თუ დასავლეთი საქართველოს მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს, ჩვენ დამოუკიდებლად ვერაფერს გავხდებით

თუ დასავლეთი საქართველოს მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს, ჩვენ დამოუკიდებლად ვერაფერს გავხდებით

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის, მაიკლ პენსის ვიზიტს საქართველოში წინ უსწრებდა საკმაოდ რთული სიტუაცია ქვეყანაში. ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ რუსეთი თითქმის ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ ახორციელბდა ქვეყნის ანექსიას და საქართველოს, გარდა იმისა, რომ საკუთარი აღშფოთება გამოეხატა, სხვა ბერკეტები არ გააჩნდა საკუთარი საზღვრის დასაცავად. ექსპერტი, ხათუნა ლაგაზიძეfor.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში  დღეს გაცილებით მასშტაბური პოლიტიკა წყდება, ვიდრე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მითვისებაა.

ქალბატონო ხათუნა, როდესაც რუსეთის ქმედებებზეა საუბარი, საქართველოს ხელისუფლება ცალსახად აცხადებს, რომპროვოკაციას არ წამოეგება და საკმაოდ ფრთხილ პოლიტიკასაც ატარებს. თუ არა პროვოკაციაზე წამოგება, რა შეიძლება იყოს რუსეთის მიზანი?

- რაც შეეხება პროვოკაციას, ეს მარტო ხელისუფლების მხრიდან არ შეიძლება მოდიოდეს. ასე რომ, ძალზე გულდამშვიდებულებიც ნუ ვიქნებით იმის გამო, რომ პროვოკაციის ალბათობა გამორიცხულია. საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებიც შეიძლება, რომ პროვოკაციას წამოეგონ და ესეც გასათვალისწინებელია, თუმცა ეს არ არისმთავარი და მნიშვნელოვანი რუსეთის შემთხვევაში.

რუსეთის ქმედებები რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, რომელშიც უმთავრესია ერთი - ამერიკის პრეზიდენტს ჯერ საგარეო პოლიტიკაში არ აქვს მკვეთრად ჩამოყალიბებული პრიორიტეტები. ტრამპის პრეზიდენტობა იმითაც არის განსხვავებული, რომ ამერიკის ადმინისტრაციას არ ახსოვს პრეზიდენტი, რომელიც პოსტზე ჩამოყალიბებული პროგრამითა და საგარეო ორიენტირებით არ მოსულიყოს. ინაუგურაციისთანავე იწყებოდა ამ პროგრამისა და გეგმების რეალიზაცია.

გასაგებია, რომ პრეზიდენტების პოსტზე მოსვლის მერე გარკვეული კორექტივები ხდებოდა რეალობასთან შეჯახების შემდეგ, მაგრამ ასე ექსპრომტად რომ ყალიბდებოდეს პოლიტიკა და მათ შორის საგარეო, ეს ტრამპის ადმინისტრაციის დამახასიათებელი ერთ-ერთი უარყოფითი ნიშანია, რომლის მსხვერპლი, ამჯერად საქართველოც არის.

რუსეთი ითვალისწინებს ყოველივე ამას, თანაც იცის, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკას მხოლოდ პრეზიდენტი არ განსაზღვრავს და ერთ დღესაც ეს პოლიტიკა მკვეთრ კონტურებს შეიძენს, ამიტომ მისი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ ფრონტზე მოიპოვოს წარმატება და უკვე არსებული სტატუს-კვოთი ელაპარაკოს აშშ-ს, როდესაც ის მიხვდება, რა უნდა დღევანდელი მსოფლიოსგან.

საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იყო თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად ალტერნატიული ენერგეტიკული დერეფნის უზრუნველყოფა ევროპისთვის და ის, რომ ამ ეტაპზე დიდი რაოდენობით ენეგომატარებლები არ გაივლის ამ დერეფანში, მის მნიშვნელობას აბსოლუტურად არ აკნინებს.

რაც სუფსის ნავთობსადენთან დაკავშირებით მოხდა ცოტა ხნის წინ, ეს ტრამპის ადმინისტრაციისთვის გაწნული სილაც იყო. მითუმეტეს, რომ იმ მონაკვეთის მოსანახულებლად, სადაც რუსებმა საზღვარი გადმოწიეს, წინა დღეებში აშშ-ს ელჩი იყო ჩასული. ასე რომ, ეს არა საქართველოს, არამედ აშშ-ს გამოწვევა იყო.

ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს 2008 წლის აგვისტოს ომის წინა პერიოდს, როდესაც საქართველოს სახით რუსეთმა შემოულაწუნა დასავლეთს.

ახლაც მსგავსი სიტუაციაა და რუსეთი დაელოდება, როგორი იქნება აშშ-ს რეაქცია. ეს არის ერთგვარი ტესტი. რუსეთი ამერიკის რეაქციიდან გამომდინარე მიხვდება, რამდენად შორს არის ამერიკა წამსვლელი - არა საქართველოს, არამედ საკუთარი ინტერესების დასაცავად საქართველოში.

თუ მაიკ პენსის რეაქცია არ იქნება ისეთი, რომ რუსეთი მიხვდეს, რამდენად ძვირად დაუჯდება ამერიკასთან თამაში ამ რეგიონში, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ბაქო-სუფსის მორიგი მონაკვეთის ბედი გაიზიაროს ცენტრალურმა მაგისტრალმაც.

ანუ თუ ამერიკის რეაქცია არ იქნება სათანადო, გარწმუნებთ, რუსეთი უფრო ფართო ნაბიჯებით გააგრძელებს საქართველოს სიღრმეში შემოსვლას და მარტო საქართველოთიც არ დაკმაყოფილდება.

მეორე მიზეზი, რაც რუსეთს აღიზიანებს, არის საქართველოს მზაობა ჩაერთოს შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაში.

2008 წელს პუტინმა მოხაზა თავისი სივრცე შავ ზღვაზე და მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა კიდეც, რომ ის აღარ დაუშვებს შავ ზღვაში ნატო-ს გაფართოებას. ამას მოჰყვა 2008 წლის საქართველოს, შემდეგ ყირიმის ომი - ანუ აფხაზეთისა და ყირიმის სახით რუსეთი ფლობს ახალ სამხედრო ბაზებს შავი ზღვის აკვატორიაში.

დასავლეთი მხოლოდ ყირიმის შემდეგ გამოცოცხლდა და დაიწყო ნატოს უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც რუსეთის შეკავებას და მისი გავლენის შემდგომი გაფართოებისგან დაზღვევას ითვალისწინებს.

სწორედ ამ სტრატეგიაში მონაწილეობა შესთავაზა ნატომ საქართველოს, როგორც შავი ზღვის აუზის ქვეყანას და ნატო-ს ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ პარტნიორს. მიმდინარე წელს არაერთხელ გამოხატა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მზაობა,რომ საქართველო მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიაში როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო და საჰაერო სივრცეში.

ამის გარდა, ვიცით, რომ საქართველოში იგეგმება ახალი, გერმანიაში განლაგებული ნატოს სასწავლო ცენტრის ანალოგიური ცენტრის მშენებლობა, სადაც ამერიკელი ინსტრუქტორები გაწვრთნიან სამხედროებს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის.

ეს ყველაფერი მთლიანობაში, როგორც ჩანს, იწვევს რუსეთის შეშფოთებას.

საუბრობენ კიდევ ერთ მიზეზზეც, თითქოს ეს არის პასუხი საქართველოს უარზე, რომ გაიხსნას ცხინვალის მხრიდან მიმოსვლა, რაც სომხეთის ინტერესებში შედის. თუმცა მგონია, რომ ჩამოთვლილთაგან უფრო პირველი ორი მიზეზი ამოძრავებს რუსეთს.

შეიძლება, რომ პენსის ვიზიტით ან ვაზიანის „პარტნიორობის პროგრამით“ გაღიზიანებულმა რუსეთმა კიდევ გადმოწიოს საზღვარი თვითნებურად და ცენტრალური საგზაო მაგისტრალიც ჩაიგდოს ხელში? ხუმრობა იქით იყოს და მერე ნებართვაც აღარ დასჭირდება სომხეთისთვის გზის გახსნაზე...

- ეს უკვე აღარ იქნება ქვეყნის ნაწილების ხელში ჩაგდება, ეს ქვეყნის სრული ოკუპაცია იქნება. თუმცა არავინ იცის, რუსეთი რაზეა წამსვლელი და როგორც უკვე ვთქვი, მისი შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება ამერიკის რეაქციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მცოცავი ანექსიის თემა ახალი არ არის, ბოლო დროს გამართულ მაღალი დონის შეხვედრებზე აქტუალური იყო რატომღაც მხოლოდ უკრაინის თემა. ამ ეტაპზე დასავლეთისთვის საქართველო ნაკლებად აქტუალური იყო?

- უფრო ჩვენი ხელისუფლების ნაკლებად აქტიური საგარეო პოლიტიკის დამსახურება მგონია, რომ საქართველო ამოვარდნილია ასეთ შეხვედრებზე დღის წესრიგიდან. დღეს საქართველოში არაფერი განსხვავებული არ ხდება იმისგან, რაც მოხდა 2008 წელს, ან შემდეგ ყირიმში. ეს არის ჩვეულებრივი ოკუპაცია. ერთადერთი განსხვავება ის არის, რომ სტრატეგიული სიმაღლეების დაპყრობა ხდება ადამიანური მსხვერპლის გარეშე.

გარდა ამისა, ასეთი დაქსაქსული ევროპა ჩვენ არ გვახსოვს, დიდი ბრიტანეთი თავისთვის არის, ახლა მაკრონი გამოჩნდა სცენაზე და ა.შ...

თეორიული შანსი, რომ სამმა ლიდერმა იგივე როლი შეასრულოს რაც თავის დროზე ტეტჩერმა, რეიგანმა და კოლმა მოახერხეს, ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ ტრამპის ეგზოტიკური ბუნებიდან გამომდინარე ტრამპი-მაკრონი-მერკელის სამეულში საერთო ენის გამონახვა ძალიან რთული იქნება. ამიტომაც ვსაუბრობთ დაპირისპირებებით გახლეჩილ დასავლურ სამყაროზე და შესაბამისად, ასეთ სიტუაციაში თუ შენი მნიშვნელობა მუდმივად არ შეახსენე, ის თავს არ შეიწუხებს.

თუმცა საინტერესოა ისიც, რომ მათ არავინ სთხოვს საქართველოს ინტერესების დაცვას; დასავლეთს ვთხოვთ საკუთარი ინტერესების დაცვას საქართველოსა და კავკასიაში. ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ ეს მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის და საქართველოს დაკარგვით ისინი კარგავენ გასასვლელს უდიდეს რეგიონში - ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში.

საქართველო, თავისი დემოკრატიული ღირებულებებისაკენ მისწრაფებებით ერთადერთი ოაზისი და დასაყრდენია დასავლეთისათვის მთელ ამ რეგიონში და სწორედ მისი ხელიდან გამოცლის საფრთხე დგება დღის წესრიგში. მაინც მგონია, რომ დასავლეთი ამ ყველაფერს აცნობიერებს და პენსის ვიზიტიც სწორედ ამის გამოძახილია.

თუ დასავლეთი საქართველოს მნიშვნელობას ვერ აცნობიერებს, ჩვენ დამოუკიდებლად ვერაფერს გავხდებით.

უბრალოდ, საქართველს ხელისუფლებამ იგივე ტრამპის ადმინისტრაციას კარგად უნდა განუმარტოს, ჩვენი ქვეყნის სულ უფრო მზარდი როლი რეგიონში. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - ერთადერთი, ვისაც რუსეთის წინსვლის შეჩერება შეუძლია საქართველოს სიღრმეში, ეს ამერიკაა.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია და ახლა გვაქვს შანსი, არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის, არამედ მთელი ქართული საზოგადოების პოზიცია უფრო ახლოს მივიტანოთ ამერიკის ხელისუფლების პირველ პირებამდე.