მაიკ პენსი: „ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს“

მაიკ პენსი: „ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ საქართველოს“

„დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომელთაც პრეტენზია ექნებათ, საქართველოს სუვერენტიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ“, - ეს განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა, პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი მეუღლესთან და დელეგაციასთან ერთად ორდღიანი ვიზიტით საქართველოს გუშინ ეწვია. გუშინვე შედგა პენსსა და კვირიკაშვილის არაოფიციალური შეხვედრა. ამერიკის მეორე პირის დასახვედრად დღეს დილიდან უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული მთავრობის კანცელარიაში.

ამერიკის ვიცე- პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე შეერთებული შტატებიდან სპეციალური სამსახურის ათობით თანამშრომელი და 9 წლის ბელგიური ნაგაზი „ზორო“ ზრუნავს.

მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. დახურულ კარს მიღმა გამართულ მოლაპარაკებების ფარგლებში, მაიკ პენსმა მთავრობის მეთაურს კიდევ ერთხელ გადასცა ამერიკის პრეზიდენტის მთავარი გზავნილი, რომ ამერიკა საქართველოს გვერდით არის. როგორც პენსმა დახურულ გაფართოებულ შეხვედრაზე აღნიშნა, ამერიკა საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, პატივს სცემს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სწრაფვას ნატო-ში გაწევრიანებისკენ.

თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მაიკ პენსს საქართველოში ვიზიტისთვის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან საქართველოს მიმართ გამოცხადებულ უმნიშვნელოვანეს მხარდაჭერად შეაფასა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

ხაზი გაესვა თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ამერიკის შეერთებული შტატების უდიდეს როლს ქართული შეიარაღებული ძალების განვითარებისა და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით. ასევე, აღინიშნა საერთაშორისო სწავლების - „ღირსეული პარტნიორი“ მნიშვნელობა რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. კვირიკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს საქართველოს ნომერ პირველ პრობლემას ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს და მნიშვნელოვანია აშშ-ის მხარდაჭერა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში.

დახურულ შეხვედრაზე ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში ქართველი ჯარისკაცების მიერ შეტანილი წვლილზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის რეფორმების დღის წესრიგს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღეს ქვეყანას აქვს ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნესგარემო, კორუფციისა და ბიუროკრატიის ძალიან დაბალი მაჩვენებელი და დაბალი გადასახადები, რაც ამერიკული ბიზნესისთვის საინტერესოა.

აღინიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მიმდინარე რეგიონული მასშტაბის ინფრასტრუქტურულ პროექტებში ამერიკული კომპანიების დაინტერესება და ჩართულობა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, ერთობლივი ძალისხმევით, კიდევ უფრო გააღრმავონ ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა. დახურული შეხვედრის შემდეგ მაიკ პენსმა და გიორგი კვირიკაშვილმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„თქვენი დახმარების შედეგად საქართველო დღეს აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა“, - ასე მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა მაიკ პენსს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე. პრემიერ-მინისტრის თქმით, ქართველი ხალხი დიდად აფასებს ამერიკელი ხალხის გვერდით დგომას, მეგობრობას და მტკიცე მხარდაჭერას. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა საქართველო არის ის პარტნიორი, რომელიც მზად არის აშშ-სთან მაღალი დონის სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობებისთვის, რომელიც ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელზე იქნება დაფუძნებული.

გიორგი კვირიკაშვილი ასევე ისაუბრა აშშ-ის როლზე საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა აშშ-ის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო იყო, არის და იქნება აშშ-ის გვერდით, როდესაც საქმე ეხება მსოფლიოში არსებულ ყველა მნიშვნელოვან გამოწვევას თუ საფრთხეს.

„ძალიან ვაფასებთ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული არაერთი გამოწვევის მიუხედავად, ვიცე-პრეზიდენტი პირველი ორმხრივი ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს ეწვია. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ორიენტირებულია როგორც საქართველოს, ისე რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების განმტკიცებაზე, მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობაზე.

დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ამავდროულად, მოხარული ვართ, ვიცე-პრეზიდენტს, მის მეუღლეს, ასევე ჩვენს ამერიკელ სტუმრებს გავაცნოთ ქართული კულტურა და ისტორიული მემკვიდრეობა, რომლითაც ესოდენ ამაყობს ქართველი ერი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო ყოველდღიურ პროვოკაციებს აწყდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე. შესაბამისად, აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი - ამერიკა საქართველოს გვერდით დგას, გიორკი კვირიკაშვილის შეფასებით, ყველაფრის მთქმელია.

„მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი მესიჯი გაჟღერდა. გზავნილი - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ყველაფრის მთქმელია. საქართველო ყოველდღიურ პროვოკაციებს აწყდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდერიზაციას, ქართველების გატაცებას, იმ ხალხის უფლებების ხელყოფას, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს. ამას ყოველდღიურად ვხედავთ, მაგრამ ეს ასევე გვმატებს ძალას, ერთგულებას იმ მიზნებისა, რომლებიც საკუთარ თავს დავუსახეთ - ნატო-სთან ინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც გახლავთ საქართველოში.

რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ნატო-ში გაწევრიანებაა და ჩვენ ამ ძალზე რთულ გზას მივუყვებით, რომელიც გულისხმობს რეფორმების გატარებას, ინსტიტუციურ მშენებლობას. დამერწმუნეთ, თანმიმდევრული ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება მიღწეულ იქნას უმნიშვნელოვანესი მიზანი - უზრუნველყოფილ იქნას ხანგრძლივვადიანი სტაბილურობა.

საქართველოს გააჩნია ყველა ტექნიკური ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის. ნატოს და აშშ-ს ხელმძღვანელობის მხრიდან რამდენჯერმე ითქვა, რომ არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს გამოყენების უფლება“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

თავის მხრივ, ერთობლივ პრესკომპერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა რამოდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯები გააჟღერა და აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს მჭიდრო მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ნატო-სთან დაახლოება და საქართველო ერთ დღეს ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს. ვიცე-პრეზიდენტმა რამოდენიმეჯერ ხაზ გასმით ისაუბრა ოკუპაციაზე და იმაზე, რომ თბილისიდამ 40 კილომეტრში რუსეთის საოკუპაციო ძალები დგანან.

როგორც მაიკ პენსმა აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაცია ყოველთვის მკაცრ პასუხს გასცემს იმ ქვეყნებს, რომლებსაც პრეტენზია ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ხელყონ. პენსმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„პრეზიდენტი ტრამპი და მე მხარს ვუჭერთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის განცხადებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ძალიან შთამბეჭდავია, რომ საქართველო მშპ-ის 2%-ს ხარჯავს თავდაცვის სფეროზე და ამით ნატო-ს ზოგიერთ წევრს ასწრებს, თუმცა ეს მძიმე რეალობით არის გამოწვეული.

გვსურს რუსეთთან ურთიერთობები, მაგრამ ამის მიღწევა შეიძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც რუსეთი გააუქმებს თავის დესტრუქციულ ქმედებებს. ჩვენ გავაგრძელებთ და გავაღრმავებთ საქართველოსთან ურთიერთობას, რათა საქართველომ შეძლოს და გადაიტანოს რუსული აგრესიის შედეგები“, - აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.

პრესკომფერენციაზე მაიკ პენსმა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი პრეზიდენტ ტრამპის სიტყვებს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ვაგრძელებთ მოკავშირეობას, საქართველოს მომავალი დასავლეთთან არის დაკავშირებული. ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია.

რაც შეეხება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და რა ქმედება შეიძლება ამას მოჰყვეს რუსეთის მხრიდან, მაიკ პენსმა უპასუხა, რუსეთი კვლავ აგრძელებს ტერორიზმის მხარდამჭერი სახელმწიფოების მხარდაჭერას. ამერიკის ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს ახალ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ უახლოეს პერიოდში.

„ვოშინგტონ პოსტის“ შეკითხვაზე დაუჭერს თუ არა აშშ მხარს საქართველოს რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში მაიკ პენსმა უპასუხა, რომ ამერიკა მხარდაჭერას სიტყვების გარდა ქმედებებით ამტკიცებს.

„ამერიკა გვერდში უდგას მშვიდობის მოყვარე ქვეყნებს. ჩვენ ამას არა სიტყვიერად ქმედებებითაც ვამტკიცებთ. ჩვენ ერთგული ვართ ჩვენი ვალდებულებების მეხუთე მუხლის მოთხოვნების. 100 ათასიანი რუსული კონტიგენტის გადასროლა გახლავთ კიდევ ერთხელ იმის დადასტურება რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ნატოს პარტნიორები ერთ პოზიციაზე იდგნენ.

იმ სანქციებს რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს ამის მეშვეობით ნათლ გზავნილს განახორციელებს ყველა მოკავშირის მისამართით, რომ რასაც ვამბობთ იმას ვაკეთებთ. აშშ რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ სანქციებს იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ ოფიციალური მოსკოვი დესტრუქციულ ქმედებებს შეწყვეტს. მაგრამ ბოლო ნაბიჯები, რაც რუსეთმა გადადგა, საწინააღმდეგოზე მეტყველებს“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

მისივე შეფასებით რუსეთის მიერ  უკრაინის დესტაბილიზაცია, ტერორიზმის მხარდამჭერი რეჟიმების, როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა, მხარდაჭერა, პროცესს ართულებს, მაგრამ აშშ დარწმუნებულებია რომ მომავალში რუსეთთან დიალოგს შეძლებს. როგორც პენსიმა აღნიშნა, ამერიკა აგრძელებს მჭიდრო მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, რათა ერთ დღეს საქართველო ნატო-ს წევრი გახდეს.

„აშშ მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს პროგრესს არა მხოლოდ ბოლო 25 წლის, არამედ 5 წლის თვალსაზრისით და ამას საქართველოს ნატო-ში მომავალი წევრობის კუთხით უყურებს.

აშშ გააგრძელებს საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს განმტკიცებაში. ვეცდებით, ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რათა მივაღწიოთ მშვიდობიან მოგვარებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას აღიარებული საზღვრების ფარგლებში.

დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც საქართველო აღნიშნავს თავისი ტერიტორიების დაბრუნებას. აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიუულ მთლიანობას და ამას ახორციელებს იმ დღიდან, როცა რუსულმა ტანკებმა საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია განახორციელეს“, - აღნიშნა მაიკ პენსმა.