NDI-ს თვალით დანახული ორი საქართველო

NDI-ს თვალით დანახული ორი საქართველო

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშს აქვეყნებს - თავისი შინაარსით ეს ანგარიში შესანიშნავად გამოდგებოდა წინა ხელისუფლების მმართველობის შეფასებისთვისაც, თუმცა ამ ორგანიზაციას მსგავსი რამ ნაციონალთა მართველობის დროს არ გამოუქვეყნებია. ამდენად ქართული საზოგადოების თვალში კვლევითი ორგანიზაციები კვლავ პოლიტიკურ ინსტრუმენტად მოიაზრება, რომელიც გარკვეული პოლიტიკური ძალების სამსახურშია. შესაბამისად, ასეთი კვლევითი ორგანიზაციებისადმი საზოგადოების ნდობა კვლავ მინიმალურია, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ დასკვნებს ყურადღებას აქცევენ უცხოეთში.

„საქართველო ემზადება ადგილობრივი არჩევნებისთვის და, ამავე დროს, ახორციელებს წინააღმდეგობრივ საკონსტიტუციო, საარჩევნო და ადგილობრივ რეფორმებს. ამ პროცესში ორი პარალელური საქართველო გამოიკვეთა“, - ნათქვამია ანგარიშში.

დელეგაცია ხაზს უსვამს, რომ ერთი საქართველო დანახულია „ქართული ოცნების“, მეორე კი პროცესში ჩართული დანარჩენი მხარეების მიერ.

ანგარიშის მიხედვით „ქართული ოცნების“ მიერ დანახული საქართველო ხასიათდება მცირე დემოკრატიული გამოწვევებით: პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მედია გარემო; საარჩევნო და პოლიტიკური საქმეების დროული და მიუკერძოებელი გადაწყვეტა; ჯანსაღი და პლურალისტური პოლიტიკური კონკურენცია და რეფორმები, რომლის მიზანი „ქართული ოცნებისთვის“ პოლიტიკური სარგებლის მოტანა არ არის.

მეორე რეალობა, რომელიც გაზიარებულია პროცესში ჩართული თითქმის ყველა სხვა მხარის მიერ, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, ამ ხედვისგან მკვეთრად განსხვავებულია და გამოირჩევა: კანონის არათანაბარი გამოყენებით; დაუბალანსებელი საარჩევნო გარემოთი; მმართველი პარტიის ინტერესებზე მორგებული რეფორმებით; ალტერნატიული მოსაზრებებისთვის სულ უფრო კლებადი მედია სივრცით; არაფორმალური მმართველობით და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით.

„პოლიტიკური გარემოს განსხვავებული შეფასებები და მმართველი პარტიის თვითიზოლაცია უფრო მეტ შინაარსობრივ და ინკლუზიურ კონსულტაციებსა და განხილვებს მოითხოვს. ამის უგულებელყოფამ შესაძლოა, ქვეყნის დემოკრატიულ მიღწევებს ჩრდილი მიაყენოს და არასტაბილურობა გამოიწვიოს“, - ნათქვამია (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშში.

მათივე შეფასებით, საქართველოს მოქალაქეებს თავისი ლიდერებისა და ინსტიტუტების მიმართ მაღალი სტანდარტები აქვთ დაწესებული. ასევე, საარჩევნო პროცესის სანდოობის მიმართ მათი მოლოდინი მაღალია.

„ამ ამბიციებისა და ფართო დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერის გათვალისწინებით, დელეგაციამ საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი გამოწვევა და შესაძლებლობა გამოკვეთა. საარჩევნო ადმინისტრაცია თითქმის ყველა მხარის ნდობით სარგებლობს, თუმცა რჩება სფეროები, რომელიც გაუმჯობესებას საჭიროებს.

ანგარიშის მიხედვით, არჩევნების დღესთან ძალიან ახლოს სამი წინააღმდეგობრივი რეფორმის პროცესი მიმდინარეობს, რომელსაც გამჭვირვალობა და ჩართულობა აკლია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, რომელიც საქართველოსთვის ძირეული და დიდი ხნის პრობლემაა, ფართომასშტაბიანი შეშფოთების საგნად რჩება; მედიის გამოწვევაა, საზოგადოებას მიაწოდოს სანდო ინფორმაცია მათი საარჩევნო ალტერნატივების შესახებ იმ პირობებში, როცა - ერთი შეხედვით - პლურალისტური პოლიტიკური დისკუსიებისთვის სივრცე სულ უფრო ვიწროვდება; სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია საარჩევნო გარემოში მტრულ დამოკიდებულებებს იწვევს.

როგორც NDI აღნიშნავს, საქართველოს დემოკრატიული გზის კრიტიკულ გასაყარზე, 2017 წლის ოქტომბრის არჩევნებს, რომლის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის დადგენილი, დიდი მნიშვნელობა ენიჭება, დელეგაციის შეფასებით, ეს არჩევნები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, უპასუხოს ძირეულ საარჩევნო გამოწვევებს.

„რადგან საქართველო სამართლიანად ამაყობს თავისი დემოკრატიული და ევროპული არჩევანით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ სრულად გაითვალისწინოს წარსულში გაცემული რეკომენდაციები. საქართველოს აქვს უნარები, დრო, მხარდაჭერა, გამოცდილება და რესურსები, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი გაითვალისწინოს. ამისთვის საკმარისი პოლიტიკური ნებაა საჭირო“, - ნათქვამია დელეგაციის ანგარიშში.

დელეგაცია ასევე ხაზს უსვამს, რომ ზოგიერთი ჩამოთვლილი საკითხი ამჟამინდელი მთავრობის ხელისუფლებაში მოსვლამდეც აქტუალური იყო და ბოლო 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ქვეყნის პოლიტიკური გარემოს შემადგენელი ნაწილია.

ამასთან, მათი თქმით, ძალაუფლება და გადაწყვეტილების მიღება არა არჩეული მთავრობის ლიდერთა, არამედ კულისებს მიღმა არაფორმალური მმართველის ხელშია.

NDI თვლის, რომ შეხედულებების ამგვარმა მკვეთრმა განსხვავებებმა შესაძლოა, გავლენა იქონიოს საზოგადოების ნდობაზე და დროთა განმავლობაში არასტაბილურობას შეუწყოს ხელი. მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებების სიზუსტისა, დიდ უმრავლესობას და ძალაუფლების კონცენტრირებას თან სდევს საზოგადოების ნდობის მოპოვების, თანაბარი შესაძლებლობების შექმნისა და ალტერნატიული შეხედულებების არსებობის უფლების უზრუნველყოფის და პარტიული კუთვნილების მიღმა კონსენსუსის მიღწევის პასუხისმგებლობა. ამასთან, დემოკრატია ეყრდნობა ოპოზიციის არსებობას, რომელიც კონსტრუქციულად ერთვება პოლიტიკურ პროცესში და შეუძლია კონკრეტული და ქვეყნისთვის სასარგებლო ალტერნატიული ხედვის შემოთავაზება.

ადგილობრივი არჩევნები მნიშვნელოვანია. პირველი კონტაქტი მთავრობასა და მოქალაქეებს შორის ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ხდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ზედამხედველობას უწევენ მოსახლეობისთვის ადგილობრივად მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის გზებს, საბავშვო ბაღებს, ნაგვის გატანას და გარემოს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმატებული საქმიანობის პირობებში დემოკრატია ძლიერდება და უფრო სტაბილური ხდება. 2017 წლის არჩევნები მნიშვნელოვან შესაძლებლობას აძლევს კანდიდატებს და პარტიებს, აქცენტი გააკეთონ მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე“, - ნათქვამია NDI-ს დელეგაციის ანგარიშში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ მომავალ არჩევნებს ეროვნულ დონეზე პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს. თბილისის მერის არჩევნები მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლებისთვის არაა მნიშვნელოვანი.

დედაქალაქის მერი ქართული პოლიტიკის მნიშვნელოვანი ფიგურაა და მმართველ ძალას, ოპოზიციას და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის გამართული არჩევნების შედეგებმა შესაძლოა, ძალთა ბალანსზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს. საქართველოს მასშტაბით, მომავალი არჩევნები იქნება ქვეყნის პოლიტიკური ძალების გამოცდა. ოპოზიციურ პარტიებს საშუალება ეძლევათ პოლიტიკური რელევანტურობა წარმოაჩინონ. არჩევნების შედეგები ასევე განსაზღვრავს, მოხდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ პოლიტიკური ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაცია.

NDI - კონსტიტუციასაც ეხება და აღნიშნავს, რომ ამ პროცესს აკლია ოპოზიციური ძალების, პრეზიდენტის, არასამთავრობოების და საზოგადოების მხარდაჭერა, ეს კი, ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნის შესაძლებლობას შეამცირებს, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს.

ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც სამი თვით ადრე საქართველოს კონსტიტუცია, საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობა მნიშვნელოვანი ცვლილებების პროცესშია.

NDI მიიჩნევს, რომ ამ რეფორმების, დამტკიცების შემთხვევაში, რამდენიმე მიმართულებით მოსალოდნელია პირდაპირი და ირიბი გავლენა ადგილობრივ არჩევნებზე.

კრიტიკის საგანს წარმოადგენდა ასევე ამ რეფორმების წამოწყება არჩევნების დღესთან ასე ახლოს. NDI მიიჩნევს, რომ ასევე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომელიც არ იქნა გამოყენებული საკონსტიტუციო და საკანონმდებლო რეფორმების პროცესში, არის ის, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ზომებს არ ითვალისწინებს.

საპარლამენტო მანდატების მხოლოდ 15 პროცენტი აქვთ ქალებს და საკრებულოებში მათი წარმომადგენლობა მხოლოდ 12 პროცენტია. 71 არჩეული მერიდან და გამგებლიდან მხოლოდ ერთია ქალი.

და ბოლოს, NDI იმედგაცრუებულია, რადგან მათი წინა რეკომენდაციები ბოლომდე გათვალისწინებული არ იქნა, თუმცა იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერად რეკომენდაციების გათვალისწინება სრულად მოხდება.