დასაძლევად განწირული პრეზიდენტის მორიგი ვეტო

დასაძლევად განწირული პრეზიდენტის მორიგი ვეტო

მმართველი გუნდი პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს ყურადღებით გაეცნობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, გაიზიარებენ შენიშვნებს თუ დაძლევენ ვეტოს. იმის მიუხედავად, რომ ორივე კანონპროექტი, რომელთაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, უმრავლესობა ამბობს, რომ პროგრესული და კარგია და, ზოგადად, ხშირია პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს გამოყენების პრეცედენტები.

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, რომლის მთავარი საკითხი პრეზიდენტის ვეტო იქნება, მომავალ კვირას, 26 ივლისს გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი მორიგი ვეტოსთვის ემზადება და ამ შემთხვევაში ვეტოს მოლოდინში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტია.

გიორგი მარგველაშვილმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო დაადო. შესაბამისად, ქვეყნის პირველმა პირმა აღნიშნული ცვლილებები პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით გადაუგზავნა.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, შვიდი თვითმმართველი ქალაქის გაუქმება და მათი მუნიციპალურ თემებთან გაერთიანება მოხდა. შესაბამისად, ჯერ კიდევ არსებული 12 თვითმმართველი ქალაქი 5–მდე შემცირდა. კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, მუნიციპალური თემებთან შემდეგი თვითმმართველი ქალაქის გაერთიანება ხდება, ესენია - ზუგდიდი, ოზურგეთი, გორი, თელავი, ახალციხე, მცხეთა და ამბროლაური.

რაც შეეხება „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, საარჩევნო ადმინისტრაციაში პარტიების მიერ წევრების დანიშვნა დამოკიდებული იქნება პარტიის მიერ ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე, ნაცვლად დღეს არსებული წესისა, რომლის მიხედვით, საარჩევნო კომისიებში წევრის დანიშვნა პარტიის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ დაფინანსებაზეა დამოკიდებულია. არსებული წესისგან განსხვავებით, აღნიშნული ცვლილებებით პარტიას საარჩევნო ადმინისტრაციაში ერთზე მეტი წევრის დანიშვნის უფლება ექნება.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც 7 ქალაქს ერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ეს აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებასა და გაძლიერებას ქვეყანაში. პრეზიდენტის განმარტებით, თვითმმართველობა არის ის ერთადერთი, რეალური, ეფექტური დემოკრატიული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მთავრობის, ხელისუფლების, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტურ სამსახურს მთავარი შემკვეთის – ამომრჩევლის მიმართ და ამაზე ეფექტური მექანიზმი, სახელმწიფო როგორ უნდა ემსახუროს თავის საზოგადოებას, არ არსებობს და ეს პროცესი პირიქით, უნდა გაღრმავებულიყო.

„პირველი საკითხი ეხება თვითმმართველობის კანონს, რომლითაც 7 თვითმმართველ ქალაქს - თელავს, ზუგდიდს, ოზურგეთს, გორს, ახალციხეს, მცხეთას და ამბროლაურს ჩამოერთმევა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. ეს უაღრესად დასანანია, რადგან ამ ქალაქებს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი მიენიჭა 2014 წელს „ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული რეფორმის ფარგლებში.

დასაწყის ეტაპზე 7 ქალაქისთვის ამ სტატუსის მინიჭებას  ითვალისწინებდა და ეს პროცესი შემდგომ უფრო უნდა გაღრმავებულიყო. ეს პროცესი თავის დროზე შეფასდა უაღრესად დადებითად როგორც ქართული საზოგადოების, ისე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ და ამ პროცესის უკან შეტრიალება არის აბსოლუტურად არამოტივირებული და მიუღებელი“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ პარლამენტი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა“ და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე მის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს.

„იმედი მაქვს, რომ პარლამენტი გაითვალისწინებს ჩემს მოტივირებულ შენიშვნებს, მით უმეტეს, რომ მოტივირებული შენიშვნები ეფუძნება აქტიურ პოზიციას, რომელიც ამ კანონმდებლობასთან მიმართებაში აქვს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე პოლიტიკურ პარტიებს.

ეს არის აქტიური ნეგატიური პოზიცია, რომელიც დაფიქსირდა არაერთი შეხვედრის დროს. დარწმუნებული ვარ მმართველმა პარტიამ ნელ-ნელა კიდევ უფრო აქტიურად უნდა მოუსმინოს და ყური დაუგდოს განსხვავებულ აზრს და თავის კანონშემოქმედებით პროცესში განსხვავებული აზრი ჩართოს თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შემადგენელ ნაწილად“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ „ვეტოურთიერთობა“ არ არის თანამშრომლობის საუკეთესო ფორმა, უმრავლესობა პრეზიდენტის შენიშვნებს ყურადღებით განიხილავს.

„ჩვენ ვიმუშავეთ და მივიღეთ ეს კანონები. პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ იმუშავა და ვეტო დაადო ამ კანონებს. პრეზიდენტმა იცის, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტს შეუძლია, თუმცა, ალბათ, ელის, რომ მის მოსაზრებებს გავეცნობით და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ „ვეტოურთიერთობა“ არ არის თანამშრომლობის საუკეთესო ფორმა, მის შენიშვნებს პარლამენტში ყურადღებით განვიხილავთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ამბობს: „ვეტოს არსი ისაა, რომ უმრავლესობას, საქართველოს პარლამენტის წევრებს, საზოგადოებას და ხალხს გააგებინოს ის ნეგატიური შედეგები, რომელიც დემოკრატიის გაუარესების კუთხით მოჰყვება ამ ცვლილებებს. მიუხედავად იმისა, რა შედეგი მოჰყვება ვეტოს პარლამენტში, მნიშვნელოვანია, პარლამენტის წევრებს და ხალხს ავუხნათ, რომ ამ ორი ცვლილების გატარება მკვეთრად აუარესებს დემოკრატიას და, შესაბამისად, ეს მიუღებელია“.