„ამბასადორიალი 2017“-ი პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაპირისპირების ახალი მიზიზი გახდა. პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ამბასადორიალის“ მონაწილეებს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო კომისიაში მონაწილეობის მიღებაზე უარის გამო, გააკრიტიკა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წევრებთან საუბრისას განმარტა, რომ პრეზიდენტის უარი საკონსტიტუციო კომისიის მუშობაში მონაწილეობაზე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი იყო. გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებში არ არის არც ერთი ნორმა, რომლის მიხედვითაც, მმართველ პარტიას უპირატესობა ენიჭება.
პარლამენტის თავმჯდომარის ეს განცხადებები „ელჩებისთვის პარტიული დავალებების მიცემად“ შეაფასა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა თენგიზ ფხალაძემ და აღნიშნა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში საგარეო პოლიტიკის წარმოების ანა-ბანაა, რომ საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, ქვეყნის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ არ ეძლევათ პარტიული დავალებები.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის წარომადგენლებს საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის იმიჯის წინააღმდეგ მუშაობას სთხოვს. როგორც აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მოუწოდა, გააძლიერონ მუშაობა რუსული ოკუპაციისა და პროპაგანდის წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში.
„პარლამენტის თავმჯდომარე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებოდა და იმის ნაცვლად, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის ეთხოვათ, გაეძლიერებინათ მუშაობა ანტიანექსიისა და ოკუპაციის წინააღმდეგ, მათ სთხოვდა და მოუწოდებდა, რომ ემუშავათ საქართველოს პრეზიდენტის იმიჯის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამას მოუწოდებდა იმ ელჩებს, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნულები“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
გიორგი აბაშიშვილის სკანდალური და ხმაურიან ბრალდება მიუღებელია მმართველი გუნდისთვის და პრეზიდენტს მოუწოდებენ ბოდიში მოიხადოს თავისი მოხელის გადაცდომის გამო. უმრავლესობის წევრის, დეპუტატის ეკა ბესელიას განცხადებით, როდესაც პრეზიდენტი ინსტიტუტებისადმი პატივისცემაზე საუბრობს, მას მოეთხოვება, პირველ რიგში, საკუთარი ადმინისტრაციის საჯარო მოხელეებს კარგი ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოხელეთა განცხადებები ინსტიტუციას შეურაცხყოფს. პარლამენტის თავმჯდომარე ინსტიტუტს წარმოადგენს, საკანონმდებლო ორგანო არის უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანო და ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტი. ეს ნიშნავს არა პარლამენტის შეურაცხყოფას, არამედ საკუთარი ინსტიტუციის შეურაცხყოფას. მათ ერთი კარგი ტრენინგი არ აწყენდათ. ბევრი კარგი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელს კარგ ტრეინინგს ჩაუტარებდა“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
გიორგი მარგველაშვილი არც ბოდიშის მოხდას აპირებს და არც შესაბამისი ინსტრუქტაჟის ჩატარებას საკუთარი ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. მეტიც, ამ დიპირისპირებაში პრეზიდენტის ადმინისტრაცია ახალი ინიციატივით გამოდის, კერძოდ, დაიწყონ სერთიფიკატების და დიპლომების აქცია, ამ აქციაში კი, სხვა საჯარო მოხელეები გამოიწვიონ.
ანალიტიკოსების შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ღიად მოქმედებს რუსული „რბილი ძალა“, საქართველოში რუსული რევანშის დაწყებისათვის ხელსაყრელ გარემოებებს ქმნის, რისი გამოძახილია მცოცავი ოკუპაცია, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს პარლამენტს შორის მიმდინარე დაპირისპირება, ასუსტებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და აძლიერებს ჩრდილოელ მეზობელს.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ძალიან რთული პროცესები ვითარდება ქვეყნის გარშემო და უმჯობესია სწორედ ამ საკითხებზე იყო საუბარი. რაც შეეხება კობახიძის განცხადებას, როგორც საყვარელიძე ამბობს, თუკი იმ ტექსტს დავუკვირდებით, რაც კობახიძემ თქვა, იქ რამოდენიმე სტილისტური ელემენტია, მაგალითად, მიიტანეთ სიმართლე უცხოელებამდე, სხვა მხრივ ეს იგივე ტექსტია, რასაც უმრავლესობის სხვა წევრები ლაპარაკობენ.
„ამავე დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობა აქვს პრეზიდენტს. მასაც შეუძლია გამოვიდეს და თქვას, რომ არსებობს აზრთა სხვადსხვაობა და ესეც მიიტანეთ უცხოელებამდე. არც ერთი და არც მეორე დიდი ტრაგედია არ იქნებოდა, რომ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ასეთი მძაფრი ბრალდება, რომ ეს არის დავალება დიპლომატიური კორპუსის მიმართ. საიდან გამომდინარეობს ასეთი დავალება, გაუგებარია. დავალება რომ სჭირდებოდეს ხელისუფლებას, სხვა არხი, გარდა ამ ტრიბუნისა არ არსებობს დავალების მისაცემად?!
ამ შემთხვევაში კობახიძის არადიპლომატიურ ფრაზას ვხედავ და იმის გაუთვალისწინებლობას, რა უნდა თქვას და რა არა, რაც სამწუხაროდ არერთხელ დამართვია მას, ვიდრე ის, რომ რაღაცა ბოროტი განზრახვაა. ღიმილის მომღვრელია ეს ყველაფერი უკვე. გასაგებია, რომ მომგებიანია ხელისუფლების კრიტიკა, ამის მეტს არაფერს აკეთებს ოპოზიცია, მაგრამ შედეგი ვიცით. ეს უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, რომელმაც დაიწყო ეს კინკლაობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტის, არჩილ გამზარდიას შეფასებით, არ არის გამორიცხული, რომ ეს შიდა დაპირისპირებები ირიბად სწორედ ჩრდილოეთიდან იყოს პროვოცირებული.
„ბუნებრივია, ამის არგუმენტირება ძალიან ძნელია. მაგრამ ყოველ შემთვევაში რუსული პოლიტიკის სტრატეგია ასეთი იყო, ყოველთვის ხელს უწყობდა სხვადასხვა ფორმით შიდა დაპირისპირებებს. ძალიან ხშირად დაპირისპირებული მხარეების უკან რუსეთიც იდგა და ეს დაპირისპირება თავისთავად აკეთებდა რუსულ საქმეს. ამიტომ, ამ დაპირისპირების მოტივების ერთ-ერთი ასპექტი შეიძლება ესეც იყოს. მეორე მხრივ, ჩვენთან პოლიტიკური საზომი ბევრად უფრო მაღლაა აწეული, ვიდრე სახელმიფოებრივი და პოლიტიკური მიზნები სახელმწიფოებრივ მიზნებს არ ემთხვევა ხოლმე“, - აცხადებს გამზარდია.
მისივე თქმით, ნებისმიერი ამგვარი პროცესი, როდესაც არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ თავად პოლიტიკური მხარეების მიერ ხდება ყურადღების გადატანა მეორე და მესამე ხარისხოვან თემებზე, ეს სახელმწიფოზე ბევრად უფრო რთულად აისახება.
„გვეტყობა ბევრ პრობლემასთან, მათ შორის ოკუპაციასთან ბრძოლაში, რომელიც პირდაპირ მოიწევს და მერე შეიძლება სახელმწიფო აღმოჩნდეს ისეთ რეჟიმში, რომ ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე დადგეს. დღეს ეს ყველაფერი მშვიდად მიდის იმიტომ, რომ სახელმწიფო არ იმჩნევს, მაგრამ ხვალ და ზეგ ასე ვერ იქნება, ასე უსასრულად ვერ გაგრძელდება“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის შეფასებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ხდება ამბასადორიალის პოლიტიზება, რაც მისი თქმით, სამწუხარო და დასანანია. მინისტრი ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრიდან გასულ წელსაც იყო მცდელობა, რომ დაებრალებინა ხელისუფლებისთვის, თითქოს ხდება დიპლომატიური კორპუსის პოლიტიზირება.
„ეს იყო გადმონაშთი იმ ძველი ტრადიციისა, როდესაც ნამდვილად ეძლეოდათ პოლიტიკური დავალებები დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს და ისინი მოქმედებდნენ პოლიტიკური დღის წესრიგით. დღეს ჩვენი დიპლომატიური კორპუსი მოქმედებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების სწორი ინფორმაციის მიწოდების პრინციპით და სწორედ ეს იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოწოდება“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.