საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, ადამიანს, რომელიც ორჯერ იყო ქვეყნის პრეზიდენტი, უნდა ჰქონოდა საქართველოს მოქალაქეობა და უარი არ უნდა ეთქვა ქვეყანაზე, რომელმაც მას ორჯერ ანდო პირველი პირისა და მთავარსარდლის როლი.
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ კი, ამასობაში, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება გამოსცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მოქალაქეობის ჩამორთმევაზე კომისიის დასკვნის საფუძველზე იღებს.
ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული განკარგულება არ ექვემდებარება გასაჯაროებას, ვინაიდან კონფიდენციალურ ინფორმაციასა და პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.
პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივრებს მიხეილ სააკაშვილი, რომლის განცხადებით, იბრძოლებს უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის და ამბობს, რომ ის დაბრუნდება. მისივე თქმით, სიცრუეა უკრაინული მხარის განცხადება, თითქოს საქართველომ უკრაინას მასთან დაკავშირებით ახალი მასალები გადასცა. სააკაშვილის განცხადებით, ორი დღის წინ პოროშენკომ შეცვალა იმ კომისიის შემადგენლობა, რომელსაც მისთვის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთმია და მისი მორჩილი კომისია დანიშნა.
„დევნილის სტატუსის მოპოვებას არ ვაპირებ. იბრძოლებს უკრაინაში დასაბრუნებლად. ჩემი გული უკრაინას ეკუთვნის, თქვენი ხელმოწერის მიუხედავად. პოროშენკო საქართველოში არ ჩასულა ორ ქვეყანას შორის კავშირების დასამყარებლად, არამედ ჩავიდა ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის შეთანხმებისთვის - შეთანხმებისთვის უკრაინელ პოროშენკოს და „გაზპრომის“ უმსხვილეს კერძო აქციონერს, რუსული პროექტის ქართველ ოლიგარქ ივანიშვილს შორის“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
პოროშენკოს გადაწყვეტილების უკან საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ხედავს „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტიაში აცხადებენ, ივანიშვილის რეჟიმი ახლა უკვე უკრაინელ ოლიგარქთან ერთად პუტინის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს.
ექს-პრეზიდენტის პარტია საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დევნის შეწყვეტას ითხოვს. როგორც პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ზაზა ბიბილაშვილმა განაცხადა, სააკაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ოთხი საქმე მიმდინარეობს და არც ერთ მათგანზე განაჩენი არ დამდგარა.
„ნებისმიერი კეთილსინდისიერი დამკვირვებლისთვის აშკარაა, რომ ოთხივე ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, სახელმწიფოებრივად სრულიად სამარცხვინო და რაც მთავარია, ამხელს ივანიშვილის ხელისუფლების რეალურ მიზნებს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქართველი ხალხის მიზნებთან და მისწრაფებებთან. მიხეილ სააკაშვილისა და პროდასავლური ოპოზიციის ბედი არის ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტი და არა ბიძინა ივანიშვილის ჯიბის პროკურატურისა და მეორე ოლიგართან კულუარული გარიგებით გადასაწყვეტი“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
სამართლებრივი პროცედურები სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის თაობაზე ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ქვეყანა იმოქმედებს ისე, როგორც ეს გათვალისწინებულია სისხლის სამართლის კოდექსში.
რაც შეეხება საქართველოს, ქართული მხარე არ აპირებს შეწყვიტოს სისხლის სამართლებრივი დევნა. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დარწმუნებულია, რომ სააკაშვილი თავის კუთვნილ სასჯელს ე.წ.მატროსოვზე მოიხდის.
„დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც მოხდა, იყო კანონიერი. რაც შეეხება ზოგადად სააკაშვილს და მის ამ პოლიტიკურ ფართხალს, ის მრავალი წელია აგონიაშია და ეს აგონია ღრმავდება. ღრმად მწამს, რომ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე პასუხს აგებს და მოიხდის თავის კუთვნილ სასჯელს ე.წ. „მატროსოვზე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
პოლიტოლოგ ანატოლი ოკტისიუკის ვერსიით, სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებული ისტორია უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროზე გავლენისთვის ბრძოლას უკავშირდება. პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ შემდეგი ვისაც მოქალაქეობას ჩამოართმევენ ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე გიზო უგულავა იქნა.
„ეს ადამიანი არასაჯარო პირია, ის ძალიან გავლენიანია. რაც ხდება - ეს იმ ჯაჭვის ერთი რგოლია, რომელიც პოროშენკოს მეორე საპრეზიდენტო ვადისთვის მზადებას ნიშნავს, რაც სამოქალაქო საზოგადოებასა და ოპოზიციაზე ზეწოლის გზით უნდა განახორციელოს“, - ამბობს უკრაინელი პოლიტოლოგი.
მეორე ვერსიის თანახმად, მოქალაქეობის ჩამორთმევა უკრაინის პოლიტიკური პროცესებიდან სააკაშვილის რეალურ გაძევებას ისახავს მიზნად. მან დევნილობაშიც რომ მოინდომოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, ასეთ შემთხვევაში მისი გავლენა მინიმუმამდე დაეცემა. იხელმძღვანელა თუ არა პოროშენკომ პოლიტიკური მოტივით, ეს ამ ეტაპზე რთული სათქმელია, თუმცა, ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია უკრაინის ხელისუფლება ინფორმირებული არ ყოფილიყო იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში სააკაშვილის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა იყო დაწყებული.
„პოლიტიკაში ხშირია, როდესაც მიზეზი და საფუძველი ერთმანეთს არ ემთხვევა. პოლიტიკოსი საბაბად მოიტანს ერთ რამეს და რეალური მიზეზი სხვა არის. საქართველოს გენერალურმა პროკურტურამ დიდი ხნით ადრე გაგზავნა მოთხოვნა სააკაშვილის გადმოცემაზე, მაგრამ უკრაინამ მაშინ უარი თქვა.
სავარაუდოა, რომ მაგ დროისთვის პოროშენკომ უკვე იცოდა, რომ სააკაშვილი ძებნილია, რამოდენიმე მუხლით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ არ შეიმჩნია ეს ფაქტი. ასე რომ, პოროშენკოს ეს ფრაზა არ ტოვებს იმ შთაბეჭდილებას, რომ იმ შემთხვევაში იგი გულახდილი იყო“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
რაც შეეხება სააკაშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას, საყვარელიძე ფიქრობს, რომ დიდი ალბათობით ექს-პრეზიდენტს თავშესაფარს ჰოლანდია მისცემს.
„ბუნებრივია, სახელისუფლებო სტურქტურა იმ პოზიციაზე უნდა დარჩეს, რა პოზიციაც ეკავა მას. რაც შეეხება სააკაშვილის მომავალს, მინიმუმ ჰოლანდიამ შეიძლება მისცეს თავშესაფარი. ალბათ წავა ჰოლანდიაში. მეუღლის ფაქტორის გამო უარს არ ეტყვის ჰოლანდია თავშესაფარის მიცემაზე. ამერიკასაც შეუძლია მიანიჭოს ლტოლვილის სტატუსი და შეიკედლოს, გააჩნია როგორი იქნება თვითონ ამერიკის პოლიტიკური წრეების პოზიცია“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
იურისტი ლევან ალაფიშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი მოქალაქეობასთან დაკავშირებით შექმნილ მდგომარეობას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს და ეს ყველაფერი დააზარალებს როგორც საქართველოს, ისე უკრაინას.
„მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკოსია და ბუნებრივია, ამ მდგომარეობას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. ამ პერიოდში ერთ-ერთ გამოსავალი შეიძლება იყოს გაერო-ს მფარველობის და შესაბამისი სტატუსის მოთხოვნა. გაერო-ს არაერთი პირისთვის მიუნიჭებია ეს სტატუსი“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა.