აშშ-ის ღია მხარდაჭერა - რამდენიმე საათში საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტი იწყება

აშშ-ის ღია მხარდაჭერა - რამდენიმე საათში საქართველოში მაიკ პენსის ვიზიტი იწყება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად საქართველოს ეწვევა. ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 19:00 საათზე გაიმართება. ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლეს და დელეგაციის წევრებს გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

1 აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. 15:15 საათზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ მონაწილე სამხედროებს შეხვდება. მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება. ვიცე-პრეზიდენტი თბილისს 16:00 საათზე დატოვებს.

ოფიციალური თბილისი მაიკ პენსის საქართველოში ვიზიტს მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენას უწოდებს და იმის ღიად დადსტურებას, რომ საქართველო აშშ-ისთვის არის მტკიცე მოკავშირე და სტრატეგიული პარტნიორი. ამაზე მეტყველებს ის გზავნილი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან გაჟღერდა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები, საქართველო და მონტენეგრო არიან ამერიკის მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში და ამერიკა არის და დარჩება ამ ქვეყნების გვერდით თავისუფლების დასაცავად.

Foxnews-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან მიმართებაში მისი გზავნილი იქნება ერთი - თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში და დავრჩებით თქვენთან თავისუფლების დასაცავად.

„ამერიკა, უპირველეს ყოვლისა, არ ნიშნავს მხოლოდ ამერიკას, ამიტომ ჩემი გზავნილი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის, საქართველოსა და მონტენეგროსთვის ერთი იქნება - თქვენ ხართ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენ ვართ თქვენთან და დავრჩებით თქვენთან თავისუფლების დასაცავად“, - აღნიშნა მაიკ პენსმა.

ჟურნალისტმა მაიკ პენსს ჰკითხა, ელოდება თუ არა ის, რომ ტრამპი მისი აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის დროს ხელს მოაწერს სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და თუ ასეა, მაშინ როგორ შეუწყობს ეს ხელს ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილს, რომ დაიცვას ეს ქვეყნები რუსეთის აგრესიისგან.

„პრეზიდენტმა საკმაოდ ნათლად თქვა, რომ რუსეთის მიერ დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები უკრაინაში მიუღებელია. პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ ის ძალიან მალე მოაწერს ხელს სანქციებს. მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ველოდებით რუსეთის ქცევის შეცვლას.

პრეზიდენტიც და მეც ვრჩებით იმედიანად განწყობილნი, რომ შეიცვლება რუსეთის ქცევა უკრაინასთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში. და თუ ეს ასე მოხდება, ჩვენი ურთიერთობებიც უკეთესობისკენ შეიცვლება, გაუმჯობესდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ, მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ამ რეგიონში და მსოფლიოში“, - განაცხადა მაიკ პენსმა.

პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ნიშნავს მხარდაჭერას.

„ეს არის ამერიკის მხრიდან გადმოდგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განმტკიცებისაკენ. დარწმუნებული ვარ, სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი“ ნაყოფიერად ჩაივლის და ახალ ეტაპზე გადაიყვანს მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ამ გამოცდილებას მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცებას მოახმარენ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს ელჩი აშშ-ში დავით ბაქრაძე თვლის, რომ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტი შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციისა და ქართული მხარის კიდევ უფრო დაახლოებას გამოიწვევს. ბაქრაძის თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან ექვს თვეში, ეს უკვე მესამე შეხვედრაა და ფიქრობს, რომ ეს ვიზიტი ახალ ფაზაზე გადაიყვანს ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობას.

დავით, ბაქრაძის თქმით, ოკუპაცია არის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი, რომელსაც ქართული მხარე მაიკლ პენსთან შეხვედრაზე დააყენებს. ასევე განიხილება უსაფრთხოებისა და თავდაცვის, სავაჭრო და ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხები.

„ამ კონკრეტულ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ასევე ისიც, რომ ეს ხორციელდება ახალი ადმინისტრაციის მუშაობის დაწყებიდან ექვს თვეში. საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე მესამედ ჰქონდა შეხვედრა ახალი ადმინისტრაციის პირობებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის გზავნილი და მხარდაჭერა, რომელსაც ველოდებით შტატების მხრიდან, ეს ურთიერთობა კიდევ ახალ საფეხურზე გადადის. რაც შეეხება საქართველოს ტეროტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ორმხრივ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, ეს იქნება მთავარი თემები ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრის დროს“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოფო ქაცარავას შეფსაებით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი საქართველოში არის მკაფიო გზავნილი, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის რეგიონალურ მნიშვნელობას და აშშ-ს ხელისუფლების მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

„ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, ისევე როგორც აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის უაღრესად პოზიტიური დინამიკა, აშშ-ის ხელისუფლების მხრიდან ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები, ადასტურებს, რომ ვაშინგტონი რჩება საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორად, რომელიც მტკიცედ და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებს, საგარეო პოლიტიკურ კურსს, ქვეყნის სწრაფ განვითარებას და სტაბილურობას“, - აცხადებს სოფო ქაცარავა.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსის ვიზიტს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ანალიტიკოსები და იმედოვნებენ, რომ ქვეყნებს შორის ურთიერობა კიდევ უფრო მჭიდრო გახდება. ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ პენსის ვიზიტი დიდი პოლიტიკური მნიშვნელობის ნაბიჯია, ეს არის ღია მხარდაჭერა.

„დაიწყო ერთობლივი სამხედრო წვრთნები. ეს ყველაფერი რასაკვირველია დიდ მნიშვნელობას ატარებს ჩვენთვის. მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს შედეგი.  ჩაივლის ეს წვრთნები, პენსი დაბრუნდება ვაშინგტონში, მაგრამ ჩვენ რა დაგვრჩება? შეწყდება ეს მცოცავი აგრესია, აღარ გაიტაცებენ ადამიანებს ამ ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრიდან? შეიძლება ამის შემდეგ ცოტა შვებით ამოვისუნთქოთ ეს არის მნიშვნელოვანი“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

მისივე თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ პენსის ვიზტის და სამხედრო სწვალება „ღირსეული პარტნიორი 2017“-ს მყისიერად უპასუხა რუსეთმა და ოკუპირებულ რეგიონებში დაიწყო სამხედრო ძალის კონცენტრაცია. ექსპერტი ამბობს, რომ სამხედრო ძალის გამოყენებას არ აპირებს, მაგრამ მისი თქმით, ეს არის ძალის დემოსტრაცია.

„ჩვენ გვაქვს ერთი ასეთი გაკვეთილი. არა თუ ვიცე-პრეზიდეტი, არამედ თვითონ პრეზიდენტის ჩამოსვლამაც ვერ აგვაცილა  2008 წლის ომი და შემდგომი რუსეთის აგრესია. პოლიტიკაში მთავარი არის შედეგი და არა პროცესი. რა მოჰყვება ამ ვიზიტს ქვეყნისათვის. თუ მხარდაჭერის ასეთი საჯარო დემოსტრაციის შემდეგ შეწყდა მცოცავი ანექსია, მაშინ რასაკვირველია ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ პენსმა დადებითი როლი შეასრულა ჩვენი თავდაცვისუნარიანობის და უსაფრთხოების განმტკიცების ჭრილში. მაგრამ თუ ეს პროცესი ისევ გაგრძელდა და ინტენსიური ხასიათი მიიღო, მაშინ შეგვიძლია უკუეფექტზე ვილაპარაკოთ. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ რა მოჰყვება ამ ვიზიტს შემდგომში“, - ამბობს სოსო ცინცაძე.