ეს არ არის მხოლოდ მონიტორინგის მისია

ეს არ არის მხოლოდ მონიტორინგის მისია

სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საოკუპაციო ხაზთან პატრულირებას იწყებს. როგორც დაანონსებული იყო, აქტივისტები სოფელ ყარაფილასთან შეიკრიბნენ. მოძრაობის ორგანიზატორების განცხადებით, მათი ინიციატივა მხოლოდ სამშვიდობო ხასიათს ატარებს და მათი მხრიდან არანაირი პროვოკაცია არ იქნება.

როგორც აქციის დაწყებამდე განაცხადეს, 20-მა მოხალისემ უკვე გამოთქვა სურვილი, სამოქალაქო პატრულირებაში მიიღოს მონაწილეობა. საოკუპაციო ზოლის სიახლოვეს სამოქალაქო აქტივისტების გადაადგილება შეთანხმებული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.

„ჩვენი გადაადგილება შეთანხმებული იქნება სამართალდამცავებთან, ჩვენ არ გადავკვეთთ თქვენი უსაფრთხოების ხაზს. ჩვენი მიზანია, აქ იმ დრომდე დავრჩეთ, ვიდრე ოკუპანტები არ დატოვებენ ტერიტორიას. შევეცდებით, რუსი სამხედროების მხრიდან ნებისმიერი პროვოკაციული ქმედების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ ჟურნალისტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საზოგადოებას.

აქტიური კონტაქტი გვექნება ადგილობრივ მოსახლეობასთან და ვფიქრობთ, რომ ისინიც შეუერთდებიან ჩვენს ინიციატივას“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა დავით ქაცარავამ პატრულირების დაწყების წინ.

აქციის დაწყებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები საზოგადოებრივი მოძრაობის ინიციატორებსა და ორგანიზატორებს შეხვდნენ. შსს-ს ცნობით, უწყების წარმომადგენლებმა აქციის ორგანიზატორებს ის რისკები და გამოწვევები განუმარტეს, რომლებიც მათ ინიციატივას უკავშირდება.

„აღსანიშნავია, რომ საოკუპაციო ზოლთან ინტენსიურად მუშაობენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შსს-ს დანაყოფები, რომლებიც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას და მონიტორინგის შესაბამისი ფუნქციებით არიან აღჭურვილნი. საყურადღებოა, რომ საოკუპაციო ზონა არის მაღალი რისკის არეალი, სადაც მსგავსი ტიპის გადაადგილება საფრთხის შემცველია. ამიტომ, ჩვენ მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია საზოგადოებრივი მოძრაობის - „ძალა ერთობაშია“ ინიციატივის განხორციელება. ბუნებრივია, ჩვენ პატივს ვცემთ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას და ამავდროულად, უფლებას ვიტოვებთ, ვიმოქმედოთ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა და ტელეწამყვანმა დავით ქაცარავამ რუსეთთან ჰიბრიდული ომი ცოტა ხნის წინ დააანონსა, რაც  საოკუპაციო ხაზთან პატრულირებას ითვალისწინებს.

მისივე განმარტებით, მისიის მიზანი საზოგადოების სწრაფი ინფორმირება და ისაა, რომ ანტიოკუპაციის თემამ ახალი ამბების მორევში არ ჩაყვინთოს და ზედაპირზე იტივტივოს:

„ჩვენ გვინდა, მსოფლიო თანამეგობრობას, საზოაგდოებრიობას, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს გავაგებინოთ, რომ მცოცავი ოკუპაციის თემა ჩვენთვის მეორეხარისხოვანი არ არის. გვექნება ლოკაციის ადგილი, ძალიან ბევრი ადამიანი, ვისაც მცირე ბიზნესი აქვს, რამდენიმე კომპანიაც უკვე შემეხმიანა, მათი სურვილია, რომ ამ აქციას ფინანსურადაც მხარი დაუჭირონ. მონიტორინგის მისიის განხორციელებისთვის აუცილებელი ინვენტარია შესაძენი, საწვავი, გადასაწყვეტია კვების საკითხი - ამ ყველაფერს ეტაპობრივად მოვაგვარებთ, მთავარია, დავიწყოთ, რადგან ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, რომ ზვავი პატარა გუნდიდან იწყება. მე დარწმუნებული ვარ, უამრავი ადამიანი, მოხალისე შემოგვიერთდება.

ამასთან, ეს არ არის მხოლოდ მონიტორინგის მისია. ჩვენ ამ მისიის შემეცნებით დანიშნულებაზეც ვიზრუნებთ. ვაპირებთ სტრიმინგის გაკეთებას, ვაპირებთ გადაცემის მომზადებას საოკუპაციო ზოლიდან და ამისთვის უკვე ვეძებთ მოხალისე პროდიუსერებს, რომლებიც დაგვეხმარებიან - დღეში ერთხელ საოკუპაციო ზოლიდან „ფეისბუქზე“, ასევე სხვადასხვა არხზე იქნება გადაცემა, საოკუპაციო ზოლთან ცავიყვანთ ისტორიკოსებს, საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, რომლებიც შეხვდებიან მოსახლეობას, ესაუბრებიან მათ პრობლემებზე, ოკუპაციაზე, მოისმენენ მათგან, რა აწუხებთ, რა ტკივათ, რა აინტერესებთ...“, - განაცხადა დავით ქაცარავამ ქართულ მედიასთან ინტერვიუში.

ყარაფილაში ირაკლი წერეთელიც იმყოფებოდა, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა, ჩაერთოს მისიაში, როგორც რიგითი მოხალისე. სამოქალაქო მოძრაობას სოციალური ქსელების საშუალებით ძალიან ბევრი ადამიანი შეუერთდა. ისინი გამოხატავენ სრულ მზადყოფნას სამოქალაქო პატრულირებისთვის. საორგანიზაციო ჯგუფის ინფორმაციით, პროცესს შესაძლებელია შეუერთდეს ყველა მსურველი, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიათა წარმომადგენლებიც, თუმცა არა პარტიის სახელით.

როგორც ირაკლი წერეთელმა აღნიშნა, საქართველოში ანტისაოკუპაციო მუშაობა დღეს ან გუშინ არ დაწყებულა, მაგრამ მსგავსი მობილური ჯგუფების შექმნა ახალი ინიციატივაა და მისი არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.

მონიტორინგის მისიის საორგანიზაციო ჯგუფის წევრები არ აპირებენ ხელი შეუშალონ პოლიტიკოსებს, მიიღონ მონაწილეობა მისიაში, თუმცა, ამბობენ, რომ ეს მხოლოდ მოხალისის სტატუსით უნდა მოხდეს.

8 აგვისტო ახლოვდება - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების თარიღი. ამ დღეს საორგანიზაციო ჯგუფს განზრახული აქვს ცოცხალი ჯაჭვის მოწყობა ავტომაგისტრალზე, სწორედ ყარაფილა-ორჭოსნის მონაკვეთზე. დავით ქაცარავას იმედი აქვს, რომ ამ აქციაზე მოვა ყველა მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს. მისი თქმით, აქციაში პოლიტიკური სპექტრის ჩართულობის მიღწევის იმედიც აქვს, მმართველი პარტიის ჩათვლით.

სამოქალაქო პატრულირებას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოხატულ სიფრთხილეს ადეკვატურად მიიჩნევს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წარმომადგენელი, ირაკლი მჭედლიშვილი, რომლისთვისაც  გაურკვეველია, თუ რა ხელშესახები შედეგი შეიძლება მოჰყვეს სამოქალაქო პატრულირების პროცესს, მაშინ როცა შეუცვლელია ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის როლი კონფლიქტის ზოლის მიმდებარე ტერიტორიების გაკონტროლების საქმეში.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ რისკები არსებობს და გასაკვირი არ არის, რომ სახელმწიფო სტრუქტურები საკუთარ პასუხისმგებლობაზეც ფიქრობენ:

„თუ რამე მოხდება, ეს იქნება ოფიციალური სტრუქტურების პასუხისმგებლობა, ასევე ეს საფრთხეს შეუქმნის მთლიანად საზოგადოებას, გაართულებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას და ასე შემდეგ... როდესაც ეს დაძაბულობის ზონაში ხდება, რისკები ყოველთვის მაღალია... ჩვენ, საბოლოო ჯამში, არ ვიცით, ვინ და როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს აქცია“.

ცხინვალი საოკუპაციო ხაზთან ქართველი აქტივისტების მიერ სამოქალაქო პატრულირების დაწყებას პროვოკაციას უწოდებს და შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე პასუხისმგებლობას თბილისს აკისრებს.

როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის პოლიტიკურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა განაცხადა, სასაზღვრო რაიონებში დაანონსებული აქცია ძალიან სახიფათოა.

„ის შეიცავს პროვოკაციული გამოხდომების რისკებს, რამაც შეიძლება დაძაბოს ისედაც რთული სიტუაცია. ასეთ ვითარებაში პასუხისმგებლობა ქართულ მხარეს ეკისრება, რომელიც არ ცდილობს მსგავსი აქციების აღკვეთას“, - განაცხადა მურატ ჯიოევმა.

მისივე თქმით, მსგავსი აქციები „პროპაგანდისტულ პროვოკაციათა რიგს მიეკუთვნება და წარმოადგენს იმ დესტრუქციული მიტინგების გაგრძელებას, რომელიც აღნიშნულ რაიონებში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. მათი მიზანია მორიგი ცრუ ბრალდებები წაუყენონ სამხრეთ ოსეთსა და რუს მესაზღვრეებს“.

როგორც ჩანს ცხინვალი „ვერ ამჩნევს“, რომ რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვარი ივლისში რამდენჯერმე გადაწიეს, რის შედეგად ათეულობით ჰექტარი მიწა მავთულხლართებში მოექცა. ბოლო შემთხვევა 21 ივლისს დაფიქსირდა, როდესაც საოკუპაციო რეჟიმმა სოფელ ორჭოსანთან და ყარაფილასთან ე.წ. საზღვარი ხნულებით მონიშნა.