ამერიკა საქართველოში, საქართველო ამერიკაში

ამერიკა საქართველოში, საქართველო ამერიკაში

„ჩვენ საქართველოსთან ერთად ვდგავართ, იმ კავშირების დასაცავად, რომელიც ორ ერს, მოკავშირეებსა და ცივილიზებულ სამყაროს გვაერთიანებს“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს „ტვიტერით“ აფასებს. ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა საქართველო დატოვა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ეწვია.

ვიცე-პრეზიდენტმა ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრები გამართა. მაიკ პენსმა ოფიციალური შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც  მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდა. მთავრობის კანცელარიიდან მაიკ პენსი მეუღლესთან ერთად სიონის საკათედრო ტაძარში გაემგზავრა, სადაც სრულიად საქართველოს კთოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოინახულა.

დღის მეორე ნახევარში ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან ერთად მრავალეროვნულ სწავლებაში„ღირსეული პარტნიორი“ მონაწილე ამერიკელ და ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა.

„ღირსეული პარტნიორის წვრთნები თავს უყრის ერთად საქართველოს და მრავალი სხვა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებს. ეს აძლევს საქართველოს საშუალებას, თავი დაიცვას მომავალში, აძლევს საშუალებას ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ეფექტიანი მონაწილე გახდეს.

გარწმუნებთ, რომ აშშ და ჩვენი მოკავშირეები ძალიან დიდ აქცენტს აკეთებენ საქართველოს უსაფრთხოებაზე, მაგრამ ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ამერიკელი მრჩევლები ძალისხმევას არ დაიშურებენ, რომ საქართველოს დაეხმარონ და წვლილი შეიტანონ არსებითი პაკეტის გაძლიერებაში და საქართველო კიდევ უფრო დააახლოვონ ქვეყნის მიზანს, ნატო-ში წევრობას“, - მიმართა „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილეებს მაიკ პენსმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ტრამპი მხარს უჭერს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ყველაზე წარმატებული წევრი სამხედრო ალიანსისა.

„საქართველომ ბევრი რამ გააკეთა, განსაკუთარებით უსაფრთხოების სფეროში. საქართველო ფაქტიურად ლიდერია სხვა ქვეყნებთან მიმართებაში იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო მშპ-ის 2%-ს ხარჯავს თავდაცვის სფეროზე. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაღალი პასუხისმგებლობისთვის. ამერიკის სამხედრო მოსამსახურეებს ვარწმუნებ, რომ თქვენი უმაღლესი მთავარსარდალი თავის დაპირებიდან გამომდინარე, რომ ამერიკული არმია უნდა გახდეს ყველაზე ძლიერი ძალა, ამას ყოველ დღე აკეთებს. ის, რომ ეს ძალა ყოველ დღე უნდა გაძლიერდეს, ყოველდღიური მუშაობა მიდის. თავდაცვაში ყველაზე დიდი ხარჯები უნდა ჩაიდოს ახლა, მას შემდეგ რაც დასრულდა ცივი ომი“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და აშშ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, არავის მისცემს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აღნიშნული პრინციპი.

„ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, რადგან ქართული ანდაზა ამბობს - „ძალა ერთობაშია“. ჩვენ ვდგავართ თავისუფლების დაცვის წინა ხაზზე. თავისუფლებისა, რომელმაც დარტყმა განიცადა რუსული აგრესიისას და დღესაც ვხედავთ მის შედეგებს - „სამხრეთ ოსეთის“ ტერიტორიაზე რუსული ტანკებია განლაგებულია.  რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ია ოკუპირებული და ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს საქართველოს მიწა-წყლის ოკუპაციას.

გარწმუნებთ, აშშ გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხადრაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აშშ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, არც ერთ ქვეყანას არ მისცემს უფლებას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს აღნიშნული პრინციპი. პრეზიდენტი ტრამპი მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს დესტაბილიზაცია. ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველომ მაქსიმალურად გაიძლიეროს შესაძლებლობები, რომ წინ აღუდგეს ამ აგრესიას“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

მაიკ პენსის განცხადებებს და აშშ-ის ადმინისტრაციის მხარდაჭერას, მნიშვნელოვან მოვლენას უწოდებენ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები. პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქართველმა ხალხმა დაინახა, რამხელა მხარდაჭერა აქვს აშშ-სგან. მისი თქმით, ეს არის ნამდვილად ისტორიული შანსი საქართველოსთვის.

„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს მხარდაჭერის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის, ჩვენი საგარეო პრიორიტეტების მხარდაჭერის და საქართველოს გაძლიერების საქმეში ამერიკა იყო, არის და იქნება ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოსთვის და ეს ვიზიტი არის დადასტურება.

ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა ვიცე-პრეზიდენტის მიმართ, რომ პირველ ევროპულ ტურნეში საქართველო შედის ესტონეთთან და მონტენეგროსთან ერთად. ასევე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ასეთივე მადლიერების გრძნობა პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, რომლის გზავნილებიც ჩამოიტანა ვიცე-პრეზიდენტმა საქართველოში და მე ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა დაინახა, რამხელა მხარდაჭერა აქვს აშშ-სგან და ეს არის ნამდვილად ისტორიული შანსი საქართველოსთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ აშშ-სთან ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადავშალეთ. ელჩის განცხადებით, ძალიან მკაფიო და ბუნებრივი იყო ის გზავნილები, რომელიც საქართველომ სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოს ვიცე- პრეზიდენტისგან მიიღო.

„თავისთავად ის დინამიკა, რომელიც ჩვენ აშშ-სთან, მის ახალ ადმინისტრაციასთან გვაკავშირებს, მიუთითებს იმ მჭიდრო თანამშრომლობაზე, რომელიც გვაქვს, იმ მაღალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე და იმ პერსპექტივებზე, რომელიც გვაქვს ერთმანეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის, ეკონომიკური-სავაჭრო კუთხით თანამშრომლობის თვალსაზრისით.

ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ დღეს ორმხრივ ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადავშალეთ, რომელიც გვიხსნის კიდევ მეტ შესაძლებლობებს, რათა გავაღრმაოთ უკვე არსებული, ძალიან მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობა“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, აშშ-ის ვიცე- პრეზიდენტის მხრიდან უმნიშვნელოვანესი განცხადებები მოვისმინეთ. მისი თქმით, პენსის მხრიდან ეს მესიჯები იყო, როგორიც მისი, ასევე პრეზიდენტ ტრამპის მესიჯები.

„ძალიან ნათლად დადასტურდა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ევროპული და ნატო-ში ინტერგაციის მიმართულებით, წევრობის მიმართულებით, ასევე პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მთავრობას აშშ-ის მხარდაჭერით გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში.

ჩვენ ვდგავართ სწორ გზაზე, ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად, რაც არის ძირითადი განმაპირობებელი ჩვენი მშვიდობის, სტაბილურობის, ასევე რეგიონის სტაბილურობის და რა თქმა უნდა, ჩვენი შემდგომი სუვრენიტეტის განმტკიცების“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრემიერის მრჩეველი, თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ ესწრებოდა ყველა შეხვედრას, რაც კი ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას გაუმართავს, მაგრამ ასეთი დონის შეხვედრა შინაარსობრივად,  კონტექსტუალურად,  გზავნილები, თვითონ კონტექსტი ამ შეხვედრის და ის საჯარო განცხადებები, რომელიც მაიკ პენსმა გააკეთა საჯაროდ, პირველად მოისმინა.

„აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში განსხვავებული იყო. ესტონეთში ყოფნისას პენსი შეხვდა ბალტიის სამ ლიდერს, მონტენეგროში ბალკანეთის  ქვეყნების ხელმძღვანებს შეხვდება,  საქართველო კი იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას ჰქონდა ორმხრივი ვიზიტი, რითაც მგონია, რომ ამერიკის ხელმძღვანელობამ, თეთრმა სახლმა, პრეზიდენტმა და თავად პენსმა ხაზი გაუსვეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი უსფრთხოება,  სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის მომავალი.

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ რასაც ჩვენი ოპონენტები ხშირად საუბრობენ, თითქოს საქართველო შეერთებული შტატების სტრატეგიული რადარიდან გაქრა, ასე არ არის და საქართველო ამერიკის საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ თემად რჩება. რეგიონისადმი ამერიკის საგარეო პოლიტიკური დინამიკა და დამოკიდებულება გაიზრდება და ამ მხრივ საქართველო წამყვანი პარტნიორი ქვეყანა გახლავთ. ეს განცხადებები მოსალოდნელი იყო, ამაზე ჩვენი საგარეო უწყება და პრემიერი მუშაობდნენ“, - განაცხადა თედო ჯაფარიძემ.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ის, რომ რაც გააჟღერა არ არის მხოლოდ ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია, არამედ აშშ-ს მთელი პოლიტიკური ელიტა უკვე ცალსახად აღიქვამს რუსეთს როგორც მტერს.

„სენატში 98 ხმით და წარმომადგენელთა პალატაში 414 ხმით ძალიან დიდი ხანია არც ერთი რეზოლუცია არ მიუღიათ. შესაბამისად, ჩვენი მხარდამჭერის განცხადებაც ამ ფონზე ატარებს არა მხოლოდ ერთი ადმინისტრაციის, არამედ მთელი ამერიკული პოლიტიკური ესტაბლიშმენტის ლეგიტიმაციას.

ამის ფონზე ჩვენ უნდა გამოვიყენოთ მომენტი სწორად, ფრაზები და განცხადებები კარგია, მაგრამ ჩვენ გვინდა ასევე ამ მხარდაჭერის პრაქტიკულ ფორმატში გადაყვანა. ხელისუფლებამ უნდა გაარკვიოს რა თემებზე არიან წამომსვლელები ახლა ამერიკელები და აუცილებელია მოვითხოვოთ კონკრეტული პროგრამები.

ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სფერო დაწყებული სამხედრო აღსრულებით, დემოკრატიის მხარდაჭერის პროექტებითა და ასევე პირდაპირი ფინანსური დახმარებები, ამას კარგად იყენებდა წინა ხელისუფლება, დღევანდელს ამ ცოდვას ვერ დავაბრალებთ“, - აცხადებს ნოდარ ხარშილაძე.

მისი თქმით, განცხადება კარგია, ვიზიტი კიდევ უკეთესი, მაგრამ მისი თქმით, ქართული მხარისგან კარგი საპასუხო მხარდაჭერის გზავნილი იქნება, შეუერთდეს ახალ ამერიკულ ანტირუსულ სანქციებს.

„დავუჭიროთ უპირობოდ მხარი, რაც დაგვიფასდება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ევროპის ყველა ქვეყანა ამ სანქციების ახალ ტალღას მხარს არ უჭერს და ამერიკას გამოადგება საერთაშორისო ლეგიტიმაციის გაზრდა. საბოლოოდ მოვრჩეთ „ბიძია ვოვა არ გაღიზიანდეს“ პოლიტიკას, არაფერი ამან არ მოგვიტანა მავთულხლართების გარდა.

ამ პირობებში როცა ამერიკა ღიად აცხადებს რუსეთს მტრად, ჩვენ უნდა ავირჩიოთ მხარე, მკაფიოდ.ამის სანაცვლოდ, ან უფრო შედეგად შეიძლება რეალურად მივიღოთ დამატებითი დახმარება როგორც პოლიტიკურ, ასევე პრაქტიკულ განზომილებაში ისე ჩანს მომენტი დადგა, ნუ გაუშვებთ ხელიდან“, - აღნიშნა ნოდარ ხარშილაძემ.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ხათუნა ლაგაზიძე თვლის, რომ პენსის ვიზიტის ტრაექტორიამ - ესტონეთი; მონტენეგრო, როგორც ნატოს ყველაზე ახალი წევრი, სადაც რუსეთი სახელმწიფო გადატრიალებასაც კი ეცადა, ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნის ნატოში გაწევრიანების ჩასაშლელად და პრორუსი მთავრობის მოსაყვანად, და საქართველო ფაქტობრივად, მოხაზა აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ის ინტერესთა საზღვრები.

„ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ღიად განაცხადა, რომ სანქციების ახალი პაკეტი რუსეთს საქართველოში მიმდინარე მცოცავი ოკუპაციის გამოც უწესდება. აგრეთვე, მაიკ პენსმა ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, წინამორბედის გაურკვეველი პოლიტიკისგან განსხვავებით, სადაც გაავლებს წითელ ხაზებს, ამ წითელი ხაზების გადაკვეთის უფლებას არავის მისცემს და ერთ-ერთი წითელი ხაზი, რუსეთისთვის სწორედ საქართველოა. პენსმა გადმოგვცა, ტრამპმა დამაბარა - ამერიკა თქვენს გევრდით არის თქვენი თავისუფლების და ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის ბრძოლაშიო. ანუ თქვენც უნდა იბრძოლოთ საერთო ღირებულებებისთვის ე.ი. დემოკრატიის, სამართლიანი არჩევნების, მედიის თავისუფლებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობისთვისო“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.

ლაგაზიძე ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორ უნდა გამოიყენოს საქართველომ ამერიკის ინტერესის ასეთი თვალსაჩინო ზრდა საქართველოს მიმართ.

„კარგია ოკუპაციის შემდეგ რუსეთისთვის დაწესებული სანქიები, მაგრამ ჩვენი ამოცანაა ამერიკელებთან ერთად შევიმუშავოთ რუსეთის შეკავების პრევენციული პოლიტიკა. ამისთვის კი საჭიროა ჩამოვაყალიბოთ რუსეთისგან მოსალოდენლი რისკებისა და საფრთხეების ნუსხა და ამერიკელებმა გასაგებად აგვიხსნან ჩვენც და რუსეთსაც, რა კონკრეტული მექანიზმები ჩაირთვება რუსეთის მიმართ საქართველოს წინააღმდეგ ამა თუ იმ ტიპის აგრესიის თუ ჰიბრიდული ომის შემდგომი წარმოების შემთხვევაში. ასეა ეს, როცა რეალურ მხარდაჭერაზეა საუბარი“, - განმარტავს ხათუნა ლაგაზიძე.