მაფიოზური გარჩევები „პატრიოტთა ალიანსში“

მაფიოზური გარჩევები „პატრიოტთა ალიანსში“

სკანდალი, რომელსაც, სავარაუდოდ, გაგრძელება მოჰყვება, საკმაოდ დამაფიქრებელია და უჩვეულო, ამიტომ საზოგადოებისთვისაც აუცილებელია სიმართლის ცოდნა - ცილისწამება და ვიღაცის მიერ აგორებული და მართული პროცესი თუ პარლამენტში სისხლის სამართლის დამნაშავეები გვყავს? ამ ორი ვარიანტიდან რომელი უარესია ძნელი სათქმელია, თუმცა უმჯობესია დასკვნები სამართალდამცავი ორგანოების მიერ ჩატარებული გამოძიების შემდეგ გავაკეთოთ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი, ირაკლი ლატარია ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიას მოტყუებით გატაცებაში, ცემაში, მუქარასა და წამებაში ადანაშაულებს. ლატარიამ ჟურნალისტებს გასული წლის ოქტომბერში მომხდარი ფაქტის შესახებ უამბო. მისი მტკიცებით, 2016 წლის ოქტომბერში საკუთარი სახლიდან მოტყუებით წაიყვანეს კინოს სახლთან მდებარე „პატრიოტთა ალიანსის“ ოფისში.

კენკებაშვილმა, რომელიც, ლატარიას ინფორმაციით, პოლიციის აქტიური თანამშრომელი იყო, შინიდან გარეთ გასვლა სთხოვა - კენკებაშვილმა უთხრა, რომ ჰქონდა მისი პირადი მიმოწერები, სადაც მას დავით თარხან-მოურავის მიმართ გამოხატული ჰქონდა აგრესია; რაზეც ლატარიამ უპასუხა, რომ მსგავსი რამ არ გაუკეთებია.

„მან მითხრა, რომ ერთ-ერთმა მისმა თანამშრომელმა გაუგზავნა სქრინები, სადაც კონტექსტიდან ამოღებული ტექსტებია და სადაც აღიქმება, რომ შეგინებაა. მან მითხრა, რომ უნდა დამესრულებინა სიცოცხლე, აუცილებლად მომკლავდნენ ამის გამო, მათ წარსულში არაერთი ასეთი რაღაც ჩაუდენიათ და წამიყვანეს ოფისში“, - აღნიშნა ირაკლი ლატარიამ.

მისივე ინფორმაციით, იგი მიიყვანეს „პატრიოტთა ალიანსის“ ოფისში, სადაც მივიდა გიორგი ლომია. ლატარია იხსენებს, რომ „ოთახში გამზადებული იყო სკამი, სადაც ძალით დასვეს“. ლატარიას ინფორმაციით, გიორგი ლომიამ ოთახში არსებული კამერები და მონიტორი გაასწორა.

„გიორგი ლომია მომიახლოვდა და მითხრა, შენ დღეს აუცილებლად მოგკლავთ, იმიტომ რომ შენ ჩვენს მიმართ გაქვს აგრესია და შენ ჩვენ გვაგინებ და დაიწყეს ცემა“, - აღნიშნა ირაკლი ლატარიამ.

მისივე ინფორმაციით, კენკებაშვილმა იარაღი ამოიღო და კონდახით ცემდა, მისთვის უცნობმა პირმა ხელი გაუკავა, კიდევ ერთი პირი კი აგინებდა. ლატარიას ინფორმაციით, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ოფისში და აღნიშნულ ფაქტს ჰყავს თვითმხილველები დაცვის წევრებისა და დარაჯის სახით. მისივე ინფორმაციით, ნაცემს უფლება მისცეს, რომ საპირფარეშოში გასულიყო, რა დროსაც სმს მისწერა მეუღლეს.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ არ გაახმაურა აღნიშნული ფაქტი აქამდე, ლატარიას ინფორმაციით, იყო შიშის ფაქტორი, რადგან, მისი თქმით, ლომია ემუქრებოდა, რომ თუ მოინდომებდა, გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მოიტაცებდნენ მას, ასევე საუბარი იყო მისი მეუღლისთვის მანქანის დაჯახებაზე.

ირაკლი ლატარიამ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ სამართლებრივი კონსულტაცია გაიარა. ის მთავარ პროკურატურაში ლომიასა და კენკებაშვილის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს.

,,პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერი, გიორგი ლომია აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს, ის ამბობს, რომ  დღეს ყველა დაკავებულია სხვის ხარჯზე პიარის კეთებით.

„ჩვენ შევიტანთ სარჩელს სასამართლოში ცილისწამებისთვის“, - აცხადებს გიორგი ლომია.

მისვე ვარაუდით, არსებობს ეჭვები, რომ ირაკლი ლატარიას მიერ გაკეთებული განცხადება ვიღაცის მიერ მართული პროცესია.

„როდესაც ასეთ განცხადებას ავრცელებს, მოტივი ხომ უნდა არსებობდეს? ახლა მე ვგავარ არაადეკვატურ ადამიანს, რომელიც გაიტაცებს, აწამებს არაფერს არ სთხოვს და უბრალოდ ტკბება ამ პროცესით? ის ჩვენთან მუშაობდა. ვიდრე პარლამენტში მოვხვდებოდი, ჩვენს პარტიაში მე ვხელმძღვანელობდი უსაფრთხოების ნაწილს, ლატარია ჩვენთან მოვიდა 2015 წელს და მას ჩავაბარეთ ანალიტიკური სამსახური. დამთავრდა მისი პროექტი და შეუწყდა კონტრაქტიც. ჩვენ დავემშვიდობეთ მასაც და მის ჯგუფსაც.

რა თქმა უნდა, უთანხმოება იყო მისი და მისი ჯგუფის მხრიდან, მაგრამ ჩემი მხრიდან ადამიანის გატაცების მიზეზი ეს არ იქნებოდა. გარკვეული ეჭვები გვაქვს, რომ მართული პროცესია. უბრალოდ, ვცდილობთ დავადგინოთ თუ ვის მიერაა მართული. მე ვერ ვიტყვი, რომ მთლად „ზემოდან“ გაიცა ბრძანება, რათა კიდევ ერთი შავი პიარი აგვიგორონ ლატარიას სახით. კონკრეტულ პირებზე ჯერ ვერ ვსაუბრობთ.

გვაქვს ერთ-ერთი ვერსია, რომ ეს პროცესი მართულია. ჩვენ ლატარიასთან ძალიან ბევრი შეკითხვა გვქონდა, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც კი იყო საქმე და სამართალდამცველები იძიებდნენ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, რადგან ეს არის ანალიტიკური სამსახური და ძალიან დიდი ოდენობით საბუთები და ინფორმაცია გავიდა პარტიიდან. თუ მას ეშინოდა 9 თვის წინ, როდესაც მე არ ვიყავი პარლამენტარი და არ ჰქონდა სამართალდამცველების იმედი, მაშინ დღეს რისი იმედი აქვს? თუ მე ისეთი საშიში ვიყავი მაშინ, რომ შემეძლო ეს გამეკეთებინა, დღეს რატომ არ ეშინია, 9 თვის შემდეგ, განცხადების გაკეთება“?, - განაცხადა ლომიამ.

მისივე თქმით, ისეთ ქვეყანაში არ ვცხოვრობთ, რომ ადამიანი გაიტაცო და მას შეეშინდეს პოლიციაში წასვლის.

„ჩვენი ვიზიტი რუსეთის ფედერაციაში, უთანხმოება ხელისუფლებასთან გარკვეულწილად მეტყველებს იმაზე, რომ დღეს გამოცოცხლდნენ ის ძალები, რომელსაც მართავს ხელისუფლება, მაგრამ ასეთი ბინძური კამპანია ხვალ და ზეგ დამთავრდება. ვგავარ არაადეკვატურ ადამიანს, რომ გავიტაცო ვინმე მიზეზების გარეშე? არ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომ ადამიანი გაიტაცო და შეეშინდეს პოლიციაში წასვლის. აღარ არის 90-იანი წლები“, - განაცხადა გიორგი ლომიამ.

როგორც ლატარია წერს სოციალურ ქსელში, პარლამენტის წევრი გიორგი ლომია წარსულში  ნასამართლევია თაღლითობისათის, საქ. სსკ. 180 მუხლის III ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის მისჯილი ჰქონდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.