არჩევნებისა და მათი წინმსწრები, თუ თანამდევი დიდი ვნებათაღელვის შემდეგ, ახალი საკრებულო ბოლოსდაბოლოს შეიკრიბა. პირველი სხდომა გუშინ გაიმართა. იმისათვის, რომ უკვე ისედაც ყველასათვის კარგად ცნობილი გუშინდელი ინფორმაციებით არ გადაგღალოთ, გთავაზობთ, რამდენიმე ბლიც-ინტერვიუს რომლებიც სხდომის დასრულების შემდეგ ჩავწერეთ.
მაშ ასე, როგორ აფასებენ ახალი საკრებულოს უმრავლესობის თუ უმცირესობის წარმომადგენლები მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს პირველი სხდომის შემდეგ?
დავით საგანელიძე, ”ახალი მემარჯვენეები”:
-თუ დათმობილი კომისიების არსისა და რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ, ეს მაინცდამაინც დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ უნდა იძლეოდეს...
- კი, რა თქმა უნდა, ასეა...მე არც მქონდა იმის ილუზია რომ ხელისუფლება და ამ შემთხვევაში, საკრებულოს უმრავლესობა მართლაც რამე სერიოზულ დათმობაზე წავიდოდნენ. სხვათაშორის, მათ დათმეს ყველაზე რთული: ჯანდაცვა და სოციალური საკითხებია სწორედ ყველაზე მძიმე თემები ქალაქში.
რაც შეეხება ურბანულ დაგეგმარებასა და ძველი ქალაქის პრობლემებს, ესეც, ურთულესი თემებია. ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, ხელისუფლებას იმაზეც ჰქონდა გათვლა, რომ ამის მოგვარება ყველაზე რთულია. იფიქრეს, მოდი, ყველაზე რთულ სფეროებს ჩავაბარებ და როდესაც პრობლემები ვერ მოგვარდება, ყველაფერს ოპოზიციას გადავაბრალებო. ეს მოსაზრებაც არსებობს. თუმცა, როდესაც ბრძოლაში შედიხარ, სირთულეების არ უნდა შეგეშინდეს. ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებლობაც ავიღოთ და შესაძლებლობის მაქსიმუმიც გავაკეთოთ. მოვითხოვოთ ამისთვის ბიუჯეტი, შესაბამისი სტრუქტურები, აპარატი და ა.შ. თუ გააკეთებენ, თუ არა და, მოსახლეობა ამის შესახებაც ყველაფერს გაიგებს.
ურბანული დაგეგმარებისა და ძველი თბილისის განვითარების კომისიის ხელმძღვანელის პოსტზე, ”მრეწველი” გიორგი ტყემალაძის კანდიდატურა თქვენ წამოაყენეთ. ეს, თქვენი მხრიდან, მისი თქვენს ფრაქციაში გადაბირების მცდელობაა? და ვინ იქნებით ფრაქციაში?
- რაც შეეხება ფრაქციის შემადგენლობას, მას შევქმნით მე, ვიქტორ დოლიძე და ზურა აბაშიძე. მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ყველა ვინც ჩვენთან ერთად შემოვიდნენ ჩვენი ალიანსის სახელით, ყველა ერთ ფრაქციაში უნდა ვიყოთ. ქალბატონი თინა ხიდაშელი თბილისში არ არის და ამიტომ, ჯერ ცოტა არ იყოს, ღიადაა ეს საკითხი. ვფიქრობ, ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი და მისი პარტიაც მოიფიქრებენ.
გიორგი ტყემალაძესთან დაკავშირებით კი, გადასაბირებელი და მისატყუებელი მე ნამდვილად არაფერი მაქვს. მასთან იმდენი ხნის ურთიერთობა მაქვს - პირადი თუ ოჯახური, რომ ეს ნამდვილად არ დამჭირდება. უბრალოდ, როდესაც დადგა საკითხი, რომ ამ კომისიის თავმჯდომარეობას ოპოზიციას სთავაზობდნენ, მე მართლაც ჩავთვალე, რომ გიორგი ნამდვილად არის ამ ადგილისთვის ყველაზე ღირსეული და ამიტომაც დავაყენე მისი კანდიდატურა.
ვრცელდებოდა წინასწარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თქვენს ფრაქციაში ნათელა მაჭავარიანი იქნებოდა. რატომ არ არის?
- მე ბოლო დღემდე ვთვლიდი და დარწმუნებულიც ვიყავი, რომ ჩვენ ხუთი კაცი შემოვიდა და ფრაქციაშიც ხუთნი ვიქნებოდით. თუმცა, არის გარკვეული საკითხები რომლებიც არ არის გადაწყვეტილი თინას არყოფნის გამო. ვფიქრობ, ეს საკითხი საბოლოოდ ასეც გადაწყდება და როგორც შემოვედით ალიანსის სიით, ფრაქციაშიც ასევე ხუთნი ვიქნებით.
ეს უკვე ძველი ამბავია, მაგრამ გამოტყდით: მაშინ, იმ ჭადრაკის სასახლის ეპიზოდის დროს, თქვენ - ”ახლებს” და ”რესპუბლიკელებს” - ამდენი და ასე გამეტებით რომ არ გერტყათ ალასანიასთვის, დღეს, სულ ცოტა, საკრებულოს შემადგენლობა იქნებოდა განსხვავებული...
- მოდით, ასე დავიწყებ, მე ვერ ვიხსენებ, ”ახლებიდან” ვინ დაარტყა. თუ გამახსენებთ, მაშინ...ჩვენგან, რომელიმეს ან საგაზეთო ან ტელეინტერვიუ მაჩვენეთ, სად იყო რომელიმე ჩვენგანის მხრიდან ის, რასაც დარტყმა ჰქვია. თუ გამახსენებთ, მადლობელი ვიქნები...
თუმცა, არც დახმარების მცდელობა ყოფილა...პირიქით.
- ნუ, ჩვენ არ მიგვაჩნდა სწორად იმ პოლუსზე ჩვენი ურთიერთობა. ჩვენი ეს პოზიცია მაშინ დავაფიქსირეთ, მაგრამ რასაც დარტყმა ჰქვია, ამას ვერ ვიხსენებ. ნამდვილად ვერ ვიხსენებ ”ახლების” მხრიდან იმას რასაც დარტყმა ჰქვია. შეიძლება შიგნით რაღაც თემებთან დაკავშირებით რაღაც პოლიტიკური სჯა-ბაასი, მაგრამ პარტნოიორებთან ურთიერთობაში დარტყმები ჩვენ არ გვახასიათებს.
ვიქტორ დოლიძე, ”ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები”, საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე:
- მოგილოცოთ თუ არა?
- არა, ჯერ მოსალოცი არაფერი გვაქვს, მოლოცვა მერე, როცა საქმეს გავაკეთებთ. საქმეა მტავარი, თორემ ჩვენთვის თანამდებობაზე ყოფნას ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ნებისმიერ შემთხვევასი, კარგია ის რომ ბერკეტი არსებობს. რამდენად ეფექტიანი ან არაეფექტიანი იქნება ჩვენი საქმიანობა, ამას ბუნებრივია, ხელისუფლების მხრიდან ნების არსებობა-არარსებობა განაპირობებს დიდ წილად.
იმედი მაქვს, მცირედის გაკეთებას მაინც შევძლებთ იმ პროგრამიდან რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში წარვუდგინეთ ამომრჩეველს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მიმართულებით.
ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის ჩვენთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება იქნება გამჭვირვალობა: საქმიანობის, მუნიციპალური ბიუჯეტის.... თითოეულმა თბილისელმა უნდა იცოდეს სად მიდის ყოველი თეთრი და რამდენად ეფექტიანად ხორციელდება ის პროგრამები რომელთაც ხელისუფლება ახორციელებს და რომლებისთვისაც მილიონობით ლარია გამოყოფილი.
როგორია პირველი სხდომის შთაბეჭდილება? ხელისუფლება მზადაა მართლაც რეალური ,საქმიანი თანამშრომლობისთვის თუ არა?
- მინდა დავიჯერო, რომ მართლაც უნდათ რეალური თანამშრომლობა და ამისათვის არამარტო განცხადებები იქნება მათი მხრიდან არამედ, რეალური პოლიტიკური ნებაც რომელიც დამტკიცდება კონკრეტული ქმედებებით. პირველი სხდომიდან, ამასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტული დასკვნების გამოტანა ცოტა რთულია. როცა უფრო საქმიანი პოროცესი იქნება, მერე გამოჩნდება უკვე ყველაფერი უფრო ნათლად. ცოტა ხანში კომისიები მუშაობას დაიწყებს და მაშინ გამოჩნდება.
დღეს უფრო, რუტინული სხდომა იყო. დაინიშნნენ საკრებულოს თავმჯდომარე, კომისიების ხელმძღვანელები... მე არ ვიჩქარებდი და პირველი სხდომის შემდეგ დასკვნებს არ გავაკეთებდი. ვნახოთ, როგორ აგვყვებიან და საერთოდ აგვყვებიან თუ არა ჩვენი ინიციატივების, ჩვენი პროგრამის გახორციელებაში.
თუმცა, სადეპუტატო საქმიანობაში თქვენზე უფრო გამოცდილმა დავით საგანელიძემ, ძალიან ზუსტად შენიშნა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციას ”გასაფუჭებელი” კომისიები დაუთმო: ისინი თუ არ მოინდომებენ, თქვენ, ამ უმძიმეს სფეროებში პროგრესის მიღწევას ვერ შესძლებთ. ისინი კი, იტყვიან, რომ დაუთმეს ოპოზიციას სფერო სადაც რეალური მუშაობა იყო საჭირო, თქვენ კი თავი ვერ გაართვით; ანუ ოპოზიციას არაფერი შეუძლია, მუშაობა მხოლოდ ხელისუფლებამ იცის...
- არა, მაშინ ამ პრინციპით ყველაფრის ეჭვის ქვეშ დაყენება შეიძლება. მთავარია, ჩვენ თავიდანვე რამდენად დინამიურად ვიმუშავებთ. მუშაობის გაგრძელებას ვაპირებ იმ ხალხთან ერთად, რომელთაც ჩვენი პროგრამა დაწერეს. სწორედ იმ კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგან. თუ არ გადადგამენ, მერე გამოჩნდება ყველაფერი.
მართალი გითხრათ, ამ გადაბრალება-გადმობრალებებს ყველაზე ნაკლებ მნიშვნელობას ვანიჭებ. ძალიან ბევრი რამაა გასაკეთებელი; ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ, როგორც თანამდებობა. თუმცა, თქვენ კარგად იცით, რომ ჩვენ თანამდებობებიდან წამოვედით იმ პრინციპით, რომ ცვლილებებია საჭირო და დღეს აქაა საჭირო ძალიან სერიოზული მუშაობა.
ჯერ-ჯერობით, პოლიტიკური კალენდრით სხვა მეტის გაკეთება არ შეგვიძლია. თუმცა, ეს იქნება ჩვენთვისაც, კარგი გამოცდა იმისა, თუ რამდენად შევძლებთ მოპსახლეობისთვის მიცემული დაპირებების შესრულებას. აი, თუ არ გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და არ მოგვცემს ხელისუფლება ამის საშუალებას, ეს უკვე სხვა საქმე იქნება.
თუმცა, უკვე დღეს, კომისიების განაწილების შემდეგ, შეიძლება იმის თქმა, რომ ხელისუფლებამ არ დათმო არც ერთი ბერკეტი...სარევიზიო, საფინანსო-საბიუჯეტო, იურიდიულ საკითხთა...ასეთ კომისიებს სრულად აკონტროლებს ხელისუფლება მათ შორის, თავმჯდომარეების მოადგილეების დონეზეც კი.
- მაგრამ ჩვენ ვართ წარმოდგენილი იმ კომისიებში...
წარმოდგენილი ხართ, მაგრამ თავმჯდომარე არ არის არც ერთი...
- დიახ, მართლაც ჩვენ მიგვაჩნდა, რომ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო ოპოზიციის წარმომადგენელი. სწორედ ამიტომაც არ დავუჭირეთ მხარი ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ კანდიდატურას. თუმცა, მოდით რა, ცოტა რეალისტურად მივუდგეთ... რეალობა ასეთია: სულ საკრებულოში 11 ოპოზიციონერია. თუ ჩვენ სწორად გავიაზრებთ რეალობას, ერთიანად მივუდგებით საკითხებს და მათ გადაწყვეტას, ამით კიდევ უფრო მეტი ბერკეტი გვექნება იმისათვის, რომ ხელისუფლება ვაიძულოთ, საჭირო ნაბიჯები გადადგან. ესაა ყველაზე მთავარი. თუმცა, ამ ყველაფერს დრო გვაჩვენებს. ვნახოთ.
სევდია უგრეხელიძე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”:
– დღევანდელი სხდომის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლებამ არ დათმო არც ერთი რეალური ბერკეტი. ის ორი კომისია რომელიც დათმო, აშკარად ისეთი სფეროებია, რომელთა დახმარებითაც სამომავლოდ, შესაძლებელი იქნება ოპოზიციის დისკრედიტირება...
- ვერ დაგეთანხმებით. მე არ ვიცი რეალურ ბერკეტს თქვენ რას უწოდებთ, მაგრამ საკუთარი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ: წლების განმავლობაში ქუჩიდან ვებრძოდით შევარდნაძის რეჟიმს და ამაში, ნებისმიერ ბერკეტს ძალიან კარგად ვიყენებდით. ასე რომ ნებისმიერი ბერკეტი რეალურია თუ ოპოზიცია შესძლებს მათ გამოყენებას.
ორი კომისია, ორი კომისიის მოადგილეები და თან მათ შესაძლებლობა ექნებათ, ფრაქციული მუშაობა განავიტარონ... ეს ყველაფერი სწორედაც რომ რეალური ბერკეტია. რაც შეეხება იმ მოსაზრებებს, რომ კაპრიზის გამო მაინცდამაინც სარევიზიო ან იურიდიული კომისიები უნდა ყოფილიყო...
რატომ კაპრიზი, სწორედ ეს კომისიებია რეალური ბერკეტები...
- ეს არის პოლიტიკური საკითხი და რა თქმა უნდა, თუ ლაპარაკია იმაზე, რომ არჩეულმა ძალამ დაიხუროს ქუდი, წავიდეს და ყველა ბერკეტი ოპოზიციას გადააბაროს, მაშინ არჩევნები რისთვის ჩატარდა?“ იმისთვის, რომ ძირითადად პოლიტიკა სწორედ ”ნაციონალურმა მოძრაობამ” წარმართოს.
რაც შეეხება თქვენს ნათქვამს, რომ ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისია ოპოზიციის დისკრედიტირებისთვის იქნება... თუ მათ არ მიეცემათ საშუალება, რომ განავითარონ თავიანთი პროქტები, სწორედ ეს იქნება საყვირალი და სათქმელი, რომ მათ არ მისცეს საშუალება, არ მისცეს ბერკეტები და ხალხი ამას დაინახავს.
ეს ბიუჯეტის საკითხია; პოლიტიკის... ადამიანის დისკრედიტირება იმ შემთხვევაში მოხდება თუ საკრებულოს მთელი შემადგენლობის დარწმუნებას ვერ შესძლებს, რომ სწორედ მის მიერ წამოყენებული პროქტებია გასაკეთებელი.
არის სოციალურ დახმარებებში ორი ვარიანტი: ან ეხმარები ყველას - რადგან ზოგადად არის მძიმე სოციალური ფონი, ან ეხმარები მხოლოდ სოციალურად გაჭირვებულს. ამიტომ მე პრადად, ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა ყველაფერი უნდა გაკეთდეს თუნდაც ტარიფებთან დაკავშირებით, მაგრამ ტარიფი ეხება ყველას - მდიდარსაც, ღარიბსაც... ამას თბილისის ბიუჯეტი შესძლებს? შესძლებს იმას, რომ ტარიფებში ცვლილების გარეშე განსხვავება ქაალქმა დაფაროს? და ამაში დავხარჯოთ ყველაფერი? მე პირადად მე ამას მხარს არ დავუჭერ, რადგან ეს სეეხება ყველას - მათ შორის, დასაქმებულებსაც რომლებისთვისაც იმ ტარიფის გადახდა ძნელი არ არის...
უკაცრავად, მე დასაქმებული ვარ, მაგრამ ამ ტარიფებით ჩემთვის გადასახადების გადახდა ძალიან მძიმეა...
- დიახ, აქედან გამომდინარე, თუ ამ ტარიფებთან დაკავშირებით იქნება რეალური პროექტი და არა ის, რომ ძველებურად უბრალოდ კომპენსაციაზე, უბრალოდ ვიღაცისთვის გადასახადის ჩარიცხვაზე ვისაუბროთ, კი ბატონო. მაგრამ თუ მაგალითად, ”ქრისტიან-დემოკრატები” უბრალოდ, ყველასთვის კომპენსაციის გეგმას წარმოადგენენ, წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ მე ამის წინააღმდეგი ვიქნები.
მე მიმაჩნია, რომ თანამშრომლობა დაიწყო და ეს კარგია. სხავათშორის, ასევე ფიქრობს თბილისელი ამომრჩეველიც, რომელმაც ხმა მისცა სწორედ იმ ძალას რომელიც თანამშრომლობისთვის იყო განწყობილი და არა იმას, რომელიც ქვების სროლითა თუ ჯოხების ტრიალით, ლანძღვა-გინებით მოდიოდა. მათ მხოლოდ რაღაც ნაწილმა მისცა ხმა. ბევრად უფრო მეტის სიმპათია დაიმსახურა იმ ძალამ, რომელიც მოდიოდა თანამშრომლობისთვის მზადყოფნითა და კონკრეტული საპროგრამო ხედვებით.