კახიშვილის სამინისტროში გამოძიება დაიწყო

კახიშვილის სამინისტროში გამოძიება დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში, უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო გაფლანგვის ფაქტზე საქართველოს პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

საქართველოს მთავარი პროკურატურის ცნობით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიასაშუალებებით გავრცელებული განცხადებები.

2017 წლის 10 ივლისს გავრცელდა მოქალაქე გიორგი ბაჯელიძის განცხადება, რომელშიც ის მიუთითებდა, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, სამ შემთხვევაში - შპს „ბეიქერთან“, შპს „ნილთან“ და შპს „ქალი და ბიზნესთან“ ხელშეკრულებების გაფორმება მოხდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონით დადგენილი წესების დარღვევით და სამინისტროს ცალკეული თანამდებობის პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა კორუფციული გარიგების ფაქტს.

პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულის საპასუხოდ სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის, კახა კახიშვილის მიერ გაკეთდა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბაჯელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა რეალობას, სამინისტროს შპს „ნილთან“ არანაირი ხელშეკრულება არ ჰქონდა გაფორმებული და ხსენებული კომპანია არ ახდენდა პატიმრებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდებას, ხოლო დანარჩენ ორ კომპანიასთან ხელშეკრულებები გაფორმებული იყო კანონმდებლობის სრული დაცვით.

კახა კახიშვილმა აღნიშნულ განცხადებაში სამართალდამცავ ორგანოებს ფაქტით დაინტერესებისა და გამოძიების დაწყების თხოვნით მიმართა.

როგორც კახიშვილმა განმარტა, რაც მოხდა ტენდერების შემთხვევაში, არის ევროკავშირის რეკომენდაციები სასჯელაღსრულების უწყებისთვის, რათა მოხდეს ბიზნესის ინტერესების დაცვა, რომ სამინისტროში რაც შეიძლება მეტი საწარმო გაიხსნას და პატიმრები დასაქმდნენ.

კახიშვილის განმარტებით, ზუსტად ამ მიზნით გამოცხადდა ღია კონკურესები და არა დახურული, როგორც ამ განცხადების ზოგ-ზოგიერთი ავტორი იყო მიჩვეული თავის დროზე, როდესაც შესყიდვებში მუშაობდა და წინადადებებს კონვერტებით უგზავნიდა.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული იყო წინადადებები კონკურესთან დაკავშირებით. ყველა ის კომპანია, რომელიც შემოვიდა, იხდის გადასახადებს ჩვენს დაწესებულებებში მიწით სარგებლობისთვის, ვალდებულებებში აქვს ინვესტიციების ჩადება, მაგალითად, ერთ-ერთ კომპანიას ჩადებული აქვს 300 000 ლარი და ასევე პატიმრების დასაქმება“, - განაცხადა კახიშვილმა.

მინისტრის განმარტებით, საუბარი იყო ასევე იმაზე, რომ სასჯელღასრულების სამინისტროში კვებას კომპანია „ნილი“ უზრუნველყოფს, რომელსაც „ქართულ ოცნებაში“ 120 000 ლარი აქვს გადარიცხული, რაც კახიშვილის განმარტებით, სრული დეზინფორმაციაა.

„კომპანია „ნილს“ ერთი დღეც არ ჰქონია სასჯელასღსრულების სამინისტროში კვების ტენდერთან შეხება. კომპანია „ნილი“ 30 დეკემბერს ტენდერში მონაწილეობდა, მაგრამ მან ტენდერი წააგო და ამის შემდეგ აღნიშნულ კომპნიასთან სამინისტროს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია“, – განაცხადა კახიშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ერთი საკითხი ეხებოდა ორგანზიაციას „ქალი და ბიზნესი“, თითქოს აღნიშნული ორგანიზაცია დაახლოებულია სამინისტროსთან და უწყება მისგან ბალიშებსა და ლეიბებს გამარტივებული წესით ყიდულობს.

როგორც კახიშვილმა განმარტა, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ევროკავშირის გრანტით შეიძინა სპეციალური ხელსაწყოები და ქალთა დაწესებულებაში შექმნეს სამკერვალო ფაბრიკა, სადაც ქალბატონებს კერვა ასწავლეს და ისინი ევროკავშირის გრანტით ფინანსებოდნენ. მას შემდეგ, როდესაც გრანტის ვადა გავიდა, ეს საწარმო ადგილზე დარჩა. ბუნებრივია, მათ გამოთქვეს სურვილი, რომ მონაწილეობა მიეღოთ ციხის ტენდერებში.

„სამინისტროს გვაქვს მთავრობისგან ნებართვა, რომ პირდაპირი წესით შევისყიდოთ ციხეში დამზადებული პროდუქცია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ფასი საბითუმოს არ აღემატება, თუმცა, ასევე იყო შემთხვევები, როცა ჩვენ მათგან ვერ შევისყიდეთ პროდუქცია, ვინაიდან მათი ფასი იყო უფრო მაღალი“, - განაცხადა კახიშვილმა.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქმეზეა ქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები და მიღებული შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას. როგორც ცნობილია, კახიშვილის სამინისტრო ბაჯელიძისათვის სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ითხოვს.