მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს

მოსახლეობა პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს

სპეკულაციების გამოსარიცხად, მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ შემდგომი საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდეს, ანუ საქართველოს მოსახლეობა პრეზიდენტს 2018 წელს პირდაპირი წესით აირჩევს, ხოლო არჩევიდან 5 წლის შემდეგ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი ამოქმედდება. პრეზიდენტის არაპირდაპირი და პირდაპირი არჩევის წესი მის კომპეტენციებს არ ცვლის. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილებები არ შეიზღუდება.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხედვა კომისიის წევრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე გააცნო. მისი განცხადებით, ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო, თითქოს პრეზიდენტისთვის სტატუსის, კომპეტენციების შეზღუდვას გეგმავდა ხელისუფლება, თუმცა, სტატუსისა და კომპეტენციების მარეგულირებელ ნორმებს რომ მივყვეთ, ვერაფერს ვერ ამოიღებ, იმდენად შეზღუდულია უკვე პრეზიდენტის უფლებამოსილება.

„2011 წლიდან, რეფორმის შემდეგ რადიკალურად და ფუნდამენტურად შეიზღუდა პრეზიდენტის უფლებამოსილებები, რომ სტატუსში და კომპეტენციებში მინიმალურ ცვლილებებსა და კორექტივებს თუ შევიტანთ, თორემ ამაზე მეტად პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

ჩვენ თითქმის არ ვეხებით სტატუსს და უფლებამოსილებებს. პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი უნდა ამოქმედდეს მოგვიანებით, მაგრამ ამ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია, 7 წლის თავზე ჩვენ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, საქართველო მმართველობის საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე უნდა გადავიდეს, რომლის ფარგლებში პრეზიდენტს საკანონმდებლო ორგანო აირჩევს. კონსტიტუციონალისტი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი ავთანდილ დემეტრაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საკონსტიტუციო კომისიაზე 2018 წელს პრეზიდენტს პირდაპირი წესით არჩევის საკითხი კონსტიტუციონალისტმა ჯერ ვახტანგ ხმალაძემ დააყენა, ამ წინადადებას მხარი დაუჭირე კომისიის წევრთა და მათ შორის მმართველი გუნდის წევრებმა.

„იგივე განცხადება გააკეთა დავით უსუფაშვილმაც, იგივეს ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომ თუ საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადავდივართ და როგორც ჩანს გადავდივართ, იზრდება პარლამენტის უფლებამოსილებები მთავრობასთან და პრეზიდენტთან მიმართებაში, ლოგიკურია, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იყოს არჩეული.

ორი ვარიანტია - ერთია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა და მეორე კოლეგიის მიერ. თუმცა, დღეს ისეთი პოლიტიკური სიტუაციაა, მართლა შეიძლება ვიღაცამ სპეკულაციები გამართოს იმის გამო, რომ აი, ხელისუფლებას სურს მთლიანად უზურპაცია, რომ პრეზიდენტიც მისი იყოს“, - აცხადებს ავთანდილ დემეტრაშვილი.

მისივე თქმით, პოლიტრეალობიდან გამომდინარე, აბოლუტურად ლოგიკურია 2018 წლის არჩევნები ჩატარდეს პირდაპირი წესით, ხოლო შემდეგი არჩევნები ეს იქნება რიგითი, თუ რიგგარეშე, ჩატარდეს არაპირდაპირი წესით.

„ანუ, ლოგიკურად მეჩვენება ის, რაც თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ. სხვათა შორის მმართველი გუნდიდან ეს პოზიცია ბევრს აქვს გაზიარებული. უფრო მეტიც, არიან წევრები რომლებიც ამბობენ, რომ საერთოდ, პირდაპირი წესით უნდა იყოს პრეზიდენტი არჩეული და სულაც არ არის აუცილებელი, რომ არაპირდაპირი წესით იყოს არჩეული. მით უმეტეს, რომ ეს არ არის საპარლამენტო რესპუბლიკის აუცილებელი ატრიბუტი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ავთანდილ დემეტრაშვილმა.

მმართველი გუნდის პოზიციას ლოგიკურს და სწორ გადაწყვეტილებად აფასებს სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა, თუმცა თვლის, რომ წარმოსახულ ძალთა განაწილებაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა ზედმეტ სირთულეებს ქმნის.

„ამ გადაწყვეტილებაში არაფერი ისეთი არ არის თუ პრეზიდენტს პირდაპირი წესით ავირჩევთ. თუმცა, მე მგონია, რომ თუ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა, უნდა იყოს პრეზიდენტის არჩევნების შესაბამისი წესი. პირდაპირი წესით არჩევა ზედმეტ სირთულეებს ქმნის, ასე ვთქვათ წარმოსახულ ძალთა განაწილებაში, ეს ჩემი აზრია. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს პიროვნებას, მთავარია ის, რომ ზოგადი კონსისტენცია ინგრევა თვითონ სისტემის.

იმიტომ, რომ შენ თუ საპარლამენტო რესპუბლიკა ხარ, პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, რომლის ლეგიტიმაცია არის ძალიან მაღალი, ქმნის რაღაცა ილუზიებს, პოლიტიკურ ძალთა ბალანსში. ეს ჩემი პირადი აზრია, ყველა გადაწყვეტილებას აქვს რაღაცა გარაკვეული საფუძველი. ამ გადაწყვეტილებასაც ალბათ, აქვს საფუძველი“, - აცხადებს ზურაბ ბიგვავა.

პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის წესი, რამდენად აძლევს გიორგი მარგველაშვილს შანს, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა, ვინაიდან დღეს შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე აშკარაა, რომ საპრეზიდენტო არჩევნევში მარგველაშვილი მმართველი გუნდის კანდიდატი არ იქნება, ამის თქმა უჭირს ზურაბ ბიგვავას.

„არ არის გამორიცხული, რომ მარგველაშვილმა კენჭი იყაროს, მაგრამ მე არ ვიცი რა შანსები აქვს, გააჩნია ვინ იქნება კონკურენტი და როგორი სიტუაცია იქნება. საპრეზიდენტო არჩევნებამდე დიდი დროა, ბევრი რამე შეიცვლება. იმდენად დინამიურია თვითონ პოლიტიკური გარემო, იმდენად დინამიურია პროცესი და იმდენი რამე არის მოსალოდნელი, ცვლილებები, რეფორმები, რეფორმების შედეგები, რომელიც წესით ჩქარა უნდა დადგეს, ეს ბევრი რამის განმსაზღვრელია. ათვლის წერტილები შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ, დღესდღეობით პროგნოზირება, რა შანსები აქვს მარგველაშვილს, წარმოუდგენელია.

გეთანხმებით, ნაკლები ალბათობაა იმის, რომ მარგველაშვილი მმართველი გუნდის კანდიდატი იყოს, თუმცა, გამორიცხვაც არ შეიძლება. არაფერი არის გამორიცხული, ბევრი რამე შეიძლება შეიცვალოს, ძალიან დინამიური პოლიტიკური პროცესია. ამიტომ, წინასწარ ამის თქმა ძალიან ძნელია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ზურაბ ბიგვავა.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას აქვს როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური ასპექტი. მისივე თქმით, საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, უცებ ისეთ საპარლამენტო მოდელზე გადასვლა, როდესაც პრეზიდენტი პარლამენტის მიერ ირჩევა, ან არაპირდაპირი წესით, მიუღებელია პოლიტიკური ძალების დიდი უმრავლესობისთვის.

„გააჩნია როგორ შეთანხმდებიან პოლიტიკური ძალები. ირაკლი კობახიძის განცხადება ყველაზე მისაღები ვარიანტია - ამ ეტაპზე პირდაპირი წესით მოხდეს პრეზიდენტის არჩევა. ხოლო მას მერე, რაც საპარლამენტო მმართველობზე გადავა ქვეყანა, მერე უკვე არ იქნება იმის აუცილებლობა, რომ პირდაპირი წესით ავირჩიოთ პრეზიდენტი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი.