„თქვენ უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას“

„თქვენ უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას“

„თქვენ უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, „ამბასადორიალი 2017“-ზე საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს.

პრეზიდენტის შეფასებით, ის გამოწვევა, რომელიც ჰქონდა ქართულ დიპლომატიას 2008 წლიდან, როდესაც ოკუპაციის პარალელურად ჩვენ გვქონდა გამოწვევა საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების აღიარების თვალსაზრისით, ამ დაპირისპირებამ გადაიარა ქართული დიპლომატიის მხრებზე და თქვენს ეს დაპირისპირება პირწმინდად მოიგეთ.

„აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების, დაცულობის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დიდი შემადგენელი ნაწილია ის, რასაც თქვენ აკეთებთ ასე წარმატებულად, უპირისპირდებით მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, გამოცდილ ძალას - რუსულ დიპლომატიას და ამ დაპირისპირებაში ხართ გამარჯვებულები“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

18-21 ივლისს, თბილისში საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეკრება - „ამბასადორიალი 2017 - შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში“ იმართება. „ამბასადორიალის“ მონაწილეები 4 დღის განმავლობაში ისაუბრებენ იმ გამოწვევებზე და საფრთხეებზე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საერთაშორისო ურთიერთობებში განუხრელად იზრდება რბილი ძალის როლი, რისთვისაც გამოიყენება პოლიტიკური, ეკონომიკური, ფინანსური და ტექნოლოგიური საშუალებები.

მინისტრის განცხადებით, მსოფლიოში არსებული გამოწვევები დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ კავკასია-შავი ზღვის რეგიონზე, ხოლო რეგიონის მასშტაბით მოუგვარებელი და აქტიურ ფაზაში მყოფი კონფლიქტები ტოვებს საფრთხეს, რომ გავლენის სფეროების აღდგენა გაფართოების მიზნით, კვლავაც ძალისმიერი მეთოდები იქნას გამოყენებული.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიის მიმდინარე პროცესი საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს.

„ნაბიჯებს, რომლებსაც დღეს ქართული დიპლომატია და საქართველოს მთავრობა დგამს, სჭირდება მხარდაჭერა და არა დესტრუქცია. აქ მნიშვნელოვანია არა მარტო მთავრობის ერთიანობა, არამედ ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოებაც იყოს ამ მიდგომისადმი ერთგული, ერთიანი და სწორად შეაფასოს ის რეალობები, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება.

ჩვენი აქტიური დიპლომატიური ძალისხმევით, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო წნეხის ქვეშ არის, იმ უკანონო განვითარებების გამო, რომელსაც ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ახორციელებს“, - აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

„ამბასადორიალი 2017“-ის მონაწილეებს მიმართა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომლის განცხადებით, საქართველოს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული, პრაქტიკულად, ყოველი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან აგრესიული ქმედებების მიზეზი ხდება. პრემიერი საქართველოს განვითარების პროცესის უმნიშვნელოვანეს გამოწვევად ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ასახელებს.

„სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარება კვლავ ძალიან მძიმეა. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მავთულხლართების და ბანერების უკანონო დამონტაჟებას. ნათელია, რომ ჩვენს მიერ დასავლეთისკენ გადადგმული პრაქტიკულად ყოველი ნაბიჯი ხდება რუსეთის მხრიდან ამგვარი აგრესიული ქმედებების მიზეზი.

ამასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჩვენი დიპლომატების დაუღალავი შრომა და ღვაწლი, რომელიც გამოიხატა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებაში. ქართული დიპლომატიის ძალისხმევით, საქართველოს ოკუპაციის პრობლემატიკა საერთაშორისო დღის წესრიგში ძალიან აქტიურად არის წარმოდგენილი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ საქართველო აღიარებულია როგორც ევროპული დემოკრატიული ქვეყანა, რომელიც მთლიანად იზიარებს ალიანსის ღირებულებებს და მზად არის, წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები იკისროს.

„განსაკუთრებულია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. სწორედ ჩვენი ევროპელი პარტნიორების ძალისხმევითა და დახმარებით გადავდგით მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

მათი გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით გვეხმარება ქვეყანაში დემოკრატიის განმტკიცებასა და ნამდვილი ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაში“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს დიპლომატიის მნიშვნელოვან წარმატებად, საქართველოს მხარდასაჭერად საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზებას ასახელებს აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე რომლის შეფასებით, საქართველოს აქვს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები, არის გამოწვევები, რომელზეც საუბარი იქნება.

რაც შეეხება რუსეთის აგრესიას, მის აგრესიულ ქმედებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ელჩის განცხადებით, საქართველოს დიპლომატიის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ის, რომ მობილიზებულია საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ საქართველოს მხარდასაჭერად.

„ამერიკის მაგალითიდან შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უპრეცენდენტო იყო ის დახმარება, რომელიც ექვსი თვის განმავლობაში გამოიხატა საკანონმდებლო ჩანაწერით საქართველოს ოკუპაციის შესახებ და მისი დაგმობის შესახებ გამოიხატა იმ რეზოლუციებში, იმ ხმამაღალ განცხადებებებში, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ, როგორც კონგრესის, ისე თეთრი სახლის წარმომადგენლებისგან“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, საქართველოს ელჩის ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ნატალი საბანაძის განცხადებით,

სამიტი, რომელიც ბრიუსელში, ესტონეთის თავმჯდომარეობით გაიმართება, მზადება დაწყებულია. მისივე თქმით, ახლა მიმდინარეობს მზადება იმისთვის, რომ ევროპულმა პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია სამიტთან დაკავშირებით. შემდეგი ნაბიჯები იქნება უკვე დეკლარაციის ტესტზე მუშაობა.

„ჩვენ ვუყურებთ ამ სამიტს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის“ შესაფასებელ ეტაპობრივ სამიტს. ასევე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ დარჩეს რელევანტური ექვსივე ქვეყნისთვის, მათ შორის იმ სამი ქვეყნისთვის, ვინც არის ასოცირებული წევრი და აქვს უვიზო მიმოსვლა. ამიტომ, ეს არის ახლა ჩვენთვის მთავარი გამოწვევა, რომ რელევანტურობა შეინარჩუნოს „აღმოსავლეთ პარტნირობამ“, გაძლიერდეს და მეტი დინამიზმი მიეცეს ამ ინიციატივას“, - აღნიშნა ნატალი საბანაძემ.