აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია. მაიკ პენსის ვიზიტისას ერთ-ერთი საკითხი, რისი განხილვაც მოხდება, საქართველოსთვის თავდაცვითი შეიარაღების მიწოდების საკითხი იქნება. საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ საქართველოს თავდაცვითი მზაობის ამაღლების სამწლიანი პროგრამის ფარგლებში ნავარაუდევია წვრთნა და შეიარაღებული ძალების განმტკიცება.
„თავდაცვისა და უსაფრთხოების მემორანდუმის თანახმად, რომლის ფარგლებში საქართველოს თავდაცვითი მზაობის სამწლიანი პროგრამა დაიწყება, ნავარაუდევია წვრთნა, საქართველოს შეიარაღებული ძალების განმტკიცება, მათ შორის როგორც მოგეხსენებათ, უკვე შედგა შეთანხმება, მაგალითად, ყუმბართმტყორცნების შესყიდვასთან დაკავშირებით. ეს არის ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც პრიორიტეტულად მივიჩნევთ ჩვენც და ამერიკული მხარეც“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის და აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს საფრთხე თავიდან აიცილოს. მისი თქმით, ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს ნატო-ს წესდების მე-5 მუხლს, რომლის თანახმად, ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ყველაზე თავდასხმაა.
„ჩვენ შევასრულებთ აღებულ ვალდებულებებს, უზრუნველვყოფთ მოკავშირეების კოლექტიურ თავდაცვას. თავდასხმა ერთ წევრ ქვეყანაზე არის თავდასხმა ყველაზე. ნატო-ს ორი მთავარი პრინციპი აქვს, რაც ასახულია მესამე და მეხუთე მუხლებში. მესამე მუხლი ფინანსური ვალდებულებების თანაბრად გადანაწილებას გულისხმობს.
ეს პრინციპი ბევრმა წევრმა დაივიწყა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი მოკავშირეების დადებული პირობის შესრულებას ელოდება. ბევრისთვის ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტის გასაკეთებლად დრო უკვე დადგა. ნატო-ს კარი ღია იყო და ღია კარის პოლიტიკა უნდა შენარჩუნდეს.
ჩვენს მტრებს სურთ ჩვენი დაყოფა, რათა დაგვამარცხონ, მაგრამ ჩვენმა ალიანსმა უფრო დიდ საფრთხეებს გაუძლო და გამარჯვებული გამოვიდა. ახლა ნატოში ერთიანობის დროა. მე ვიცი, რომ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ალიანსი გაძლიერდება და ჩვენი მოსახლეობა უფრო დაცულად იგრძნობს თავს“, - აცხადებს მაიკ პენსი.
საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, მაიკ პენსის ვიზიტი ნიშნავს, რომ საქართველო აშშ-ის მხრიდან აღიქმება, როგორც მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი.
„ამაზე მეტყველებს ის გზავნილი, რომელიც გაჟღერდა ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო და მონტენეგრო არიან ამერიკის მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში და ამერიკა არის და დარჩება ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
ექსპეტრების შეფასებით, ამერიკა არის საქართველოს სტრატეგიული მოკავშირე. შესაბამისად, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მხარადაჭერაა. ექსპერტები ამბობენ, რომ აშშ-ი მხარს უჭერს აღმოშავლეთ ევროპისქვეყნების თავისუფლებას და ტერიტორულ მთლიანობას, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინა პირობა იმისა, რომ ამერიკასთან გაღრმავდეს თანამშრომლობა, განსაკუთრებით უსაფრთხოების განმტკიცების სფეროში.
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეამბობს, რომ საქართველო არ არის ამერიკის მოკავშირე ქვეყანა, ჩვენ ვართ პარტნიორები. შესაბამისად,საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან დიდი განსხვავევბაა პარტნიორსა და მოკავშირეს შორის.
„საქართველოს დღეს არც ერთი მოკავშირე არ ჰყავს. არ გვყავს მოკავშირე, რომელიც ჩვენი გულისათვის იომებს, დაგვიცავს. ამერიკელები დაცვას ეძახიან იმას, თუ პენსი გამოვა და იტყვის, რომ მე ვაღიარებ საქართველოს საზღვრებს, არ შეიძლება მავთულხლართები და ხალხის გატაცება. მოდით იმ გლეხებს, რომლებიც სასაზღვრო ზოლთან ცხოვრობენ, რომელთა დამუშავებული მიწები საზღვრის იქით დარჩა, იმათ აუხსენით რა განსხვავებაა მოკავშირესა და პარტნიორს შორის.
პენსი ჩავიდეს და უთხრას მათ, რომ ნუ გეშინიათ, მე აქ ვარ, თქვენ გადახვალთ და აიღებთ თქვენს მოსავალს. დღეის მდგომარეობით გვაქვს ასეთი სურათი - რუსეთს ჯარი შემოჰყავს ჩვენი საზღვრების ახლო ტერიტორიებში. 5 ათასი ჯარისკაცი მძიმე ტექნიკით უკვე შემოვიდა. ეს არის პასუხი, როგორც პენსის ვიზიტზე, ასევე „ღირსეული პარტნიორი 2017“-ზე. ამ პარტნიორობას არ მოჰყვება ის ეფექტი, რომელიც ჩვენ მშვიდი ძილის საშუალებას მოგვცემს“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ ახლა მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ სრულიად ღია აგრესია, რომელსაც რუსეთი გეგმავს. მისი თქმით, ის, რომ საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვანი საკითხია აშშ-სთვის და გამორჩევით სწორედ ამ ქვეყნებს აფიქსირებს, როგორც პარტნიორს და მათთვის მნიშვნელოვან ქვეყნებს, ეს მეტ-ნაკლებად იძლევა დამშვიდების საშუალებას.
„ელდა ეცემოდა ამხანაგ პუტის, როცა დაინახავდა რა სახის სამხედრო ტექნიკა იქნა შემოყვანილი საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვით. ჩვენ ახლა უფრო მეტად უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ თავიდან ავირიდოთ სრულიად ღია აგრესია, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, გეგმავს პუტინის გარემოცვა.
ვნახოთ, რა სახის სიმშვიდით დამთავრდება „ღირსეული პარტნიორი 2017“. ხელისუფლებას აღარ აქვს უკან დაწევის სივრცე. მან მყისიერად უნდა გამოიყენოს დარჩენილი დრო იმისათვის, რომ გააერთიანოს ჩვენი ერი ერთი და იგივე ფასეულობის ირგვლივ. ჩემი აზრით ამ ფასეულობას უნდა ერქვას - ევროპული საქართველო ევროპულ ოჯახში. თუ არ იქნა სიმშვიდე სახლში, გარედან სიმშვიდეს არავინ გიბოძებს“, - ამბობს სოსო ცისკარიშვილი.
თსუ-ს ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ვასილ კაჭარავა ამბობს, რომ ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პარტნიორი, თანამოაზრე და თანამებრძოლია, საქართველოში მისი ვიზიტი მნიშვნელოვანი მესიჯი და მხარდაჭერაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უსაფრთხოების მიმართულებით.
„მოგეხსენებათ, რომ ძალიან მკაცრი სანქციები გამოიყენა შეერთებულმა შტატებმა რუსეთის მისამართით. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ასეთ ძლიერ მოკავშირესთან ერთად ჩვენ შეიძლება უფრო კარგად და ნაყოფიერად წარვმართოთ დიალოგი, ჩვენს ძალიან აგრესიულ მეზობელთან და ქვეყნის უსაფრთხოება გავაძლიეროთ“, - ამბობს ვასილ კაჭარავა.