იტალიელმა კონსტიტუციონალისტმა ქართულ ოპოზიციას განაჩენი გამოუტანა. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წერილით მიმართავს, რომელშიც ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია გამოსავალს კვლავ ფართო კონსენსუსში ხედავს. ჯანი ბუკიკიო ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ვენეციის კომისია არავის მხარდამჭერი არ არის - არც ოპოზიციის და არც ხელისუფლების
„ძვირფასო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებო, გმადლობთ ახალი წერილისთვის. ვენეციის კომისიას კვლავ მიაჩნია, რომ გამოსავლის მიღწევა უნდა მოხდეს დიალოგის გზით, რომლის მიზანიც იქნება რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის მიღწევა. ამ კონსენსუსის მიღწევა უნდა მოხდეს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ის უნდა ეფუძნებოდეს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, კომისიის როლი არ არის დააწესოს კონკრეტული გადაწყვეტილება“, - ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს წერილში, რომელიც 25 ივლისით არის დათარიღებული.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს ერთობლივი მიმართვა ერთი კვირის წინ გაუგზავნეს. მიმართვაში ოპოზიციური პარტიები აღნიშნავენ, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ჩიხშია შესული და ხელისუფლების მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო მოლაპარაკებების დაწყება ვერ ხდება.
„გაცნობებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მიმდინარე პროცესი საქართველოში, უკვე მერამდენედ შედის ჩიხში. ოპოზიციური პარტიების მცდელობა, დაიწყოს მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო, კვლავ შეუძლებელი ხდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა, კიდევ ერთხელ, ღია წერილით მიმართეს ხელისუფლებას, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად.
პასუხად კი, 19 ივლისს, ხელისუფლების შიდა კონსულტაციების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს ოპოზიციასთან საუბარს, იმ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც წლის დასაწყისში, ოთხი თვის განმავლობაში განიხილა საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც გამოტანილი იყო საჯარო-სახალხო განხილვის ფორმატში და ბოლოს გადმოგზავნილი იყო ვენეციის კომისიისთვის.
ხელისუფლებამ, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, რომელმაც პოზიტიური შეფასება მისცა საქართველოს პარლამენტის, 150-ვე დეპუტატის პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევის ინიციატივას, ძირეულად შეცვალა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი და პარლამენტში, კვლავ შერეული საარჩევნო სისტემის ინიცირება მოახდინა, რომელიც დაჩქარებული წესით, სამ დღეში, ორი მოსმენით დაამტკიცა კიდეც.
მოგმართავთ თხოვნით, საქართველოს ხელისუფლების წინაშე, თქვენთვის დამახასიათებელი პრინციპულობით, კიდევ ერთხელ დააყენოთ საკითხი, ჩვენი ქვეყნის უმთავრესი კანონის მიღებისას, უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, კონსენსუსის აუცილებლობის შესახებ“, - ნათქვამია ერთობლივ მიმართვაში.
ვენეციის კომისიის წერილი, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები კონსენსუსის საფუძველზე უნდა იქნას განხორციელებული, უმრავლესობასა და ოპოზიციასშორის დაპირისპირების მიზეზი გახდა. მმართველ გუნდი ამბობს, რომ ოპოზიცია არ არის მზად, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსი იქნას მიღწეული. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ბუკიკოს განცხადება, რომ კონსენსუსი უნდა მიეღწიოს ორივე მხრიდან გადადგმული შესაბამისი ნაბიჯებით, ამით მან ოპოზიციას ცალსახად უთხრა, რომ არ შეიძლება ულტიმატუმების ენით საუბარი.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ცნობილი არის როგორც უმრავლესობისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის წერილში სწორედ იმ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული, რომელზეც ბუკიკიომ საქართველოში ვიზიტის დროს ისაუბრა.
„წერილში წერია ზუსტად ის, რაც საქართველოში ვიზიტის დროს ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ბრძანა. მან თქვა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არის ცნობილი როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვის. საკითხები, რომელიც დღის წესრიგში დგას, არის შეთანხმების საგანი პოლიტიკურ პარტიებს შორის“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განმარტებით, პოლიტიკური კინკლაობის სტრასბურგში თუ ვენეციაში გადატანა და ჯანი ბუკიკიოზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე მას ეკისრება, არ არის სწორი. ჩუგოშვილამბობს, რომ ვენეციის კომისიამ თავის ნაწილი საქმის გააკეთა.
„ვენეციის კომისიამ რეკომენდაციები, ექსპერტული მოსაზრებები მოგვცა და ამ პოლიტიკური კინკლაობის სტრასბურგსა თუ ვენეციაში გადატანა და ბატონ ბუკიკიოზე იმაზე მეტი პასუხისმგებლობის დაკისრება, ვიდრე მას ეკისრება, არ არის სწორი. ჩემი აზრით, ზუსტად ამას ნიშნავდა მისი წერილი“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ წევრიზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის წერილში, რომელიც მან ოპოზიციას გამოუგზავნა, არის მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსი შედგესდა ქართულმა ოცნებამ დაასრულოს ის სიჯიუტე, რასაც ადგილი აქვს კონსტიტუციის მიღებისას.
„როდესაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მხოლოდ თავის თავზე მოირგოს საქართველოს კონსტიტუცია, ჯანი ბუკიკიო ამბობს, რომ უნდა შედგეს ფართო კონსენსუსი და ეს ფართო კონსენსუსი გულისხმობს საარჩევნო სისტემაზე დიალოგის გამართვას და საარჩევნო სისტემის შეცვლას 2020 წლისთვის. ამას ვამბობთ ყველა ოპოზიციური პარტია და მათ შორისევროპული საქართველოც. ეს წერილი კიდევ ერთი მოწოდებაა, რომ საქართველოს ხელისუფლება წავიდეს დათმობაზე და თავი დაანებოს სიჯიუტეს“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ბუკიკიოს წერილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვენეციის კომისიას პოზიცია არ შეუცვლია და მისთვის მნიშვნელოვანია კონსენსუსი. დეპუტატი ამბობს, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტი მიუკერძოებელი არბიტრია, რომელსაც შეუძლია მხოლოდ რჩევები მისცეს პოლიტიკურ პარტიებს.
„კონსტიტუციას, რომელსაც კონსენსუსი არ აქვს და ერთი პარტიის მიერ არის მიღებული, ლეგიტიმაცია ვერ ექნება. ეს წერილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ვენეციის კომისიას არ შეუცვლია პოზიცია და მისთვის მნიშვნელოვანია კონსენსუსი. ჯანი ბუკიკიო არ არის მოთამაშე, ის მიუკერძოებელი არბიტრია, რომელსაც შეუძლია, მხოლოდ რჩევები მოგვცეს და დაგვანახოს, რომელი კონსტიტუციური მოდელია საქართველოსთვის უფრო სწორი.
მან ეს გააკეთა და ვენეციის კომისიამ შესაბამისი დასკვნა გამოაგზავნა, მაგრამ ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციური პროექტი ამის საწინააღმდეგოდ მიიღო. ოპოზიცია კონსოლიდირებული ვართ და ქართული ოცნება თავის თავთან მარტოა დარჩენილი“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.
„ჯანი ბუკიკიოს მიერ ოპოზიციური პარტიების მიმართ გაგზავნილი წერილი ჩვეულებრივი, სტანდარტული, დიპლომატიური განცხადებაა“, - აცხადებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ირმა ინაშვილი, რომლის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრის დრო დასრულდა და ყოველგვარი რესურსი ამოიწურა.
„შენ დაწერე, შენ წაიკითხე, შენ მოუსმინე, შენ დაუჭირე მხარი - ამას ქართული ოცნება აკეთებს, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებს თვითონ ისმენს, თვითონ იწონებს, თვითონ უჭერს მხარს და შემდეგ გეუბნება, რომ მოდი ვილაპარაკოთ. რამდენიმე თვის განმავლობაში კინკლაობა მიდის. ოპოზიცია მზადაა, დიალოგში მონაწილეობა მიიღოს იმ შემთხვევაში, თუ უმრავლესობა მზადაა იმისთვის, ამ დიალოგზე წამოვიდეს. საუბრის დრო დასრულდა და ყოველგვარი რესურსი ამოიწურა“, - ამბობს ირმა ინაშვილი.