ოპოზიცია ხელისუფლებას ახალ პოლიტიკურ დღის წერიგს სთავაზობს საკონსტიტუციო ცვლილებებზე. კერძოდ, არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია საარჩევნო სისტემის საკითხზე ხელისუფლებასთან დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის მზად არის. ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრის ფორმატთან დაკავშირებით მმართველ გუნდში, მათ შორის პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის კონსულტაცია შედგება და გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
მმართველი გუნდი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდის შეიძლება გაიმართოს შეხვედრა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთან. თუმცა ადასტურებენ, რომ მზად არიან დიალოგისთვის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ დიალოგის კარი არ არის დახურული და არის გარკვეული სეგმენტები, სადაც შეიძლება გარკვეული კონსენსუსის მიღწევა და დიალოგი.
„გუნდის შიგნით შესაბამისი მსჯელობა იქნება და განისაზღვრება გარკვეული ფორმატი. შესაძლებელია, სავარუდოდ კონტრშეთავაზება მიიღოს უმრავლესობიდან ოპოზიციურმა ფლანგმა. არანაირი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვეულებრივი პროცესით გაგრძელდება კონსტიტუციის პროექტზე პარლამენტში მუშაობა და მესამე მოსმენით საშემოდგომოდ განიხილება.
აქ არის გარკვეული იურიდიული სივრცეები, რომლის გამოყენებაც შეიძლება და ამის გამოყენებით, თუკი იქნება შესაბამისი კონსენსუსი კონკრეტულ საკითხებზე, რაღაც გარკვეული ზემოქმედება შესაძლებელია კონსტიტუციის ამ პროექტზე, მაგრამ არა პროცედურების დარღვევით“, - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
ცნობილი ხდება, რომ ოცმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება საკონსტუტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით შეხვდნენ მმართველს გუნდს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მზად არიან ყველა საკითხზე ისაუბრონ ხელისუფლებასთან, ორიენტირებული არიან შეთანხმებაზე და კონსენსუსზე. ოპოზიციური პარტიების გადაწყვეტილება ჟურნალისტებს „ახალი მემარჯვენეების“ წევრმა მამუკა კაციტაძემ გააცნო. როგორც კაციტაძე ამბობს, შეთანხმებასა და კონსენსუსს სჭირდება ორმხრივი კომპრომისები.
„ძალიან გაფართოებული შემადგნელობით შეიკრიბა პოლიტიკური ოპოზიცია. 20-მა პოლიტიკურმა ოპოზიციურმა პარტიამ მიიღო ერთი და მთავარი გადაწყვეტილება - ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ხელისუფლებას, მზად ვართ, რომ ყველა საკითხზე ვისაუბროთ და ორიენტირებული ვართ შეთანხმებაზე და კონსენსუსზე. აბსოლუტურად ვაცნობიერებთ, რომ შეთანხმებასა და კონსენსუსს სჭირდება ორმხრივი კომპრომისები.
ამ განცხადებით მივმართავთ როგორც საქართველოს ხელისუფლებას ასევე საერთაშორისო საზოგადოებას. პოლიტიკური ოპოზიცია მზად არის შეთანხმებისთვის შეხვდეს ხელისუფლებას და კონკრეტული თემები გადაწყვიტოს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით იქამდე, ვიდრე საკონსტიტუციო კანონპროექტი იქცევა კონსტიტუციად. ყველა საკითხზე ღია ვართ სასაუბროდ. კომპრომისები ჩვენთვის დასაშვებია, დეტალები იქნება საუბრის დროს დაზუსტებული“, - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მისივე თქმით, მსჯელობა მმართველ გუნდთან დიალოგის დროს შეეხება 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასაც. ამავე თემაზე საუბრისას კაციტაძემ განაცხადა, რომ შეხვედრის წინ რაიმეს დეკლარირება ჩაითვლება ულტიმატუმად.
„მსჯელობა ამ საკითხს შეეხება, თუმცა შეთანხმება და გადაწყვეტა რამდენად იქნება, ვერ გეტყვით. ჩვენ გვაინტერესებს ხელისუფლების მოსაზრება ამაზე. შეხვედრა როცა წინ არის, წინასწარი დეკლარირება ჩაითვლება ჩვენი მხრიდან ან ულტიმატუმად ან პირობების დაყენებად. ჩვენ არ ვაყენებთ ულტიმატუმებსა და პირობებს, ჩვენ მზად ვართ ყველა საკითხზე გავმართოთ მსჯელობა და ორიენტირებული ვიყოთ შეთანხმებაზე“, - აღნიშნა მამუკა კაციტაძემ.
დიალოგისთვის მზად არის „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ როგორც პარტიის წევრი ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, ოპოზიციური პარტიების პოზიციები არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქამდე დაფიქსირდა, მათ შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლასთან დაკავშირებით, არ შეცვლილა.
„არის კონსენსუსი იმაზე, რომ კონსტიტუციის შემოთავაზებული მოდელი მიუღებელია. ეს პროექტი განსხვავდება იმ პროექტისგან, რომელიც მმართველმა გუნდმა წარუდგინა ვენეციის კომისიასა და ქართულ საზოგადოებას. შესაბამისად, მათ მოატყუეს ვენეციის კომისიაც და ქართული საზოგადოებაც.
პოლიტიკური სპექტრი ვამბობთ, რომ მზად ვართ დიალოგისთვის, მაგრამ ჩვენი პოზიციები ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც გაჟღერდა, მათ შორის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წელს გადასვლასთან მიმართებაში, არ შეცვლილა“, - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ თუ ხელისუფლებას სურს კონსენსუსის მიღწევა, იმ მოცემულობას უნდა დაუბრუნდეს, რა მოცემულობითაც დაიწყო საქართველოს კონსტიტუციაში საარჩევნო სისტემის შეცვლა. მისივე თქმით, ხელისუფლებას მოფიქრებული აქვს ერთჯერადად, 2020 წლისათვის საარჩევნო ბარიერის დაწევა და ბლოკების დაშვება, მაგრამ ეს არავითარი დათმობა არ არის და თამაშს წარმოადგენს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას აქვს რესურსი იმისა, შექმნას სატელიტი პარტიები, წაახალისოს ისინი და შეიყვანოს პარლამენტში. ხოლო 2020 წლის შემდგომი არჩევნებისთვის პარტიებს დახვდება აწეული ბარიერი და ბლოკების აკრძალვა. ეს არის თამაში და სურთ, რომ ამას კონსენსუსი დაარქვან“, - ამბობს შალვა შავგულიძე.