თავხედები, უზრდელები და კომკავშირლები - პრეზიდენტი პარლამენტს ღიად უპირისპირდება

თავხედები, უზრდელები და კომკავშირლები - პრეზიდენტი პარლამენტს ღიად უპირისპირდება

ირაკლი კობახიძესა და ანა დოლიძეს შორის დაწყებული კამათი, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს გამოსვლა რამდენჯერმა შეაწყვეტინა, მიუთითა, რომ მისი მოსაზრებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მას, როგორც საჯარო მოხელეს, პარლამენტში ამ ფორმით დისკუსიის გამართვის უფლება არ ჰქონდა.

საპასუხოდ, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი და ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“. ანა დოლიძის ამ განცხადების შემდეგ უმრავლესობამ პრეზიდენტისგან შესაბამის განმარტება მოითხოვა. მმართველი გუნდის განმარტებით, წითელი ხაზის გადაკვეთა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნმა და ამ ხაზის გადაკვეთით შეურაცხყოფა მიაყენა არა პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, არამედ იმ ინსტიტუტს რასაც წარმოადგენს.

„ქართული ოცნების“ ანა დოლიძის მიერ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას ზღვარგადასულს უწოდებენ და თანამდებობისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. გარდა ამისა, უმრავლესობა საპარლამენტო მდივანთან მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობასაც ვეღარ ხედავს.საპარლამენტო უმრავლესიბისგან განსხვავებით, პრეზიდენტი არ თვლის, რომ მისმა საპარლამენტო მდივანმა წითელი ხაზი გადაკვეთა.

გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის მიმართ ტონს ამკაცრებს და საკანონმდევლო ორგანოს მოუწოდებს, დაუბრუნდეს კანონშემოქმედებით საქმიანობას, დეპუტატები კი, კონცენტრირდნენ ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე. მარგველაშვილმა სპეციალური განცხადებით უპასუხა მისი საპარლამენტო მდივნის საპარლამენტო გამოსვლის ირგვლივ შექმნილ ვითარებას.

პრეზიდენტი ამბობს, რომ ეამაყება ანა დოლიძისნაირ ადამიანებთან ერთად ემსახურება სახელმწიფოს და მასთან ერთად არის ქვეყნისა და ხალხის სამსახურში. პრეზიდენტი საპარლამენტო უმრავლესობას ახსენებს, რომ ანა დოლიძე არც ძველი კომკავშირელია, არც ახალი კომკავშირის მშენებელი, არც „ნაციონალური მოძრაობიდან“ პორტირებულია „ქართულ ოცნებაში“ და არც მედროვე.

„ბევრისაგან განსხვავებით, ქვეყანაში მძიმე ვითარების დროს, ანა არასოდეს გაჩუმებულა, არ შეშინებია პრინციპული პოზიციის დაფიქსირება. ხშირად მარტოც კი, მაშინ, როდესაც სულ რამდენიმე ადამიანი აპროტესტებდა გირგვლიანის მკვლელობას, როცა ვერავინ ბედავდა ხმის ამოღებას, ანა იცავდა უსამართლობის მსხვერპლ ოჯახებს. ალბათ, ამიტომაც გახდა ანა დოლიძე შეურაცხყოფის სამიზნე „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლისთვის. ალბათ, ამ პრინციპულობის გამო უშლიან მას ხელს კონსტიტუციური მოვალეობის შესრულებაში.

ალბათ, ამიტომ არის მიუღებელი არა მარტო საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად.

თავს მოვალედ მივიჩნევ, კიდევ ერთხელ შევახსენო საზოგადოებას, რომ სწორედ ანა დოლიძისნაირი უშიშარი, პრინციპული, პროფესიონალი და კვალიფიციური ადამიანები ქმნიან ქვეყნის მომავალს და არა ის პიროვნებები, რომლებიც ერგებიან ნებისმიერ მთავრობას, რთულ ვითარებებში კი, საკუთარი სიჩუმის გადაფარვას აგრესიით და თავდასხმებით ცდილობენ“, - ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის საგანგებო განცხადებაში.

განცხადებაში პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში უამრავი საჭირბოროტო საკითხია გადასაჭრელი, გამოგონილი დაპირისპირებების შექმნა, ხალხისთვის მნიშვნელოვანი დღის წესრიგიდან გაქცევა ახალი არ არის. პრეზიდენტის ამ განცხადებამდე, საპარლამენტო უმრავლესობამ სპეციალური განცხადებით მოუწოდა პრეზიდენტს, რომ შეწყდეს მისი წარმომადგენლების მხრიდან პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ  პრეზიდენტმა პარლამენტის შეურაცხყოფაზე არათუ ადეკვატური რეაგირება მოახდინა, არამედ თავისი წარმომადგენლის დაცვა სცადა. როგორც დეპუტატი აცხადებს, პრეზიდენტის და მისი წარმომადგენლების თავხედობა გამოწვეულია ორი მიზეზით - პირველი, ეს არის პრეზიდენტ მარგველაშვილის პიროვნული გაღიზიანება და მეორე - კონსტიტუციისა და კონსტიტუციური ორგანოების დისკრედიტაციის სურვილი.

„პირველ შემთხვევაში გაღიზიანება გამოწვეულია მათივე არაკომპეტენტურობით. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ვერ გაბედა პირდაპირ ეთერში დამჯდარიყო ირაკლი კობახიძესთან ერთად კონსტიტუციაზე სასაუბროდ. ასევე, ბოლო ვეტოებთან დაკავშირებით ის გააღიზიანა ირაკლი კობახიძის ამომწურავმა არგუმენტებმა, რასაც ვერაფერი დაუპირისპირეს და საპასუხოდ მხოლოდ ლანძღვის ნიაღვარი ვნახეთ“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

რაც შეეხება მეორე მიზეზს, დეპუტატის განცხადებით საზოგადოება კარგად ხედავს, რომ პრეზიდენტი ენერგიას არ იშურებს, „ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად მწვავე დარტყმები მიაყენოს საქართველოს კონსტიტუციას და პარლამენტს.

„მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს ისტორიული კონსტიტუციური რეფორმა და მისი თანმდევი პოზიტიური პროცესები, რომელმაც ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის თვისობრივად სხვა ქვეყანაში ცხოვრება უნდა უზრუნველყოს. როდესაც მსგავს პროცესებს, არგუმენტების ნაცვლად, ულტიმატუმებს, შეთქმულების თეორიებს და ლანძღა-გინებას უპირისპირებენ, ეს ყველაფერი მხოლოდ წარმატებაზე მიუთითებს“, -აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

პრეზიდენტის განცხადების შინაარსი მიუღებელია და შეფასებებში არ ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერი, დავით მათიკაშვილი, რომლის შეფასებით, პრეზიდენტს შეუძლია, თავს უფლება მისცეს, რომ უზრდელობის ავტორს ხელი დააფაროს:

„სამწუხაროა, რომ ამ პოლიტიკურ სარბიელზე, რომელსაც პრეზიდენტი მომავლისთვის იმზადებს, ის ვერ ხედავს ურთიერთობის რეალურ პრობლემას და შეუძლია თავის თავს მისცეს უფლება, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან დაპირისპირებაში უზრდელობისა და არაეთიკური გამონათქვამების ავტორს ხელი დააფაროს“