„ამ შემთხვევაშიც, ვინ არის უზრდელი, მაპატიეთ და - საკმაოდ სულელიც, ისევ დღესავით ნათელია“

„ამ შემთხვევაშიც, ვინ არის უზრდელი, მაპატიეთ და - საკმაოდ სულელიც, ისევ დღესავით ნათელია“

საპარლამენტო უმრავლესობა გიორგი მარგველაშვილს მოუწოდებს, მიიღოს ზომები, რათა შეწყდეს პრეზიდენტის წარმომადგენელთა მხრიდან პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა. უმრავლესობა ამბობს, რომ 26 ივლისს, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე და სესიის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უხეშად დაარღვია ეთიკის და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმები.

აქვე, უმრავლესობისთვის მიუღებელია პრეზიდენტის რეაქცია, რომელმაც პარლამენტის შეურაცხყოფაზე არათუ ადეკვატური რეაგირება მოახდინა, არამედ პირიქით, სესიის მეორე დღეს ანა დოლიძის დაცვა სცადა. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები არღვევენ პარლამენტთან ურთიერთობის ნორმებს, თუმცა როგორც ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, კინკლაობის რეჟიმი გაგრძელდება მანამ, სანამ გიორგი მარგველაშვილი იქნება პრეზიდენტი.

for.ge დავით ზარდიაშვილს ესაუბრა.

„პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი, ის არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“ - ასეთი შეფასება მისცა ირაკლი კობახიძის შენიშვნას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა. რა შეიძლება, ან როგორ შეიძლება შეფასდეს ანა დოლიძის ასეთი არაკორექტულობა?

დავით ზარდიაშვილი: უბრალოდ ანა დოლიძე გამოვიდა მწყობრიდან. იმედია, დაუბრუნდება თავის მწყობრს და სახეს არ დაკარგავს. რასაკვირველია, მისი განცხადება გასულია ყველანაირი ეთიკის ჩარჩოებიდან. ირაკლი კობახიძემ რაც უთხრა პარლამენტის სხდომაზე, ეს მისი არა თუ უფლება, არამედ, როგორც სხდომის თავმჯდომარის პირდაპირი მოვალება იყო. ვეტოს საკითხი განიხილებოდა და ამ დროს ანა დოლიძემ ერთმანეთისგან ვერ განასხვავა პოლიტიკური და სამართლებრივი არგუმენტაცია. საჯარო მოსამსახურის ეთიკა ზღუდავს მის თავისუფლებას, რომ ამა თუ იმ საკითხის პოლიტიკური ავკარგიანობა გაარჩიოს და, მით უმეტეს, ჭკუა ასწავლოს.

პარლამენტის თავმჯდომარის შენიშვა სამართლიანი იყო?

- უდავოდ! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ანა დოლიძე გახლავთ საჯარო მოხელე, პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადით ინიშნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არის პოლიტიკური მანდატის მფლობელი და მას შეუძლია ხალხის სახელით პოლიტიკური განცხადებების გაკეთება.  მით უმეტეს პარლამენტის ტრიბუნიდან და საერთოდ, ნებისმიერ საჯარო ფორმატში. არა, ბატონო!

რა თქმა უნდა, მას უნდა ჰქონდეს პოლიტიკური შეხედულება, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მაგრამ კანონი საჯარო სამსახურის შესახებ მას აფრთხილებს, რომ უნდა დაიცვას პოლიტიკური ლოიალურობა და უნდა იყოს პოლიტიკურად მიუკერძოებელი. მისი ყველა მსჯელობა უნდა იყოს დაცლილი პოლიტიკური სპეკულაციებისგან. არ შეიძლება უმთავრეს პოლიტიკურ ორგანოს ჭკუა ასწავლოს.

როგორც კი მისი გამოსვლა პარლამენტში ძალიან მაღალ პათეტიურ ტონალობას დაემსგავსა, კობახიძემ გააფრთხილა, რომ პოლიტიკურ დებატებს ნუ გავმართავთო. იმიტომ, რომ ეს სულად შეუთავსებელია ანა დოლიძის სტატუსთან. მას შეუძლია მოიყვანოს მხოლოდ საქმიანი, პროფესიულად ჩამოყალიბებული სამართლიანი არგუმენტი ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.

როგორ ხსნით იმ ფაქტს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია სცილდება კორექტულობის ფორმას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში და ყველა შემთხვევაში კრიტიკის ობიექტი არის კობახიძე?

- კობახიძე არის საკმაოდ თანმიმდევრული და საკამოდ ხისტიც. სწორად იქცევა, როდესაც არ უშვებს, რომ პარლამენტი, უმთავრესი პოლიტიკური ორგანო გადაიქცეს ისე, როგორც ეს დავით უსუფაშვილის შემთხვევაში იყო - კოჭი გაუგოროს ასეთ დაწესებულებას. ეს შეუძლებელია, წარმოუდგენელია. არსებობს საკითხების გადაწყვეტილების მწყობრი ლოგიკა, როგორც დისკუსიების და პოლიტიკური დებატების ლოგიკა, ასევე არსებობს სამართლებრივი არგუმენტის ლოგიკა. ეს ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს და როცა პარლამენტის თავმჯდომარე ამას აკეთებს, ცდილობს, რომ ახალი თამაშის წესები შემოიტანოს პოლიტიკაში, ვიღაცას ეჩვენება, რომ ზედმეტად ხისტია. არა, პირიქით, ვინც იცნობს დაადასტურებს, რომ ძალიან ლიბერალური შეხედულების ახალგაზრდაა.

არ არის ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“?

- ქალბატონმა ანამ თავს უფლება მისცა და ამ სრულიად სამართლიანი შენიშვნისათვის პარლამენტის თავმჯდომარეს უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი და „შარიკოვი“ ეძახა. ვინც ირაკლი კობახიძეს ოდნავ მაინც იცნობს, ცხადია, გაეღიმება ქალბატონ ანასეულიზმებზე. ამ შემთხვევაშიც - ვინ არის უზრდელი, მაპატიეთ და - საკმაოდ სულელიც, ისევ დღესავით ნათელია.

ყოველგვარ ზღვარს გადასულია ანა დოლიძის ეს განცხადება. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელსაც ყოველდღიური ურთიერთობა აქვს პარლამენტთან და თუ ასე ფიქრობს, მაშინ მან უნდა დატოვოს თანამდებობა. რადგან, შეუძლებელია ურთიერთობა ამ ორ სუბიექტს შორის.თავიდან ბოლომე ეს ყველაფერი არის გამოწვეული იმ პოლიტიკური ანგაჟირებით, რის სათავეში დგას საქართველოს პრეზიდენტი.

როგორ ფიქრობთ, არგუმენტები, რატომაც გამოიყენა პრეზიდენტმა ვეტო და რომელზეც საუბრობდა ანა დოლიძე, არ იყო ეს შენიშვნები არგუმენტირებული?

- არა. ანა დოლიძე ვერ ისაუბრებდა სამართლებრივ და საქმიან არგუმენტაციაზე, იმიტომ, რომ უბრალოდ ასეთი არგუმენტაცია არ არსებობდა. პრეზიდენტის არგუმენტირებული შენიშვნები რომ ნახოთ, თავიდან ბოლომდე არის პოლიტიკური დემაგოგია. ერთი არგუმენტიც არ არის, რომელიც შეიძლება საქმის ვითარებიდან გამომდინარეობდეს. ნულოვანი არგუმენტაციაა.

ამის ფონზე ანა დოლიძემ პათეტიურ ტონზე დაიწყო პოლიტიკური დებატების გამართვა, რაც არავითარ შემთხვევაში არ არის მისი საქმე. კანონი მას ავალდებულებს, რომ თავი უნდა შეიკავოსასეთი მსჯელობებისგან არა თუ პარლამენტის ტრიბუნაზე, საერთოდ საჯარო გამოსვლებისას. არ შეიძლება პოლიტიკურად მოტივირებული იყოს ადამიანი, რომელსაც უკავია ასეთი მაღალი საჯარო თანამდებობა. მან უნდა ისაუბროს მხოლოდ სამართლებრივი საქმის ენით.

მისი გამოსვლა იყო ამერიკული პოლიტიკური კულტურის მაჩვენებელი? განათლება მიღებული აქვს ამერიკაში, წლების განმავლობაში მუშობა აშშ-ი...

- მესმის, რომ ბაზა აქვს, მის განათლებაში ეჭვი არ შემაქვს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ არის ეს ამერიკული პოლიტიკური კულტურა. ეს არის წარმოუდგენელი რამ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის რომელიმე თანამდებობის პირმა, თავს მისცეს უფლება და სენატში გამოსვლისას, გნებავთ წარმომადგენლობით პალატაში და ჭკუის სწავლება დაუწყოს კონგრესმენებს, ან სენატორებს. მით უმეტეს შეურაცხოფა მიაყენოს. წარმუდგენელია, რომ პარლამენტის სპიკერს ასეთი სიტყვებით მიმართო. ძალიან ცუდია. იმიტომ, რომ  პოლიტიკურად ანგაჟირებულობა ძალიან ცუდი მრჩეველია ნებისმიერი საჯარო მოხელისთვის.

შეიძლება ითქვას, რომ წითელი ხაზი გადაიკვეთა პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის?

- რა თქმა უნდა. თავი და თავი, პრობლემის არსი, არის იმაში, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს თავისი ადგილი ვერ უპოვია ქართულ პოლიტიკაში. კობახიძესთან კონფლიქტი განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა, რაც პრეზიდენტი და პარლამენტი ვერ შეთანხმდნენ, თუ ვინ უნდა ყოფილიყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე. რასაკვირველია, პრეზიდენტს ჰქონდა სრულიად დაუსაბუთებელი ამბიცია, რომ ის ყოფილიყო თავმჯდომარე, ან თანათავმჯოდმარე მაინც. რაც მიუღებელი იყო.

იმიტომ, რომ დამფუძნებელი ხელისუფლება, ვისაც საკანონმდებლო მანდატი აქვს, უმაღლესი პოლიტიკურო ორგანო, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას და იღებს კონსტიტუციას, არის პარლამენტი. მარგველაშვილის სტატუსთან ინსტიტუციურად შეუთავსებელი იყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარებობა და ეს მან ვერ გაიგო. მას მერე არის ეს ვითარება. არსებითად არღვევს პრეზიდენტის ინსტიტუციურ წესრიგს.

აქვს ამბიცია, რომ ის არის უმთავრესი პოლიტიკური თანამდებობის პირი ქვეყანაში. არ არის ეს სწორი. ხელისუფლების დანაწილების პრინციპზე საუბრობდა ქალბატონი ანა და სწორედ მარგველაშვილმა დაარღვია ეს პრინციპი. მოითხოვა პრეროგატივები იქ, სადაც მას არავითარი უფლებები არ აქვს.

თითქმის ერთი წელია, რაც ჩვენ უყურებთ ძალიან არაჯანსაღ დამოკიდებულებას პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. რაში ხედავთ გამოსავალს?

- ამომრჩეველმა უნდა გააკეთოს არჩევანი. ეს არის გამოსავალი. კინკლაობის რეჟიმი გაგრძელდება მანამ, სანამ გიორგი მარგველაშვილი იქნება პრეზიდენტი. კინკლაობა იქნება, მაგრამ ამომრჩეველმა უნდა გაარჩიოს შავი და თეთრი.