მასშტაბური წვრთნები - გზავნილი თანადგომის შესახებ

მასშტაბური წვრთნები - გზავნილი თანადგომის შესახებ

ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2017“დაიწყო, რომელსაც საქართველო წელს მესამედ მასპინძლობს. სწავლება გასაულ წლებთან შედარებით ფართომასშტაბიანია და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი რვა ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

ოფიციალური განმარტებით, „ღირსეული პარტნიორი 2017“ ემსახურება სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ასევე - ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის, საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ნატოს რეაგირების ძალების საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდას და მასში მონაწილე დანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობის გაღრმავებას.

როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, იან კელი აღნიშნავს,  „ღირსეული პარტნიორი 2017 „წელს მნიშვნელოვანია იმითაც, რომ იგი იწყება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე.

თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე მიიჩნევს, რომ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი „ღირსეული პარტნიორი 2017“-ის მონაწილეებსაც შეხვდება, მისი ვიზიტი კი არის საქართველოსადმი მტკიცე მხარდაჭერის გზავნილი.

როგორც იან კელი განმარტავს, „ღირსეული პარტნიორი“ წელს სწორედ მისი მრავალეროვნული ხასიათითაა მნიშვნელოვანი, ზოგადად კი ეს არის ღონისძიება, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდში დგომას აჩვენებს. ელჩი აქვე არნიშნავს, რომ სწავლება არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ არაა მიმართული.

„თქვენ ხედავთ ქვეყნებს, რომლებიც აქაა წარმოდგენილი. ასე რომ, ეს სულაც არ არის რაიმე ტიპის აგრესიის სიგნალი, პირიქით, ეს არის მცდელობა დაეხმაროს საქართველოს გააძლიეროს თავისი სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა“,- აცხადებს ელჩი.

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წვრთნები და ქართველმა სამხედროებმა პარტნიორებთან თანამშრომლობით დაამტკიცეს თავისი თავდადება, პროფესიონალიზმი და დაიმსახურეს ღირსეული პარტნიორის წოდება.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა წვრთნებში ჩართული ქვეყნების რაოდენობაზეც და აღნიშნა, რომ მათი რაოდენობა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რაც „ღირსეული პარტნიორის“ მასშტაბურობასა და მაღალ პროფესიონალურ ხარისხზე მეტყველებს.

„2 800 სამხედრო მოსამსახურე 500-მდე ერთეული ტექნიკის მონაწილეობით ემსახურება იმ მიზანს, რომ რეგიონში დამკვიდრდეს სტაბილურობა, უსაფრთხოება. ის ემსახურება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების სიმყარესა და მდგრადობას, ასევე, პარტნიორთა შორის ბრძოლისუნარიანობის ამაღლებას, ურთიერთქმედებას და ნატო-ს სტანდარტების დამკვიდრების მიზნით თავსებადობას“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესაძლო პროვოკაციულ ქმედებებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით. ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარე გმობს რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილების მხრიდან ნებისმიერ აქტივობას საქართველოს ტერიტორიაზე.

მისივე თქმით, საქართველოსთან ერთად მსგავსი პოზიცია აქვს საერთაშორისო საზოგადოებას, რომელიც ღიად აფიქსირებს თავის კრიტიკულ პოზიციას რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით.

როგორც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, ეს სწავლება ჩვენი ჯარისთვის მეტი პროფესიონალიზმის, მეტი სიმტკიცის, მეტი საბრძოლო მზადყოფნის და სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი იქნება, ხოლო ჩვენი ქვეყნისთვის - ეს იქნება მეტი მშვიდობის, მეტი უსაფრთხოების და მეტი სტაბილურობის გარანტი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, საქართველოსთვის და მთლიანად რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია მსგავსი საერთაშორისო სწავლებები, რომლებიც, თანამშრომლობის გაღრმავებისა და შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაზრდასთან ერთად, კიდევ უფრო გვაახლოებს ნატოს სტანდარტებთან.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მისასალმებელია, რომ წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სწავლების მონაწილე ქვეყნების რაოდენობა და საქართველოსთან, აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად მასში ჩართული არიან გერმანია, თურქეთი, სლოვენია, უკრაინა და სომხეთი. ამასთან, გერმანია სამხედრო ტექნიკით წელს პირველად ჩაერთო სწავლებაში.

როგორც პრემიერი აცხადებს, სამხედრო სწავლება კიდევ უფრო გააძლიერებს მასში მონაწილე ნატოს წევრი თუ პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების თავსებადობას.

„ჩვენ ვაფასებთ იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ნატოს სხვა წევრი და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ყოველ წელს იზრდება. სწორედ ისინი გვიდგანან გვერდში დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და მხარს უჭერენ საქართველოს ძალისხმევას, ჩამოყალიბდეს სტაბილურ ქვეყნად თანამედროვე და კარგად გაწვრთნილი შეიარაღებული ძალებით, რომლებიც უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას ქვეყანაში“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა საქართველოს მიერ, სხვა დემოკრატიულ ქვეყნებთან ერთად, საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და მშვიდობის საქმეში შეტანილ ღირსეულ წვლილზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყველაზე დიდი არაწევრი კონტრიბუტორი სახელმწიფოა ავღანეთში, სადაც 870-კაციანი კონტინგენტით არის წარმოდგენილი. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ჩვენმა სამხედროებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ საქართველო არის სანდო და ღირსეული პარტნიორი, რომლის ნდობაც ნებისმიერი გამოწვევის დროს შეიძლება.

სწავლებაში პირველად, ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორი „სტრაიკერი“ და გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი „ბოქსერი“ ჩაერთვებიან. წვრთნაში წარმოდგენილი იქნება ასევე საქართველოს შეიარაღებაში არსებული ტ-72 ტიპის ტანკი, ქსმ-2, საარტილერიო დანადგარი დანა და ჯავშანტრანსპორტიორი „დიდგორი.“ ასევე ამერიკული ტანკები „აბრამსები“, ქვეითთა საბრძოლო მანქანები „ბრედლი“ და“სტრაიკერი“ და ასევე C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი.