„ამაყი ვარ იმით, რომ მე და ბატონი გიორგი კვირიკაშვილი მეგობრები ვართ“, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლა უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, რომლის განცხადებით, მათ აქვთ ძალიან დიდი ნდობა ერთმანეთის მიმართ. ამასთან, პოროშენკომ იმედი გამოთქვა, რომ ურთიერთობების უფრო მეტი ინტენსიფიკაცია მოხდება.
„შემოდგომაზე ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობის დელეგაციას პრემიერის ხელმძღვანელობით“, - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ, რომელიც საქართველო-უკრაინის ბიზნესფორუმის დაწყებამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილი და უკრაინის პრეზიდენტი ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ, სადაც ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები განიხილეს. ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა ოკუპაციაზეც ისაუბრეს.
გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ აქტიური და ურყევი თანადგომით, ქვეყნები მიაღწევენ დეოკუპაციას და გამთლიანებას. პრემირის განცხადებით, საქართველო და უკრაინა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამენ ევროპული ინტეგრაციის გზაზეც. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ორივე ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდა ევროპულ ოჯახს.
„საქართველო და უკრაინა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რუსეთის ქმედებებმა - ჩვენი ქვეყნების რეგიონების ოკუპაციამ და მილიტარიზაციამ დაარღვია ბალანსი და გააუარესა უსაფრთხოების გარემო სამხრეთ კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში. დარწმუნებული ვარ, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური და ურყევი თანადგომით, მივაღწევთ ჩვენი ქვეყნების დეოკუპაციას და გამთლიანებას“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია, ის რჩება საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ხუთეულში. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა სულ მალე ისეთ დონეს მიაღწევს, როგორიც ორი ქვეყნის ისტორიულ და პოლიტიკურ ურთიერთობებს შეეფერება. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის უკრაინულ ბიზნესწრეებს შესთავაზოს საქართველოში არსებული მაქსიმალურად კომფორტული პირობები ბიზნესის განვითარებისთვის.
მანამდე კი, უკრაინის პრეზიდენტი ქართველ კოლეგას ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენციაში გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრისას საუბრის მთავარი თემა რეგიონის უსაფრთხოება, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და რუსეთის აგრესიული ქმედებები იყო. ასევე, საუბრის მთავარი თემა იყო ის სტრატეგია, რომელიც რუსეთთან ურთირეთობისას, საქართველოს და უკრაინას უნდა ჰქონდეს. გიორგი მარგველაშვილთან პირისპირ გასაუბრების შემდეგ კი, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
მოგვიანებით საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს - დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ოფიციალური შეხვედრის დასრულების შემდეგ, პოროშენკომ და მარგველაშვილმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პეტრო პოროშენკომ საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინელ ხალხს სჯერა ქართველი ხალხის გვერდში დგომის.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს და უკრაინას ერთნაირი საფრთხეები ემუქრება. მისი თქმით, უკრაინელ ხალხს სირთულეების დროს იმედი აქვს ქართველი მოძმე ხალხის, ისევე როგორც ქართველ ხალხს შეუძლია ჰქონდეს უკრაინელი ხალხის იმედი.
„მე და საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოვაწერეთ ისტორიულ დოკუმენტს - დეკლარაციას სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ უკრაინას და საქართველოს შორის და ეს არის ნდობის უმაღლესი ფორმა ორი ქვეყნის ხელმძღვანელობასა და ხალხებს შორის. სტრატეგიული პარტნიორობა აგრეთვე განპირობებულია ორ ქვეყანას შორის არსებული გამოწვევებითა და საფრთხეებით, რომელსაც საქართველო და უკრაინა ერთიანობითა და სიძლიერით უნდა გაუმკლავდეს.
ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო, როცა დავათვალიერე ოდესაში, ნატო-ს ეგიდით მიმდინარე წვრთნები შავ ზღვაში, სადაც ამერიკელ, ბრიტანელ, ნორვეგიელ, თურქ, რუმინელ, ბელგიელ ჯარისკაცებთან ერთად იდგნენ ქართველი ჯარისკაცები, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენი პარტნიორობა არის ძალიან მტკიცე, მათ შორის თავდაცვის სფეროში.
ჩვენ დღეს განვიხილეთ როგორ გავაძლიეროთ ეს პარტნიორობა. არის ძალიან ბევრი იდეა, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ჯარისკაცების თავდაცვისუნარიანობა. ჩვენ მზად ვართ გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
პეტრო პოროშენკოს განცხადებით, უკრაინასა და საქართველოს საერთო პრობლემა - ოკუპირებული ტერიტორიები გაააჩნიათ და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე წნეხი უნდა გაგრძელდეს, ვიდრე რუსეთი მინსკის შეთანხმებებს სრულად არ შეასრულებს.
საქართველო პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, პოროშენკოს ვიზიტი კიდევ უფრო გააღრმავებს საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს, რაც გამოიხატებოდა საერთაშორისო ფორმატებში.
„ბატონო პეტრო, თქვენ დღეს ბრძოლის ველზე ხართ და კარგად ხედავთ იმას, რაც ქართველებმა ვნახეთ 90-იანებში, 2008-ში - ეს არის ჩვენი მეზობლის ინტერესები, რომელსაც მოაქვს დესტაბილიზაცია. ამავე დროს, თქვენ იმყოფებით საქართველოში, რომელმაც გაუძლო ამ წნეხს.
საქართველოში, რომლის ორი რეგიონი არის ოკუპირებული, მაგრამ ამავე დროს ეს არის ქვეყანა, რომელიც ორიენტირებულია თანამშრომლობაზე და მეგობრობაზე. ჩვენ ვართ ერები, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში ამაყად ვატარეთ თავისუფლების, დამოუკიდებლობის დროშა და ერები, რომლებიც მზად არიან ამ არჩევანისთვის იბრძოლონ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მაშინ, როცა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო თბილისში რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან რუსეთზე წნეხის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობდა, დონეცკში „ახალი სახელმწიფო“ - „მალოროსია“ შეიქმნა.
რუსეთისა და სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ზახარჩენკომ აღნიშნა, რომ უკრაინის სახელმწიფო იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობდა, აღდგენას აღარ ექვემდებარება.
„უკრაინის სახელმწიფოს არსებობის შეწყვეტა და მის ნაცვლად მალოროსიის შექმნა გამოცხადდა. ჩვენ მივიჩნევთ, რომ უკრაინის სახელმწიფო იმ ფორმით, რომლითაც არსებობდა, არ ექვემდებარება აღდგენას. ახალი სახელმწიფოს დედაქალაქი დონეცკი იქნება, ხოლო კიევი ისტორიულ-კულტურულ ცენტრად დარჩება“, - აღნიშნა ალექსანდრე ზახარჩენკომ.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის განცხადებით, უკრაინა დონბასში აფხაზეთის სცენარის გამეორებას არ დაუშვებს.
„იმ დროს როდესაც უკრაინის დელეგაცია საქართველოშია, კრემლი დონბასში აფხაზური სცენარის გათამაშებას ცდილობს. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - განაცხადა პავლო კლიმკინმა.