„მასპინძელი“ - ინაშვილის პატრია - „სტუმარი“ კალაშნიკოვი

„მასპინძელი“ - ინაშვილის პატრია - „სტუმარი“ კალაშნიკოვი

ამჯერად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატების „მასპინძლები“ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები არიან. გამოცემა „იზვესტიას“ ინფორმაციით, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატთა დელეგაცია საქართველოს ეწვევა, რათა ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებები გამართოს.

გამოცემას რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა განუცხადა: „საპარლამენტო დიპლომატიამ ხელი უნდა შეუწყოს რუსეთსა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების დარეგულირებაში და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაში“.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა, რომლებიც მოსკოვში ვიზიტით იმყოფებოდნენ, რუსი კოლეგები საქართველოში მოიწვიეს. ჩვენ აუცილებლად გავემგზავრებით თბილისში. რუსი პარლამენტარები სულ მცირე ათი წელი არ ყოფილან საქართველოში. ამგვარი კონტაქტები რიგი საკითხების გადასაჭრელად არის საჭირო. შეხვედრებზე განვიხილავთ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ეკონომიკას, შევეცდებით სავიზო საკითხი გადავჭრათ. კარგია, რომ ეს ინიციატივა ორმხრივია“, - განაცხადა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

რუსი დეპუტატების საქართველოში მომწვევ მხარესთან სატელეფონო კავშირი ვერ მოვახერხეთ, შესაბამისად, უცნობია რა სტატუსით მოიწვიეს საქართველოში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატები. რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს ქვეყნების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადების მიუხედავად, რომ საპარლამენტო დიპლომატია უნდა დაეხმაროს თბილისსა და მოსკოვს დიპლომატიური ურთიერთობების მოგვარებაში, ასევე სავიზო საკითხების გადაწყვეტასა და ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაში, საპარლამენტო უმრავლეობა „პატრიოტთა ალიანისის“ მიერ მოწვეულ სტუმრებთან შეხვედრას არ აპირებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ რუს დეპუტატებთან შეხვედრის არავითარი საჭიროება არ არსებობს. მისი თქმით, სახელმწიფო დუმის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება.

„ეს ჩამოსვლა, თუნდაც იქ ჩასვლა გარკვეულ პოლიტიკურ შარმს მატებს და გარკვეული სკანდალი შემოაქვს პოლიტიკურ დებატებში, მედიასივრცეში, მაგრამ, რაიმე შედეგის მომტანი არ შეიძლება იყოს, ვინაიდან რუსებს თავისი სტრატეგიული გეგმა გააჩნიათ და ამ პოზიციის გამო მსოფლიო მასშტაბის დაპირისპირება მიმდინარეობს. აქედან გამომდინარე, რომელიმე რუსი დეპუტატის მოსაზრება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, არ შეიძლება განაპირობებდეს ცვლილებას საერთაშორიოსო პოლიტიკის მეტად რთულ და ჩვენთვის მიუღებელ ნაწილში“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს მოსკოვთან ოფიციალური კავშირი დაამყაროს. მისი თქმით, შეუძლებელია, გარდა იმ საერთაშორისო ფორმატებისა, რაც არსებობს, რაიმე ოფიციალური კავშირის დამყარება მოსკოვთან.

„მთავრობის და უმრავლესობის დამოკიდებულება „პატრიოტთა ალიანსის“ მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით ყველასთვის კარგად ცნობილია. ჩვენი ხელისუფლება არ აპირებს და მე, პირადად შეუძლებლად მიმაჩნია, გარდა იმ საერთაშორისო ფორმატებისა, რაც არსებობს, ჩვენ რაიმე სახის ოფიციალური კავშირი დავამყაროთ მოსკოვთან მანამ, სანამ იარსებებს ე.წ. საელჩოები ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში, მანამ, სანამ მკაფიოდ არ შეგვექმნება სურათი, რომ რუსეთი მზადაა დეოკუპაციისათვის“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რუსეთის დუმის დეპუტატების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი მიუღებელია „ევროპული საქართველოსთვის“. როგორც პარტიის წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, თავად „პატრიოტთა ალიანსის“ ვიზიტი მოსკოვში ცხადყოფს, რომ ეს იყო ხელისუფლების ხაზის გატარება. მისი თქმით, მიზანი იყო - გვქონდეს ე.წ. ორმხრივი დიალოგი მოსკოვთან, რომელიც თითქოს რაღაცას მოაგვარებს.

„სინამდვილეში ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ წასვლა და ხელყოფა ამ ეროვნული ინტერესების. რაც შეეხება საპასუხო ვიზიტს, არანაირი პოზიტივი ამას არ შეძლება მოყვეს. უმრავლესობა იმ ადამიანების არიან პირდაპირ დამრღვევები საქართველოს კანონის ოკუპაციის შესახებ და მათ მიმართ უნდა იყოს კონკრეტული სამართლებლივი ზომები მიღებული, არათუ საქართველოში უნდა იყვნენ დაპატიჟებულები, არამედ ვინმეს მათთან შეხვედრის სურვილი არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ ეს არის ის ხალხი - მომწვევი მხარე, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვენ ოკუპაციის კანონის გადახედვას და გაუქმებას“, - აცხადებს სერგი კაპანაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა აცხადებს, რომ დუმის დეპუტატების უმრავლესობას, მათ შორის, კალაშნიკოვს დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ და ისინი ქვეყნაში არ უნდა შემოუშვან.

„ეს არ არის ამ დაჯგუფების - „პატრიოტთა ალინსის“ ინიციტივა. რა პატრიოტებიც არიან კარგად გამოჩნდა მოსკოვში ოკუპანტთან ვიზიტის დროს. ეს არის ჰიბრიდული ომის ნაწილი, ჰიბრიდული ომი არის ასიმეტრიული ომი, რომელიც სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა შრეზე, პოლიტიკურად, ფსიქოლოგიურად, მედიის საშუალებით ზემოქმედებას ცდილობს ჩვენზე ასევე მოქმედებენ ისინი უკრაინაში, აშშ-ში და სხვაგან.

ეს არის მცდელობა, რომ რამენაირად შეგვაგუონ ოკუპაციას და მტერს არ გავუწიოთ წინააღმდეგობა. დუმის დეპუტატი კალაშნიკოვი არის გამორჩეული ანტიქართველი, გამორჩეული მხარდამჭერი სეპარატისტების და ამ კაცთან არათუ დიალოგი, საერთოდ, მისი საქართველოში შემოშვება უნდა იყოს წარმოუდგენელი, მაგრამ ივანიშვილის „ოცნების“ ხელში ასეთ აბსურდულ რეალობაში გვიწევს ყოფნა“, - ამბობს ნიკა რურუა.

იმ ფონზე, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ყოველდღიურ რეჟიმში არღვევენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი ამბობს, რომ რუსი დეპუტატების საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი გასცდა პარლამენტის უფლებამოსილებებს. მისი თქმით, უნდა დაველოდოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

„თვითონ ის ფაქტი, რომ ჩამოსვლას აპირებს არა ვინმე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, არამედ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა კომიტეტის ხელმძღვანელი, მიგვანიშნებს იმაზე, რომ რუსეთი აშკარად ამტკიცებს, რომ საქართველო არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და მისი როგორც ცივილიზებული ევროპული ქვეყნის შეფასება, არ შედის რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობის ცნობიერებაში. ახლა უფრო გაააქტიურებენ პუტინისტები მცდელობას იმისა, რომ აირიოს სიტუაცია ქვეყანაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ამის მსურველი მხოლოდ ამხანაგი პუტინი არ არის“, - აცხადებს სოსო ცისკარიშვილი.

როგორც ექსპერტი აცხადებს, ასეთი საფრთხე უკვე არსებობს და თავად პროვოკაციულია ის ფაქტიც, რომ აქამდე მხოლოდ კონსტიტუცია არის ქართული მხარის უპირველესი შფოთვის საგანი. ცისკარიშვილი ფიქრობს, რომ გამოაშკარავებული უნდა იქნენ რუსეთის მომლოდინე ჩვენი თანამემამულეები.

„კანონი, კანონია და ეს კანონი თანაბარაია ნებისმიერი იმ პირის მიმართ, რომელსაც დარღვეული აქვთ საქართველოს კანონი ოკუპაციის შესახებ. რაც შეეხება პატრიოტებს, მე მგონია, მათ უკვე შეუძლიათ შეიცვალონ საკუთარი სახელი და დაირქვან - „ზეპატრიოტთა ალიანსი“. ისინი უკვე გაიჭრნენ იმ სივრცეში, სადაც მარტო პატრიოტიზმი აღარ არის საკმარისი, ზეპატრიოტულობა კი, შეიძლება სხვადასხვა შინაარსით აღვიქვათ“, - განმარტავს სოსო ცისკარიშვილი.