„ქართული მარშის“ ორგანიზატორებმა და „ევროპულმა საქართველომ“ რატომღაც ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ადგილას დანიშნეს აქციები, თუმცა რისთვის იყო საჭირო ეს აქციები, გაუგებარი დარჩა - არეულობა და ქაოსი არ შედგა - ერთი მხარის მოთხოვნა იყო „არა ფაშიზმს“, ხოლო მეორე მხარე მათ საპირისპირო აქციას მართავდა.
მოსალოდნელი გართულების თავიდან ასაცილებლად პატრიარქიც კი ჩაერია პროცესში და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდა, თუმცა არც ერთი მხარე არ დაჰყვა პატრიარქის გავლენას და დაანონსებული აქცია არ გადადეს.
როგორც ცნობილია „ქართული მარშის“ ორგანიზატორები გია კორკოტაშვილი, სანდრო ბრეგაძე, კონსტანტინე მორგოშია და ლადო სადღობელაშვილი სნოში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ.
საქართველოს საპატრიარქომ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით განცხადებაც კი გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ თბილისში შეიქმნა საშიშროება საზოგადოების წევრებს შორის დაპირისპირებისა.
„მოვუწოდებთ „ქართული მარშის“ და „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისათვის“ ხელმძღვანელებს, თავი შეიკავონ დაგეგმილი აქციისაგან, რათა თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი შედეგები“, - ნათქვამია განცხადებაში.
„თავშეკავება სჭირდება მათ, ვინც ძალადობას აპირებს და ძალადობას აანონსებს“, - ასე გამოეხმაურა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგო რატიანი საქართველოს საპატრიარქოს მოწოდებას.
„თავშეკავება იმ ადამიანებს სჭირდებათ, რომლებიც 25 წლის გოგოს გაუპატიურებით ემუქრებიან, არიან პუტინის პოლიტიკის პირდაპირი გამტარებლები და საქართველოში ძალადობის დამამკვიდრებლები. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ მათი არც პოზიცია და არც იდეოლოგია მოგვწონს, მათ ჰქონდათ საშუალება გამოეხატათ საკუთარი აზრი, ჰქონდათ აქცია და ეს იქ არ გაგვიპროტესტებია, რადგან ყველას, ვეთანხმებით თუ არა, აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება. ჩვენ გავმართავთ მრავალათასიან აქციას, რასაც ვგეგმავდით. აქცია არის მშვიდობიანი და არაფერს ზედმეტს არ ვგეგმავთ. ამიტომ ძალადობისგან თავშეკავება იმ ადამიანებს მოუწევთ, ვინც ამას გეგმავს“, - განაცხადა სერგო რატიანმა.
„ქართველთა მარშის“ მონაწილე ზაზა დავითაიას განცხადებით, აღმაშენებლის გამზირზე მათი აქცია ორგანიზებულად არ ტარდება და მისი თითოეული მონაწილე პროტესტს ინდივიდუალურად გამოხატავს.
სიფრთხილისკენ მოწოდების მიუხედავად, მცირე ინციდენტს მაინც ჰქონდა ადგილი, მოქალაქის მხრიდან „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მისამართით შეურაცხმყოფელ ფრაზას, აქციის ერთ-ერთი მონაწილის მხრიდან საპასუხო გინება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა გარკვეულ სიტყვიერ შელაპარაკებას, თუმცა, პოლიცია მალევე ჩაერია და მოქალაქე ადგილიდან გაიყვანა.
ადგილი ჰქონდა კიდევ ერთ შემთხვევას, რომელიც ასევე ტრაგედიის გარეშე დასრულდა - „ქართული მარშის“ მხარდამჭერებმა „ევროპული საქართველოს“ აქციის მონაწილეებს კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. რამდენიმე ადამიანი სკანდირება „მოღალატე“.
ინციდენტი რკინიგზელთა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, თუმცა „ევროპული საქართველოს“ მარშის მონაწილეებმა გზა გააგრძელეს და შემთხვევა რაიმე სერიოზულ ფიზიკურ დაპირისპირებაში არ გადაზრდილა.
რომ არა აღმაშენებლის გამზირზე საპატრულო პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება, შესაძლოა სიტუაცია ბევრად გართულებილიყო, თუმცა პოლიტიკური განცხადებები, რისთვისაც სავარაუდოდ, „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა ქუჩაში გამოსვლა, უხვად გაკეთდა.
პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დარწმუნებული არიან, რომ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ადამიანები საქართველოში ხელისუფლების მხრიდან იკვებებიან და ხელისუფლების მხარდაჭერა გააჩნიათ.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას გიგა ბოკერიამ განაცხადა, მთავარი გამოწვევა არის ის, რომ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე მოძალადეებს მფარველები ჰყავთ ხელისუფლებაში.
„დღევანდელი გამოწვევა არის არა მხოლოდ ის, რომ საქართველოში პუტინის ფაშისტები არსებობენ, ასეთები კარგ და დალაგებულ ქვეყნებშიც არიან, გამოწვევაა ის, რომ ისინი საქართველოში არიან გათავხედებული და მათ ივანიშვილის ხალხი მფარველობს. მათ საჯაროდ გაბედეს 25 წლის გოგოს გაუპატიურებით დამუქრება და ამის შემდეგაც არიან გონორზე“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგა ბოკერიამ. მან აქვე აღნიშნა, რომ ასეთი ხალხი საქართველოში არ არის ბევრი და მათ არასდროს მიეცემათ ინიციატივის ხელში აღების საშუალება.
ამ რიტორიკის მოსმენის შემდეგ ძნელია, ცნობისმოყვარეობის დათრგუნვა - საინტერესო იქნებოდა, როგორ გამოეხმაურებოდნენ ყოფილი ნაციონალები ციხის ცნობილ ფაქტებს, იმ დროს ოპოზიციაში რომ ყოფილიყვნენ, მაგრამ ეს მხოლოდ რიტორიკად დარჩება, რადგან ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს.
ანალოგიური შეფასება გააკეთა პარტიის კიდევ ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ხალხს საქართველოში ხელისუფლება კვებავს.
„საქართველოში დაცვა სჭირდება ილია ჭავჭავაძის ღირებულებებს, დაცვა სჭირდება გრიგოლ ფერაძის ღირებულებებს, ქართულ ტრადიციებს სჭირდება დაცვა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვუთხრათ არა ქსენოფობიასა და კარჩაკეტილობას. ეს შავი ჭირი მსოფლიოში მძვინვარებს, მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში ჯერ კიდევ სუსტია“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიგი გულავამ.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე კი აცხადებს, რომ ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, საქართველოში ქართული ტრადიციების სახელით რუსულმა პროპაგანდამ გაიმარჯვოს.
ბაქრაძის შეფასებით, ქვეყანაში რუსულმა პროპაგანდამ საგანგაშო ფორმები მიიღო.
„აგრესია, ძალადობა, ნამდვილი ქართული ტრადიციების ფეხქვეშ გათელვა, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ქსენოფობია - სწორედ ეს არის რუსული პროპაგანდის გამოვლინება. სწორედ ეს არის ის, რაც საქართველოს ევროპული მომავლის კარს უხურავს. ამიტომ, ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ საქართველოში ტრადიციების სახელით რუსულმა პროპაგანდამ გაიმარჯვოს“, - განაცხადა ბაქრაძემ.
აგრესია, ძალადობა, ნამდვილი ქართული ტრადიციების ფეხქვეშ გათელვა, განსხვავებული აზრის მიუღებლობა, ქსენოფობია ნამდვილად მიუღებელია ქართული საზოგადოებისათვის და საეჭვოა, ამას მხარს უჭერდნენ რომელიმე მოძრაობის ორგანიზატორები.
ე.წ ქართული მარშის თავდაპირველი მოთხოვებიც, ვიდრე ისინი პოლიტიკოსთა პროვოკაციას წამოეგებოდნენ, ეხებოდა მიგრაციის პრობლემებს, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აქტუალური. მხოლოდ პროვოკაციის შემდეგ მიიღო მოვლენებმა უმართავი სახე და ფაქტობრივად, გააუფერულა მთელი ამ ინიციატივის არსი.
რაც შეეხება ქაოსს და არეულობას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს და მის მხარდამჭერებს აწყობთ საქართველოში, როგორც ჩანს, აქციაში მონაწილე ორივე მხარისათვის დიდ საფრთხედ „არ აღიქმებოდა“, წინააღმდეგ შემთხვევაში თავს შეიკავებდნენ არეულობისთვის ხელსაყრელი ნიადაგის შემზადებისგან.
საზოგადოებრივი აზრის შექმნა, რომ ხელისუფლება კვებავს პროპუსულ ძალებს, ლოგიკურად, მხოლოდ ოპოზიციისთვის არის ხელსაყრელი, რომელიც ცდილობს, საარჩევნოდ რეიტინგი შეიქმნას.
რაც შეეხება ხელისუფლებას, თუ ის მართლაც ე.წ. ქართული მარშის მხარდამჭერი და იდეოლოგია, საინტერესოა, რაში უნდა აწობდეს ქვეყანაში წინასაარჩევნოდ უმართავი პროცესების შექმნა? - თავად ამ მოძრაობის ორგანიზატორების განცხადებებიდანაც ჩანს, რომ ისინი ინდივიდუალურად მოქმედებენ.
ცხადია, მმართველი ძალა ასეთი პროცესის მხარდაჭერით ვერც ძალაუფლებას გაიხანგრძლივებს და ვერც მომხრეებს შეიძენს, მით უმეტეს, რომ შიდა პოლიტიკის გარდა საგარეო საფრთხეები წარმოუდგენლად გაზრდილია; როდესაც რუსეთი ყოველდღიურად ცდილობს საქართველოს პროვოცირებას; როდესაც რეგიონსა და მსოფლიოში სიტუაცია ისედაც დაძაბულია და მთელ ამ ქაოსში საქართველოს ბედი სულ უფრო წვრილ ძაფზე ეკიდება; როდესაც ყოველ წუთს მოსალოდნელია, რუსეთის გარდა სხვა მეზობლებიც დაგვიპირისპირდნენ იგივე, „ქართული მარშის“ მიერ დაშვებული შეცდომების ან შეგნებული თუ გაუაზრებელი პროვოკაციის წყალობით.
როდესაც ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც უამრავი პრობლემაა, ძნელია იფიქრო, რომ ქვეყანას კამიკაძე ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ხელისულებაში დარჩენისთვის კი არა, ხარაკირისთვის ემზადება და კონსტიტუციის საკუთარ თავზე მორგებასაც ამიტომ ცდილობს.