სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი იწყება

სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი იწყება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის დღის წესრიგში ქართველი ყოფილი მაღალჩინოსნების საკითხი არ დამდგარა, პეტრო პოროშენკოს მოუწია მიხეილ სააკაშვილის საკითხზე ქართველი ჟურნალისტების კითხვაზე პასუხის გაცემა.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზე. როგორც პოროშენკომ აღნიშნა, ექს-პრეზიდენტის ექსტრადირების შესახებ საქართველოს ხელისუფლებისგან მოთხოვნა არ მიუღია და შესაბამისად, ეს საკითხი არ განხილულა.

„ჩვენ გვაქვს ეფექტური კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან, მაგრამ ჩვენ არ მიგვიღია მოთხოვნა ექსტრადირების შესახებ. შესაბამისად, არ განგვიხილავს ეს საკითხი. რაც შეეხება კითხვას, რამდენად შესაძლებელია ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს, ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობის მოთხოვნაზე და ამ საკითხზე მეტი სათქმელი არაფერი მაქვს“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ.

პეტრო პოროშენკოს ამ განცხადების მიუხედავად, მთავარი პროკურატურის არქივში არსებობს უწყების მიერ 2015 წელს გავრცელებული განცხადება, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ შესაბამისი შუამდგომლობებით უკრაინის პროკურატურას 2015 წლის 17 თებერვალს მიმართა.

შუამდგომლობის განცხადების თანახმად, უკრაინასა და საქართველოს შორის ძებნილ პირთა ექსტრადიცია ხორციელდება „ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციით, „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ“ მინსკის 1993 წლის კონვენციითა და „სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ საქართველოსა და უკრაინას შორის 1995 წელს დადებული ორმხრივი ხელშეკრულებით.

ხსენებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად განიხილონ და გადასცენ ერთმანეთს ძებნილი პირები. შესაბამისად, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს საქართველოში წაყენებული აქვთ ბრალდებები და მათ მიმართ გამოცხადებულია ძებნა, ამასთან, ადეიშვილი იძებნებოდა წითელი ცირკულარით, და ასევე, ვინაიდან მოპოვებული ინფორმაციით ხსენებული პირები იმყოფებიან უკრაინაში, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა ხსენებულ პირთა დადგენა-დაკავებისა და ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობებით.

მიუხედავად ქვეყნებს შორის ექსტრადიციის სფეროში არსებული ზემოთ დასახელებული ვალდებულებებისა, უკრაინის მხარეს მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის საქართველოში ექსტრადიციის საკითხზე საქართველოს მთავარ პროკურატურასთან არ უთანამშრომლია და უარი განაცხადა ძებნილი ქართველი მაღანჩინოსნების ექსტრადირებაზე.

მეტიც, პროკურატური მოთხოვნიდან ზუსტად 4 თვეში, 2015 წლის 29 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ საქართველოს ექსპრეზიდენტს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით იძებნება და დაპატიმრების შემთხვევაში მას 11-წლიანი პატიმრობა ემუქრება, უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, მოგვიანებით ოდესის გუბერნატორად დანიშნა.

სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ 2015 წლის დეკემებრში მას საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვა. უმაღლესი რადას დეპუტატი ფრაქცია „რადიკალური პარტიის“ ლიდერი ოლეგ ლიაშკო აცხადებდა, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭება ფორსირებულად გადაწყდა და მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს.

თუმცა, მოგვიანებით პოროშენკომ სააკაშვილი ჯერ თანამდებობიდან გაანთავისულა, შემდეგ პარტიის გარეშეც დატოვა და შესაბამის სამსახურებს, მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზნით, მასალების მოძიება დაავალა. მიხიელ სააკაშვილი ადასტურებს, რომ მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისთვის მასალების მოძიების პროცედურა დაწყებულია.

გარდა ამისა, სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება დაწყებულია 364-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ძიების დაწყების საფუძველი რადას რამდენიმე დეპუტატის მოთხოვნა გახდა, რომლებმაც სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია გენერალურ პროკურატურას მიაწოდეს და საქმის აღძვრა მოითხოვეს.

სავარაუდოა, რომ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი პოროშენკოს უკრაინაში დაბრუნების შემდეგ დაიწყება. ამას მოწმობს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაც, რომ პოროშენკოსთან გარიგება შედგა სააკაშვილის ექსტადირების საკითხზე, რისთვის კიევში გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე ჩავიდნენ.

ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ თემა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან საქართველოში ექსტრადირებას ეხება, საკმაოდ დელიკატურია და არ შეიძლება ორმა მხარემ ხელი ერთმანეთისკენ გაიშვიროს.

„რამდენადაც ვიცი, უკრაინა საკუთარ მოქალაქეებს სხვა ქვეყნებს მათი მოთხოვნიდან გამომდინარე არ გადასცემს. თემა საკმაოდ დელიკატურია და არ შეიძლება ორმა მხარემ ხელი ერთმანეთისკენ გაიშვიროს, რომ ის არ გადმოსცემს, რადგან უკრაინის მოქალაქეა, ხოლო ჩვენ არ გვითხოვია.

ამ თემაზე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილთან ქართულ გამოძიებას და საზოგადოებას ბევრი კითხვა აქვს. როგორც გახსოვთ, იყო კიდეც მისი დაკითხვის მცდელობები, რასაც სააკაშვილმა თავი აარიდა და ამაში გარკვეულწილად უკრაინის მოქალაქეობაც გამოიყენა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.