35% მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 10% - დადებითად - ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI)-ის კვლევის შედეგები, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის „UK aid“-ის ფინანსური ხელშეწყობითCRRC-საქართველომ ჩაატარა.კვლევის საველე სამუშაოები 18 ივნისი - 9 ივლისის პერიოდში ჩატარდა. კვლევა 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. კვლევის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,2%-ია.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა ქვეყნის განვითარების კურსთან, საცხოვრებელ პირობებთან, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებთან, ხელისუფლების საქმიანობასთან, საგარეო პოლიტიკასთან და მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული მიგნებები.
კითხვაზე, როგორ აფასებთ მთავრობის საქმიანობას, გამოკითხულთა 52% მთავრობის საქმიანობას საშუალოდ აფასებს, 1% - ძალიან კარგად, 9% - კარგად აფასებს. გამოკითხულთა 23% ცუდად აფასებს, ხოლო 12% - ძალიან ცუდად, 52%- საშუალოდ აფასებს მთავრობის საქმიანობას.
NDI-ს კვლევაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრებმა კონსტიტუციაში ცვლილებების განსახილველად საჯარო შეხვედრები გამართეს, თუცა ამის მიუხედავად გამოკითხულთა 89% საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებულ შეხვედრებს არ დასწრებია. 2% აცხადებს, რომ დაესწრო, 89% აცხადებს, რომ არ დასწრებია, ხოლო 9% აცხადებს, რომ არ იცის.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 60%-მა საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესის შესახებ არ იცოდა, მხოლოდ 32% აცხადებს, რომ იცოდა, 8% აცხადებს, რომ არ იცის. NDI-ის გამოკითხულთა იმ 32%-დან, რომლებსაც კომისიის მიერ კონსტიტუციის სამუშაო ვერსიის მიღების შესახებ სმენია, კითხვაზე, ფიქრობენ თუ არა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ საკმარისი ინფორმაცია აქვთ, 39% აცხადებს, რომ დიახ, 59% - არ აქვს საკმარისი ინფორმაცია, ხოლო 2%-მა - არ იცის.
NDI-ის გამოკითხულთა იმ 32%-დან, რომლებსაც პროცესის შესახებ სმენია, 47% მიიჩნევს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მოქალაქეების შეხედულებებს ნაწილობრივ ასახავს, 32% აცხადებს, რომ საერთოდ არ ასახავს, 6% ფიქრობს, რომ სრულად ასახავს, ხოლო 15%-მა - არ იცის.
გამოკითხულთა 59%-ისთვის მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვით, ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდება, 16%-ისთვის მისაღებია, 24%-მა არ იცის, ხოლო 1%-მა პასუხზე უარი განაცხადა. ამასთან, გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ცვლილებებს ქვეყანაში უარყოფითი გავლენა ექნება, 18% მიიჩნევს, რომ გავლენა საერთოდ არ ექნება, 11% აცხადებს, რომ დადებითი გავლენა ექნება, ხოლო 25%-მა არ იცის, თუ რა გავლენა ექნება ქვეყანაზე აღნიშნულ ცვლილებებს. ხოლოგამოკითხულთა 44%-ს შვიდი თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის ჩამორთმევის გადაწყვეტილების შესახებ არ სმენია, 52% კი აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ სმენია.
NDI-ის გამოკითხულთა 77%-სთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, 16%-სთვის კი მიუღებელია. რაც შეეხება ნატო-ს, ამ ნაწილში მხარდამჭერთა რიცხვი 66%-ს შეადგენს, ხოლო 23%-ისთვის მიუღებელია, საქართველო გახდეს ალიანსის წევრი.
გამოკითხულთა 49% ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს მისნაირ ხალხს, ხოლო 42% მოსაზრებას არ ეთანხმება. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ უვიზო მიმოსვლა სარგებელს მოუტანს მისნაირ ადამიანებს, აპრილთან შედარებით, 53%-დან 49%-მდე შემცირდა, ხოლო იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც მოსაზრებას არ ეთანხმებოდა 42%-დან 39%-მდე შემცირდა.
კვლევის თანახმად იკვეთება ტენდენცია, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შესახებ სმენია საქართველოს ქალაქების და სოფლების მოსახლეობის უმრავლესობას, ხოლო ეთნიკურ უმცირესობებში გამოკითხულთა 58% აცხადებს, რომ ამის შესახებ სმენია, ხოლო 37%-ს - არა.
ამავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში, რომელიც დაარსებულია რუსეთის ფედერაციის, ბელარუსის და ყაზახეთის მიერ. ხოლო გამოკითხულთა 62% კი ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც დაარსებულია დასავლეთ ევროპის ქვეყნების მიერ. გამოკითხულთა 8% არც ერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, ხოლო 6%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. აპრილში ჩატარებული კვლევის შედეგებთან შედარებით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი მცირედით შემცირდა, ხოლო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი მცირედით გაიზარდა.
NDI-ს კვლევის თანახმად, თანაბარია იმ მოქალაქეების რაოდენობა, ვინც თვლის, რომ საქართველო სწორი და არასწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი ან ძირითადად სწორი მიმართულებით ვითარდება. გამოკითხულთა 31% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ძირითადად არასწორი ან ნამდვილად არასწორი მომართულებით ვითარდება, ხოლო 35% მიიჩნევს, რომ არ იცვლება.
გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის მთავარ პრობლემად, კვლავ სამუშაო ადგილები რჩება. პრობლემების ჩამონათვალში, 2009 წლიდან უმუშევრობა ნომერ პირველ პრობლემად სახელდება, 2017 წელსაც იგივე პრობლემა აწუხებს მოსახლეობის 52%. კითხვაზე, რომელი საკითხებია თქვენთვის და თქვენი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პასუხები ასე გადანაწილდა - 52% სამუშაო ადგილები, 31% - სიღარიბე; 30% - ტერიტორიულ მთლიანობა. 28% ფასების ზრდასა და ინფლაციას ასახელებს, 25% - ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას, 22% - პენსიებს, 16% კი, ხელფასებს ასახელებს.
კითხვაზე, როგორ შეიცვლება თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში - მხოლოდ 1% აცხადებს, რომ ძალიან გაუმჯობესდება. 22% მიიჩნევს, რომ ნაწილობრივ გაუმჯობესდება, 51%-ისთვის ეკონომიკური მდგომარეობა იგივე დარჩება, 10%-თვის ნაწილობრივ გაუმჯობესდა, 2% კი აცხადებს, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა მომდევნო 12 თვის განმავლობაში ძალიან გაუარესდება. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 62% თავს დაუსაქმებლად, ხოლო 38% დასაქმებულად თვლის.
ასეთია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები. რაც შეეხევა კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, კვლევის შედეგები ხვალ გასაჯაროვდება. NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორის, ლარა თორტონის განცხადებით ნეგატიური დამოკიდებულება განსაკუთრებით დედაქალაქში შეიმჩნეოდა.
„მოსახლეობა ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების საქმიანობას საშუალოდ აფასებს. ნეგატიური შეფასებები ჭარბობს თბილისში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში არსებობს არაპროფესიონალიზმი, ნეპოტიზმისა და კორუფციის პრობლემები, ეს მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ. კანდიდატებმა მოსახლეობას პრობლემების მოგვარების კონკრეტული გზები უნდა შესთავაზონ, პარტიებმა კი თავიანთი კანდიდატები დიდი დაკვირვებით შეარჩიონ“, -განაცხადა ლარა თორტონმა.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ამ კვლევამ აჩვენა, ეს არის ხალხის დამოკიდებულება ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმისა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიმართ. როგორც ლარა თორტონმა აღნიშნა, ირკვევა, რომ ცვლილებების შესახებ ძალიან ცოტა ადამიანია ინფორმირებული, მათ კი, ვისაც სმენია საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ,ფიქრობენ, რომ ეს პროცესი არ ასახავს მოსახლეობის ნებას. მისი თქმით,ეს ნიშნავს, რომ ამ პროცესში სიჩქარე არასასურველია და უმჯობესია თუ იქნება მეტი საჯარო განხილვა და მოსახლეობის ჩართულობა.
NDI-ის კვლევას არ ენდობა მმართველი გუნდი, რადგან ყველა წინა კვლევები აცდენილი იყო რეალობას. შესაბამისად, უმრავლესობაში ამბობენ, რომ ამით შეიძლება გარკვეული კრიტიკული ტენდენციების დანახვა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ნებისმიერი კვლევა - სოციალური, სატელეფონო, პირადი ინტერვიუები, ერთი ადამიანის მოსაზრებაც საყურადღებოა ხელისუფლებისთვის. ბესელია აღნიშნული კვლევების დიდ ნაწილს არ ეთანხმება, თუმცა ამბობს, რომ არის საკითხები, რომელზეც მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება.
„თუ ვაკვირდებით ტენდენციებს, ჩვენ ვხედავთ რა არის გამოწვევები, სად გვაქვს მეტი ძალისხმევა მისამართი, რა არის ის, რაც უფრო მეტად უნდა იყოს ქვეყნისთვის პრიორიტეტული. რა თქმა უნდა, ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმები, მაგრამ არის საკითხები, რასაც ჩვენს მოქალაქეებთან უშუალო ურთიერთობით ვგრძნობთ რა არის მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
კვლევას ენდობა ოპოზიცია. „ევროპულ საქართველოში“ აღნიშნავენ, რომ მოქმედი ხელისუფლების მიმართ საზოგადოების უკმაყოფილება სიახლე არ არის. თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს პრობლემებიდან გამოსვლის კონკრეტული გზა შესთავაზონ.
„არაფერი სიახლე ამაში არ არის, რომ ადამიანები დღევანდელი მთავრობით უკმაყოფილოები არიან. ერთ-ერთი ციფრი არის მეტყველი - თბილისში სამჯერ მეტია უარესად, ვიდრე უკეთესად. მთავარი არის, ადამიანებს შევთავაზოთ გამოსავალი მწვავე პრობლემებთან დაკავშირებით, რაც არის უმუშევრობა, სიღარიბე, თბილისში - ჰაერის დაბინძურება, გადატვირთული მოძრაობა, პარკინგის პრობლემა.
ჩვენი, ოპოზიციის, ამოცანაა, არა დავტკბეთ იმით, რომ ხალხი უკმაყოფილოა მთავრობით, რაც ჩვეულებრივი მოცემულობაა, არამედ კონკრეტული გამოსავალი შევთავაზოთ ყველა ამ მიმართულებით. ჩვენი პროგრამა ეფუძნება სწორედ სამუშაოების შექმნას, სოციალური დახმარების და პენსიის ზრდას, პარკინგის, ტრანსპორტის განტვირთვას და ჰაერის დაბინძურების პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი აცხადებენ, რომ NDI-ის კვლევამ აჩვენა ქვეყანაში შემქნილი რეალური მდგომარება, რაც ადასტურებს, რომ საზოგადოება უიმედოდაა განწყობილი.თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, უმუშევრობის მაღალი დონე და მძიმე სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობა ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.
„ნამდვილად ასახავს ეს კვლევები რეალობას და ეს წლიდან წლამდე ყოველთვის ასეა ხოლმე, რადგან ის აჩვენებს იმ არსებულ პრობლემებს, რაც არის ჩვენს მოსახლეობაში. ეს არის უმუშევრობა, სოციალური პრობლემები, ლარის ინფლაცია და ის ყველა პრობლემა, რომელსაც ამდენი წელია ძალიან წარუმატებლად ებრძვის საქართველოს მთავრობა. უფრო სწორად, არც ებრძვის იმიტომ, რომ არ დგამს არანაირ ქმედით ნაბიჯს“, - ამბობსთინათინ ბოკუჩავა.