საყვარელიძე-გვარამიას დუეტი და შოთაძის დუმილი

საყვარელიძე-გვარამიას დუეტი და შოთაძის დუმილი

მოქმედი კანონმდებლობით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ან მიუთითებს სავარაუდო ჩადენილ დანაშაულზე, ექვემდებარება რეაგირებას. გამომდინარე იქედან, რომ სისხლის სამართლის პროცესში არ გვაქვს მოკვლევის ეტაპი, ასეთ შემთხვევაში დავით საყვარელიძის და ნიკა გვარამიას განცხადებაზე მთავარმა პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს. თუმცა, როგორც ჩანს, ირაკლი შოთაძის უწყება გამოძიების დაწყებას არ ჩქარობს.

სამართლმცოდნე დავით ასათიანი განმარტავს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიცავს სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს, ან მიუთითებს სავარაუდო ჩადენილ დანაშაულზე, ექვემდებარება რეაგირებას.

„იმან მაჩვენა, ამან მაჩვენა, იმან მომასმენინა - როგორ შეიძლება ეს იყოს პოლიტიკური დებატის საკითხი? თუ ასეთი სახის დანაშაულზე ინფორმაცია ჰქონდა ბატონ საყვარელიძეს, თუ ნებისმიერ სხვა ბატონს, ამდენი ხანი უნდა მიემართად შესაბამისი ორგანოებისთვის, რომ დანაშაულია მომხდარი, ვიღაცასთან არის უკანონო ჩანაწერი. ეს არის ყველა პასუხისმგებლიანი მოქალაქის პასუხისმგებლობის საკითხი. ახლა დებატების ფარგლებში კი არ უნდა აცხადებდნენ ამას, არამედ გამოძიებისთვის უნდა მიემართათ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ასათიანი.

მისივე თქმით, დღევანდელი პოლიტიკური დებატების და პოლიტიკური დისკუსიის ფარგლებში, ოპოზიცია და ხელისუფლების მხრიდან, იმდენად მრავლად არის ერთმანეთის მიმართ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის თაობაზე განცხადებები, ამ ბრალდების გამოძიებას არც ერთი დიდი ქვეყნის გამოძიება და პროკურატურა არ ეყოფა.

„ეს ბრალდება გამოყენებულია უკვე პოლიტიკური დებატის ერთ-ერთ ხერხად. ყველა ამ ინფორმაციაზე და ყველაზე გამოძიების დაწყებას 5 და 10 ახალი პროკურატურა არ ეყოფა. ყველა სიტყვაში უკვე არის დანაშაულზე ბრალდება. წესით, სოლიდურ და ნორმალურ საზოგადოებაში, ასეთ განცხადებაზე რეაგირება უნდა იყოს საგამოძიებო სტრუქტურის მხრიდან. ესენი ყველა დებატში სხვადასხვა დანაშაულის ჩადენაში ადანაშაულებენ ერთმანეთს. პოლიტიკოსებმა უნდა ისწვალონ პოლიტიკური დებატების ფარგლებში დარჩენა“, - აცხადებს დავით ასათიანი.

მოსამართლეთა შანტაჟში ეჭვმიტანილი დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა მათ ბიძინა ივანიშვილის ფარული აუდიო ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა. როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, შეთავაზება ნაცვლიშვილმა მას შემდეგ გააკეთა მისი და მისი მეგობრის მისამართით, რაც სამსახურიდან უკვე გაშვებული და განაწყენებული იყო. თუმცა, საყვარელიძის თქმით, იმის გამო, რომ აუდიო ჩანაწერის გამოსყიდვისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნდა, ეს „გარიგება“ არ შედგა.

„ნარკომანმა და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილმა, რომელიც არ ფხიზლდებოდა უშიშროების მინისტრის მოადგილეობის პერიოდში და საკუთარ ოთახში იკეთებდა წამალს, ერთი წელიც კი ვერ გასტანა ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაში მთავარი პროკურორის მოადგილედ. ასევე, კორუფციაზე და მექრთამეობაზე გააგდეს იქიდან. არ ვაპირებდი ამ ნაძირალაზე საუბარს, მაგის ვენებს და ტვინს აღარაფერი ეშველება და სჯობს ტვინი მაინც გამოირეცხოს.

ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, რომლის სახელსაც არ დავასახელებ, დაგიდასტურებთ, რომ ნარკომანი და მექრთამე ლაშა ნაცვლიშვილი 2013 წლის ბოლოს მას შეხვდა ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში მას შემდეგ, რაც უკვე გაგდებული იყო სამსახურიდან და განაწყენებული რეჟიმზე.

მან რამდენიმე მილიონად შემოგვთავაზა გვეყიდა ბიძინა ივანიშვილის სატელეფონო ჩანაწერების და ფარული ჩანაწერების ამსახველი აუდიო მასალა. მე როგორც მახსოვს, მან მოასმენინა ჩანაწერი ჩემს მეგობარს. რამდენადაც ჩვენ მილიონები არ გვქონდა, ვერ ვიყიდეთ. ნარკომანი ნაცვლიშვილი, ბოტასების ქურდი ფარცხალაძე, ბესელიები და ხაინდრავები მართავენ დღეს პროკურატურას და იმ ინსტიტუტებს, რომელიც ჩვენ რუდუნებით ვაშენეთ“, - განაცხადა დავით საყვარელიძემ.

საყვარელიძის ბრალდებას ამაგრებს ნიკა გვარამია და ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფარული ჩანაწერები ერევანში ინახება. „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ლაშა ნაცვლიშვილმა მას ფარული ჩანაწერები რამდენიმე მილიონად შესთავაზა. გვარამიას თქმით, მზადაა პროკურატურას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ გადაიტანა ნაცვლიშვილმა ე.წ. „ზეტ“ მასალები ერევანში.

„როდესაც ლაშა ნაცვლიშვილის მდგომარეობა შეიცვალა მან დაიწყო ვაჭრობა მის ხელთ არსებული ფარული უკანონო ჩანაწერებით, ე.წ „ზეტ“ მასალებით. ძალოვანი ორგანოს თანამშრომლებმა იციან, ეს რას ნიშნავს. ეს ნიშნავს მასალებს, რომელიც უკანონო მოსმენებია და გასაიდუმლოებულად ინახება. მას ეს მასალები დღემდე შენახული აქვს ერევანში. ასე მითხრა, ყოველ შემთხვევაში, რომ მის მეგობართან ინახება ეს მასალები ერევანში, დიდი რაოდენობით და მათ შორის არის ბიძინა ივანიშვილის უკანონო მოსმენებიც, ერთ-ერთი მათგანი მან მომასმენინა.

ბოლომდე არ მისმენია, მაგრამ მან უბრალოდ დამარწმუნა, რომ ამგვარი მასალები აქვს. ის ესაუბრებოდა თავის თანამშრომელს. მან მითხრა, რომ ეს დაჯდება რამდენიმე მილიონი დოლარი. მე ვუთხარი, რომ ჩემს ინტერესში არ შედის, თუმცა, როგორც მედიის ინტერესში, ეს შედიოდა, მაგრამ არ მქონდა ფული. მან მთხოვა, რომ დამეკავშირებინა კიევში მყოფ „ნაციონალების“ ლიდერებთან და ერთ-ერთი იყო დავით საყვარელიძე“, - აცხადებს ნიკა გვარამია.

გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილეების სკანდალურ ბრალდებებს, რომ ჩანაწერებს რამდენიმე მილიონად სთავაზობდა, აგონიურ ბოდვას უწოდებს მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი. მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს ნაცვლიშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

„როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი. ემწარათ სიმართლე დანაშაულზე წასწრებულებს და ჭინკების მორიგი შაბაში მოაწყვეს სტუდიაში, თანაც immediately...მოაწყვეს, რათა კიდევ ერთხელ თვალნათლივ გვენახა, რომ სიყალბე და ძალადობა იყო და რჩება „ნაციონალური მოძრაობის“ საფირმო ნიშნად; რომ ცილისწამება და მორალური ტერორიღა შემორჩათ მწირი პოლიტიკური არსენალიდან; რომ გარდაუვალი კატასტროფის გაჭიანურებული მოლოდის გამო აგონიაში ჩავარდნილი, ღვარძლით სნეული ბოროტი გონება მხოლოდ სიშლეგეს გამოიმუშავებს. და სწორედ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, ზუსტად იქ მოვარტყი, სადაც ვუმიზნებდი, - მათ მიმართ ნათქვამ უკლებლივ ყველა სიტყვას, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით გიმეორებთ.

P.S. რამდენიმე შეტყობინება მივიღე - მედია კომენტარს მთხოვს ე.წ. ბრალდებებზე: აგონიური ბოდვის კომენტირება როგორ შეიძლება, მეგობრებო, - ეს არა მხოლოდ ღირსების შემლახავი, არამედ სამედიცინო თვალსაზრისითაც კონტრპროდუქტიულია“, - წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

ამ ისტორიაში ერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი გახლავთ სწორედ ის, რომ თუკი „ნარკომანი“ და „მექრთამე“ ნაცვლიშვილი მილიონად სთავაზობდა უკანონო ფარულ ჩანაწერებს, რატომ არ მიმართეს გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილეებმა დავით საყვარელიძემ და ნიკა გვარამიამ გამოძიებას, მით უფრო, რომ მათთვის მშვენივრად იყო ცნობილი, რომ აღნიშნული შეთავაზება შეიცავდა დანაშულის ნიშნებს.

რატომ არ მიმართეს პროკურატურას - სვამს კითხვას ექსპერტი დავით ზარდიაშვილი, რომელიც დარწმუნებულია, რომ ამ კითხვაზე გონივრული პასუხი არ აქვთ. ზარდიაშვილი დარწმუნბეულია, რომ საყვარელიძე-გვარამიას დუეტმა გამოგონილი ისტორია მოჰყვა.

„რას აღარ აბრალებენ იგივე ბიძინა ივანიშვილს. უკან დასახევი გზა არ აქვთ, მაგრამ რაც ყველაზე მძიმეა, თავის მიზანს აღწევენ, რადგან ახლა მთელი საზოგადოებრივი დისკუსია წავა ამ მიმართულებით - მართლა მოხდა თუ არა, იქნება დიდი მსჯელობა და ამ დროს, მთავარი საკითხი დარჩება დღის წესრიგის მიღმა, რაც არის მათი მიზანი. იგივე მართვის სტილი ჰქონდა სააკაშვილსაც, არარსებულის შეთხზვა და მერე იმაზე ენერგიის ხარჯვა, რომელსაც არავითარი შედეგი არ ჰქონდა. ამ საქმესაც არავითარი შედეგი არ ექნება, მაგრამ ეჭვის გაღვივება მოხდა“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

მისივე თქმით, რომ იყოს სამართლებრივი სახელმწიფო და ჩამოყალიბებული სამართლებრივი კულტურა, პროკურატურა უკვე დაიწყებდა გამოძიებას და იგივე ცილისწამებისთვის ბრალს წაუყენებდა დავით საყვარელიძეს და ნიკა გვარამიას.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. ასეთ გამოხტომებს იყენებენ როგორც შანტაჟის იარაღს, პრაქტიკულად აშანტაჟებენ ხელისუფლებას. რაც ყველაზე დიდი საოცრებაა - გასდით. თავის დროზე იყო მათ მიმართ სხვა პოლიტიკა გასატარებელი, ეს რეჟიმი სამართლებრივ შეფასებას უნდა დაქვემდებარებოდა და მერე აღარ ექნებოდათ ამდენი შანტაჟის საშუალება.

მთელი ჩვენი საზოგადოება არის მათი მძევალი, ხან რას იტყვიან და ხან რას, უკვე მათი მოსმენა შეუძლებელი ხდება. მთელი უბედურება გახლავთ ის, რომ ქვეყანას დღისწესრიგს უქმნის საყვარელიძე და გვარამია. როდემდე შეიძლება ამის ატანა, არ ვიცი“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება უნდა დაიწყოს, ვინაიდან, საქმე ეხება უმძიმეს დანაშაულს. შესაბამისად, ობიექტურმა გამოძიებამ უნდა გვაჩვენოს რასთან გვაქვს საქმე.

„ვიცით, რომ ფულის დეფიციტს არ განიცდიან. თუნდაც მას მერე, რაც ხელისუფლებაში არ არიან, გაცილებით ნაკლები ამოცანის გადაჭრაში, ამა თუ იმ პირს რამდენიმე მილიონი მისცეს. რა თქმა უნდა, მათთვის უფრო ხელსაყრელი იქნებოდა ამ ტიპის ჩანაწერებით მანიპულირების საშუალება რომ ჰქონოდათ. ლაშა ნაცვლიშვილი ბევრ პროცესებში იყო ჩართული და ბევრი პოლიტიკური სამზარეულო უნახავს.

ამგვარი ბვერის მნახველი ადამიანი ასეთ მარტივ ნაბიჯს არ დგამს. არა მგონია ისეთი გულუბრყვილო ადამიანი იყოს ნაცვლიშვილი, რომ ნაციონალებთან, რომელთანაც დიდი ხნის კონფრონტაცია აქვს, ანალოგიური წინადადებით მისულიყო. არ მრჩება იმის შთაბეჭდილება, რომ ეს ვერსია სიმართლესთან ახლოს იყოს“, - ამბობს რამაზ საყვარელიძე.

კითხვაზე, რატომ არ მიმართეს სვარაუდო დანაშაულის შესახებ საგამოძიებო უწყებას საყვარელიძემ და გვარამიამ, ექსპერტი ასე პასუხობს:

„ვისზეა ლაპარაკი? ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომლებმაც რამოდენიმე ათასიანი კომპრომატების ბანკი გააკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ უკრაინიდან მოდის ეს ჩანაწერები, აცხადებენ, რომ ხელისუფლება ჰქმნის ამ დიალოგებს. ის ჩანაწერები, რომელიც გავრცელდა, ეს ხომ მატერიალური ფაქტებია, ალბათ, ამაზეც იტყვიან, რომ ხელისუფლებამ გადიღო და დადოო.

თვიონ ნაციონალების მხარდამჭერები, ერთი მხრივ მიშას მეუღლე და მეორე მხრივ ბოკერიას მეუღლე აღიარებდნენ, რომ ძალადობას გაუხსნეს გზა და ძალადობით გატაცებულები ხშირად არღვევდნენ კანონს. თუკი ამ ფაქტებს ვიღებთ, მაშინ რატომ ჩნდება კითხვა - რატომ არ შეატყობინეს პროკურატურას, როდის იყო კანონს იცავდნენ, რომ ამ შემთხვევაში დაეცვათ კანონი? დანაშაულის შესახებ ვიცოდი, მაგრამ არ შევატყობინე, ეს არის მათი იდეოლოგიის გაშიფვრა, რომ მათთვის მთავარია არა კანონის დაცვა, არამედ მთავარია პოლიტიკური ინტერესების დაცვა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელი