ჯანი ბუკიკიო მმართველ პარტიას და ოპოზიციას 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრას სთავაზობს. ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა საქართველოს კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წერილით უპასუხა. წერილში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია დარწმუნებულია, გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის მეშვეობით უნდა გამოიძებნოს, რისი მიზანიც ყველაზე ფართო კონსენსუსის მიღწევა უნდა იყოს.
„ვენეციის კომისიის როლი არ არის გადაწყვეტილების შეთავაზება.თუ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს სურთ შეხვედრა შესაძლო კომპრომისის განსახილველად, ვენეციის კომისია მზად არის ხელი შეუწყოს ამგვარ დისკუსიებს.
მე შემიძლია შემოგთავაზოთ მმართველ კოალიციის და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ერთდღიანი შეხვედრის ორგანიზება სტრასბურგში. მოგიწოდებთ თქვენ და საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს, ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ, რათა კონსტრუქტიული კომპრომისი გამოძებნოთ“, - წერს ჯანი ბუკიკიო.
არასაპარლამენტო პარტიები მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიის წინადადება ხელისუფლებაზე ზეწოლის სერიოზული შანსია, რათა მეორე მოსმენით მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა შეჩერდეს. შესაბამისად, 9 ოპოზიციური პარტია სხვა პარტიებთან და არასამთავრობოებთან სტრასბურგში შეხვედრის საკითხზე კონსულტაციებს იწყებს.
„თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტია უახლოეს დღეებში დაიწყებს კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა მომზადდეს 6 სექტემბრის შეხვედრის დღის წესრიგი და ფორმატი. მისი თქმით, მმართველი გუნდის დამოკიდებულება და უკომპრომისობა ცვლილებების განხორციელების პროცესში, გარე ჩარევას საჭიროებს.
„საზოგადოებას საქართველოში და რაც მთავარია, საერთაშორისო საზოაგადოებაც, კიდევ ერთხელ დაინახავს, აქვს ხელისუფლებას რაიმე სერიოზული მზაობას იმისთვის, რომ წავიდეს კომპრომისზე ოპოზიციასთან, თუ მთელი ეს საუბრები კონსულტაციების შესახებ, არის PR და არანაირ კონკრეტულ შედეგზე ორიენტირებული არ არის“, - განაცხადაკახა კუკავამ.
„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ თვითნებობისა და მის მიერ კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგების, პროცესის ჩიხში შეყვანის შემდეგ, ერთადერთი გზა დარჩა ვენეციის კომისიას, რომ პირდაპირ ჩაერთოს პროცესში. მისი თქმით, ჯანი ბუკიკიოს წერილით დასტურდება, რომ ფაქტობრივად, ის საკუთარ თავზე იღებს მოდერატორის ფუნქციას.
„პოზიციას და ოპოზიციას ეძახის სტრასბურგში და ამბობს საქართველო ჩემთვის მნიშვნელოვანია, საქართველოს სწორი განვითარება მნიშვნელოვანია. ამისათვის აუცილებელია, რომ კონსტიტუცია ფართო კონსენსუსით მიიღებოდეს და არა ვიღაცის დაჟინებით, ვიღაცის მიერ საკუთარ თავზე მორგებით.
„ქართულ ოცნებას“ არ გამოუვა კონსტიტუციის თავზე გადახევა. „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად ჩიხშია. ეს კიდევ ერთი მაგალითია, რომ ოპოზიციის ერთიან პოზიციას შეუძლია შედეგზე გასვლა. ეს ნათელი მაგალითია იმის, როგორ უნდა დავამარცხოთ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის შეთავაზების გამოყენებას აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც ნიკა რურუა ამბობს, ჯანი ბუკიკიოს შეთავაზება პოლიტიკური ჯგუფებისათვის არის გამოსავლის ძიება, რათა ქვეყანა გამოვიდეს იმ ჩიხიდან, რომელშიც შეიყვანა „ქართულმა ოცნებამ“.
„ეს არის ძალიან სწორი პოზიცია და მოწოდება პირველ რიგში ხელისუფლებისთვის. კონსტიტუციური პროცესი დღეს არის ღრმა ჩიხში, იმიტომ რომ ის მიმდინარეობდა აბსოლუტურად არადემოკრატიულად და გაუმჭვირვალედ, ჩართულობის გარეშე. ამიტომ, ბუკიკიო პირველ რიგში წერს ხელისუფლებას, ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ეს პროცესი რამენაირად გამოვიდეს ჩიხიდან.
ის გვთავაზობს შესაძლებლობას, რომ დავსხდეთ სტრასბურგში და ვეძებოთ კონსესუსის გზბეი. ეს არის ძალიან კარგი და მისასალმებელი. თუმცა, ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ვიზიტი „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო საკითხებთან დაკავშირებით კომპრომისზე წამოიყვანს“, - აცხადებს ნიკა რურუა.
უკვე ცნობილია მმართველი ძალის პასუხი. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მზად არის მონაწილეობა მიიღოს კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებთან პოლიტიკურ დიალოგში, ნებისმიერ ადგილას.
„ჩვენთვის ცნობილია ამის შესახებ და გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მივიღოთ პოლიტიკურ დიალოგში კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებთან, ნებისმიერ ადგილას, ეს იქნება თბილისი, თუ ვენეციის კომისიის ოფისი სტრასბურგში. მზად ვართ მოლაპარაკებებში ჩავერთოთ ნებისმიერი წინაპირობების გარეშე.
ჩვენთვის ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენი არგუმენტები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გავაცნოთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩვენი მეგობრების თანდასწრებით და მივაღწიოთ შეთანხმებას იმ საკითხებზე, რომელზე შეთანხმებაც ობიექტურად შესაძლებელია“, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.
აქვე თალაკვაძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და სწორედ ამაში შეთანხმება არის შესაძლებელი.
„მე ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის ჩართულობა ამ დიალოგში დაგვეხმარება მიუკერძოებელი შეფასებები მოხდეს იმ არგუმენტების და დიალოგის ხარისხის, რომელიც უნდა გაიმართოს ოპოზიციურ პარტიებთან. ჩვენ ვგეგმავთ, რომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში კიდევ უფრო გავააქტიუროთ დიალოგი და კომუნიკაცია ოპოზიციურ პარტიებთან, ვინაიდან ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილებები და კონსესუსის გაფართოება ახალი ცვლილებების გარშემო ყველას ინტერესში შედის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.