილიზაციურ ქმედებებს უკრაინის აღმოსავლეთში.
ამავე ქვეთავის მეოთხე პუნქტი მთლიანად საქართველოს თემას ეთმობა და აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების უგულებელყოფას, რაც ითვალისწინებს საქართველოდან რუსეთის ფედერაციის ჯარის გაყვანას, ჰუმანიტარული ჯგუფების დაუბრკოლებელ დაშვებას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და ევროპის სამეთვალყურეო მისიის წევრების მიერ კონფლიქტის ზონებში სიტუაციის მონიტორინგს.
გარდა ამისა, საქართველო ასევე ნახსენებია პროექტის იმ ნაწილში, სადაც საუბარია ევროპაში რუსეთის ზეგავლენის დასაძლევად აშშ-ის მიერ გადასადგმელ ნაბიჯებზე. კერძოდ, „აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა მოუწოდოს რუსეთის მთავრობას - ა) გაიყვანოს ჯარი საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიიდან; ბ) დაუბრუნოს ამ ტერიტორიების საზღვრებზე კონტროლი ამ ქვეყნების მთავრობას; გ) შეწყვიტოს ყველა ქმედება, რომელიც მიმართულია ამ ქვეყნები მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობის ძირის გამოთხრისკენ.
„რუსეთის ფედერაციის მთავრობა იყენებდა და ამჟამადაც იყენებს, საქართველოს და უკრაინის სახელმწიფოსა და ხალხის წინააღმდეგ, როგორც ტრადიციულ სამხედრო ძალას, ასევე სადაზვერვო ოპერაციებსა და პროპაგანდისტულ კამპანიებს. ეს მკაფიო საფრთხეს უქმნის ევროპის და ევრაზიის ქვეყნებისთვის.
საპასუხოდ ამ ქვეყნებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა, რათა მათი ინსტიტუტების, პოლიტიკური სისტემისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობა შენარჩუნებული იყოს. აშშ-ი მხარს უჭერს იმ ინსტიტუტებს, რომლებისთვის ძირის გამოთხრასაც რუსეთი ცდილობს. მათ შორის, ნატო-სა და ევროკავშირს“, - აღნიშნულია კანონში.
რაც შეეხება, აშშ-ის მხრიდან რუსეთის ზეგავლენისადმი მოწყვლადი ქვეყნების ფინანსურ დახმარებას, საქართველოზე დოკუმენტის ამ ნაწილშიც არის საუბარი. კერძოდ, კანონის მიხედვით 2018-2019 წლებში ამ ქვეყნებისთვის გამოიყოფა 250 მილიონი დოლარი. აშშ-მა უნდა უზრუნველყოს რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფი სახელმწიფოების კრიტიკული ინფრასტრუქტურის და საარჩევნო მექანიზმების დაცვა კიბერთავდასხმებისგან.
კანონის ამ ნაწილში ჩამოთვლილია ქვეყნები, რომლებიც დაფინანსებას მიიღებენ, საქართველო კი ნახსენებია იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პროცესში მონაწილეობენ. ეს ქვეყნებია - ალბანეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, საქართველო, მაკედონია, მოლდოვა, კოსოვო, სერბეთი და უკრაინა.
ამავე კანონში აღნიშნულია, რომ აშშ განაგრძობს ტერიტორიული ცვლილებების არაღიარების პოლიტიკას, რომლებიც ჩადენილია ძალის გამოყენებით, მათ შორის უკანონო შეჭრის შედეგად აფხაზეთში, სამხრეთ ოსეთში, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამის განცხადებით, ამერიკა არ შეეგუება დემოკრატიულ პროცესში ჩარევას. ამერიკა მოკავშირეებისა და მეგობრების გვერდით იქნება რუსეთის დესტაბილიზაციისა და ძირგამომთხრელი საქმიანობის წინააღმდეგ. როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, კანონი სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს, ვინაიდან ზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილებას მოლაპარაკებებზე.
„მე ხელი მოვაწერე კანონპროექტს, რომელიც ახალ სანქციებს უწესებს ირანს, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს. ხელი მოვაწერე ამ კანონპროექტს ეროვნული ერთობისთვის. აღნიშნული კანონპროექტი ამერიკელი ხალხის ნებას წარმოადგენს, რომ რუსეთმა ზომები მიიღოს აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. იმედი მაქვს, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შედგება გლობალურ საკითხებზე და ეს სანქციები საჭირო არ იქნება“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
მაშ ასე, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული სანქციების კანონი აამოქმედა. ოფიციალური მოსკოვი ამბობს, რომ რუსეთი საკუთარ ინტერესებს დაიცავს. რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოსკოვმა უკვე აჩვენა, არ აპირებს, უპასუხოდ დატოვოს „მტრული გამოხდომები“, მათ შორის აშშ-ის ხელისუფლების მიერ რუსი დიპლომატების გაძევება. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი იტოვებს უფლებას, მიმართოს სხვა კონტრზომებსაც.
„ვერანაირი მუქარა და ზეწოლა ვერ აიძულებს რუსეთს, შეცვალოს თავისი კურსი ან დათმოს ნაციონალური ინტერესები. თავად კანონის სახელწოდება - „ამერიკის მოწინააღმდეგებისთვის სანქციების საშუალებით წინააღმდეგობის გაწევის შესახებ“, ამ ჩანაფიქრის ინიციატორები ცდილობენ, ამერიკულ საზოგადოებას შეუქმნან ჩვენი ქვეყნის შესახებ შესაბამისი წარმოდგენა.ეს არაშორსმჭვრეტელური და საშიში ხაზია, რომელმაც შესაძლოა, სტაბილურობა დააზარალოს, რომელზეც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სწორედ მოსკოვსა და ვაშინგტონს ეკისრებათ“, - ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების განცხადებაში.
სანქციების გამო მოსკოვის პოლიტიკის შევცლას გამორიცხავს, რუსეთის ელჩი გაეროში, ვასილ ნებენზია, რომლის განცხადებით, ეს კანონპროექტი შეერთებული შტატების კონგრესმა რუსეთის მიმართ ცრუ ბრალდებების ნიადაგზე მიიღო. მისი თქმით, არსებობს რამე მსოფლიოში, რაშიც რუსეთს არ ადანაშაულებენ.
„სანქციები აუცილებლად დააზარალებს ურთიერთობას შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. თუკი კანონპროექტის ავტორები ფიქრობენ, რომ ამით ჩვენს პოლიტიკას შეცვლიან, ისინი ცდებიან, როგორც ისტორიამ ეს არა ერთხელ აჩვენა და ეს მათ კარგად უნდა სცოდნოდათ. ჩვენ თავს არ დავხრით, არ გავტყდებით“, -განაცხადა ვასილი ნებენზიამ.
თავის მხრივ, ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონის მიღებისას ევროკავშირის შეშფოთების ზოგიერთი მიზეზი გაითვალისწინა. იუნკერი აქვე აცხადებს, რომ ევროკავშირი საპასუხო ზომებს მიიღებს, თუკი ამერიკული სანქციები საზიანო აღმოჩნდება ევროპული კომპანიებისთვის, რომლებიც რუსეთთან ნავთობისა და გაზის პროექტებში თანამშრომლობენ.
„აუცილებლობად მიმაჩნია, რომ ევროკავშირსა და აშშ-ს შორის მოხდეს მოქმედებების კოორდინირება, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ეფექტური იყოს“, - აცხადებს ჟან-კლოდ იუნკერი.
იმ შემთხვევაშუ, თუ დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგო იქნება,სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირმა შესაძლოა, აამოქმედოს რეგულაცია, რომელიც აშშ-ის ექსტრატერიტორიული ზომებისგან კომპანიებს დაიცავს. გარდა ამისა, ბრიუსელი ასევე გეგმავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საჩივრის შეტანას.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ კანონი, რომელიც რუსეთისთვის, ჩრდილოეთ კორეისა და ირანისთვის სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, გამოიკვეთა ამერიკის საგარეო პოლიტიკის კონტურები. კერძოდ, ამერიკა, არა მარტო ამერიკის, არამედ მსოფლიო ცივილიზაციის ნომერ პირველ მტრად თანაბრად აღიარებს რუსეთს, ირანას და ჩრდილო კორეას.
გარდა ამისა, როგორც ლაგაზიძე აცხადებს, ამ კანონის თავისებურებაც ის არის, რომ ამეირკა ამ კანონის თანახმად აიძულებს თავის ევროპულ პარტნიორებსაც, შეუერთდნენ ამ სანქციებს, რაც ენერგო სფეროში დაფინანსების შეწყვეტასგულისხმობს და რაც, ლაგაზიძის შეფასებით, რუსეთისთვის მომაკვდინებელი დარტყმა არის.
„ეს თითქმის არის სრულმასშტაბიანი სავაჭრო ომი რუსეთის წინააღმდეგ. საბოლოო ჯამში ეს სანქციები მიზნად ისახავს ევროკავშირისთვის რუსული გაზის მაქსიმალურ შემცირებას და ევროკავშირისთვის გაზის მიწოდების ალტერნატიული წყაროების გაჩენას, მათ შორის ამერიკული გაზის, რომელიც ტანკერების მეშვეობით შევა ევროპაში. ამ მიზნით პოლონეთში კეთდება უზარმაზარი გაზის საცავი, საიდანაც შემდეგ მოხდება ამერიკული გაზის განაწილება. ანუ, ამით რამდენიმე კურდღელს იჭერს ამერიკა.
პირველი - ევროპის ენერგო დამოკიდებულებას ამცირებს რუსეთზე; მეორე - რუსეთის ეკონომიკისთვის იქნება გამანადგურებელი დარტყმა; მესამე - რაც უფრო ნაკლებად იქნება ევროპა დამოკიდებული რუსეთზე, მით უფრო წავა ამერიკისკენ და ცივი ომის პერიოდში, დასავლეთის ასეთი მონოლითური ერთიანობა, რომელიც ჩვენ გვახსოვს, კვლავ დადგება დღის წესრიგში. რაც უფრო ნაკლებად იქნება დამოკიდებული რუსეთზე და რუსულ გაზზე, მით უფრო ერთიანი იქნება დასავლური სამყარო“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
რაც შეეხება ირანს, რომლის წინააღმდეგაც ასევე ამოქმედდა სანქციები, როგორც ლაგაზიძე აცხადებს, ირანის, აღმოსავლეთში ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს, დასუსტება პირდაპირ შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. მისი თქმით, დაშლილი სირიის და დასუსტებული ირანის ფონზე შეიძლება სულ უფრო რეალური გახდეს დიდი ქურისტანის სახელმწიფოს კონტურები ახლო აღმოსავლეთში.
„ეს აშშ-ის პოლიტიკურ ელიტას რამდენიმე ათწლეულია ახლო აღმოსავლეთში საკუთარი გავლენის გაძლიერების ყველაზე რეალურ გეგმად მიაჩნია.რაც შეეხება ჩრდილოეთ კორეას, ეს მართლაც ყველაზე უმართავი სახელმწიფოა დღეს მსოფლიოში, რომელმაც სწორედ ამ უმართაობიდან გამომდინარე შეიძლება ატომურო ომის საფრთხე შუქმნას აშშ-ს და დანარჩენ მსოფლოს. ამიტომ, სრულიად ლოგიკურია, რომ ის სანქციების ქვეშ მოექცა.
თუმცა, ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩრდილო კორეა რეალურად არის იარაღი ჩინეთის ხელში, რომელიც ამ აბსოლუტურად უმართავ, ფსიქიური აშლილობის ზღვარზე მყოფ რეჟიმს იყენებს ზემოქმედების იარაღად აშშ-სა და დანარჩენ ქვეყნებთან ურთიერთობაში. ეს არის რეალური მიზეზი, რაც ამ ქვეყნებს ამოძრავებთ. ერთის მხრივ, რუსეთ-ირანს და ჩრდილო კორეას, მეორეს მხრივ ამერიკის რეალური მოტივები ამ სანქციების მიღებისას“, - ამბობს ექსპერტი.
რაც შეეხება რუსეთს, როგორც უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი ამბობს, სანქციების ამოქმედების შემდეგ, რაც უფრო შემცირდება ევროპაში რუსული ენერგო რესურსები, მით უფრო დამანგრევლად აისახება რუსეთის ბიუჯეტზე.
„საუბარია იმაზე, რომ შეწყდება ევროპის, ამერიკის და კანადის მონაწილეობით ფინანსური მონაწილეობით ახალი რუსული პროექტები და იგივე „ჩრდილოეთ ნაკადი 2“, რომელშიც რუსეთთან ერთად გერმანია და სხვა ევროპული ქვეყნები მონაწილეობენ. ასევე, შეიძლება საფთხე დაემუქროს იმ ახალ მილსადენს, რომლის მშენებლობაზე სულ ახლახანს შეთანხმდა თურქეთი და რუსეთი.
საუბარია, რუსეთიდან თურქეთის გავლით ახალი მილსადენის ჩადებაზე, რომელმაც ასევე უნდა მოამარაგოს ევროპა ენერგორესურსებით. ამ პროექტის განხორციელებაში ძალიან მაღალია იტალიური კომპანიების წილი. სანქციების ამოქმედების შემდეგ, შესაძლოა ამ პროექტსაც დამუქროს საფრთხე.
ანუ, რუსეთის როგორც არსებულ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ ენერგოპროექტებს, რომელიც უნდა აშენებულიყო ევროპული და ამერიკული ფულით, ფაქტობრივად ამერიკამ დაადო ვეტო. აკრძალა ამ პროქტების განხორციელება და შესაბამისად, უკვე გასაგებია, როგორი იქნება რუსეთის ეკონომიკა უახლოესი წლების განმავლობაში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძემ.