პოროშენკო მზად არის სააკაშვილი საქართველოს გადასცეს

პოროშენკო მზად არის სააკაშვილი საქართველოს გადასცეს

არაოფიციალური ინფორმაციით, უკრაინა მიხიელ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხის განხილვას იწყებს. როგორც for.ge-ს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, ირაკლი შოთაძის უწყება დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე უკრაინულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადირების თხოვნით მიმართავს. ახალი მიმართვის შემთხვევაში კი, უკრაინული მხარე პროცედურების დაწყებისთვის მზად არის.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზე, რამაც ექსპრეზიდენტი აღაშფოთა და უკრაინის პრეზიდენტს სოციალური ქსელით მიმართა:

„რა მოხდება თუ რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი საქართველოს მთავრობა მიმართავს მას? მზად ხართ უკრაინის კონსტიტუციისა და საერთაშორისო სამართლის დარღვევით უკრაინის მოქალაქის გადაცემა განიხილოთ? ბატონო პრეზიდენტო, შეცვალეთ იურიდიულ საკითხებში თქვენი მრჩევლები“, - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.

როგორც ცნიბილია, პეტრო პოროშენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების თაობაზე საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის არ მიუმართავს. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ, პოროშენკომ ამ საკითხზე დამატებითი განმარტება გააკეთა.

„სამწუხაროდ, არ ვიცოდი ამის შესახებ, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ეს საკითხი პრეზიდენტის ჩარევის გარეშე განიხილება. ახლა გადავამოწმე ინფორმაცია და უკრაინამ გასცა ექსტრადირებაზე უარყოფითი პასუხი და მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია.

ჩვენ არ განგვიხილავს ექსტრადირების საკითხი ვიზიტის დროს, მაგრამ თუ ეს მომავალში მოხდება, ეს იქნება ძალოვანი სტრუქტურების და გენერალური პროკურორის პრეროგატივა, რომელიც ძალიან ყურადღებით განიხილავს ნებისმიერი დამნაშავის ექსტრადირების მოთხოვნას და ჩვენ დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებთ საქართველოსთან ნებისმიერი დანაშაულის გამოძიებაში.

თუმცა, მე ამაში არ ვერევი. პერსონალურად არავინ განგვიხილავს, მათ შორის არც სააკაშვილი. ზოგადად სახელებს და გვარებს არ აქვს მნიშვნელობა, თუ დადასტურდება კრიმინალი, ცხადია, მოვიქცევით შესაბამისად“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

მოვლენები და განცხადებები ადასტურებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხზე შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს. საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესები.

„როგორც ცნობილია, დაზუსტდა ამ კითხვაზე პასუხი, ისევ უკრაინის პრეზიდენტის მიერ, და გაირკვა, რომ საქართველოს მხრიდან მიმდინარეობს და უკრაინასა და საქართველოს შორის არსებობს სამართლებრივი პროცესი ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიტიკურ განხილვებს, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არც ერთ შეხვედრაზე ამ საკითხის პოლიტიკური განხილვა არ მომხდარა. ამ საკითხს აქვს სამართლებრივი განზომილება და შესაბამისად, მიმდინარეობს პროცესები“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

სააკაშვილის ექსტრადირების საკითხზე სპეციალური ბრიფინგი გამართა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, რომლის განცხადებით, უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნით ორჯერ მიმართეს, თუმცა მიღებულია უარი. რაც შეეხება თანამშრომლობას, შოთაძე აცხადებს, რომ თანამშრომლობა გრძელდება მათ შორის ამ საკითხზეც, თუმცა შემაფერხებელი გარემოებაა უკრაინის კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ შეიძლება.

„ჩვენ ორჯერ გვაქვს გაგზავნილი ექსტრადირების მოთხოვნა უკრაინაში, რაზეც მივიღეთ უარი. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან - უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან საკმაოდ აქტიურად. თუმცა, დღესდღეობით, სამართლებრივად მისი საქართველოში ექსტრადირების შემაფერხებელი გარემოება არის მათი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც უკრაინის მოქალაქის ექსტრადირება არ შეიძლება. მაგრამ ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. მიმართვა კვლავ გაგზავნილია ექსტრადირების მოთხოვნაზე“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, მტკიცებულებების საფუძველზე უკრაინულ მხარეს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის არის ამ ეტაპზე უკვე მისაღები. როგორც წულუკიანი განმარტავს, ქართულმა მხარემ უკრაინას ექსპრეზიდენტის ექსტრადირების საკითხზე ორჯერ მიმართა და ორივეჯერ ოფიციალური უარი მიიღო.

თეა წულუკიანის განცხადებით, ქართველი პროკურორები უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას ამ საქმეზე მომავალშიც გააგრძელებენ. მინისტრი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქართული მხარისთვის გადაცემა არ არის პოლიტიკური საკითხი, მოთხოვნა ემყარება მტკიცებულებებს, მტკიცებულებები კი მიხეილ სააკაშვილის საზიანოდ მეტყველებს.

„მე მიხარია, რომ ჩვენი უკრაინელი პარტნიორებისგან დაზუსტდა ინფორმაცია. დიახ, სიმართლეა ის, რომ ჩვენ, საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ორჯერ მივმართეთ ოფიციალურად უკრაინულ მხარეს სააკაშვილის გადმოცემის მოთხოვნით და ორივეჯერ მივიღეთ ოფიციალურად უარი. ეს ინფორმაცია უკვე დაზუსტდა, რომ ეს ნამდვილად ასეა.

მტკიცებულებები არის გაგზავნილი და ამავე მტკიცებულებების საფუძველზე უკრაინულ მხარეს შეუძლია მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომელიც მისთვის არის ამ ეტაპზე უკვე მისაღები, თუმცა, რა თქმა უნდა, პროკურორები გააგრძელებენ ერთმანეთთან თანამშრომლობას. როგორც უკრაინის პრეზიდენტმაც განაცხადა, ეს ვერ იქნება პოლიტიკური პროცესი, ეს არის მტკიცებულებების საკითხი და მტკიცებულებები მეტყველებს ბატონი სააკაშვილის საზიანოდ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრს საერთაშორისო სამართლის ნორმების არცოდნაში სდებს ბრალს „ნაციონალური მოძრაიბის“ წევრი ხატია დეკანოიძე, რომლის განცხადებით, ათჯერ რომ სთხოვონ უკრაინას სააკაშვილის ექსტრადირება, ათივეჯერ უარს მიიღებენ.

„წულუკიანმა საერთაშორისო სამართლის ნორმები არ იცის. გასაგებია, რომ უკრაინის კანონმდებლობას არ იცნობს, მაგრამ საერთშორიოს სამართლის ნორმები რომ არ იცის, ეს არაერთხელ დაადასტურა. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ უკრაინის კონსტიტუცია კრძალავს მოქალაქის ექსტრადირებას. ასევე საერთშორისო პრინციპისა და უკრაინის კონსტიტუციის მიხედვით, სააკაშვილს ვერ ჩამოართმევენ უკრაინის მოქალაქეობას. მე ვფიქრობ, რომ უფრო „ოცნების“ და ივანიშვილის ხელისუფლება აკეთებს ამაზე აპელირებას“, - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ უკრაინის მოქალაქის ექსტრადირების საკითხი უკრაინული კონსტიტუციის ჩანაწერით წყდება და აქ უკვე განსხვავებული პოლიტიკური და სამართლებრივი მოცემულობაა.

„ყოფილი პრეზიდენტის ექსტრადირების საკითხს რამდენიმე განშტოება აქვს. ამ საკითხის პირველი ეტაპი იყო ის, როდესაც სააკაშვილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა ნათქვამი უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, განხორციელდა გადმოცემის მოთხოვნა საქართველოს შესაბამისი ორგანოების მხრიდან, მაგრამ იმ ეტაპზე ის დადებითად ვერ გადაწყდა. ამის გაგრძელება იყო სასამართლო პროცესები, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს და ქართული მართლმსაჯულების მიერ სააკაშვილს შეფარდებული აქვს წინასწარი პატიმრობა და ამ ეტაპზე რამდენიმე ეპიზოდზე აქვს წაყენებული ბრალი.

შესაბამისად, წინ არის ჯერ კიდევ სასამართლო გადაწყვეტილება. მესამე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ მან უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და მას აქვს დღეს უკრაინის მოქალაქეობა. შესაბამისად, უკრაინის კანონმდებლობითა და კონსტიტუციით, გადაცემის საკითხი წყდება კონსტიტუციის ჩანაწერის თანახმად და აქ უკვე არის განსხვავებული პოლიტიკური და სამართლებრივი მოცემულობა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.