„დღეს პროცესებს აკონტროლებს არა რაციო და მორალი, არამედ კლიშეებით აღჭურვილი ფაშიზმისა და პოლიტკორექტულობის ექსტრემუმები“

„დღეს პროცესებს აკონტროლებს არა რაციო და მორალი, არამედ კლიშეებით აღჭურვილი ფაშიზმისა და პოლიტკორექტულობის ექსტრემუმები“

ფილოსოფოსი, ზაზა ფირალიშვილი ამბობს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ გაასმაგდა რუსული „რბილი ძალის“ მოქმედება. შესაბამისად, ფიქრობს, რომ დღევანდელი პროპაგანდისტული შტურმიც იმასთან არის დაკავშირებული, რომ ჩვენთვის რაღაც სასიკეთო არის მოსალოდნელი. ფილოსოფოსის შეფასებით, როგორც ჩანს, ჩრდილოელმა სტრატეგებმა მიიჩნიეს, რომ საქართველოში რუსული რევანშის დაწყებისათვის სრულიად ხელსაყრელი გარემოებები შეიქმნა და იმედი აქვს, რომ ხელისუფლებაში ვინმე მაინც დაინტერესდა, თუ როგორ მომრავლდა პრორუსული პროპაგანდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე.

for.ge ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

კრიმინალს არ აქვს ეროვნება და როგორც უცხოელები საქართველოში, ისე ქართველები უცხოეთში სჩადიად დანაშაულს. რას ფიქრობთ, ადეკვატური იყო თუ არა თბილისში გამართული „ქართული მარშის“ მონაწილეთა მოთხოვნა, რომელიც არალეგალი უცხოელების ქვეყნიდან გაყრას ითხოვდა? ან რამდენად ადეკვატურად გეჩვენებათ ის შეფასებები, რაც მარშის მონაწილეთა მიმართ გაკეთდა?

ზაზა ფირიალიშვილი: სხვების მსგავსად, მეც იმედი მქონდა, რომ აქციის ორგანიზატორები მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს მოუყრიდნენ თავს. ასე არ აღმოჩნდა. როგორც ჩანს, მათ მოახერხეს და მტკივნეულ ნერვს შეეხენ. ჰოდა, თუ არ გავარკვიეთ, რა არის ეს ნერვი, კონტრაქციებით მხოლოდ თუ გავაღვივებთ ნეგატიურ პროცესებს. მივიღებთ პოლარულად დაპირისპირებულ განწყობათა სამიტინგო აჟიოტაჟს, რასაც კარგი არაფერი მოსდევს და ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრებისათვის დამახასიათებელი პერმანენტული ცივი სამოქალაქო ომის გაგრძელება იქნება.

ნებისმიერი პროპაგანდა გარკვეულ საფუძვლებს ეყრდნობა. ჩვენ თითქოს შეუმჩნევლად მივადექით მომენტს, როდესაც სახელმწიფომ იმიგრაციის სამართლებრივი მექანიზმები უნდა დახვეწოს და ეს მოვლენა კონტროლს დაუქვემდებაროს. ეს ადრეც უნდა მომხდარიყო. ცხადია, ჩვენთან იმიგრაციის მასშტაბები ჯერაც მცირეა, მაგრამ გარკვეული პრობლემები და მოსახლეობის შფოთი უკვე არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ვხედავთ, ინიციატივას გარედან მართული ძალები აიღებენ.

ახლაც ყველაზე ცუდს იმას გავაკეთებთ, თუ რეალურ პრობლემებს მხოლოდ შევნიღბავთ სიტყვებით: „ქსენოფობია“, „ფაშიზმი“ და ა.შ. და ამით თავს დავიმშვიდებთ. ცხადია, მოვლენაც ვიხილეთ და ამასთანავე, იყო გულწრფელი და საფუძვლიანი წუხილიც, და ამისთვის ანგარიშის გაწევა მოგვიწევს. აქციაში რიგით მონაწილეთა შორის რამდენიმე ისეთი ადამიანი აღმოვაჩინე, რომელთა მოსკოვურ კავშირებში ვერაფერი დამარწმუნებს.

როგორ ფიქრობთ, რა უწყობს ხელს ამ შფოთს?

- ამ შფოთს საერთაშორისო კონტექსტიც უწყობს ხელს. ჩვენს თვალწინ ლამის შეიცვალა ევროპის კულტურული და დემოგრაფიული რელიეფი. ერთი ჩვენი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროპას დემოგრაფიული ექსპანსიის გზით დაჯაბნის. მერკელმა, კამერონმა და სარკოზიმ 2010-2011 წლებში საჯაროდ აღიარეს მულტიკულტურალიზმის პოლიტიკის მარცხი. თუ უკანონო იმიგრანტთა უდიდესი ნაწილისათვის თავისი ქვეყნიდან გაქცევა გაჭირვებისა და ომისაგან თავის დაღწევის საშუალებაა, მათ შორის საკმაოდ დიდია იმ ადამიანთა ოდეობაც, რომელიც ევროპაში გადასახლებას უცქერს, როგორც რელიგიური და დემოგრაფიული ექსპანსიის შანსს.

ასეა თუ ისე, შფოთი არსებობს და მიწის უცხოელებზე მიყიდვის პრობლემამ ის განსაკუთრებით გააღვივა.

არსებობს გარემოებები, რომლებიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკა. ჩვენს კულტურას მიწაწყლის საკრალიზაცია ახასიათებს და ეს დამოკიდებულება არქეტიპულია. იგივე ითქმის სქესთა თანაცხოვრების ფორმებზეც. კარლ გუსტავ იუნგს დავესესხები და პოლიტიკა, რაღაც აზრით, სწორედ კოლექტიურ არქეტიპთა მართვის ხელოვნებაა. ვინც ამ არქეტიპებს ხისტად დაუპირისპირდება, პოლიტიკურადაც წააგებს და ჩრდილოეთიდან მართულ ძალებსაც გაუთავისუფლებს სამოქმედო სივრცეს. პირადად მე მარშმა, პირველ რიგში სწორედ ეს დამანახა.

თავს ნუ დავიმშვიდებთ, რომ მსვლელობაზე ცოტა ხალხი იყო. თუ რიგითი მოქალაქე კვლავ იგრძნობს, რომ ხელისუფლება სამართლებრივ კონტროლს არ უწევს პროცესებს და, რომ მისი საცხოვრებელი გარემო საშიშროების წინაშეა, სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს და ჩვენი ჩრდილოელი „კეთილისმსურველიც“ დიდი სიამოვნებით დააფინანსებს ვნებების გაღვივებას. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ ახდენს რუსული პროპაგანდა მიგრაციის თემით მანიპულირებას არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ ევროპის ქვეყნებშიც.

რუსი სტრატეგოსები ჩვენში უკვე დიდი ხანია ცდილობენ მოძებნონ რაიმე ისეთი პრობლემა თუ პრობლემები, ჩვენს ყურადღებას ოკუპირებული ტერიტორიებისა და დევნილებისაგან ახალ საფიქრალზე რომ გადაიტანს, ხოლო რელიგიური ერთობისა და მისტიკური გეოპოლიტიკური წარმოდგენების საკმაზით თავს ბუნებრივ მოკავშირედ შემოგვთავაზებს. ცუდი ისაა, რომ ჩვენი ზერელე დოქტრინიორობით ამას ხელს ვუწყობთ.

ალბათ, აუციელებელიც არის, რომ მიგრაციის პროცესი სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცეს?

- რა თქმა უნდა, მიგრაციის პროცესი სამართლებრივ და ჰუმანიტარულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ეს სრულიად ცხადია. საუკეთესო წამალი ირაციონალური ვნებების წინააღმდეგ არის არა მათი უსაფუძვლობის მტკიცება, არამედ მათი გადატანა სამართლის, ზნეობისა და გონების ჰორიზონტში. ევროპელები დღეს უკვე იაზრებენ, რომ პოლიტკორექტულობის ზერელე და აგრესიული დოქტრინები არ ყოფილა ყველა სატკივარის წამალი და, რომ ყველა ჩამომსვლელი ევროპულ ცივილიზაციათა საზიარებლად არ მოდის. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ როგორ იმუშავა რუსულმა პროპაგანდამ მიგრაციის თემით ევროპაში და ყველა ნიშანია, რომ ეს გამოცდილება ჩვენთან გადმოაქვთ.

დღეს ევროპელები მეთოდურად და თანამიმდევრულად ცდილობენ სიტუაციის გაკონტროლებას ისე, რომ არც ის ჰუმანისტური პრინციპები დათმონ, ევროპას რომ ევროპად აქცევს და საფრთხეებიც აირიდონ. ევროპის კულტურული რელიეფის საგრძნობმა შეცვლამ, იმიგრანტთა სამართლებრივად გაუკონტროლებელი ანკლავების გაჩენამ, ტერორიზმმა, ევროპული მემარჯვეე ნაციონალიზმის აღზევებამ ისინი დაარწმუნა, რომ ისტორია ზერელე დოქტრინიორობას არავის აპატიებს. ადრე თუ გვიან, ეს ჩვენც შეგვეხება.

მოგვიწევს დარწმუნება, რომ ჩამომსვლელთა შორის პოტენციური აბო თბილელიც შეიძლება იყოს და პოტენციური მურვან ყრუც. ჰოდა, მზად უნდა დავხვდეთ ამას, თუ, თუნდაც ის არ გვინდა, რომ კიდევ ერთხელ არ ვიხილოთ ამ ტიპის მსვლელობები და ჩვენმა ჩრდილოელმა მეზობელმა კვლავ სრულიად ბანალურად არ წამოგვაგოს ჩვენს ზერელობასა და ემოციურობაზე.

საუკეთესო ქართული ტრადიციისამებრ დღეს პროცესებს აკონტროლებს არა რაციო და მორალი, არამედ კლიშეებით აღჭურვილი ფაშიზმისა და პოლიტკორექტულობის ექსტრემუმები. ასე კი ყველაფერი კვლავ ისე დარჩება, როგორც არის. არც ერთს და არც მეორეს მხედველობაში არა აქვს რეალურ ისტორიულ გარემოში არსებული ქართული სახელმწიფო და ორივე რაღაც აბსტრაქტული წარმოდგენების ტყვეობაშია. ასეთი ტყვეობა კი კარგად არასოდეს მთავრდება.

გეხსომებათ წყალდიდობის შემდეგ ზოოპარკის თანამშრომლებს სათვალავში ერთი ვეფხვი მოაკლდათ. სოციალური ქსელები გაივსო მოწოდებებით, რომ ვეფხვი არ მოეკლათ, როგორმე დაეძინებინათ და ასწავლიდნენ კიდეც, როგორ კეთდებოდა ეს. ისეთი განწყობა შეიქმნა, რომ ვეფხვის მკვლელი საზოგადოებრივ რისხვას ვერ გადაურჩებოდა. შემდეგ ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა და მას შემდეგ ვეფხვის სიცოცხლის დამცველებს ხმა აღარ ამოუღიათ. იოლია, ილაპარაკო მაღალი და აბსტრაქტული პრინციპების სიმაღლიდან, მაგრამ, თურმე, ამ პრინციპების დაცვას მხოლოდ პათეტიკური ტონით ქადაგება კი არ უნდა, არამედ რეალურ სიტუაციაში მათი დამკვიდრების გზების ძიება.

ასეა თუ ისე, ყველანი ვხედავთ, როგორ გაძლიერდა რუსული პროპაგანდისტული შტურმი: დროის მცირე მონაკვეთში ამოქმედდა თემები, რომლებსაც მხოლოდ ქაოსისა და გაურკვევლობის შეტანა თუ შეუძლიათ ჩვენს ისედაც დაულაგებელ მსოფლმხედველობრივ ცხოვრებაში: ოკუპაციის კანონის გაუქმება, ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მონარქიის იდეა, უცხოელებისათვის მიწის მიყიდვის პრობლემა, ქართული მარში, მავან დეპუტატთა ვიზიტი მოსკოვში და ნატო-საქართველო-რუსეთის ფორმატის შექმნის იდეის ჩამოტანა და ა.შ. თანაც ყველაფერი ეს შემოდის ისეთი ექსტრემალური და ცუდი აზრით ხალხური ფორმებით, რომ რეალური ისტორიული ვითარება აბსტრაქტული და ემოციური პატრიოტიზმის ნისლში იკარგება.

როგორც ჩანს, ჩრდილოელმა სტრატეგოსებმა მიიჩნიეს, რომ საქართველოში რუსული რევანშის დაწყებისათვის სრულიად ხელსაყრელი გარემოებები შეიქმნა. იმედი მაქვს, ხელისუფლებაში ვინმე მაინც დაინტერესდა, თუ როგორ მომრავლდა პრორუსული პროპაგანდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე, განსაკუთრებით, სამარშრუტო ტაქსებში. ან რეგიონებში როგორ მომრავლდნენ მართლმადიდებელი მისიონერი გეოპოლიტიკოსები. ამ რამდენიმე ხნის წინ მე თავად მოვისმინე ერთი ასეთი ქადაგება იმის შესახებ, რომ ამერიკელებმა, თურმე, ჯერ შევარდნაძეს, მერე „ნაციონალურ მოძრაობას“ და ბოლოს „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის განადგურება დაავალეს. ცხადია, ბოდვაა, მაგრამ სამიტინგო განწყობებს სწორედ ასეთი ბოდვები მართავს და არა გონება და ზნეობა.

ისევ მიგრაციის სამართლებრივ ფარგლებში მოქცევას დავუბრუნდები. ყველა ცალკეული სახელმწიფოს უფლებაა, აკონტროლოს ეს პროცესი.

ჩვენში ნიმუშად ევროკავშირის ქვეყნების საიმიგრაციო პოლიტიკა მოჰყავთ ხოლმე, თუმცა, უკვე დაგვიანებით. ააშკარაა, რომ სიტუაცია იქაც იცვლება, თუმცა კი, უმეტესად - არადეკლარირებულად. ამავე დროს, არსებობს ისრაელის გამოცდილებაც. ამ ქვეყანას იმიგრაციის საკმაოდ მკაცრი კანონმდებლობა აქვს. ხოლო მიწის თავისუფალი გაყიდვა რომ დაუშვან, როგორ ფიქრობთ, რამდენი მდიდარი არაბი შეიხი გაიღებს ფულს მათი მიწების შესაძენად? და მათი მიზანი მხოლოდ სამეურნეო რომ არ იქნება, ვფიქრობ, აშკარაა.

როდესაც ასე ღიად ვილაშქრებთ უცხოელების წინააღმდეგ, ეს ულტრა-მემარჯვენე, ქსენოფობიური განცხადებები, რამდენად შეუშლის ხელს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე? იგივე რუსული ფაქტორის გააქტიურება საქართველოში უკვე ადასტურებს, რომ რუსეთს საქართველოს პოლიტიკური სისტემის არევა სურს, რათა ქვეყანა მზად არ იყოს, როგორც ნატო-ში, ასევე ევროკავშირში გასაწევრიანებლად...

- საეჭვოა, ევროპელებს რაიმე გაუკვირდეთ. ასეთი და თანაც კიდევ უფრო დიდი მასშტაბის გამოსვლები იქაც ხშირია. მთავარი ის კი არ არის, „რას იტყვის ევროპა“, არამედ ის, თუ ჩვენ რას მოგვიტანს ეს გამოსვლები. მიუხედავად რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებისა, რომ ისინი წინააღმდეგები არ არიან ჩვენი ევროკავშირთან დაახლოებისა და მხოლოდ ნატოსთან დაახლოება აწუხებთ, ვხედავთ, თუ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ როგორ გაასმაგდა რუსული „რბილი ძალის“ მოქმედება.

შეიძლება ვცდები, მაგრამ ვფიქრობ, რომ დღევანდელი პროპაგანდისტული შტურმიც იმასთან არის დაკავშირებული, რომ ჩვენთვის რაღაც სასიკეთო არის მოსალოდნელი. ჩვენს დაახლოებას ევროკავშირთან რუსული პოლიტიკის არქიტექტორებისათვის ცივილიზაციური მნიშვნელობა აქვს. მათი წარმოდგენით, ამით ჩვენ „რუსულ ცივილიზაციას“, ე.წ. „რუსულ სამყაროს“ ვშორდებით.

ამიტომაც აღვივებენ ჩვენში იმ იდეოლოგიებს, რომლებიც დაგვაშორებს ევროპის სულიერი გარემოსაგან. მოკლედ თუ ვიტყვი, ევროპელებს შეიძლება გაუკვირდეთ პრობლემის გასვლა სამართლებრივი ჩარჩოებიდან და არა თავად სამართლებრივი მექანიზმების დახვეწა და ამოქმედება. ევროპელი საკმაოდ ჭკვიანია საიმისოდ, რომ მუდმივად მხედველობაში ჰქონდეს განსხვავება აბსტრაქტულ იდეალსა და რეალურ ვითარებას შორის. რაღაც მომენტში მათ დაკარგეს ეს ზღვარი, მაგრამ ნაციონალისტთა გააქტიურებამ კვლავ დაუბრუნა რეალობის გრძნობა.

ამ აქციას წინ უსწრებდაპატრიოტთა ალიანსისვიზიტი რუსეთში და რუსეთის დუმის დეპუტატების წუხილი, რომ საქართველო ინტენსიურად თანამშრომლობს ნატოსთან. ამიტომ, მათ რუსეთს საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის შექმნა შესთავაზეს. არასაპარლამენტო ოპოზიციაში პრორუსულ პარტიებად ასახელებენ ნინო ბურჯანაძის პარტიას, „ქართულ დასს“, კახა კუკავას პარტიას და .. მაგრამ საპარლამენტო ოპოზიციის დღის წერიგი არის პრორუსული პოლიტიკის გატარება? რაც საინტერესოა, ყველა ეს ჯგუფი მართლმადიდებლობაზე და ქართულ ღირებულებებზე აკეთებს აქცენტს...

- რამდენადაც ვიცი, რუსმა დეპუტატებმა წუხილი გამოთქვეს იმის გამო, რომ ავღანეთში რამდენიმე ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. როგორც ჩანს, თვალთმაქცობას საზღვარი არა აქვს. ამას ამბობს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელმაც სულ სამოცდაათი წლის განმავლობაში რეპრესიებსა და სამხედრო აქციებს მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შესწირა, ხოლო რამდენიმე ათეული ხალხი დედამიწიდან გაქრა. სულ რამდენიმე წლის წინ ამ ქვეყნის იმპერიულ ამბიციებს ასიათასობით ჩეჩენი შეეწირა და ეს ამ ხალხის წინაშე ისტორიული დანაშაულის აღიარების ნაცვლად.

ნამდვილად არ ვიცი, რას ნიშნავს საქართველო-ნატო-რუსეთის ფორმატის შექმნა. ვფიქრობ, ამ პოლიტიკური საპნის ბუშტის მიღმა ბანალური სატყუარა იმალება და იმედი მაქვს, ჩვენმა მოსკოვში ვიზიტით ჩასულმა რამდენიმე დეპუტატებმა ეს ვერ გაიაზრა. საკმარისია, რაღაც მსგავსი ფორმატი შეიქმნას და ნატოსთან თანამშრომლობით მიღებული შედეგები წყალში გადაიყრება. აქედან კი ერთი ნაბიჯიღაა, რომ რუსეთის ქართულ პოლიტიკას სრული გასაქანი მიეცეს, მათ შორის იმ დუგინისტურ აზრსაც, რომლის თანახმადაც რუსეთმა ჩვენთან მიმართებაში შეცდომა არ უნდა გაიმეოროს და აღარ უნდა დაუშვას ერთიანი ქართული სახელმწიფოს არსებობა.

ვიმეორებ, მინდა დავიჯერო, რომ ეს ქართველი პოლიტიკოსები, უბრალოდ, ვერ ხვდებიან, რასთან გვაქვს საქმე და პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივის სურვილი ბევრ რამეზე თვალს ახუჭინებთ.

რაც შეეხება მართლმადიდებლობას, ამ თემაზე იმდენია ნათქვამი, რომ უხერხულიცაა განმეორება. ყველაზე ცუდი, რაც ქრისტიანობას შეიძლება გაუკეთო, მისი პოლიტიკურ იდეოლოგიად გადაქცევაა. უფრო მეტიც, მხოლოდ ბარბაროსებს შეუძლიათ, ეკლესია პოლიტიკურ იარაღად მოიმარჯვონ და მაცხოვრის სახელი მისი პოლიტიკური ორეულით ჩანაცვლონ. არადა, სწორედ ამას ვადევნებთ თვალს. ალბათ, ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ დღეს რუსეთის საპატრიარქო ნეოიმპერიული რევანშიზმის იდეოლოგიური დასაყრდენია.

ლაპარაკობდე მართლმადიდებლობის სახელით და ამ დროს ვერ ამჩნევდე, რომ მართლმადიდებელი რუსეთის მეორე დედაქალაქში, პეტერბურგში პროსტიტუციით დაკავებულია მოსახლეობის 1.4%, მაშინ, როდესაც, როგორც მას რუსი პროპაგანდისტები უწოდებენ, გარყვნილების მსოფლიო დედაქალაქში, ამსტერდამში მათი რაოდენობა 0.8%-ია, ხოლო მოსკოვისა და პეტერბურგის გეიკლუბების ოდენობა ყოველგვარ საზღვარს გასცილდა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია.

ამ რამდენიმე ხნის წინ წავაწყდი ცნობას, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის ნახევარზე მეტი სწორედ რუსეთში იქმნება. და მაინც, ბევრ ჩვენს მოქალაქეს, როგორც ჩანს, ატყუებს ის, რომ რუსულმა პროპაგანდამ მორალისტურ ბრალდებებში ინიციატივა აიღო და დასავლეთს აზრად არ მოსდის, ამ პროპაგანდისტულ კამათში ჩაერთოს.

რუსული პროპაგანდის გააქტიურების ფონზე, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. როგორ ფიქრობთ, რამდენად კონკურენტული იქნება არჩევნები, ელოდებით მეორე ტურს და რომელ კანდიდატს შორის შედეგება მეორე ტური?

- ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ ამ არჩევნებში კალაძე გაიმარჯვებს. მნიშვნელოვან ხმებს მოიპოვებს ელენე ხოშტარიაც, თუმცა, როგორც ვფიქრობ, მას წარსულში ნაციონალებთან თანამშრომლობის ტვირთი ხელს შეუშლის. თუმცა კი, როგორც ვიცი, არასოდეს ყოფილა ამ პარტიის წევრი. მას აქვს ზოგი ისეთი თვისება, რომელიც მას ამ კვალისაგან გარკვეული ხარისხით მაინც გათავისუფლების საშუალებას აძლევს. ვფიქრობ, არჩევნებში მნიშვნელოვან შფოთს შეიტანს ალიკო ელისაშვილიც თავისი გადამდები ენერგიით და სიმკვეთრით. რაც შეეხება ზაალ უდუმაშვილს, მისი შედეგი დაახლოებით ისეთი იქნება, რა წილიც დღეს „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს პარლამენტში.

ამასთან, არა მგონია, კალაძეს იოლი გამარჯვება ელოდეს. „ქართული ოცნებით“ უკმაყოფილების ხარისხი საკმაოდ მაღალია. ამ ეტაპზე კონკურენტებზე მეტად მისთვის ამომრჩევლის შესაძლო პასიურობაა. პარტიული კუთვნება მას არ მისცემს საშუალებას, რომ საპროტესტო განწყობები თავის სასარგებლოდ მართოს. გამარჯვების შემთხვევაში მას საკმაოდ მძიმე ამოცანა ელის.

თუ რიგითი მოქალაქე მას წინამორბედის გზის გამგრძელებლად აღიქვამს, ჩავთვალოთ, რომ გამარჯვება მისთვის პოლიტიკური დაღმასვლის დასაწყისი იქნება. სხვა შემთხვევაში კი, საკუთარ პარტიაში შეიძლება ვერ გაუგონ. მის მომავალს დიდწილად განსაზღვრავს ის, თუ რამდენად ესმით „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომ მათ ქცევასა და პრობლემებისადმი დამოკიდებულებაში რაღაც ძირეულია შესაცვლელი.

ყოველივე ამ ფონზე საინტერესოა ყოფილი პრემიერის გაუჩინარება. ბიძინა ივანიშვილი არ გამოჩენილა კალაძის წარდგენაზე. ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, ეს რას აძლევს სახელისუფლებო კანდიდატს? თქვენ როგორ ხსნით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პროცესებიდან გასვლას? ან გავიდა კი?

- ამ თემაზე მე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა თუ შემიძლია. უკვე რამდენჯერმე გამოითქვა აზრი, რომ ამ გასვლით ივანიშვილი საშინაო და საგარეო პასუხისმგებლობებისაგან ცდილობს თავის არიდებას და სხვა სამიზნეს ქმნის, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. ივანიშვილის „გაქრობა“ ზრდის კალაძის პოლიტიკურ პერსპექტივას. თუ ივანიშვილი მართლაც აპირებს პოლიტიკიდან გასვლას, მაშინ იგი, ალბათ, იმაზეც იზრუნებს, რომ პროცესი მისთვის მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს და კალაძე მისთვის საუკეთესო ვარიანტია.

შეძლებს კი ეს უკანასკნელი „ოცნების“ სიხისტისა და სახელმწიფოებრივი პროექტების დეფიციტის დაძლევას? როგორც ჩანს, ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა ეს ვერ შეძლო. ამას დაუმატეთ ოპოზიციური ფლანგის სისუსტე და იქმნება ის სიტუაცია, როდესაც ზედაპირზე ათასი ჯურის პოლიტიკური წარმონაქმნი შეიძლება აღმოჩნდეს. არ ვიცი, იაზრებენ თუ არა „ოცნებაში“ ამას, თუ ისინიც, ნებით თუ უნებლიედ, „ნაციონალური მოძრაობის“ მსგავსად, სიტუაციის „გადამწიფების“ გზით მიდიან.

იმედია, ჩავლილი მარში იმას მისცემს იმპულსს, რომ ასპარეზზე გამოჩნდებიან აქტორები და ჯგუფები, რომლებიც ნაკლებად ინდოქტრინებულები იქნებიან და ნაციონალისტური და პოლიტკორექტულ ექსტრემუმებს თავს დააღწვენ. ინდოქტრინაცია, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იდეით დაავადება ჩვენი საბჭოთა მემკვიდრეობაა. ჭეშმარიტების მონოპოლური ფლობის ილუზია და თანამშრომლობისა საზოგადოებრივი დიალოგის წარმართვის უუნარობა ჩვენში ჯერაც ახასიათებს ისეთ ადამიანებსაც კი, ვინც თავს ლიბერალსა და დემოკრატს უწოდებს.

საბედნიეროდ, ასპარეზზე შემოდის თაობა, რომელიც შეუდარებლად უფრო თავისუფალია ამ მემკვიდრეობისაგან. თუკი რაიმე შეიძლება აშინებდეს რუსულ პოლიტიკას, სწორედ ამ განსხვავებული პარადიგმებისა და გამოცდილების ადამიანების გააქტიურებაა. ამიტომაც ჩქარობენ.