ვეტო მარგველაშვილის პოლიტიკური მომავლის უზრუნველსაყოფად

ვეტო მარგველაშვილის პოლიტიკური მომავლის უზრუნველსაყოფად

პრეზიდენტმა პარლამენტის თხოვნა დააკმაყოფილა. რიგგარეშე სხდომა დღეს დანიშნა, შესაბამისად, რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ. თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, გაითვალისწინოს თვითმმართველობის მნიშვნელობა, ნუ შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მოუსმინოს საკუთარ მოსახლეობას.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებისკენ პარლამენტს 49 არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი აბაშიშვილი აცხადებს, რომ ძალიან ღირებული შენიშვნებია და ფიქრობს, აღნიშნული მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტი მხოლოდ მოიგებს და საბოლოო ჯამში ქვეყანა უკეთეს კანონმდებლობას მიიღებს.

„მნიშვნელოვანია, რომ დეპუტატები მართლაც გულდასმით გაეცნონ მოტივირებულ შენიშვნებს. კარგი იქნებოდა ეს აქამდე არსებულ ვეტოებზეც მომხდარიყო, მაგრამ არა უშავს, ახლა არის შესაძლებლობა, რომ დეპუტატები ჩაუღრმავდნენ მოტივირებულ შენიშვნებს. იქ არის მართლაც ძალიან ბევრი, ძალიან საინტერესო მოსაზრება, რომლებიც გამოთქმული იყო მათ შორის, პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სფეროს ექსპერტებისგან“, - აცხადებს გიორგი აბაშიშვილი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური მოტივი ამოძრავებს, ის წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმშია. შესაბამისად, უმრავლესობა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებას არ აპირებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ცვლილებები, რომელიც მათ მიერ იქნა შემუშავებული, არის მნიშვნელოვანი და ის ჭირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტი ვეტოს გამოყენებით საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობს. მისი თქმით, ვეტო არ არის ურთიერთობის კარგი ფორმა და პრეზიდენტმა იცის, რომ მმართველ გუნდს ამ ვეტოს დაძლევა შეუძლია.

„ვფიქრობ, რომ ვეტოს გამოყენება ამ შემთხვევაშიც მოხდა იმისთვის, რომ მეტი ყურადღება მიექცეს მის პოზიციას, მის არგუმენტებს. ჩვენ რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობას, ეს არ არის პიროვნულ დონეზე არსებული ურთიერთობები, ეს არის დემოკრატიული ინსტიტუტები, რომელიც არის ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის მონაპოვარი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ ვეტო ორ სადავო კანონპროექტს დაადო. ერთი მათგანის მიხედვით, 7 ქალაქს თვითმმართველი სტატუსი ჩამოერთვა, ხოლო მეორე ინიციატივა საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს ეხებოდა. პრეზიდენტის შეფასებით, ორივე ცვლილება ქვეყანაში დემოკრატიის ხარიხსს მნიშვნელოვნად აუარესებს.

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად 2013 წლის 27 ოქტომბერს აირჩიეს, მოვალეობის შესრულებას ინაუგურაციის შემდეგ, იმავე წლის 17 ნოემბერს შეუდგა. 2013 წლიდან 2017 წლამდე საერთო ჯამში საქართველოს პრეზიდენტმა 7-ჯერ გამოიყენა ვეტო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გადაუგზავნა. აქედან 5 ვეტო საქართველოს პარლამენტმა დაძლია.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ეკა ბესელია აცხადებს, რომ ვეტოების ასე გაუფასურებით გამოყენება მხოლოდ აკნინებს მისი მანდატის შინაარსსაც და მასაც, ვინც ასეთ ვეტოს იყენებს.

„ვეტო არ არის არც განსჯის, არც დაფიქრების, არც გამოწვევების პოლიტიკური იარაღი. ვეტო არის ის სამართლებრივი და პოლიტიკური ბერკეტი, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს იშვიათ შემთხვევაში და მაშინ, როდესაც კონსტიტუციასთან შეუსაბამო, რაიმე ისეთი გადაწყვეტილება ხდება, რომელიც მართლაც იწვევს ასეთი უკიდურესი შემაკავებელი მექანიზმის გამოყენების საჭიროებას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანალიტიკოსების შეფასებით, იმ პირობებში, როცა ვეტო შედეგს ვერ აღწევს, მაგრამ, ამის მიუხედავად პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს პრინციპულად გამოყენება, მიანიშნებს იმას, რომ მარგველაშვილი ცდილობს მოიპოვოს პოლიტიკური რეიტინგი. for.ge-სთან საუბრისას ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს პრეზიდენტის კრიტიკულობა იგრძნობა განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რაც ადასტურებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტს  საკუთარი პოლიტიკური დღის წერიგი აქვს.

„მართალია არ განუცხადებია, მაგრამ კრიტიკულობის ეს სტილი, სავარუდოს ხდის, რომ გიორგი მარგველაშვილი მომავალ პოლიტიკურ პერსპექტივაზე არის ორიენტირებული, რადგან იგივე სტილია, რაც ოპოზიციას აქვს - ხელისუფლების არც ერთი ნაბიჯი არ იყოს მისაღები. ოპოზიციასაც მიაჩნია, რომ ადამიანმა ამ პოლიტიკით შეიძლება პოლიტიკური ქულები აიღოს. როგორც ჩანს, იგივეს ფიქრობს პრეზიდენტი“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებასთან დაპირისპირებით ცდილობს პოლიტიკური დღის წერიგის შექმნას და საზოგადოებრივი აზრის მის სასრგებლოდმობილიზებას.

„საბოლოო ჯამში ცდილობს, რომ გარკვეული პოლიტიკური ველი შექმნას, სადაც იაქტურებს. ბუნებრივია, ერთგვარ ფაქტორად მოიაზრება ამ ოპოზიციურ ფლანგზე და ხშირ შემთხვეაში მთავრობის მიმართ ოპოზიციური პოზიცია აქვს. ეს არის ამ ვეტოების მთელი მნიშვნელობა.

პრეზიდენტი აფიქსირებს თავის ნეგატიურ დამოკიდებულებას მოქმედი ხელისუფლების მიმართ და მით უმეტეს ისეთ ფუნდამენტურ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც  არის თვითმმართველობა და საარჩევნო კოდექსი, ეს ცხადია ნიშნავს, რომ ცდილობს შექმნას განსხვავებული პოლიტიკური ალტერნატივა, ფონი. ეს არის მიზანი, თორემ სამართლებრივი თვალსაზრისით ეს შედეგს არ მოუტანს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტი, რომელიც საპარლამენტო განხილვებში არ მონაწილეობს, ვეტოს გამოყენებით ახდენს საზოგადოების ინფორმირებულობას, რომ კანონპროექტში არის რაღაც მისთვის მიუღებელი. მისი თქმით, უმრავლესობის მიერ არ ხდება პრეზიდენტის შენიშვნების რეალური განხილვა, რაც მიაჩნია, რომ არასწორია.

„საკმარისია პარლამენტში პოლიტიკური ძალები ასე არ იყოს გადანაწილებული, ასეთ შემთხვევაში ვეტოს მიეცემა ის დატვირთვა, რაც უნდა ჰქონდეს ნორმალურ პოლიტიკურ გარემოში. მარგველაშვილის მხრიდან ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი - საზოგადოებას მიაქცევინოს ყურადღება, რომ აი აქ არის საფრთხე. პოლიტიკოსია და აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი.

სხვა საკითხია, აპირებს თუ არა ხელმეორედ კენჭის ყრას. ამის გამორიცხვა ჩემი აზრით არის შეუძლებელი, მაგრამ თქმა იმისა, რომ პოლიტიკურ ქულებს აგროვებს ამ ვეტოებით, მე მგონია, რომ მთლად გამართლებული არ არის იმიტომ, რომ ამით პოლიტიკურ ქულებს ვერ დაიწერს. არ გამოვრიცხავ, რომ კენჭი იყაროს საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ ის, რომ ძალიან გათვლილი და ჩამოყალიბებული სტრატეგია ჰქონდეს, როგორ მივიდეს მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ამას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.